№3 ქმარი გაშორების მერე უფრო შემიყვარდა
ნინო კანდელაკი დიკო, 32 წლის.
იმ ამბავში, რომ ქმარს გავშორდი და შვილთან ერთად მარტო ვცხოვრობ, გასაკვირი არაფერია. ნახევარი საქართველო ასეა. მაგრამ ჩემს ისტორიაში უცნაური ისაა, სანამ ქმართან ვცხოვრობდი, ისე არ მიყვარდა, როგორც გაშორების მერე. მართალია, სიყვარულით შევქმენით ოჯახი, მაგრამ თანაცხოვრების მერე, ურთიერთობა ცოლქმრულ ვალდებულებაში რომ გადავიდა, თითქოს გრძნობა განელდა. ყოველი დღე ერთფეროვანი და მოსაბეზრებელი გახდა. ამიტომ, ორივემ გადავწყვიტეთ, დავშორებოდით და ჩვენ-ჩვენი წილი ბედნიერება თავიდან გვეპოვა. ყველაფერი ცივილურად მოხდა და ახლაც, უახლოეს მეგობრებად ვრჩებით. თუმცა, მივხვდი, რაც მისგან წამოვედი, უფრო მეტად შემიყვარდა. უფრო სწორად, მისმა კაცურმა საქციელებმა, ზრუნვამ და ყურადღებამ, ჩემი ყოფილი ქმარი ისევ თავიდან შემაყვარა. არც მე და არც ბავშვს უყურადღებოდ არ გვტოვებს, რისი საშუალებაც აქვს, თან გვყვება. ყველა ცხოვრებისეულ დეტალს მიყვება, გვერდით მიდგას, მენდობა და ამიტომ, უფრო მეტად ვცემ პატივს. ალბათ, ამ ყველაფერმა ის მიძინებული სიყვარულის გრძნობა თავიდან გააღვივა ჩემში. თუმცა, ზუსტად ვიცი, ის ჩემ მიმართ იმავეს არ გრძნობს. მის ცხოვრებაში გამოჩნდა გოგონა, რომელზეც შეყვარებულია. თავად მომიყვა ეს ამბავი. არ შევიმჩნიე, მაგრამ არ ვმალავ, მეწყინა. ჩვენს შერიგებას აზრი აღარ აქვს. მას სხვა უყვარს და მე რომ მისადმი გრძნობა ისევ მაქვს, დიდს არაფერს ნიშნავს. მე როგორღაც გადავიტან, მაგრამ ბავშვი ძალიან განიცდის, ერთად რომ აღარ ვცხოვრობთ და თუ მამამისი ცოლს მოიყვანს, ვიცი, ეს მისთვის დიდი დარტყმა იქნება. წინა საახალწლოდ ბავშვს ფული მისცა და სავაჭრო ცენტრში წავიყვანე. ვიფიქრე, გავახარებ, რასაც ხელს დაადებს, ვუყიდი-მეთქი. მაგრამ, იქ მამამისი და ის გოგონა შეგვხვდნენ და ბავშვმა ისინი რომ დაინახა, მიხვდა, რაშიც არის საქმე და არაფერი მინდა, სახლში წავიდეთო – მომთხოვა. მართალია, ექვსი წლისაა, მაგრამ ყველაფერს ხვდება და განიცდის. სხვათა შორის, იმ გოგოს უთქვამს: არ მინდა შვილთან და ყოფილ ცოლთნ ცუდი ურთიერთობა გქონდეს, მათ არაფერი დაუშავებიათ და უფლება არ მაქვს არ მივიღო, ისინი შენი ცხოვრების ნაწილები არიან და როცა მოგინდება, მაშინ ნახეო. ფაქტია, შეგნებული გოგოა, მაგრამ ბავშვს ამას ვერ გავაგებინებ. ერთხელ მითხრა: დედიკო, ყველას ჰყავს დაიკო და ძამიკო და მეც მინდა, უთხარი რა მამიკოს და მაჩუქეთო. ავუხსენი, რომ მე და მამიკო ცალ-ცალკე ვცხოვრობთ და ვერ ვაჩუქებდი, მაგრამ ვერ მიხვდა. ახლა რომ ვუთხარი: აი, მამიკო რომ მოიყვანს ცოლს, მერე გეყოლება შენც პატრა-მეთქი, გაღიზიანდა და დამიყვირა: არ მინდა მე სხვისი, შენი მინდაო. ხომ ვერ ვეტყვი, მეც მინდა მამაშენთან ერთად ცხოვრება-მეთქი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გადაწყვეტილება იყო მასთან დაშორება და ვიცოდი, დრო რომ გავიდოდა, სხვას შეიყვარებდა, არ ვდარდობდი და მეგონა, გული არ მეტკინებოდა. მაგრამ, ახლა ძალიან განვიცდი. თითქოს სხეულის ნაწილს ვკარგავ. ვიცი, ოჯახს რომ შექმნის და შვილები ეყოლება, ჩვენთვის ისე ვეღარ მოიცლის. თუმცა, იმის იმედიც მაქვს, რომ არ დავავიწყდებით და ხშირად მოგვიკითხავს. ბავშვზე გიჟდება და მეუბნება: ეს ჩემი პირველი სიხარულია, ასეთ განცდას ვერავინ მომანიჭებს. მისი დაბადებით გავიგე, რა არის, იყო კაცი, მამა და ადამიანიო. მართლა შეგნებული ადამიანია და ახლა რომ მის გამო ვიტანჯები, მხოლოდ ჩემი ბრალია. ამას მასაც ვერ ვაჩვენებ და ალბათ, ცხოვრების ბოლომდე მისი სიყვარულის ჩუმად ტარება მომიწევს. სხვა გზა არ მაქვს – დაშვებულ უაზრო შეცდომას ვეღარ გამოვასწორებ. ალბათ, მასთან ყოფნის დროს წვრილმანი დეტალებისთვის უფრო მეტად რომ მიმექცია ყურადღება, ცხოვრება არ გაუფერულდებოდა და გაერთფეროვნდებოდა, მარტოც არ დავრჩებოდი. ახლა ამაზე ფიქრს აზრი აღარ აქვს და მინდა, ის ურთიერთობა მაინც არ გავაფუჭო და ბოლომდე შევინარჩუნო, რაც საყვარელ მამაკაცთან მაკავშირებს.