№4 ისინი გადადგნენ
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
ანუ ისე უნდა დაიტანჯონ, როგორც ხაჯიმბა იტანჯება
იმ მარტივი მიზეზით, რომ მტრებიც არიან და მეზობლებიც, ცხადია, გაფაციცებით ვადევნებთ თვალს რფ-ის პოლიტიკურ ცხოვრებას. გასულ კვირას, ყველასთვის მოულოდნელად, პრემიერ-მინისტრმა დმ. მედვედევმა გამოაცხადა, რომ მთავრობის სრული შემადგენლობა გადადგება. რატომ? იმიტომ რომ მტლად დაედონ, ანუ მისცენ საშუალება პრ. პუტინს, აასრულოს თავისი დანაპირები. ასე განსაჯეთ: დემოკრატიული რეფორმების გატარება (თუმცა რფ და დემოკრატია უფრო მაიმუნისა და სათვალის ასოციაციას ტოვებს).
სახელდობრ, პრ. პუტინმა განაცხადა, რომ ამიერიდან პრემიერ-მინისტრი და მისი კაბინეტი რფ-ის „დუმამ“ უნდა დაამტკიცოს, კონსტიტუციაც უნდა შეიცვალოს და ხელისუფლებაში ბალანსი უნდა დამყარდესო (და მერე რა, რომ თავად შეუცვლელ პირველკაცად რჩება აგერ უკვე სათვალავიც ამერია, იმდენი წელია?!). მედვედევი რის მედვედევი იქნებოდა, არ დასთანხმებოდა?! თუმცა, მეორე მხრივ, ეს კონკრეტულად მის ჩამოლაბორანტებასაც ნიშნავდა (როგორც ჩანს, მისია უკვე შეასრულა).
პრემიერმინისტრობის ახალი პერსონაც ცნობილია – ვინმე (პირობითად ვამბობ, ვინმე-მეთქი, თორემ რეალურად უფავორიტესია) მიხაილ მიშუსტინი. ჩვენთვის რა – მედვედევი, რა – მიშუსტინი, მაგრამ მაინც საინტერესოა, რისთვის დასჭირდა უცვლელ პრ.-ს (ვლ. პუტინს) ეს გადაადგილ-გადმოადგილება?!
რაკი ჯერჯერობით ზუსტი პასუხი არ მაქვს, რუსეთს კი ჭკუა-გონებით მაინც ვერაფერს გაუგებ (აქვე შეგახსენებთ, რომ ჩეჩნეთის ხელისუფლებაშიც გადაადგილებებია: კადიროვი დროებით ჩამოსცილდა რესპუბლიკის მეთაურის პოსტს, ახალ თანამდებობას სთავაზობენ კრემლშიო), არც იმას გამოვრიცხავ, რომ ეს სოლიდარობის ჟესტიც იყოს და როგორც ხაჯიმბა იტანჯება, ისე უნდა დავიტანჯოთო (მოგეხსენებათ, გასულ კვირასვე რაულიც დაემშვიდობა დე-ფაქტო „აფხაზეთის“ „საპრეზიდენტო“ სკამს).