კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№3 ვინ გაუწია წინააღმდეგობა დავით აღმაშენებელს ტფილისის შემოერთებისას და როგორ მოექცა მეფე მაჰმადიანებს

ნინო კანდელაკი გია მამალაძე

  დიდგორში გამარჯვების შემდეგ ცოტა ხანს დაასვენა ლაშქარი დავით მეფემ. მერე ბრძანა მეფემ ტფილისისკენ დაძვრა. რა თქმა უნდა, მანამდე ნაწილები უკვე გაგზავნილი ეყოლებოდა ტფილისთან და ქალაქში მისასვლელი გზებიც გადაკეტილი ექნებოდა ტფილელი მაჰმადიანებისთვის.
არაბი ისტორიკოსი, აჰმად იბნ იუსუფ იბნ ალი ალ-ფარიკი (1116-1181), რომელმაც რამდენიმე წელი იცხოვრა საქართველოში, მოგვითხრობს:
 „როდესაც განადგურდა ნაჯმ ად-დინი და უკან დაბრუნდა იმათთან ერთად, ვინც გადარჩა, გაემართა მეფე აბხაზთა (დავითი) ნადავლითა და ტყვეებით დაბანაკდა ტიფლისთან და ერთხანს ალყაში ჰყავდა. შემდეგ გაანგრია მისი კედელი დასავლეთის მხრიდან, შევიდა ქალაქში მახვილით, გადაწვა იგი და გაძარცვა.
  სამი დღის შემდეგ დაეზავა მის მცხოვრებლებს და მოალბო მათი გულები. აღუთქვა მათ წყალობა და მოუხსნა იმ წლის უშრი, მაუნა აკსატი და ხარაჯა (გადასახადები და ვალდებულებანი), დაუდო მუსლიმებს ყველა პირობა, რაც მათ მოისურვეს იმ პირობათაგან რომლებიც ძალაშია ახლაც. ეს პირობებია:
რომ არ გადავიდოდა ამ ქალაქის მუსლიმთა უბანში ღორი, არც დაიკვლებოდა იქ და არც იქნებოდა გასაყიდად ბაზარზე;
  მოუჭრა მათ დირჰემები (ფული), რომლის ერთ მხარეზე იყო სახელები სულთნისა და ხალიფასი, მეორე მხარეზე – ალლაჰისა და სახელი წინასწარმეტყველისა – მშვიდობა მათ. მისი (დავით მეფის) სახელი კი დირჰემის კიდეზე იყო ამოტვიფრული.
ქალაქში გამოცხადდა, რომ ვინც მუსლიმანს რაიმე ვნებას ან ზიანს მიაყენებდა, ნებას რთავდა დაუსჯელად მისი მოკვლისა.
პირობა დაუდო, რომ აშკარად შეიძლებოდა აზამისა და სალათის შესრულება და ყურანის კითხვა;
რომ წარმოეთქვათ ხუტბა პარასკეობით, ელოცათ და მოეხსენებიათ ხალიფა და სულთანი და არ მოეხსენებინათ მინბარიდან მათ გარდა არავინ.
დაუდო პირობა, რომ თბილისში, ისმაილის აბანოში არ შევიდოდა არც ქართველი, არც სომეხი და არც იუდეველი.
და განსაზღვრა ამ წელს ქართველის სამსახური 5 დინარით, იუდეველის – 4 დინარით, მუსლიმის – 3 დინარით...“
ცნობა, რომ ქართველს 5 დინარი, იუდეველს (ებრაელს) 4 დინარი და მუსლიმანს 3 დინარი უნდა გადაეხადათ იმ, ანუ 1122 წელს, ზოგიერთისთვის გაუგებარი დარჩა და ზოგმა მცდარი დასკვნა გააკეთა: „დავით აღმაშენებელმა ქრისტიანები დასაჯა და მაჰმადიანები დაასაჩუქრაო“.
პირველი, რაც უნდა აღვნიშნოთ, ისაა, რომ დავით აღმაშენებლის ჯარს ტფილისის აღებისას წინააღმდეგობა გაუწიეს მაჰმადიანებმა. იმ დროს, ტფილისში, ალბათ, მცირე რაოდენობით ქართველებიც ცხოვრობდნენ და ებრაელებიც. რომლებიც, თავისთავად ცხადია, ქართულ ჯარს სამხედრო წინააღმდეგობას არ გაუწევდნენ.
  ქართველები იმიტომ, რომ ქართველები იყვნენ, ეროვნული, მამულიშვილური განწყობა ექნებოდათ და დიდი, ძლიერი, ქართული, ქრისტიანული, სახელმწიფოს შექმნა-გაძლიერება მათ ინტერესებში შედიოდა. ამიტომ, ისინი, ცხადია, დავით აღმაშენებელს ტფილისის აღებაში წინააღმდეგობას არ გაუწევდნენ. მეტიც, დაეხმარებოდნენ. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, მათი რიცხვი მცირე იქნებოდა.
