№3 რა კომპრომატი გადასცა ძერჟინსკიმ სტალინს ტროცკიზე
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური
იოსებ სტალინისა და ლევ ტროცკის დაპირისპირება საბჭოთა ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული, იდუმალი და საინტერესო ეპიზოდია, რომელიც ნათელს ჰფენს ამ ორი ადამიანის ნამდვილ სახეს, მისწრაფებებსა თუ ვალდებულებებს... ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი ივანე რაპოტნიკოვი წერს: „როგორც სტალინი, ასევე ტროცკიც, ბოლშევიკური რევოლუციის მკაფიო სახეები იყვნენ, მაგრამ მათ აბსოლუტურად სხვადასხვა მისწრაფებები და ვალდებულებები ჰქონდათ. სტალინი მთელი ცხოვრება საკუთარ თავს ლენინის მოწაფედ თვლიდა და მაშინაც იმეორებდა ამას, როდესაც ლენინზე უკვე ასჯერ მეტი ჰქონდა გაკეთებული და მას ყველაფერში სჭარბობდა. ტროცკი კი ჯერ კიდევ ლენინის სიცოცხლეშივე თვლიდა თავს ილიჩზე (ლენინზე) დიდ რევოლუციურ-სახელმწიფო მოღვაწედ და საკუთარი თავი ლენინის მემკვიდრედ მიაჩნდა. რევოლუციის პარალელურად, მდიდრული ცხოვრება ტროცკის პიროვნული მისწრაფება იყო. სტალინი კი პირად კომფორტს გმობდა და მიაჩნდა, რომ ჩაგრულთა, დამცირებულთა და საერთოდ, მშრომელ, პატიოსან ადამიანთა ცხოვრების დონე უნდა ამაღლებულიყო. და ბოლოს, ტროცკის ვალდებულება ჰქონდა თავისი სპონსორების, ამერიკელი ოლიგარქების წინაშე. სტალინი კი მხოლოდ და მხოლოდ იმ ადამიანების წინაშე მიიჩნევდა თავს ვალდებულად, ვისთვისაც ბოლშევიკური რევოლუცია მოხდა. ეს ორი უდავოდ ძლიერი პიროვნება იმ ორი ძალის – ოლიგარქებისა და მშიერი, გამწარებული ადამიანების უზარმაზარი მასის – წარმომადგენელი იყო, რომლებიც გასული საუკუნის დასაწყისში რუსეთის იმპერიის უკიდეგანო ტერიტორიაზე ეკვეთნენ ერთმანეთს. მწერალი კონსტანტინე სიმონოვი თავის საიდუმლო, ანალიტიკურ დღიურებში გენიალურ ანალიზს აკეთებდა სტალინ-ტროცკის ბრძოლაზე და წერდა: „სტალინმა ტროცკის ძალიან მარტივი ფორმულით მოუგო – სიმართლით. ანუ სტალინის მხარეზე იყო სიმართლე. სტალინი ასრულებდა ყველა იმ პირობას, რაც ეწერა ბოლშევიკების რევოლუციურ პროგრამაში – აღარ იყო უთანასწორობა, ყველას უფასო განათლებისა და სამედიცინო დახმარების მიღება შეეძლო, ყველა ადამიანი დასაქმდა და უზარმაზარ ქვეყანაში მშვიდობა დამყარდა. ტროცკი კი რუსეთს მსოფლიო რევოლუციის კოცონის ფიჩხად თვლიდა და დასაწვავად იმეტებდა თავის მოსახლეობასთან ერთად, რასაც, რა თქმა უნდა, არავინ აპატიებდა. ასეთი იყო სიმართლე. სიმართლე კი, როგორც ვთქვი, სტალინის მხარეს იყო და ამიტომაც გაიმარჯვა. სწორედ ესაა მთავარი, ხოლო დანარჩენი მხოლოდ და მხოლოდ, ეგრეთ წოდებული, ტექნიკური დეტალებია...“
