№4 კურკუმას საოცარი თვისებები
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
ინდოეთში კურკუმას ჯერ კიდევ 4 000 წლის წინათ იცნობდნენ და სამკურნალო თვისებების გამო წმინდა მცენარედ მოიხსენიებდნენ. ახლაც იქ თითოეული ოჯახი ყოველდღე, საშუალოდ, 1 ჩაის კოვზ კურკუმას ფხვნილს იყენებს და მისი მთავარი მწარმოებელიც, სწორედ, ინდოეთია.
კურკუმა მდიდარია ისეთი მინერალებით, როგორებიცაა: კალიუმი, კალციუმი, ნატრიუმი, რკინა, სპილენძი, მანგანუმი, თუთია და მაგნიუმი. კალიუმი უმთავრეს როლს ასრულებს გულის ფუნქციობაში, არეგულირებს არტერიულ წნევას და ჰიდრატაციას. რკინა ხელს უწყობს სისხლის წითელი უჯრედების სინთეზს, აადვილებს დაღლილობისა და სისუსტის დაძლევას.
კურკუმა წმენდს ორგანიზმს და აგვარებს ნივთიერებათა ცვლას. სწორედ ამიტომაა რეკომენდებული ბევრი დაავადების პროფილაქტიკისთვის. კურკუმის სასარგებლო თვისებები დაგეხმარებათ დიაბეტის, შაკიკის, ქრონიკული დიარეის, ათეროსკლეროზის, წყლულის, კოლიტის, მეტეორიზმის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და ნაღველკენჭოვანი დაავადებების მკურნალობაში. გამოიყენება როგორც კიბოს საწინააღმდეგო პროფილაქტიკური საშუალება, აკავებს სიმსივნის განვითარებას.
მეტეორიზმისა და დიარეის მკურნალობის დროს საკმარისია, გახსნათ 1 ჩაის კოვზი კურკუმის ფხვნილი ერთ ჭიქა წყალში. ეს რეცეპტი გამოიყენება ღრძილების ანთების, ასევე, ღრძილებიდან სისხლდენის საწინააღმდეგოდ. კურკუმა, ასევე, ეფექტურია გაციების დროსაც.
ხველების დროს გამოიყენეთ შემდეგი რეცეპტი: ნახევარი ან ერთი ჩაის კოვზი კურკუმა გახსენით თბილ რძეში, ასევე კარგია გამოსავლები ნაყენის გაკეთება კურკუმითა და სოდით. თუ ადამიანს აქვს ფარინგიტი, მაშინ აურიეთ ნახევარი ჩაის კოვზი კურკუმა ერთ კოვზ თაფლში და ყოველდღე გაიჩერეთ პირში რამდენიმე წუთით.
კურკუმა ახდენს ძლიერ გავლენას ორგანიზმზე. ამიტომ, თუ კურკუმის მიღებასთან ერთად იღებთ რამე სამკურნალო პრეპარატს, არასასურველი შედეგების თავიდან ასაცილებლად უმჯობესია, ექიმთან გაიაროთ კონსულტაცია. ექიმების რეკომენდაციას უნდა მიაქციონ ყურადღება, ასევე, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებმა, რომლებიც კურკუმას ან ნებისმიერი ძლიერი მოქმედების სანელებელს იღებენ. კურკუმა არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს, რადგან საკმაოდ ძლიერი ალერგენია. კურკუმა უკუნაჩვენებია, თუ თქვენ გაქვთ კენჭები ნაღვლის ბუშტში ან გადაკეტილია ნაღვლგამომყვანი მილები. გახსოვდეთ, რომ ყველაფერი ზომიერად კარგია. თუ კურკუმის მცირე რაოდენობით მოხმარებას ბევრი სარგებელი მოაქვს, მისმა ჭარბმა მოხმარებამ შესაძლოა, არასასურველი შედეგი გამოიწვიოს. ამ სანელებლის გამოყენების დღიური ნორმა – 5 გრამია. იმისთვის, რომ კურკუმას სასარგებლო თვისებებმა მაქსიმალურად იმოქმედოს, საჭიროა მისი რეგულარული მიღება რამდენიმე დღის განმავლობაში.
კურკუმა აძლიერებს იმუნიტეტს, არის მატონიზებელი საშუალება, მოქმედებს, როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი, ორგანიზმს ეხმარება სიმსივნესთან ბრძოლაში, ბავშვებში ხელს უშლის ლეიკემიით დაავადებას; ასუფთავებს სისხლს, ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას, ამცირებს მავნე ქოლესტერინის რაოდენობას. კურკუმა მდიდარია რკინით, ამიტომ შეუცვლელია ანემიის დროს; ხელს უშლის კვანძების წარმოქმნას თავის ტვინის სისხლძარღვებში ალცჰაიმერის დაავადების დროს; სისხლძარღვებს იცავს ათეროსკლეროზისგან, ამაგრებს გულის კუნთს და სასარგებლოა გულის მუშაობისთვის.