№3 როგორ გახდა ლანა ღოღობერიძის მამა კოტე მარჯანიშვილის მძევალი და რა ულტიმატუმი წაუყენეს მთავრობას
ნინო კანდელაკი ეკა პატარაია
ადამიანის გონება ძალიან ბევრ ინფორმაციას ინახავს. მეხსიერებაში იბეჭდება წარსულის კადრები, რომელიც ზოგჯერ ადამიანს ავტობიოგრაფიულ წიგნს, დღიურებს აწერინებს. ლანა ღოღობერიძის მეხსიერებაშიც სწორედ ასე, ლურსმანივით ჩაიჭედა საინტერესო მოგონებები.
მთავარი კითხვა
ბავშვობაში განცდილი ერთ-ერთი უძლიერესი შოკი იყო პირველი ჩხრეკა ჩვენს სახლში. უცნობი კაცები ფურცელ-ფურცელ შლიდნენ ჩემს რვეულებს, იატაკზე ყრიდნენ და ჩექმიან ფეხს აბიჯებდნენ. მე უკან მივდევდი, დაყრილ რვეულებს ვკრეფდი და გულმოდგინედ ვაწყობდი საწერ მაგიდაზე. ეს ჩემი გაუცნობიერებელი პროტესტის გამოვლინება იყო. ვუყურებდი, როგორ კრავდნენ წიგნებს, მათ შორის, საბავშვოსაც და წასაღებად სადარბაზოში ალაგებდნენ. ძალიან შემეშინდა, რომ მამაჩემის მიერ როსტოვიდან გამოგზავნილ პედლებიან მანქანასაც წაიღებდნენ, რომელიც ქვეყანას მერჩივნა. ჩუმად გავიპარე დერეფანში და მანქანა საგულდაგულოდ გადავმალე, კუთხეში მივაყუდე, ჩემი პალტო მივაფარე და თვითონ წინ დავუდექი. მხოლოდ მაშინ ამოვისუნთქე, როცა კაცებმა დერეფანი ჩაიარეს და მანქანას ზედაც არ შეხედეს. ჩემი პირადი ავლადიდების დაცვასთან ერთად, არ მასვენებდა მთავარი კითხვა, რომელზეც აუცილებლად და იქვე უნდა მიმეღო პასუხი. დედაჩემს ფეხდაფეხ დავდევდი და ვეჩურჩულებოდი: დედა, მამა მართლა ტროცკისტი იყო? დედა ღელავდა, არ იცოდა, როგორ გავეჩუმებინე. რა თქმა უნდა, თვითონ ეს სიტყვა – „ტროცკისტი“ ჩემთვის არაფერს ნიშნავდა, მაგრამ ამ შეკითხვით ქვეშეცნეულად მინდოდა ამომეცნო იმის არსი, რაც ხდებოდა, ანუ გამეგო ყველაზე მთავარი, სად იყო სამართალი, რომლის მიმართაც ბავშვს თანდაყოლილი ინტუიციური მისწრაფება აქვს.