  ებრაელებმა კარგად იცოდნენ, რომ მაჰმადიანურ ქალაქებში ცხოვრებისას, მათ, მართალია, ხელუხლებლობას ჰპირდებოდნენ, მაინც არ იყო სრული გარანტია მათი დაცულობისთვის. ქართველთა ტოლერანტული დამოკიდებულების შესახებ კი იმ დროსაც იყო ცნობილი. ამიტომ, ტფილელი ებრაელებიც არ გაუწევდნენ სამხედრო წინააღმდეგობას ქართულ ჯარს.
  ტფილელმა მაჰმადიანებმა კი სხვა გზა აირჩიეს. ჯერ, განძელ და დმანელ მაჰმადიანებთან ერთად, სულთნის ჯარი მოიწვიეს, მერე კი დავით მეფეს ტფილისის აღებისას წინააღმდეგობა გაუწიეს. ციხიონი და დაქირავებული მეომრებიც ეყოლებოდათ. ამგვარად, თუ სისხლი დაიღვარა ქართველი ჯარისკაცებისა, ეს იქნებოდა ტფილელი მაჰმადიანების ბრალი და შესაბამისად, ტფილისის აღების დროსაც ყველაზე მეტად მაჰმადიანები დაზარალდებოდნენ, ჯერ როგორც წინააღმდეგობის გამწევი სამხედროები, მერე კი, როგორც წინააღმდეგობის ორგანიზატორნი და სულთნის ჯარის მომწვევნი. ამგვარად, ქართული სახელმწიფოს მეთაურისა და ჩვენი ჯარის შურისძიების ობიექტიც ისინი იქნებოდნენ.
  ალ-ფარიკი მოგვითხრობს, რომ სამი დღის მერე დაუზავდა მეფე ტფილისელებს, მანამდე გაძარცვაო. თუ ეს ცნობა მართალია, მაშასადამე, ქართული ჯარს ტფილისში შეჭრისას ქალაქშიც წინააღმდეგობა გაუწიეს. ამის გამო ჩვენი ჯარი დასჯიდა დამნაშავეებს, ანუ მაჰმადიანებს. საუბარია ქალაქის მმართველ ფენაზე, უხუცესებზე (ბერებზე), ორგანიზატორებზე, მდიდრებზე, რომლებიც დამნაშავენი იყვნენ. შემდეგ კი მეფის გულისწყრომა დაცხრა და იგი კვლავ პრაგმატულ პოლიტიკოსად და გულისხმიერ მმართველად იქცა.
ვინაიდან ყველაზე მეტად მაჰმადიანები დაზარალდნენ, მათ შორის, შესაძლოა, ქონებრივადაც, ამიტომ ჩვენმა ხელმწიფემ, მათ, სხვებთან შედარებით, ნაკლები გადასახადი დააკისრა, ანუ შეუმცირა. იმ დროს კი სახელმწიფოს გადასახადს უხდიდა ყველა, ყველა საქმიანობიდან (როგორც ახლა), ქართველიც, სომეხიც, ებრაელიც და მაჰმადიანიც.
  დიახ, დავით აღმაშენებელმა არ გაანადგურა ტფილისის მაჰმადიანურო მოსახლეობა, მიუხედავად მათი დამნაშავეობისა. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ყველა, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები, დამნაშავე არ იქნებოდა. გარდა ამისა, დავით აღმაშენებელი სისხლიმსმელი ტირანი კი არა, ქრისტიანი, ჰუმანური მეფე იყო. მესამე, სახელმწიფოსთვის, ყველა ადამიანი, მოქალაქე ფასეულია, მათ შორის სხვა სარწმუნოების წარმომადგენლები.
და ბოლოს, მაჰმადიანი ვაჭრები და ხელოსნები მნიშვნელოვანი იქნებოდნენ სამეფოსთვის ეკონომიკის განვითარების საქმეში. მათთან ჩამოვიდოდნენ ქარავნები და სხვა. ტფილისში ვაჭრობა წახალისდა და მომგებიანი გახდა მაჰმადიანური სამყაროს წარმომადგენლებისთვის. ეს კი სახელმწიფოს დიდ შემოსავალს მისცემდა.
  ამგვარად, ერთი წლით ტფილელ მაჰმადიანებს საგადასახადო შეღავათები მიეცათ, ვინაიდან მათ აღიარეს დავით მეფის სუზერენიტეტი და თავი ცნეს მის ქვეშევრდომებად.
  ტფილელი მაჰმადიანები გახდნენ საქართველოს მოქალაქეები. მათ მიეცათ ყველა უფლება, რაც ჰქონდათ სხვა ეროვნების წარმომადგენლებს ქვეყანაში. გარკვეული ფინანსურ-ეკონომიკური თავისუფლება – საკუთარი ფულის მოჭრის უფლებაც კი. შემდეგშიც ჰქონდათ შესანიშნავი პირობები მაჰმადიანებს ჩვენს სამშობლოში. ამაზე – სხვა დროს.
  რა თქმა უნდა, სახელმწიფო იყო ქართული, მართლმადიდებლური. სამეფო კარზე და სახელმწიფოში გაბატონებული იყო ქართული ენა და ქართული კულტურა.
დავით მეფემ ტახტი ქუთათისიდან ტფილისში გადმოიტანა.
ტფილისში დედაქალაქის გადმოტანით დაიწყო ქართული რენესანსი.

скачать dle 11.3