№3 რა მოსწონდა ბექა ნაცვლიშვილს მომავალ მეუღლეში მის გაცნობამდე და რატომ დაიწუნა ის ირმა სოხაძემ
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილისთვის პოლიტიკური მოვლენები ჯერ კიდევ ბავშვობაში გახდა საინტერესო და ამიტომ მისი პროფესიული არჩევანი მოულოდნელი არ ყოფილა. თუმცა, ჩვენი საუბრის თემა არა მხოლოდ პოლიტიკა, არამედ, მისი ბავშვობა, ოჯახი და ცხოვრებისეული მისწრაფებებია.
ბექა ნაცვლიშვილი: თბილისში, ორთაჭალაში დავიბადე და გავიზარდე. დღესაც იქ ვცხოვრობ. ჩემთვის ძალიან მშობლიური გარემოა. არ ვიცი, რა უნდა მოხდეს, რომ საცხოვრებელი ადგილი შევიცვალო. მეც ისეთივე ბავშვობა მქონდა, როგორიც ყველას 90-იან წლებში. ვხატავდი, სპორტით ვიყავი გატაცებული და მყავდა სამეგობრო, რომელთან ერთადაც ძალიან ბევრს ვერთობოდი. ფაქტობრივად, სკოლის მოედანზე გავიზარდეთ. სხვადასხვა ტურნირში წარმატებულად ვმონაწილეობდით და მერე ყველა ერთად გადავედით რაგბიზე. მოგვიანებით, ამ ადამიანებმა დიდი წვლილი შეიტანეს ქართული რაგბის იმ ეპოქის შექმნაში, რითაც დღეს ასე ვამაყობთ.
ჯერ კიდევ ბავშვობაში ჩამომიყალიბდა უარყოფითი დამოკიდებულება უსამართლობის მიმართ. განსაკუთრებით სოციალური უსამართლობა იყო მიუღებელი. ამიტომაც დღეს, როგორც პოლიტიკოსი, ფოკუსირებული ვარ სოციალურ უთანასწორობასა და ეკონომიკურ სიდუხჭირეზე. მახსოვს, ქართულში რომ ვემზადებოდი, მასწავლებელი მეუბნებოდა, ბავშვობაშივე ძალიან პოლიტიზირებული ხარო. იმ პერიოდის პოლიტიკური პროცესების განხილვით უფრო მეტად ვიყავი დაკავებული, ვიდრე ქართულის მეცადინეობით.
პატარა ვიყავი, როცა ბებია ცუდად გახდა და მოსკოვში მკურნალობდა. ამიტომ, ხშირად გვიწევდა აქეთ-იქით სიარული. იქ ცხოვრების დროს ცუდი გამოცდილება მივიღე. ხუთი წლის ვიყავი, ეზოში ჩემზე უფროსი ბავშვები ჰოკეის თამაშობდნენ მოედანზე. ერთხელ არ მათამაშეს და გავბრაზდი. ავდექი, დიდი ქვა ავიღე და ჰოკეის მოედანი დავუმტვრიე, რის გამოც ძალიან მაგრად მცემეს. ამიტომ ანტირუსული განწყობა ბავშვობიდან მქონდა (იცინის). თუმცა, მერე სხვა ქვეყანაშიც ვიცხოვრე და გავაცნობიერე, რომ ხდება მსგავსი რამეები და აუცილებელი არაა, რომ ეს ვულგარულ ნაციონალიზმში გადაიზარდოს.
– ცელქი ბავშვი იყავით?
– ძალიან დიდი სამეგობრო გვყავდა და არაფერს ვიკლებდით. ხშირ შემთხვევაში, გამორჩეულადაც ვცელქობდით, მაგალითად, სკოლაში. სასკოლო ცხოვრებაში გამორჩეული ბავშვები ვიყავით და სხვათა შორის, ხშირად ვიცვლიდით სკოლებს (იცინის). ვაღიარებ, ჩვენ გამო მასწავლებლებს უტირიათ კიდეც. ხშირ შემთხვევაში, ზღვარი არ ჰქონდა ჩვენს სიცელქეს, იქ, სადაც უნდა ჰქონოდა, მაგრამ ჩვენს აქტიურობას ბოროტად არ ვიყენებდით. თუმცა, ამ ყველაფრის ფონზე, კარგი აკადემიური მოსწრება გვქონდა. გვიყვარდა, მაგრამ შეყვარებული იმ პერიოდში უფრო შენი ცხოვრების შემავსებელი აუცილებლობა იყო. ყველას რომ ჰყავს და არ გინდა, ამ ტრენდს ჩამორჩე (იცინის). თორემ ნამდვილი სიყვარული, შეიძლება, არ ყოფილიყო. ვერთობოდით, ალკოჰოლსაც ვსვამდით, მაგრამ გადაჭარბებულად – არასდროს.