მამა და კოტე
მარჯანიშვილი
ახალგაზრდა როცა ვიყავი, ჩვენი ოჯახის ახლობლები და ნაცნობები სხვადასხვა ამბავს მიყვებოდნენ მამას შესახებ. ეს მომწონდა. მამა ცეკას მდივანი იყო. მარჯანიშვილის თეატრს რომელიღაც დადგმისთვის დიდი რაოდენობის შავი ხავერდი სჭირდებოდა. თხოვნით მიმართეს მთავრობას, მაგრამ ყური არავინ შეიბერტყა. მაშინ კოტე მარჯანიშვილმა (ჩემი მშობლების დიდი მეგობარი იყო და მოგვიანებით ჩემი ნათლიაც გახდა, სახელი ლანაც მან დამარქვა) და მამამ მოილაპარაკეს, მამაჩემი მისივე ნებით მძევლად აიყვანეს და მთავრობას ულტიმატუმი გაუგზავნეს: სანამ 100 ან 200 მეტრ შავ ხავერდს არ გამოგვიყოფთ, თქვენს ხელმძღვანელს არ გავათავისუფლებთო. ორი თუ სამი დღე მთელი დასი, გამოკეტილი ცეკას მდივანთან ერთად, მარჯანიშვილის მეთაურობით თეატრში იჯდა, მსახიობებისთვის ჩვეული მხიარულებით ატარებდა დროს და ულტიმატუმზე პასუხს ელოდა. ხელისუფლებაში აყალმაყალი ატყდა, მაგრამ მარჯანიშვილი იმ დროს უკვე საქვეყნოდ აღიარებული ავტორიტეტი იყო და თავის სიტყვას არ გადადიოდა. ბოლოს მთავრობამ დათმო, საიდანღაც ასიოდე მეტრი შავი ხავერდი გამოაჩინა, რითაც მამა ნებაყოფლობითი ტყვეობიდან დაიხსნა. თბილისელები მოწმენი გახდნენ, როგორ მიდიოდა რუსთაველის გამზირზე მსახიობებისა და ხელმძღვანელი მუშაკებისაგან შედგენილი მხიარული პროცესია, მარჯანიშვილის თეატრიდან ცეკას მიმართულებით და როგორ მიიმალა ის მთავრობის შენობაში.
პასტერნაკი
ბევრ რუს პოეტს უყვარდა საქართველო, მაგრამ მგონია, რომ პასტერნაკის სიყვარულს მაინც სხვა ფესვები ჰქონდა. მახსოვს ერთი ადრინდელი საღამო საქართველოს მწერალთა კავშირში. პასტერნაკი კითხულობდა ქართველი პოეტების თავისეულ თარგმანებს და დარბაზი სულგანაბული უსმენდა. მწერალთა კავშირის საღამოს შემდეგ რამდენჯერმე შევხვდი პასტერნაკს მოსკოვში, მამიდაჩემის ოჯახში. პოეტი დარეკავდა, მოვიდოდა და მაშინვე კომუნალური ბინის დერეფანი და დოლიკოს (ელენე) ოთახი იმსჭვალებოდა მისი სრულიად განსაკუთრებული თავაზიანობითა და ყურადღებით, მართლაც ყოველი ადამიანის მიმართ. დოლიკო სკეპტიკურად შესცქეროდა დიდი პოეტის ხალხში გასვლებს და ცდილობდა, პასტერნაკი სასწრაფოდ შეეყვანა თავის ოთახში. შემოვიდოდა პასტერნაკი და მე მონუსხულივით თვალს ვერ ვაცილებდი. მისი პიროვნება ისევე მაჯადოებდა, როგორც მისი პოეზია. ერთხელ მამიდაჩემმა უთხრა, რომ მე ვთარგმნე უიტმენი და თაგორი. მისი აღელვების გამო თავი უხერხულად ვიგრძენი. მთხოვა რამე წამეკითხა. წავიკითხე თაგორი ქართულად „როდესაც ჩაქრა სასთუმალთან ლამპარი მნათი...“ ცხადია, არც ერთი სიტყვა არ ესმოდა, მაგრამ თვალდახუჭული მისმენდა, დიდხანს იყო გაჩუმებული, მერე ბორძიკით თქვა: ყოველთვის ვიცოდი, რომ ქართული ენა პოეზიისთვის არის გაჩენილიო. თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე და ზუსტად ვიცოდი, რომ იმწუთას თავის მეგობრებზე – ტრაგიკულად დაღუპულ ტიციანსა და პაოლოზე, მათ ლექსებზე ფიქრობდა. იმ დროიდან დამრჩა რელიკვია – პასტერნაკის ხელით გადაწერილი „ჰამლეტი“ წარწერით – ელენე ღოღობერიძეს. ის დღე ლურსმანივით ჩამეჭედა მეხსიერებაში.