სიმართლესთან ერთად, არანაკლებ საინტერესოა სტალინის „ტექნიკური დეტალებიც“, როგორც ამას კონსტანტინე სიმონოვი უწოდებს. საბოლოოდ სწორედ ამ ტექნიკურმა დეტალებმა დადო ბეჭებზე ტროცკი და სტალინს გაამარჯვებინა. ეს ტექნიკური დეტალები კი იმაში მდგომარეობდა, რომ ტროცკის წინააღმდეგ ბრძოლა სტალინმა თანამიმდევრულად, გეგმაზომიერად და რაც მთავარია, მყარი სამხილებით ხელში წარმართა. „პერესტროიკის“ დროს, თავის ერთადერთ ვრცელ ტელეინტერვიუში (ეს ინტერვიუ მაშინდელმა საბჭოთა კავშირის მეთაურმა, მიხეილ გორბაჩოვმა დაბლოკა) ვიაჩესლავ მოლოტოვმა ასე გაიხსენა სტალინისა და ტროცკის ბრძოლა: „ლენინის გარდაცვალების შემდეგ ტროცკი ყოველმხრივ ცდილობდა სტალინის გადაყენებასა და მისი ადგილის დაკავებას. ამისთვის კი ნებისმიერ ხერხს მიმართავდა, მათ შორის, ყველაზე ბინძურსაც კი, თუმცა მაინც არაფერი გამოსდიოდა. 1925 წელს ტროცკისტმა შემბერსმა სტალინის მოკვლაც კი სცადა, თუმცა ის სტალინის დაცვამ გაანეიტრალა (პირადმა მცველმა მიხეილ თევდორაძემ შემბერსს ერთი გასროლით გაუხვრიტა შუბლი და ადგილზე მოკლა). ამის გამო ტროცკიზე ჩვენების მიღება არ მოხერხდა და ის (ტროცკი) წყლიდან მშრალი ამოვიდა, თუმცა, აშკარა იყო, რომ შემბერსი მის მიერ იყო მიგზავნილი. 1926 წლის იანვრის მიწურულს, „ოგეპეუს“ (გაერთიანებული პოლიტიკური სამმართველო) უფროსმა, ფელიქს ძერჟინსკიმ სტალინს ტროცკის ლიკვიდაციაც კი შესთავაზა. ამ საუბარს მეც ვესწრებოდი. უკვე მძიმედ დაავადებული ძერჟინსკი სტალინს კაბინეტში ესტუმრა და უთხრა:
– რას იტყვი, კობა, რომ ტროცკი მოვიშოროთ, ანუ მისი ლიკვიდაცია განვახორციელოთ, რადგან მისი დაპატიმრება იმ უბრალო მიზეზით არ გინდა, რომ ის ილიჩის თანამებრძოლი და რევოლუციის ერთ-ერთი ბელადი იყო.
– ფელიქს, არ ღირს ტროცკისთვის წამებულის მანტიის მორგება, რაც მისი დაპატიმრების მერე მოხდება, მისი ასეთი სიკვდილი კი მას წმიდანის რანგში აიყვანს და ეს უფრო არაა სასურველი. ამას ჯობია, ვაცადოთ და უფრო მეტ სისულელეს რომ ჩაიდენს, საკუთარ თავს თავადვე გაუწევს კომპრომეტაციას, – უპასუხა სტალინმა. შემდეგ ყურადღებით შეათვალიერა სტუმარი და დააყოლა, – რაღაც ეშმაკურად გიელავს თვალები და ვფიქრობ, აქ ტყუილად არ მოსულხარ.
– აი, კობა, გამომართვი. ჩემმა ბიჭებმა მოიპოვეს ბანკირ შიფის საიდუმლო სეიფიდან. ორიგინალია და ტროცკის კომპრომატიც ესაა, – თქვა ძერჟინსკიმ და სტალინს კონვერტში მოთავსებული ფურცელი მიაწოდა... ამ ფურცელზე ლევ დავითის ძე ბრონშტეინი (ტროცკის ნამდვილი გვარი) ბანკირ იაკობ შიფს პირობას უდებდა, რომ რუსეთის ხელმძღვანელად გახდომის შემთხვევაში მას (შიფს) და მის კორპორაციას ციმბირს გადასცემდა 99 წლით.
ეს ისეთი რკინის სამხილი იყო, რომ გაწონასწორებულმა სტალინმა ემოციები ვერ დამალა და ძერჟინსკის გადაეხვია, რომელიც სტალინის მოცილებას ცდილობდა, რადგან ჭლექი სჭირდა და ეშინოდა, ეს მძიმე სენი მისთვის არ გადაედო.“
საბჭოთა მზვერავების მიერ მოპოვებული ამ დოკუმენტის საფუძველზე ტროცკი ჯერ სტალინმა გააფრთხილა პირადად, მაგრამ ის არ გაჩერდა. შემდეგ ტროცკი პარტიიდან გარიცხეს და შუა აზიაში გადაასახლეს. ბოლოს კი მოღალატე ლევ დავიდოვიჩი საბჭოეთიდანაც გააპანღურეს. სტალინმა კი მის გარეშე უმძლავრესი ქვეყანა ააშენა.“