– ქუჩა, ავტორიტეტები – ამ ყველაფერთან როგორი დამოკიდებულება გქონდათ?
– იმ პერიოდში მოგვიწია ცხოვრება, როცა ქუჩის ავტორიტეტების ძალაუფლება კნინდებოდა და სხვა ტიპის ავტორიტეტების ფენომენი შემოდიოდა. მახსოვს, ერთხელ ჩხუბი მოგვივიდა და ამ ამბავში ერთ-ერთი ავტორიტეტიც ჩაერია, მაგრამ მიხვდა, რომ აზრი აღარ ჰქონდა, რადგან აღარავის ესმოდა მისი.
– სტუდენტობაც თავგადასავლებით სავსე იყო?
– გერმანიაში წასვლამდე ორი წელი თსუ-ში ვისწავლე. ინტენსიური სტუდენტური ცხოვრება გვქონდა. იქაც ბევრი ახლო მეგობარი შევიძინე. ახლა უნივერსიტეტში ვასწავლი და კარგად ვხვდები, რომ მაშინ ჩვენ, 16 წლისები, ძალიან პატარები ვიყავით უნივერსიტეტისთვის. ბავშვობა არ გვქონდა დასრულებული და ამას ემატებოდა იმ წლების სირთულეები. თითქოს, უნივერსიტეტიც სკოლად გვქონდა გადაქცეული: კარებს ვგმანავდით და აუდიტორიაში რაღაცებს ვუშვებდით, რომ ლექცია არ ჩატარებულიყო. ნიშნის მისაღებად ტყუილებისთვისაც მიგვიმართავს. მაგალითად, მიგვიყვანია ვიღაც გოგონა ლექტორთან და გვითქვამს, რომ მეუღლეა, რომელიც ფეხმძიმედაა და იქნებ, შეღავათი გაგვიკეთოთო. ხშირად მივსულვართ და გვითქვამს, თითქოს „მხედრიონში“ ვიყავით, რუსთავის აზოტის ქარხანა იწვოდა და სასწრაფოდ უნდა წავსულიყავით, მათ კი ჩათვლა უნდა დაეწერათ. ამ მიმართულებით ძალიან დიდი შემოქმედებითობით გამოვირჩოდით (იცინის). მაგრამ ყოველთვის კარგი აკადემიური მოსწორება გვქონდა. არ ვიცი, რა ფენომენი იყო, შეიძლება, იმ სიდუხჭირის მიუხედავად, სკოლამაც მოგვცა კარგი საფუძველი და სხვადასხვა ხერხით ვაღწევდით ამ შედეგს. მაგრამ, ამ გზით იმას მოახერხებ, რომ არ „ჩარჩე“, ჩვენ კი მაღალ შეფასებებებს ვიღებდით. ისეთი ჯგუფი გვქონდა, სხვადასხვა ფაკულტეტიდან მოდიოდნენ – უნდოდათ, ჩვენი ჯგუფის ნაწილი გამხდარიყვნენ.
– ლოგიკურად მიხვედით ამ პროფესიის არჩევამდე?