მეცამეტე ნომერი
20 წლის ასაკში თავს დამატყდა მთელი ჩემი ცხოვრების განმსაზღვრელი დიდი სიყვარული. ბაკურიანში ვიყავით მე და ჩემი მეგობრები. ერთ ოთახში გოგოები ვცხოვრობდით, გვერდით – ბიჭები, შუაში საშინლად მხრჩოლავი შეშის ღუმელი გვედგა. ბოლი თვალებს გვიწვავდა და გვახრჩობდა, მაგრამ მაინც ვანთებდით, რომ არ გავყინულიყავით. იმ საღამოს დიდი მღელვარება გვქონდა, მეორე დილას სლალომისა და სწრაფდაშვების შეჯიბრებაში უნდა გამოვსულიყავი. იქამდე არც ერთ თბილისელ გოგოს არ მიეღო სათხილამურო შეჯიბრებაში მონაწილეობა, მხოლოდ ბაკურიანელი და სვანი გოგოები ეცილებოდნენ ერთმანეთს პირველობაში. მთელი ღამე არ მეძინა. დილას ჩვენი გოგო-ბიჭებით გარშემორტყმული მივედი პარკში, იქ უკვე საზეიმო განწყობა სუფევდა. ჯერ ბიჭების შეჯიბრება უნდა ჩატარებულიყო, მერე გოგოების. სამკერდე ნომრების დარიგების დრო დადგა. გაირკვა, რომ ნომრები ყველას არ ჰყოფნიდა, ამიტომ ისინი ჯერ ბიჭებს დაურიგეს და მერე იმავე ნომრებით, ჩვენ უნდა გამოვსულიყავით. მე მეცამეტე ნომერი შემხვდა და იგივე ნომერი – ლადო მესხიშვილს! იქამდე, უკვე საკმაოდ შეჭაღარავებული ეს ახალგაზრდა კაცი ერთხელ მყავდა ნანახი თბილისში, რუსთაველის გამზირზე... და აი, უცებ, იმ დღეს ბაკურიანში დავინახე დათოვლილი პარკის ფერდობზე. ყველაზე საოცარი ის იყო, რომ მასაც ჩემსავით 13 ნომერი შეხვდა. დადგა მისი დაშვების ჯერიც. ლადო ფერდობზე მოქროდა ლაღად, მსუბუქად, სწრაფად. წკიპზე გაიარა ერთი კარი, მეორე... მეათე და უკვე ფინიშს უახლოვდებოდა. უცებ, თხილამური გაექცა, შეტორტმანდა, გადაქანდა და იქვე, სადაც ჩვენ ვიდექით, ხეს შეასკდა. გულგახეთქილი მივჩერებოდი, ის კი წამოდგა, მაგრად გადაიხარხარა, თოვლი დაიბერტყა და მომიახლოვდა. ნომერი მოიხსნა, გამომიწოდა და სიცილით მითხრა: იმედია, ეს რიცხვი თქვენთვის უფრო იღბლიანი იქნება! მერე თავისი ხელით შემიკრა ზურგზე ნომრის თასმები – ეს კი მართლაც მეტისმეტი იყო. მეშვიდე ცაზე ავფრინდი, მერე ფრთხილად დავეშვი თოვლიან დედამიწაზე. ჩემ წინ მდგარ უიღბლო, მაგრამ გაბრწყინებულ მოთხილამურეს მომხიბვლელად გავუღიმე და აუჩქარებლად წავედი პარკის წვერისკენ... სლალომში მეორე ადგილი მოვიპოვე. თბილისელისთვის ეს არნახული წარმატება იყო! ლადო ფინიშთან მელოდებოდა. გადამეხვია და ისეთი სიხარულით მომილოცა მეორე ადგილი, თითქოს ცოტა ხნის წინ არ გამოსთიშოდა შეჯიბრებას.
