№4 გულმკერდის ტკივილის მიზეზები
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
გულმკერდის არეში ტკივილი შესაძლებელია, გამოწვეული იყოს ნებისმიერი მიზეზით – დაწყებული კუნთის ტკივილით, დამთავრებული გულის შეტევით, ამიტომ მისი იგნორირება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.
სასწრაფოდ ექიმს უნდა მიმართოთ, თუ: გაქვთ სიმძიმის, დაჭერის ან დაპრესვის შეგრძნება; ტკივილი გრძელდება 15 წუთზე მეტხანს, ტკივილი გადაეცემა სხეულის სხვა ნაწილებს, როგორიცაა მკლავები, ზურგი, ან ყბა; გაქვთ სხვა სიმპტომებიც, როგორიც არის სუნთქვის უკმარისობა, გულისრევის შეგრძნება, ოფლიანობა ან ხველა სისხლის ამოხველებით; გაქვთ კორონარული გულის დაავადების რისკი, მაგალითად, თუ ბრძანდებით მწეველი, ჭარბწონიანი, გაქვთ მაღალი წნევა (ჰიპერტენზია), დიაბეტი ან მაღალი ქოლესტერინი.
მკერდის ტკივილი ყოველთვის გულის პრობლემების გამო არ იწყება, მაგრამ შესაძლოა, იყოს სიმპტომი, მაგალითად:
* სტენოკარდიის – როდესაც გულის კუნთების მომმარაგებელი სისხლის მიწოდება იზღუდება;
* გულის შეტევის – როდესაც გულის გარკვეულ ნაწილში მიმავალი სისხლის წყარო უეცრად იბლოკება.
ამ ორივე მიზეზმა შესაძლებელია გამოიწვიოს ყრუ, ძლიერი ან შემბოჭავი ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც ზოგჯერ მკლავებზე, კისერზე, ყბაზე ან ზურგზე ვრცელდება, ასევე, სუნთქვის შეკვრა და გულისრევა.
სიმპტომები, რომლებიც გრძელდება 15 წუთზე მეტხანს, მოსვენებულ მდგომარეობაში, რასაც ახლავს ოფლიანობა და ღებინება, დიდი ალბათობით, გამოწვეულია გულის შეტევით.
თუ თქვენი მკერდი მტკივნეულია და მგრძნობიარე ხელის დაჭერისას, ის შესაძლოა გამოწვეული იყოს მკერდის კედლის კუნთების დაჭიმულობით. ტკივილი მოუთმენელიც შეიძლება, იყოს მაგრამ დასვენებასთან ერთად, კუნთის დაჭიმულობა ნელ-ნელა ეშვება და დროთა განმავლობაში ტკივილიც ქრება.
თუ გაქვთ ტკივილი, შესიება და დაჭიმულობა ნეკნების გარშემო, ამასთან ტკივილი უარესდება დაწოლისას, ასევე, აღგენიშნებათ ღრმა სუნთქვა, ხველა ან ცემინება, შესაძლოა ეს გამოწვეული იყოს მდგომარეობით, რომელსაც კოსტოქონდრიტი ეწოდება (მკერდის ძვალთან ნეკნების შეერთების ადგილას არსებული სახსრების ანთება). სიმპტომები უნდა შემსუბუქდეს რამდენიმე კვირის განმავლობაში.
გულმკერდის არეში ტკივილს იწვევს, აგრეთვე, ნერვული სტრესი, გაღიზიანება ან პანიკური შეტევები. ტკივილს შეიძლება ახლდეს სუნთქვის უკმარისობა, გულის რიტმის დარღვევა, თავბრუ და ოფლიანობა. პანიკური შეტევების უმრავლესობა გრძელდება 5-დან 20 წუთამდე, თუ ტკივილი დიდხანს გაგრძელდა, თერაპიისთვის მიმართეთ პროფესიონალ ფსიქოლოგს.
თუ გაქვთ მკერდის მწვავე ტკივილი, რომელიც უარესდება ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვის დროს და თან ახლავს სხვა სიმპტომები, როგორიცაა ხველა და სუნთქვის შეკვრა, ეს შესაძლებელია, გამოწვეული იყოს დაავადებებით, რომელიც გავლენას ახდენს ფილტვებსა და მის შემომსაზღვრავ ქსოვილებზე. ეს დაავადებებია: პნევმონია – ფილტვების ანთება, რომელიც უმეტესწილად გამოწვეულია ინფექციით და პლევრიტი – ფილტვების გარემომცველი მემბრანის ანთება.