№3 ვინ და რატომ გამოგზავნა ყოფილი სამხედრო ტყვე აფხაზეთიდან თბილისში
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური
მთავარი გმირების ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
ორიგინალური მეთოდი
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მომხდარი სამოქალაქო ომის შემდეგ დანგრეული ქვეყანა ნელ-ნელა ფეხზე დგებოდა და შევარდნაძემ ყველა უკანონო ბანდფორმირება დაშალა, მოსახლეობაში მაინც დიდძალი იარაღი ინახებოდა. ძალებმოკრებილი პოლიცია შეძლებისდაგვარად ახორციელებდა იარაღის ამოღებას და საამისოდ ორიგინალური მეთოდიც ჰქონდათ შემუშავებული. ახალი წლის ღამეს, როდესაც საათი თორმეტჯერ ჩამოჰკრავდა, რაიონული პოლიციის ოპერატიული თანამშრომლები თავიანთ უბნებზე განლაგდებოდნენ ხოლმე ყველა იმ სახლსა თუ ბინას აფიქსირებდნენ, საიდანაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროდნენ. მეორე დღეს კი ოპერატიულად „ესტუმრებოდნენ“ მათ და ცეცხლსასროლი იარაღის კონფისკაციას ახორციელებდნენ. 31 დეკემბერს ანალოგიურ დაკვირვებას ლოტკინის მთის ერთ-ერთი უბნის პოლიციელებიც ახორციელებდნენ. მათ განსაკუთრებული ყურადღება ჰქონდათ მიპყრობილი 32 წლის უშანგი კარიაულის კერძო სახლისადმი. ის ძველი მეომარი იყო. პოლიცია ვარაუდობდა, რომ მას იარაღის მთელი არსენალი ჰქონდა გადამალული და ახალი წლის დადგომისთანავე აუცილებლად „დააბუთქუნებდა“ ავტომატს. ოპერჯგუფს ნაბრძანები ჰქონდა, რომ სროლის დაფიქსირების შემთხვევაში, უმალვე შეჭრილიყვნენ კარიაულის ეზოში, განეიარაღებინათ და მის ბინაში ჩხრეკა ჩაეტარებინათ. მანამდე განხორციელებულმა ორმა რეიდმა პოლიციას ნულოვანი შედეგი მისცა, ამიტომ მათ ტაქტიკა შეცვალეს და კარიაულის ფაქტზე დაჭერა გადაწყვიტეს. კარიაულს ცოლ-შვილი არ ჰყავდა და მარტო ცხოვრობდა. მიუხედავად საგულდაგულო თვალთვალისა, კარიაულის ეზოდან ცეცხლსასროლი იარაღი კი არა, „ხლაპუშკაც“ არ გაუსვრიათ. პოლიციამ ეს გარემოება საეჭვოდ მიიჩნია. მით უმეტეს, კარიაულის მეზობლებისგან იცოდნენ, რომ უშანგი აუცილებლად „დააბუთქუნებდა“. ამიტომ ოპერები გათენებას დაელოდნენ და როდესაც მათი ვარაუდით, კარიაულს ღვინით გალეშილს უნდა სძინებოდა, მის სახლში სწრაფად შეიჭრნენ, თუმცა, მასპინძელი მოკლული დახვდათ. კარიაულს ხელში „ტეტეს“ სისტემის იარაღი ეკავა, საიდანაც გასროლა ვერ მოესწრო. თავად კი „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტიდან შუბლში ერთი გასროლით იყო მოკლული.
ტაბელური „მაკაროვი“
უშანგი კარიაულის სხეულიდან ამოღებული ტყვიისა და მის სახლში ნაპოვნი მასრის ექსპერტიზამ უჩვენა, რომ „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი, საიდანაც მკვლელობა მოხდა, 33 წლის ივანე დადეშქელიანს ეკუთვნოდა. დადეშქელიანი პოლიციის კაპიტანი იყო და „მაკაროვი“ მასზე ტაბელურად ირიცხებოდა. პოლიციამ დადეშქელიანს 11 იანვარს მიაკითხა, ანუ, მას მერე, რაც ექსპერტიზის პასუხი გახდა ცნობილი, მაგრამ ის თავის ბინაში, საბურთალოს ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, მოკლული აღმოაჩინეს. ექსპერტების დასკვნით, ასევე, მარტოხელა დადეშქელიანი ათი დღის მოკლული იყო ხანჯლით, რომელიც მას გულში ჰქონდა გაყრილი. ასევე დადასტურდა, რომ მკვლელობამდე დადეშქელიანს ვიღაცასთან ფიზიკური დაპირისპირება ჰქონდა, რაზეც ოთახში დალეწილი სარკე, გადაბრუნებული ავეჯი და გამხმარი სისხლის წვეთები მეტყველებდა, რომელიც მოკლულს არ ეკუთვნოდა. გამოძიების ვერსიით, რასაც წყალი არ გაუვიდოდა, უცნობი პირი ჯერ დადეშქელიანს ესტუმრა და შელაპარაკების მერე მოკლა. შემდეგ მისი ტაბელური იარაღი გაიტაცა და კარიაული გამოასალმა სიცოცხლეს. დადგინდა ისიც, რომ დადეშქელიანი და კარიაული ძმაკაცები იყვნენ და ერთად იბრძოდნენ სამაჩაბლოსა და აფხაზეთში.
გამომძიებლებს მიაჩნდათ, რომ მკვლელიც მათივე ძველი ნაცნობი უნდა ყოფილიყო. მკვლელობის მოტივი კი – ძველი ამბავი. მკვლელის ძებნას მოკლულების მეგობრებში შეუდგნენ.
