№4 რატომ გადასცა რაულ ხაჯიმბამ რუსეთში რეგისტრირებულ ბაპტისტურსა და ლუთერულ ეკლესიებს აფხაზეთში საკმაოდ დიდი ტერიტორია
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
სოხუმში ოპოზიციის პროტესტი იმით დასრულდა, რომ ხაჯიმბა იძულებული გახდა, გადამდგარიყო და თვით სეპარატისტულმა სასამართლომაც კი არალეგიტიმურად ცნო „საპრეზიდენტო არჩევნების“ შედეგები, თუმცა საქმე დემოკრატიას ნაკლებად ეხება, კლანები ძალაუფლებას ვერ ინაწილებენ. რა შიდა გარჩევებს შეეწირა ხაჯიმბას სკამი? – მომხდარის დეტალებს მამუკა არეშიძე გვიამბობს.
– რა ვერ გაიყვეს აფხაზეთში და რატომ გაიწელა ამდენ ხანს „საპრეზიდენტო არჩევნების“ პროცესი?
– დავიწყოთ იქიდან, რომ ბოლო წლებში აფხაზეთში ძალიან გაძლიერდა ნაციონალური კრიმინალი. საერთოდ, საბჭოთა სივრცეში კრიმინალს ეროვნება არ ჰქონდა. ესე იგი, კანონიერი ქურდები და ნებისმიერი კუთხის წარმომადგენელი ერთი „ქურდული კოდექსით“ ცხოვრობდა. არც პოსტსაბჭოთა სივრცეში შეცვლილა მაინცდამაინც ვითარება. ამ მხრივ, აფხაზმა ქურდებმა დანარჩენ სამყაროს ერთგვარი „ნოუ ჰაუ“ შესთავაზეს. იქ ჩამოყალიბდა, ეგრეთ წოდებული, ნაციონალური კრიმინალი და მის სათავეში მოექცა „კანონიერი ქურდი“ სახელად „პიზა“. ეს „პიზა“ ქმნიდა ამ ნაციონალური კრიმინალის სტრუქტურას. მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, ამ მიმართულებით, იყო ის, რომ, დაახლოებით, 2-3 წლის წინათ ის 300-კაციანი რაზმით თავს დაესხა გალში მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდს“, რომელიც ინახავდა, ეგრეთ წოდებულ, „ობშიაკს“ და წაართვა. ამ საქმეში ჩაერია სრულიად კრიმინალური სამყარო მადრიდიდან ვიდრე სტამბოლამდე და, ბოლოს და ბოლოს, ნებაყოფლობით გადაეცა „პიზას“ ეს „ობშიაკი“. მაგრამ ეს არ იყო მთავარი, მთავარი იყო ის, რომ აფხაზეთში მხოლოდ აფხაზი კრიმინალური ავტორიტეტები უნდა ყოფილიყვნენ.
– უცნაურია, „პრეზიდენტი“ მხოლოდ აფხაზი და ახლა – „კანონიერი ქურდებიც“ მხოლოდ აფხაზები. უცნაური ხალხია.
– ძალიან ძლიერია კრიმინალურ სამყაროში სოხუმელი „კანონიერი ქურდის“, მერაბ ჯანგავაძის, გავლენა, ის დღეს აფხაზეთში არ ცხოვრობს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სიტუაცია ვერ შეიცვალა. „პიზამ“ მოახერხა და გადაიმტერა სომეხი, ქართველი და, საერთოდ, ყველა ეროვნების ქურდი. მას აფხაზეთიდან არ გაესვლებოდა და არც გადიოდა. მაგრამ თვითონ აფხაზეთში მისმა ამგვარმა ნაბიჯებმა ავტორიტეტი მოუპოვა არა მხოლოდ უბრალო ადამიანებში, არამედ ხელისუფებაშიც და ნელ-ნელა „პიზამ“ სახელისუფლო სტრუქტურების კონტროლი დაიწყო. გარდა იმისა, რომ ის აფხაზეთში ეწეოდა ნახევრად ოფიციალურ რეკეტს, სახელისუფლო სტრუქტურებთან ახლო კონტაქტიც დაამყარა. სხვათა შორის, „პიზას“ გუნდი არსენას პრინციპით იქცეოდა: ეხმარებოდნენ ადამიანებს, მონაწილეობას იღებდნენ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სოფლის მეურნეობის პროდუქტის შეგროვებაში. „პიზას“ მარჯვენა და მარცხენა ხელი იმ პერიოდში იყო ორი ახალგაზრდა „ქურდი“: ასტამურ შამბა და ალხას ავიძბა. ხაჯიმბას გულზე არ ეხატებოდა, მაგრამ იძულებული იყო, ანგარიში გაეწია. საერთოდ, აფხაზეთი, ხომ, გვარების კლანებით იმართება და ახლა ჩამოყალიბდა ქურდული კლანიც, რომელიც ჩაერთო მართვაში. პარალელურად, ვითომ პოლიტიკური ცხოვრება მიმდინარეობს ამ კვაზი-სახელმწიფოში, იმართება „არჩევნები“, ხალხი უკმაყოფილოა ხაჯიმბას მმართველობით, იმიტომ რომ მან, ფაქტობრივად, ვერაფერს გაართვა თავი, ერთადერთი, ქართველები შეავიწოვა გალის რაიონში, ამდენად, უკმაყოფილება ძალიან მაღალი იყო. ჩატარდა „საპრეზიდენტო არჩევნები“. მანამდე კი, როგორც ამბობენ, ხაჯიმბას მომხრეებმა მოწამლეს მისი კონკურენტი ასლან ბჟანია და ოპოზიცია იძულებული გახდა, ბჟანიას ნაცვლად სხვა კანდიდატი წამოეყენებინა. ამ მოქმედების უკან იკვეთება ანქვაბის ფიგურა.