(ავტ. ნ.ზოტიკიშვილი)როცა ყველანი
ახალგაზრდები ვიყავით
დღესაც უდიდესი ნოსტალგიით მახსენდება ჩემი პირველი მხატვრული ფილმის – „ერთი ცის ქვეშ” გადაღების პროცესი, როცა ყველანი ახალგაზრდები ვიყავით და ერთნაირად შთაგონებულნი ვმუშაობდით. ფილმის პირველი ნოველის „თავადის ქალი მაიას“ ცენტრალური ეპიზოდი იყო სახალხო დღესასწაული, სადაც კულმინაციას აღწევს მაიას ვნება – შურისძიების წყურვილი. ეს უნდა გადაგვეღო ღამით, ზღვის პირას, სანაპიროზე. ეპიზოდი ჩაფიქრებული მქონდა, როგორც მაიას გრძელი, დაძაბული გავლები. ამისთვის გვჭირდებოდა გრძელი, მიხვეულ-მოხვეული ლიანდაგი და ურიკა. ამ ურიკაზე დაყენებული კამერა უნდა დასდევნებოდა მაიას, რომელიც მიარღვევს ხალხს, რათა იპოვოს ამბაკო და გაგზავნოს ის კარავში, მისი მოღალატე შეყვარებულის მოსაკლავად. მუშაობის პროცესში აღმოჩნდა, რომ ზღვის პირას ღამით ასეთი გრანდიოზული „მასოვკის“ გადაღება კამერის რთული მოძრაობით, უბრალოდ, შეუძლებელი იყო. მაშინ გაჩნდა თავხედური იდეა, გადაგვეღო ღამის მთელი სცენა კინოსტუდიაში, ეგრეთ წოდებულ, დიდ პავილიონში, რომელიც მართლაც უზარმაზარი იყო. აი, ამ პავილიონში სატვირთო მანქანებით მოვზიდეთ ქვიშა, წარმოიდგინეთ, რამდენი! ლევანმა (ოპერატორი) პავილიონის ჭერზე ააშენა
განათების საოცარი ქსელი. გადასაღები მოედანი ავავსეთ ადამიანებით, ურმებით, კარვებით, ცხენებით... ბოლოს და ბოლოს, შევუდექით გადაღებას. სხვათა შორის, არასოდეს არავის უფიქრია, რომ მაიას ტრაგედია თამაშდებოდა დახურულ სივრცეში, დიგებით განათებულ პავილიონში და არა მღელვარე ზღვის თვალუწვდენელ სანაპიროზე. ამავე ნოველის გადაღების დროს მახსენდება კინოცხოვრებისთვის დამახასიათებელი პარადოქსი: ზაფხულში ვერ მოვახერხეთ მაიას თვითმკვლელობის გადაღება. შეუმჩნევლად დადგა ნოემბერი, ანაკლიაში აცივდა და ჩვენ გამოუვალ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. სიცივის მიუხედავად, სასწრაფოდ უნდა გადაგვეღო მაიასა და დაფინოს ზღვაში შესვლისა და მაიას დახრჩობის სცენა, რადგანაც სულ ცოტა ხნის მერე ამაზე ფიქრიც კი შეუძლებელი იქნებოდა. ამ ეპიზოდის გადასაღებად სპეციალური ესტაკადა ავაშენეთ, რომელიც ღრმად შედიოდა ზღვაში. ესტაკადაზე დავდგით ლიანდაგი და ურიკა და იქიდან ვიღებდით მაიას ზღვაში შესვლას. ზღვა საშინლად ცივი იყო, ლიანა ასათიანი და ციცინო ციციშვილი გათოშილები იდგნენ ნაპირზე და ჭეშმარიტი მსახიობური თავგანწირვით სვამდნენ არაყს, რათა შიგნიდან მაინც გამთბარიყვნენ. ბევრი წვალების მერე გადავიღეთ აუცილებელი დუბლები, რამაც ნამდვილი შვება მოგვგვარა და რაც მთავარია, ამ ექსპერიმენტის მერე მსახიობებს სურდოც კი არ შეჰყრიათ.
