კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№3 სულის „მკურნალი“

ოლივია დარნელი

ედიტა კენონს სრული უფლება ჰქონდა საკუთარი დრო ძვირად შეეფასებინა. მისი სარეაბილიტაციო ცენტრი განსაკუთრებული  იყო და იმ ქალებს ემსახურებოდა, ვინც ქმარი დაკარგა.  მოთხოვნა დიდი იყო. ამიტომ ცენტრი სრული დატვირთვით მუშაობდა. მისი კლიენტები მხოლოდ მდიდარი ქვრივები  ხდებოდნენ.
– ჩემთან ვისი რეკომენდაციით მოხვედით? – ჰკითხა ედიტმა სილვია მაელს. ქალი მის წინ იჯდა და ხმის ამოღებას არ ჩქარობდა.
– ჩემმა დაქალმა, მერი ეიმორმა, – სილვიამ თვალებზე ცხვირსახოცი აიფარა.
– საცოდავი მერი, – ედიტ კენონმა თავი მწუხარედ გადააქნია, – მას რომ მკურნალობის კურსი დაესრულებინა... ჩემი მეთოდი თვალთმაქცობისგან და სიყალბისგან სრულიად დაცლილია. ჩვენ აქ ვმხიარულობთ, რესტორანიც კი გვაქვს – „მხიარული ქვრივი“. მართალია ბოროტი ადამიანები და  ფარისევლები ჩემკენ თითს იშვერენ და ათასგვარ სისაძაგლეს ლაპარაკობენ, მაგრამ  ჩემთვის მთავარია, რომ ჩემი გოგოები იყვნენ ბედნიერები.
– როგორ მინდა, სულის სიმშვიდე ვპოვო, – ამოიოხრა სილვიამ.
– გარწმუნებთ,  თქვენ სულს ჩვენ ვუშველით. როდის მოკვდა თქვენი ქმარი?
– ჩემი ქმარი, – დაიწყო სილვიამ, – საქმეც იმაშია, რომ ჯერ  ცოცხალია, მაგრამ უკვე დიდი ხანია, ავადმყოფობს და ვშიშობ, როცა მოკვდება, დარდს ვერ გავუმკლავდები. თანაც  ეს კატები...
– კატები? რას გულისხმობთ?
– მას ათი კატა ჰყავს, რომლებსაც  აღმერთებს და ანდერძში შეიტანა პუნქტი, რომელის მიხედვითაც, ეს ცხოველები და მათი შთამომავლები ჩვენს სახლში სიცოცხლის ბოლომდე უნდა დარჩნენ. მე მათი სტერილიზების უფლებაც კი არ მაქვს.
– უცნაურია, რომ მე მერის რეკომენდაციით მომმართეთ. რამდენადაც ვიცი, მას კატები ძალიან უყვარდა.
– იმდენად, რომ მათ ქმრის სიკვდილიც კი აპატია. როდესაც ამის შესახებ გაზეთებში წავიკითხე, მაშინვე ჰენრიზე გავიფიქრე. კატის პატარა ნაფხაჭნი და სეფსისი. გასაკვირიც არ არის!
– მე კი  საკვირველს ვერაფერს ვხედავ, – გამოეხმაურა მისის კენონი, – ეს იშვიათი, მაგრამ მედიცინის ისტორიაში აღწერილი შემთხევაა, როდესაც ჯანმრთელი კატის ფრჩხილქვეშ არსებული ინფექცია ადამიანის სისხლში ხვდება და ადამიანის ორგანიზმს სერიოზიულ ზიანს აყენებს.
– სასიკვდილო ზიანს? – ენთუზიაზმით აიტაცა სილვიამ, – სასიკვდილოს?
მისის კენონმა სილვიას ეჭვით შეხედა.
– და მაინც, ჩემთვის გაუგებარია, – თქვენ კატებს ვერ იტანთ, მერი კი მათ აღმერთებდა. რა გქონდათ საერთო, რომ მან ჩემთან გაგიწიათ რეკომენდაცია?
– საერთო უბედურება გვქონდა, – უბრალოდ უპასუხა სილვიამ, – მერი კატებს აღმერთებდა, მისი ქმარი კი ვერ იტანდა. მე კატებს ვერ ვიტან, ჩემი ქმარი კი აღმერთებს მათ. მეც და მერიმაც ქმრები შევიძულეთ.
– ჰოო? აი, თურმე, რა ყოფილა? – მისის კენონმა მოსაუბრეს ყურადღებით შეხედა და თითები მაგიდაზე ააკაკუნა. – თქვენ ქმარი რითია ავად?
– არ ვიცი, ყველაფრით... ექიმებს არ სწყალობს. მხატვარია, სახლიდან თითქმის არც გადის. ჩვენ კარჩაკეტილ ცხოვრებას ვეწევით და მერიც შემთხვევით გავიცანი. ჰენრი კატების პორტრეტებს ხატავს და მის კლიენტებს შორის მერიც აღმოჩნდა. ვიდრე კატები პოზირებდნენ, ჩვენ ყავას ვსვამდით და ვჭორაობდით. შემდეგ დავმეგობრდით. მერიმ მითხრა, რომ თქვენი ცენტრის შესახებ გაგონილი ჰქონდა.