– დიახ, მეც მაშინვე ანქვაბი გამახსენდა, ზედმეტად კარგად იყო დაგეგმილი პროცესი.
– რასაკვირველია, ანქვაბის შემოქმედება იყო ბჟანია. მოგეხსენებათ, 2014 წელს ანქვაბი სწორედ იმ ფორმით გამოაძევეს კაბინეტიდან, როგორც დღეს ხაჯიმბა. ანქვაბი სპეცსამსახურების ძველი თანამშრომელია და ძალიან კარგად იცის, როგორ უნდა იმოქმედოს. მას, ასაკიდან გამომდინარე, აღარ შეეძლო თავისი კანდიდატურის დაყენება და ამიტომ წამოაყენა ბჟანიას კანდიდატურა. მას შემდეგ, რაც ასლან ბჟანია ჩამოსცილდა „საპრეზიდენტო“ მარათონს, წამოაყენა „ამცაჰარას“ წარმომადგენელი კვიცინია. იმ შედეგებმა, რაც „არჩევნებში“დაიდო, საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. სასამართლოში შევიდა საჩივრები, იყო გაწევ-გამოწევები, მაგრამ რეალური შედეგი ამას არ მოჰყოლია. ამასობაში ხაჯიმბა მიხვდა, რომ კრიმინალიც მის წინააღმდეგ იყო, მიუხედავად ჩახუტებისა. ორი თვის წინათ „პიზას“ მარჯვენა და მარცხენა ხელზე მოხდა თავდასხმა და ორივე დახოცეს, ასტამურ შამბაც და ალხას ავიძბაც. და ახლა უკვე კრიმინალური კლანის წარმომადგენლები გამოვიდნენ ქუჩაში და მოითხოვეს „სიმართლის დადგენა“. უპირველესად, შინაგან საქმეთა „მინისტრის“, გარი არშბას გადაყენება. იმდენად ძლიერი პროტესტი იყო და იმდენად შეეშინდა ხაჯიმბას, რომ გაწირა არშბა. მადა ჭამაში მოდისო და, როდესაც კრიმინალურმა ჯგუფებმა დაინახეს, რომ გაუვიდათ, გააძლიერეს შეტევა და, საბოლოოდ, პოლიტიკური ოპოზიციისა და კრიმინალების ინტერესები გადაიკვეთა. სასამართლომ არ მიიღო გადაწყვეტილება, ბათილად ეცნო „არჩევნების“ შედეგები, კრიმინალებმა კი, რომლებიც მართავდნენ მიტინგს შამბასა და ავიძბას მკვლელობების გამო, შეცვალეს მოთხოვნები და „პრეზიდენტის“ ადმინისტრაციის შენობა შტურმით აიღეს. ახლა მთავარია, ვინ იღებდა მონაწილეობას ამ შტურმში. ხელმძღვანელი იყო ახრა ავიძბა, მოკლული ალხას ავიძბას ბიძაშვილი. ახრა არის კლასიკური ბანდიტი – ოღონდ საერთაშორისო მასშტაბის. ის 2014 წლიდან იყო დონბასში, სეპარატისტების მხარეს იბრძოდა.
– ანუ რუსების.