განათების საოცარი ქსელი. გადასაღები მოედანი ავავსეთ ადამიანებით, ურმებით, კარვებით, ცხენებით... ბოლოს და ბოლოს, შევუდექით გადაღებას. სხვათა შორის, არასოდეს არავის უფიქრია, რომ მაიას ტრაგედია თამაშდებოდა დახურულ სივრცეში, დიგებით განათებულ პავილიონში და არა მღელვარე ზღვის თვალუწვდენელ სანაპიროზე. ამავე ნოველის გადაღების დროს მახსენდება კინოცხოვრებისთვის დამახასიათებელი პარადოქსი: ზაფხულში ვერ მოვახერხეთ მაიას თვითმკვლელობის გადაღება. შეუმჩნევლად დადგა ნოემბერი, ანაკლიაში აცივდა და ჩვენ გამოუვალ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. სიცივის მიუხედავად, სასწრაფოდ უნდა გადაგვეღო მაიასა და დაფინოს ზღვაში შესვლისა და მაიას დახრჩობის სცენა, რადგანაც სულ ცოტა ხნის მერე ამაზე ფიქრიც კი შეუძლებელი იქნებოდა. ამ ეპიზოდის გადასაღებად სპეციალური ესტაკადა ავაშენეთ, რომელიც ღრმად შედიოდა ზღვაში. ესტაკადაზე დავდგით ლიანდაგი და ურიკა და იქიდან ვიღებდით მაიას ზღვაში შესვლას. ზღვა საშინლად ცივი იყო, ლიანა ასათიანი და ციცინო ციციშვილი გათოშილები იდგნენ ნაპირზე და ჭეშმარიტი მსახიობური თავგანწირვით სვამდნენ არაყს, რათა შიგნიდან მაინც გამთბარიყვნენ. ბევრი წვალების მერე გადავიღეთ აუცილებელი დუბლები, რამაც ნამდვილი შვება მოგვგვარა და რაც მთავარია, ამ ექსპერიმენტის მერე მსახიობებს სურდოც კი არ შეჰყრიათ.
დეიდაშვილი საფრანგეთიდან
1958 წლამდე არაფერი ვიცოდით ჩემი დეიდების – ქეთოსა და ბოკას შესახებ, რომლებიც საფრანგეთში ცხოვრობდნენ. ქეთო სულ ახალგაზრდა ჩაება ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლაში და 19 წლისა იყო, როცა ქვეყნიდან გაასახლეს თავის 17 წლის დასთან ერთად. ისინი პარიზში დასახლდნენ. მიწერ-მოწერა ჯერ კიდევ 30-იან წლებში აიკრძალა. და უცებ ვიღაცამ გადმოგვცა, რომ მოსკოვში, ახალგაზრდების საერთაშორისო ფორუმზე, კალათბურთელთა გუნდთან ერთად უნდა ჩამოსულიყო ჩემი დეიდაშვილი გურამი. ეს ისეთი ამაღელვებელი ამბავი იყო, რომ არც დავფიქრებულვარ, მაშინვე გადავწყვიტე მოსკოვში წასვლა (ნანული ზოტიკიშვილი). მივედი ლუჟნიკებში სტადიონზე, სადაც თამაშობდნენ ფრანგი კალათბურთელები. განაპირას, ტრიბუნაზე ათიოდე ადამიანი იჯდა, მათ შორის, ერთი ნაცრისფერთვალება და ულვაშიანი, რომელიც ჩემი აზრით, ნამდვილად ქართველი უნდა ყოფილიყო! დავწერე წერილი და დარაჯს ვთხოვე იმ კაცისთვის გადაეცა. შორიდან ვხედავდი, როგორ იმოგზაურა ჩემმა ბარათმა ტრიბუნაზე ჩამწკვრივებულ ადამიანთა შორის და ბოლოს, მივიდა იმასთან, ვინც მე ჩემს დეიდაშვილად მივიჩნიე. მან წაიკითხა წერილი, წამოდგა, მიიხედ-მოიხედა და პირდაპირ ჩემკენ წამოვიდა. ბარათში ეწერა, სტადიონის რომელ მხარეს ვიდექი. ასე შევხვდი გურამს, დედაჩემის დისშვილს, რომლის არსებობაზეც ბუნდოვანი წარმოდგენა მქონდა. გურამმა მაშინვე დარეკა პარიზში და ასე, პირველად ველაპარაკე ჩემს დეიდებს. თუმცა, ეს ლაპარაკი კი არა, გაბმული და სასოწარკვეთილი ტირილი იყო. მათ წლების განმავლობაში, აღარაფერი გაეგოთ თავიანთი ოჯახის შესახებ და ყველაფერი – ყველა სიკვდილი, ყველა დაჭერა, ჩემგან გაიგეს.