– გადავწყვიტე, გერმანულზე შემეტანა საბუთები, ენას კარგად ვფლობდი და მინდოდა, სწავლა გერმანიაში გამეგრძელებინა. წელიწად-ნახევარში წავედი გერმანიაში. თავიდანვე ვიცოდი, რომ პოლიტოლოგიისა და სოციოლოგიის მიმართულება მინდოდა. სტუდენტურ ქალაქში ვცხოვრობდი, სადაც ყველაფერი ჩვენზე იყო მორგებული. ველოსიპედების ქალაქი იყო. ერთხელ ფეხი მოვიტეხე, თაბაშირი მეკეთა, ცალ ხელში კასტილი მეჭირა, მეორეთი ველოსიპედს ვმართავდი და ასე დავდიოდი უნივერსიტეტში (იცინის). პარალელურად, ვმუშაობდი. ფიზიკურ სამუშაოებს ვირჩევდი. ეს იყო: ავეჯის გადაზიდვა, მშენებლობა, პნევმატური ჩაქუჩით მუშაობა, მარმარილოს ფილების დაგება თუ სხვა. ვმუშაობდი, ვსწავლობდი და ვერთობოდი. ინტენსიური სტუდენტური ცხოვრება მქონდა და მოსაწყენად არ მეცალა. ვშრომობდი, მაგრამ ეს ტვირთად არ მაწვა. საქართველოსგან განსხვავებით, იქ ანაზღაურებაც შესაბამისი იყო. აქ რაც უნდა მძიმე პირობებში მუშაობდე, მხოლოდ თავის გასატანად საჭირო თანხას თუ გამოიმუშავებ. ამ გამოცდილებამ კიდევ უფრო გაამწვავა ჩემი დამოკიდებულება სოციალური უთანასწორობისადმი. გართობას რაც შეეხება, ადგილობრივებთან ვმეგობრობდი, რაგბის თამაში იქაც განვაგრძე და კიდევ გართობის ჩვენი, განსხვავებული ხერხებიც გვქონდა. დავდიოდით ერთი ბარიდან მეორეში, ისეთებს ვაკეთებდით, რაც ჩვეულებრივი გართობისთვის დაახასიათებელი, ალბათ, არაა. მაგალითად, ახალი გუნდელის „მონათვლა“ თავზე ლუდის დასხმით და ასე შემდეგ (იცინის). საკმაოდ წარმატებულად დავამთავრე უნივერსიტეტი. ქართულად რომ ვთქვათ, ორი ხუთი და ერთი ოთხიანი გამომყვა. სოციოლოგიის ძალიან კარგი ლექტორი გვყავდა და ბოლო გამოცდის შემდეგ ჩემი აზრი გავუზიარე, ჩვენი კულტურების განსხვავებულობის შესახებ. მაგალითად, ჩვენმა წინაპრებმა პირველებმა შეძლეს ღვინის წარმოება. რვაათასი წლის წინ გვქონდა წარმოების ძალიან რთული ტექნოლოგიური ციკლის გავლის უნარი. ანუ, გაცილებით რთულის, ვიდრე მაშინ გერმანიის ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხს შეეძლო. დღეს კი თქვენ ბევრად წინ წასულები ხართ, ვიდრე ჩვენ-მეთქი. მარტო ღვინის ამბავიც კმარა, თორემ კიდევ ბევრ რამესთან მიმართებაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველები ვიყავით. თუმცა, დღეს ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც წარმოება, პრაქტიკულად, არ არსებობს, ანუ, ჩვენი უნარების დეგრადირება მოხდა, რაც ძალიან სამწუხაროა.
გერმანიაში დავამთავრე ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და შემდეგ დისერტაციაზე დავიწყე მუშაობა. იყო შემოთავაზება, რომ დავრჩენილიყავი და უნივერსიტეტში დამეწყო მუშაობა. ეს იყო 2005-2006 წლები, პოლიტიკურად ძალიან აქტიური პერიოდი საქართველოში. ამიტომ, გადავწყვიტე, დავბრუნებულიყავი. 2007 წლიდან გავხდი დიდი საპროტესტო ტალღის ნაწილი და 2012 წლამდე, მთელი დრო ქუჩაში გავატარე. 2012 წლიდან მთავრობის ადმინისტრაციაში ვმუშაობდი სოციალურ თემებზე. შემდეგ გავხდი თბილისის საკრებულოს წევრი და ახლა საქართველოს პარლამენტის წევრი ვარ. გულწრფელად რომ ვთქვა, იმისგან განსხვავებული მოლოდონი მქონდა, როგორც მერე განვითარდა მოვლენები. სამართლიანობა მარტო სასამართლოსთან კი არა, სოციალურ ვითარებასთან მიმართებაშიც ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ქვეყანაში საკუთარი ნიჭის რეალიზების შესაძლებლობა წართმეული გვაქვს, რადგან ნებისმიერ რამეს მატერიალური სოციალური საფუძველი სჭირდება; როცა ავად ხარ, გაქვს საავადმყოფოში მისვლის უფლება, მაგრამ არ გაქვს შესაძლებლობა, ესაა ადამიანის სტრუქტურული ჩაგვრა. სამართლიანობას ვერ აღვადგენთ, თუ ამისთვის მატერიალურ საფუძვლებს არ შევქმნით.
– მაგრამ ახლა თქვენ გეკისრებათ პასუხისმგებლობა.