– დიახ, ახრა იყო ბატალიონ „აფხაზეთის“ ხელმძღვანელი. ბატალიონი სამკაციანი იყო, მაგრამ ძალიან გაითქვა სახელი, გამოირჩეოდა სისასტიკით. შედიოდა დაჯგუფება „პიატნაშკაში“, რომელიც ექვემდებარებოდა პირადად ზახარჩენკოს, სეპარატისტული დონბასის ლიდერს, რომელიც შემდეგ ააფეთქეს. ახრამ და მისმა გუნდმა, განსაკუთრებით, გაითქვეს სახელი დონბასში კიევს დაქვემდებარებული ბანკების ძარცვით. პირწმინდად გაძარცვეს 6 ბანკი, თავს კი არ ესხმოდნენ, არამედ მიდიოდნენ და მთელი ფული გამოჰქონდათ. ფულის დაგროვების შემდეგ იქაურ მეწარმეებს დაუწესეს რეკეტი. ფაქტობრივად, პირველი დღეების შემდეგ, როდესაც დონეცკის აეროპორტთან მიმდინარეობდა შეტაკებები, სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობა არ მიუღიათ. ძირითადად, რეკეტს ეწეოდნენ. ახრა ძალიან გამდიდრდა და, როგორც კიეველი ექსპერტები ამბობენ, 3-4 მილიონის ქონება დააგროვა. დაბრუნდა აფხაზეთში და მოინდომა აფხაზეთის „საპარლამენტო არჩევნებში“ მონაწილეობის მიღება. დახარჯა 150 000 დოლარი, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწია, იმიტომ რომ „გადააგდეს“. ამის გამოც გამწარებული იყო და, საბოლოოდ, ის ხელმძღვანელობდა „საპრეზიდენტო რეზიდენციის“ შტურმს. მოტივაცია თითქოს ის იყო, ჩემი ბიძაშვილის მკვლელები უნდა დაისაჯონო, სინამდვილეში, ეს არის კრიმინალის მცდელობა, მოვიდეს აფხაზურ პოლიტიკაში და, ფაქტობრივად, მოვიდნენ კიდეც. ამ წარმატებას ისინი ხელიდან არ გაუშვებენ და ვერანაირი ანქვაბი სიტუაციას ვერ განმუხტავს. თან, ნუ დაგვავიწყდება, თუ ხაჯიმბა იყო „ეფ ეს ბეს“ გენერალ-მაიორი და ეს სამხრეები მას პირადად გადასცა პუტინმა სოჭში. ეს ახრაც ჩახუტებული იყო რუსულ სპეცსამსახურებთან, რომლებიც დონბასში მოქმედებდნენ. ფულსაც უყოფდა. ასე რომ, ორივე რუსული სპეცსამსახურების გამოზრდილია და ჩვენთვის მათ შორის დიდი განსხვავება არ არის.
– იმიტომაც ეწვია მოსკოვიდან დელეგაცია სოხუმს?
– ამიტომ ჩამოქანდნენ მოსკოვიდან ნურგალიევი და სურკოვიც: კრიმინალების დომინირების თავიდან ასაცილებლად. თორემ რომელი კლანი იქნება აფხაზეთის ხელისუფლებაში, ჩვენთვის აბსოლუტურად სულერთია, იმიტომ რომ ყველა ლოიალურია მოსკოვის მიმართ და ყველა ზის მოსკოვის დოტაციაზე. მოახერხებენ თუ არა ვითარების დალაგებას, არ ვიცი, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ აფხაზეთის კვაზი-სახელმწიფოს ისტორიაში პირველად მოდის კრიმინალი ხელისუფლებაში.
– თვითონ მოსკოვს ხომ აქვს გარკვეული გეგმები აფხაზეთში? კრიმინალ აფხაზ ხელისუფალს უფრო იოლად გააკეთებინებს, რაც მას უნდა, ვიდრე ოფიციალურ „ეფ ეს ბეშნიკ“ ხაჯიმბას, რომელმაც იცის თამაშის წესები?