მკვლელის ნაამბობი
21 იანვარს, ანუ დადეშქელიანისა და კარიაულის მკვლელობებიდან 20 დღის შემდეგ, საქართველოს უშიშროების სამინისტროს კონტრდაზვერვის ოპერატიულმა ჯგუფმა თბილისში, სოლოლაკის ერთ-ერთ ძველ, იტალიური ეზოს ბინაში 33 წლის თემურ რუხაძე დააკავეს, რომელსაც პეტრე მაისურაძის სახელზე გაცემული პასპორტი აღმოაჩნდა. ჩხრეკისას მას ორი კილოგრამი ტროტილი ამოუღეს, დეტონატორებით, ასევე, ერთი „აკაემის“ სისტემის მაყუჩიანი ავტომატი, ერთი „მაკაროვის“ სისტემის მაყუჩიანი პისტოლეტი და დიდძალი ძვირფასეულობა, რომელიც 2 მილიონი ამერიკული დოლარი ღირდა. კონტრდაზვერვამ თემურ რუხაძე ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედი აგენტის, „მაგნოლიის“, ინფორმაციის შედეგად შეიპყრო. „მაგნოლიამ“ ქართულ კონტრდაზვერვას ინფორმაცია 4 იანვარს მიაწოდა. მასში ეწერა, რომ „თბილისში ტერორისტული აქტის ჩასატარებლად გამოგზავნილ იქნა სპეციალურად მომზადებული აგენტი“, რომლის არც ნამდვილი ვინაობა იცოდა და არც მოგონილი. „მაგნოლიამ“ მათ მხოლოდ დივერსანტ-ტერორისტის აღწერილობა მიაწოდა და მას ამის მიხედვით ეძებდნენ. წყარომ არც ის იცოდა, თუ რა ტიპის ტერაქტი უნდა განეხორციელებინა აფხაზეთიდან არალეგალურად გადმოსულ დივერსანტს და ყველა სტრატეგიულ ობიექტსაა თუ ვიპ-პერსონაზე დაცვა გააძლიერეს. თემურ რუხაძის დაკავება მას შემდეგ მოხდა, როდესაც უბნის ერთ-ერთმა ინსპექტორმა „ორიენტიროვკაში“ მოცემული აღწერილობით ერთ-ერთი ახალი მდგმური ამოიცნო და ამის შესახებ კონტრდაზვერვას განუცხადა. რუხაძე, სინამდვილეში, აფხაზეთის ომში დაკარგული მებრძოლი იყო, რომელიც მძიმედ დაჭრილი ჩავარდა ტყვედ. მას ორი წელი ტყვარჩელის ბანაკში ჰქონდა გატარებული. დადგინდა, რომ დადეშქელიანი და კარიაული მისი მოკლულები იყვნენ. თავის ჩვენებაში რუხაძე წერდა: „მე, დადეშქელიანი და კარიაული ერთად ვიბრძოდით და სოხუმის დაცემამდე ერთი კვირით ადრე ერთ ადგილობრივ მცხოვრებს უამრავი ძვირფასეულობა წავართვით. „ნაკოლი“ მისმა მეზობელმა მოგვცა, რომელიც ტყვედ გვყავდა და მან სიცოცხლის შენარჩუნების პირობით მოგვიყვა მის შესახებ. თუმცა დადეშქელიანმა ის მაინც მოკლა, რაც გავაპროტესტე. საქმე რომ გავაკეთეთ, გაძარცვული სოხუმელი უკვე კარიაულმა მოკლა, რასაც ასევე, ჩემი პროტესტი მოჰყვა. ამიტომ ავტომატის ჯერი მომიშვეს და ეგონათ, რომ მომკლეს. თუმცა, გადავრჩი. დაჭრილი აფხაზებმა ტყვედ ამიყვანეს, მიმკურნალეს, შემდეგ კი ტყვარჩელის ბანაკში მიკრეს თავი. ექვსი თვის წინ მათ ჩემი გადაბირება დაიწყეს, რაზეც დავთანხმდი, თუმცა იმიტომ, რომ შემდეგ გამოვქცეულიყავი. ისინი მოტყუვდნენ და გუდაურის სპეცბაზაზე მამზადებდნენ. 30 დეკემბერს კი თბილისში არალეგალურად გადმომისროლეს, იმ მიზნით, რომ თბილისის მეტროს ვაგონში ასაფეთქებელი დამედო. მე კი დადეშქელიანს დავადექი და ჩემი წილი მოვთხოვე. უარი მითხრა და ჩხუბის დროს მისი მოკვლა მომიწია, თუმცა მან მოასწრო და მითხრა, რომ ძვირფასეულობა კარიაულთან ინახებოდა. კარიაულს 31-ში დავადექი და ძვირფასეულობა მოვთხოვე, თან გავაფრთხილე, რომ თუკი წინააღმდეგობას გამიწევდა, დადეშქელიანივით ჩავაძაღლებდი. კარიაულმა საიდუმლო სეიფი გახსნა და იარაღს დასწვდა, რომ მოვეკალი, თუმცა მე დავასწარი. ძვირფასეულობა ავიღე, სეიფი ჩავკეტე და იქიდან ჩუმად წამოვედი. ვაცხადებ, რომ არანაირ ტერაქტს არ ვაპირებდი ჩემი სამშობლოს წინააღმდეგ და ამ განძით უცხოეთში გაქცევა მინდოდა...“
რუხაძე არ გაუსამართლებიათ. ერთი პერიოდი ის უშიშროების იზოლატორში, ერთადგილიან საკანში იჯდა, ხოლო შემდგომ მისი ბედი უცნობია და სავარაუდოდ, უშიშროების პატრონაჟით, ის კონსპირაციულად ცხოვრობს.