– მაგრამ მაშინ, ის ჯერ კიდევ არ იყო ქვრივი, – ცივად წარმოთქვა მისის კენონმა.
– ზუსტადაც! – წამოიძახა სილვიამ, – როგორც კი დაქვრივდა, მაშინვე დაიწყო სარეაბილიტაციო კურსის გავლა. მე მერის რჩევისთვის მივმართე. დამპირდა, რომ დაგელაპარაკებოდათ, მაგრამ როგორც ჩანს, ვერ მოასწრო, რადგან თავი მოიკლა. – სილვიამ ცხვირსახოცი თვალებთან მიიტანა.
მერი ეიმორის ისტორიას მართლაც დიდი ხმაური მოჰყვა. მასზე გაზეთები ბევრს წერდნენ. ქალაქში ცნობილი კატების აღმზრდელის ქმარი, ცოლის საყვარელი ცხოველის მსხვერპლი გახდა. შურისმაძიებელმა ნათესავებმა (ქმარმა მთელი ქონება მერის დაუტოვა), უკეთესი ვერაფერი მოიფიქრეს   და ყველა კატა მოწამლეს. მალევე მერის გვამი მისი საყვარელი კატების პორტრეტების გვერდით იპოვეს.
– ვშიშობ, ვერაფრით დაგეხმარებით, – მისის კენონი წამოდგა და კარს შეხედა, – ჩემი ცენტრი თავის რეპუტაციას ძალიან უფრთხილდება. თქვენ კი იმ ადამიანის რეკომენდაციით მოხვედით, ვინც თავისი არაგონივრული საქციელით მისი კომპრომეტირება მოახდინა.
– ალბათ, გინდოდათ გეთქვათ, ყურადღება მიიქცია, – სილვიამ გაიღიმა.
– ვერ ვხვდები.
– გეყოფათ, მე ხომ ვიცი, მერი თქვენთან ვინმე მისის დელინგის რეკომენდაციით მოვიდა, ვისი ქმარიც ფანჯრიდან გადავარდა. თავის მხრივ, მისის დელინგი კი  მისის კოლიმ  გამოგზავნა, რომლის ქმარსაც დენმა დაარტყა, იმან თქვენი ცენტრის შესახებ დაქალისგან შეიტყო – მითხრეს, ქმარი დახრჩობია, მოულოდნელად წყალში გული გაუჩერდაო.
– გამოძიება  ყველა ამ საქმეზე უკვე ჩატარდა და პოლიციამ საეჭვო ვერაფერი იპოვა. ვერ ვხვდები, ასე რატომ დაგაინტერესათ ამ საქმეებმა. თქვენ რა, სკოტლანდ-იარდიდან ხართ?
სილვიას ხარხარი აუტყდა.
– რა თქმა უნდა, არა.
– მაშინ შანტაჟისტი ხართ! – ცენტრის დიასახლისმა კბილებში გამოსცრა. ის მოთმინებას ჰკარგავდა, – საცოდავი, უნიჭო, შანტაჟისტი, რომელმაც რაღაც ჭორები შეაგროვა და იმედი აქვს, ამ ბოდვაში  ჩემგან ფულს მიიღებს.
– შეურაცხყოფას მაყენებთ და სათანადოდ ვერ მაფასებთ, – სილვია ადგა და ფანჯარასთან მივიდა, რომლიდანაც ლამაზი შიდა ეზო ჩანდა, – რა მშვენიერი ქალები დადიან თქვენს ცენტრში. როგორ მინდა, ერთ-ერთი მათგანი გავხდე. ო! ეს ხომ ლედი ნორუეია. მის ქმარს მუხრუჭებმა უმტყუნა, არა? თქვენ ყველაფერი იცით უდროოდ დაღუპული ქმრების შესახებ. მაგალითად, ერთ-ერთი ქვრივის ქმარი,  მისტერ პაილი, რომელსაც ძალიან უყვარდა ხამანწკები, სწორედ თავისი საყვარელი ზღვის პროდუქტით მოიწამლა. ყველაზე საინტერესო შემთხვევა, რა თქმა უნდა,  გრაფინია კაფტონის ქმრის შემთხვევაა – მოჩვენებებზე მონადირე მეთხუთმეტე საუკუნის შუბნაჯახით მოკლული იპოვეს.
სილვიამ ჩანთიდან სურათები ამოიღო და მაგიდაზე დაალაგა.