– კრიმინალსაც გააჩნია. კავკასიურ კრიმინალს ახასიათებს ერთგვარი ინდივიდუალიზმი. ისინი გარკვეულ მომენტამდე იმართებიან სპეცსამსახურების მიერ, მაგრამ შემდეგ შეიძლება, პოზაში დადგნენ. განსაკუთრებით აფხაზურ კრიმინალს ახასიათებს ეს. მოსკოვის მთავარი ამოცანა იყო, რომ აფხაზური მიწების გაყიდვის უფლება მიეღო აფხაზური სეპარატისტული ხელისუფლებისგან. ამის გაკეთება ვერ შეძლო და ხაჯიმბამ, უბრალოდ, ვერ გაბედა ამაზე წასულიყო. მცირედი ნაბიჯი გადადგა, რითაც მოადუნა აფხაზი საზოგადოების ყურადღება. რუსეთში რეგისტრირებულ სხვადასხვა ეკლესიას გადასცა დიდი ტერიტორიები, როგორც ეკლესიებს. ძალიან საინტერესოა, რომ რუსეთში ყველაფერი კეთდება, რომ იქ არსებულმა ლუთერულმა თუ ბაპტისტურმა ეკლესიებმა ვერ იმუშაოს, აფხაზეთში კი უზარმაზარი ტერიტორიები გადასცა ხაჯიმბამ. აფხაზეთში მცხოვრებ მოაზროვნე ადამიანებს მიაჩნიათ, რომ ეს გაკეთდა იმისთვის, რომ შემდეგ მათ ეს ტერიტორიები გაყიდონ. მაგალითად, იმხელა ტერიტორია გადაეცა ბაპტისტურ ეკლესიას, რაც არაფერში სჭირდებათ, თუ არა გასაყიდად. ანუ ეს გამოსავალი იპოვა ხაჯიმბამ, რასაკვირველია, რუსულ სპეცსამსახურებთან შეთანხმებით, მაგრამ, რაც უნდოდა მოსკოვს, იმას ჯერჯერობით ვერ მიაღწია.
– პირადად მე მაშინვე გამიჩნდა ეჭვი, რომ ეს დაპირისპირება და „არჩევნების“ შედეგების ეჭვქვეშ დაყენება მოსკოვის ინტერესიც იყო, ჯერ ერთი ხაჯიმბათია უკმაყოფილო და, მეორე, ვითომ ეროვნულ ნიადაგზე მოსულ „პრეზიდენტს“ უფრო იოლად გააკეთებინებს თავის საქმეს.
– აქედან გამომდინარე, მოსკოვის ამოცანაა ამ შედეგის მიღება. მეორე ის, რომ, თუ ნავთობი მართლაც აღმოჩნდა აფხაზეთში, ისეთი პირობები არ შეუქმნან, რომლებიც ხელს შეუშლის ამ ნავთობის მოპოვებას. აფხაზეთში არსებული კანონები ნავთობის მოპოვების მომგებიანობას, ფაქტობრივად, ეჭვქვეშ აყენებს. ვგულისხმობ იმას, რომ ისეთი კანონები შემოიღეს, რომ აფხაზეთში მოპოვებული ნავთობი ისევ იქ უნდა დარჩეს. მოკლედ, გახსნილი ხელები სჭირდება მოსკოვს აფხაზეთში და ამიტომაცაა, რომ ტრანშები, რომლებიც მოდის მოსკოვიდან და ეს არის აფხაზეთის ბიუჯეტის ორი მესამედი, ორიენტირებულია სოციალური საკითხების მოგვარებაზე და არა ეკონომიკის აღორძინებაზე. იმიტომ რომ რუსებს არ სჭირდებათ აღორძინებული ეკონომიკა აფხაზეთში, აფხაზები უნდა იყვნენ სოციალურ-დოტაციურ ნემსზე, ეს თანხა უნდა იხარჯებოდეს პენსიებზე, სხვა სოციალური პრობლემების მოგვარებაზე და არავითარ შემთხვევაში – განვითარებაზე.
– საიდან წამოვიდა ვერსია, რომ ამ გადატრიალების უკან დგანან აფხაზეთის სომხები? თუმცა მე იმთავითვე უსაფუძვლოდ მეჩვენა ეს ვერსია.
– პირიქით, აფხაზეთის სომეხმა მოსახლეობამ ხაჯიმბას დაუჭირა მხარი და ხაჯიმბას ხმების 80 პროცენტი სწორედ სომხების ხმები იყო. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ აფხაზ კრიმინალებზე თავდასხმა ყოფილიყო სომეხი კრიმინალების ორგანიზებული. ოღონდ რთული სათქმელია, ზუსტად ვისი, იმიტომ რომ ბევრი ჰყავდათ გადამტერებული, მეტიც, გადამტერებული ჰყავდათ კრასნოდარის კრიმინალური სამყაროც. საპროტესტო გამოსვლების პოლიტიკურ ნაწილში სომხური კვალი არც ჩანდა.