№4 მოულოდნელი შემოთავაზება
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
ნაგეგმარის მოლოდინში?!
არეულობა არა მხოლოდ ოკუპანტის გულშია, არამედ ჩვენებურ სეპარატისტებსაც აქვთ გაჩაღებული დიდი მარათონი სკამებისთვის. ხოლო, რაკი ჩვენთვის ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რომელ სკამზე დაჯდება, იმიტომ რომ პროქართველი დე-ფაქტო აფხაზეთში სანთლითაა საძებნელი (თუმცა არც ისაა გამორიცხული, ამირანივით, მავანნი გულშიც მღეროდნენ), მხოლოდ ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას (და, რა თქმა უნდა, აზრებსაც ვაფრქვევთ, იმან იმას რა უთხრა და რის ჰქმნას უპირებს).
ამასობაში კი ასლან ბჟანიამ (აი – სწორედ იმ ბჟანიამ, რომელიც, მისი მომხრეების თქმით, რაულ ხაჯიმბას მომხრეებმა მოწამლეს და ამიტომაც ვერ მიიღო მონაწილეობა „საპრეზიდენტო არჩევნებში“) შემოგვითვალა, თბილისსა და სოხუმს შორის დიალოგი უნდა დაიწყოსო და, რაც მთავარია, არ აქვს მნიშვნელობა არც ფორმატს და არც იმას, რამდენი მხარე მიიღებს მონაწილეობას. მოკლედ, ნდობა უნდა აღვადგინოთო.
ბუნებრივია, სროლას ლაპარაკი ჯობს, თუმცა მე ის უფრო მაინტერესებს, ამ ჩვენს ენაგაფარწალებულ (გურულ დიალექტს მოვიშველიებ, ანუ ენაწაგრძელებულ) პოლიტიკურ სპექტრს (სანამ გახელისუფლდებიან, ოქროს სარაიებს რომ გვპირდებიან და თავს სერაფიმ-ქერუბიმებად გვაჩვენებენ) თუ აქვს, წამლად მაინც, გეგმა (სათადარიგოებიანად), რა შეიძლება, შევთავაზოთ ჩვენებურ სეპარატისტებს, რას არ დავთანხმდებით არავითარ შემთხვევაში და რის დასათმობად ვართ მზად ან რამხელა ძვალი უნდა გადავუგდოთ ოკუპანტს, რომ ჩვენ და აფხაზებს მოლაპარაკების გეგმა დაგვრთოს?!
დიდი ეჭვი მაქვს, რომ არა. მეტსაც გეტყვით – ის ეჭვიც მღრღნის, რომ, მაინცდამაინც, არც ჩვენი დიპკორპუსი უნდა იყოს ამ საქმისთვის დამარქაფებულ-მომზადებული.
ერთი ის ვიცით, რომ პარლამენტის თავკაცის თქმით, თუ ჟენევის ფორმატში ეს საკითხი დაისმება, ვიმსჯელებთ და მზად ვართო.
ცხადია – ბჟანია ოფიციალური პირი არ არის, თუმცა, რაკი აფხაზური ოპოზიციის კანდიდატია (და მის უკან ანქვაბის ინტერესები იკვეთება), რასაკვირველია, წინადადება ყურადსაღებია.
ოღონდ მე ის უფრო მგონია ყურადსაღები, რომ გულზე მჯიღების ამდენწლიანი ცემის პარალელურად, სახელდობრ, ჩვენ ერთი ხეირიანი ნაგეგმარიც არ გაგვაჩნია - არათუ გეგმა.