– კი და ამ პასუხისმგებლობის განხორციელებას ვცდილობ. დღეს პოლიტიკაში ელიტები დომინირებენ. არჩევნები ფიქციაა, რომელზეც ელიტებს ვირჩევთ. როგორ შეიძლება, რეალური არჩევანი გვქონდეს და ჩვენთვისვე სავალალო არჩევანს ვაკეთებდეთ? სანამ სოციალური უთანასწორობა გვექნება, მანამდე ტყუილია დემოკრატიაზე საუბარი. უმრავლესობა იმიტომ დავტოვე, რომ ჩემთვის ფუნდამენტურ საკითხებში არ დამიჭირეს მხარი, ისეთი, როგორიცაა საპენსიო რეფორმა. ჩვენი ხალხისთვის კი არა, მსოფლიო ბანკისა და სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტებისთვის ვიღებთ გადაწყვეტილებებს. რა პრობლემებს განიხილავენ ტელევიზორში? ადამიანების რეალურ გასაჭირზე არავინ ლაპარაკობს. ახლა ხაზარაძის სახით ახალი დაემატათ. „ნაციონალების“ უკან უდიდესი ფინანსური კაპიტალია, „ქართული ოცნების“ უკანაც, ვიცით, რაა და ძალაუფლების გადანაწილებისთვის ებრძვიან ერთმანეთს. ხალხი ვის აინტერესებს? არადა, ამ დროს დღის წესრიგში ის საკითხები უნდა დადგეს, რომელიც ადამიანებს აწუხებთ: სიღარიბე, უმუშევრობა, ჯანდაცვა, განათლება და ასე შემდეგ. გულწრფელად ვამბობ, ახლანდელი პარლამენტი, თავიანთი განსახილველი თემებით, დასახურია. ეს არაა პოლიტიკა და ესენი არ არიან პოლიტიკოსები. უბრალოდ, მენეჯერები არიან და ტექნიკურად წარმართავენ პროცესებს, რომ ერთ ხაზს არ გადაუხვიონ. ჩვეულებრივი კოლონია ვართ, ჩვენი „პოლიტიკოსები“ რეალურად არაფერს აკეთებენ, გარდა სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის დირექტივების აღსრულებისა, ხალხი კი მთლიანად გამოთიშეს პროცესებიდან.
– ბოლოს, ოჯახზეც მოგვიყევით.
– 33 წლის ვიყავი, როცა დავქორწინდი. ჩემი მეუღლეა ნატა ასათიანი. რადიო „უცნობის“ აქტიური მსმენელი ვიყავი, სადაც ნატას დილის გადაცემა მიჰყავდა. ძალიან საინტერესო იყო, ვუსმენდი ხოლმე და ყოველთვის მინდოდა მისი გაცნობა. ისე მოხდა, რომ კონცერტზე გავიცანით ერთმანეთი. საკმაოდ სახალისო პირველი პაემანი გვქონდა. ჩემი ავტომობილი უცნაური აგებულებასაა. ბენზინის ნასოსი ზემოდან აქვს და მოსახვევში თუ ცოტა სწრაფად შეხვედი, შეიძლება ჩაგიქრეს. ასე დამემართა პირველ პაემანზე და საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი (იცინის). მაგრამ შემდეგ ყველაფერი კარგად განვითარდა. დავქორწინდით და ორი ბიჭი გვყავს – რეზი და სანდრო. რვა და ოთხი წლისები არიან. ხომ ამბობენ, მამისთვის გოგოა განსაკუთრებულად საყვარელიაო. მე და მამას ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. ისიც ყოფილი მორაგბეა, მხატვარი, უყვარდა მოგზაურობა და ბევრს დავდიოდით ფეხით მთაში. ჩემი შვილებიც ამ ტრადიციაზე მიმყავს და ამ ამბავში ბიჭები უფრო კარგი პარტნიორები არიან, ვიდრე გოგოები, თუმცა მათში სპორტული ნიჭი ჯერჯერობით ვერ დავინახე და ცოტა გული მწყდება (იცინის). „მინდა, ჩემს შვილებს უღრუბლო ცა ვუსურვო“ – მხოლოდ სურვილი არ კმარა. უკეთესობისთვის ჩვენმა თაობამაც უნდა იბრძოლოს და მათაც. მინდა, რომ ბრძოლისუნარიანები, სამართლიანები და სოლიდარულები იყვნენ.
– ყველასთვის საყვარელი მომღერალი – ირმა სოხაძეა თქვენი სიდედრი. სტანდარტული სიდედრია თუ...
– ბავშვობაში ხალხური სიმღერების ანსამბლში ვმღეროდი, თემურ ქევხიშვილთან. თუმცა, მანამდე, ირმასთან მივედი ანსამბლში. გამსინჯა და დამიწუნა. ამის გამო ძალიან გაბრაზებული ვიყავი (იცინის). საბოლოოდ, ასე გადაიკვეთა ჩვენი გზები. ძალიან კარგი ადამიანია, მსგავსი შეხედულებები გვაქვს. მას და ჩემი მეუღლის მთელ ოჯახს დიდ პატივს ვცემ.