– ვფიქრობ, მემკვიდრეობის გარეშე დარჩენილ ნათესავებს დააინტერესებთ, როგორ მოხდა, რომ თქვენს პოტენციურ ქვრივებს მანამდე იცნობდით, ვიდრე მათი ქმრები დაიღუპებოდნენ. ამ სურათს დახედეთ, პაპარაცებმა ლედი ნორუეი ერთ-ერთ საქველმოქმედო კონცერტზე გადაიღეს. იგი მაშინ ჯერ კიდევ  არ იყო ქვრივი. ვერ სცნობთ იმ ქალს, ვისთანაც იგი ასე ჭუკჭუკობს? აგერ გრაფინია კაფტონი არქეოლოგიურ მუზეუმში. ალბათ, აქ მოუვიდა მას თავისი შესანიშნავი იდეა შუბნაჯახის შესახებ. აქაც მის გვერდით თქვენ ხართ. თქვენ სნობიზმმა დაგღუპავთ. რაში გჭირდებათ ისეთი პაციენტები, ვისკენაც საზოგადოების ყურადღებაა მიპყრობილი?
– არავითარი სნობიზმი. უბრალოდ, სწორედ ამ ტიპის ქალებს შეუძლიათ, ჩემი მომსახურების სანაცვლოდ, დიდი თანხის გადახდა. თქვენი ფოტოები კი არაფერს ნიშნავს.
– შეიძლება, – დაეთანხმა სილვია, – თუმცა, არა მგონია, ცენტრთან დაკავშირებით ზედმეტი ხმაურის ატეხვა გაწყობდეთ. თანაც,  მე კიდევ მაქვს რაღაც, – ქალმა ჩანთიდან კონვერტი ამოიღო, – ეს წერილია, რომელიც მერიმ სიკვდილის წინ მომწერა. აქ იგი სინანაულს გამოთქვამს იმის გამო, რომ ქმრის მოკვლა გადაწყვიტა და ნაკაწრზე შხამი წაუსვა. ძალიან  ნანობდა, რომ არ დაგიჯერათ, როდესაც მკვლელეობის ასეთი მეთოდის საშიშროებაზე აფრთხილებდით.
– იდიოტი! მითხარით, პრობლემა რაშია, ფულში?
სილვიამ სევდიანად ამოიოხრა, – სამწუხაროდ, მე, თქვენი კლიენტებისგან განსხვავებით, დიდი ქონება არ მაქვს. არადა, მეც მინდა, ბედნიერი ქვრივი გავხდე. მეც მჭირდება სიკვდილი, თუნდაც  კატის ნაკაწრისგან. ჩემი ქმრის სიკვდილი თქვენთვისაც ხელსაყრელი იქნება. მხოლოდ დაადასტურებს, მერის ქმრის დაღუპვის შემთხვევითობას. ნაკაწრები მას უამრავი აქვს და არ მგონია, ვინმემ დამძრახოს, თუ შემდეგ ქმრის მკვლელებზე შურს ვიძიებ.
მისის კენონი მიხვდა, რომ წინააღმდეგობას აზრი აღარ ჰქონდა.
– ოთხშაბათი გაწყობთ?
– სავსებით, – სილვია დაფიქრდა, – მთელი დღით სადმე გავემგზავრები, რომ თქვენ მოქმედების სრული თავისუფლება მოგცეთ. ვფიქრობ, სასარგებლო იქნება იცოდეთ, რომ ჰენრის შუადღისას სძინავს ხოლმე. შევეცდები, რომ მისი ძილი, რაც შეიძლება, ღრმა იყოს.
ოთხშაბათს ვილა „ბასეტთან“ პატარა ფურგონი გაჩერდა. იქიდან მამაკაცი გადმოვიდა, სანტექნიკის უნიფორმითა და  ხელში პატარა ჩემოდნით. კარი ღია დახვდა. ჰენრი მაელს დივანზე ღრმად ეძინა. მის ირგვლივ რამდენიმე კატა იყო მოკალათებული. მამაკაცმა ჩემოდანი სწრაფად გახსნა, შპრიცი ამოიღო და დივანს მიუახლოვდა. მძინარეს ხელი ფრთხილად გაუშიშვლა, ყველაზე მსხვილი ნაკაწრი იპოვა და უკვე ნემსის შერჭობას აპირებდა, როცა მოულოდნელად იგრძნო, რომ მის მაჯას რკინის თითები შემოეჭდო. ამ დროს კარი გაიღო და ოთახში რამდენიმე პოლიციელი შემოვიდა.
– მადლობა, მისის მაელ, – უთხრა ერთ-ერთმა სილვიას, რომელიც მათ ფეხდაფეხ შემოჰყვა.
– მადლობა ჰენრის უთხარით. ეს ყველაფერი მან მოიფიქრა. მე მხოლოდ შევასრულე, – ქალი ქმარს სიყვარულით მისჩერებოდა, რომელსაც თითები რკინის სალტესავით ჰქონდა შემოჭდობილი სიკვდილის მოციქულის – მისის კენონის, მაჯაზე.
თარგმნა
ნინო წულუკიძემ


скачать dle 11.3