№3 რატომ გადავიდა აშშ ქვეყნების დასჯიდან კონკრეტული პიროვნებების დასჯაზე და რატომ არის ყველა მზად, დაარიგოს ამერიკის პრეზიდენტი
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
ჩვენს საზოგადოებაში, რატომღაც, მიღებულია აზრის გამოთქმა ნებისმიერ თემაზე, მიუხედავად იმისა, იცნობ თუ არა იმ თემას, ანუ გაგაჩნია თუ არა შესაბამისი ცოდნა და რჩევების გაცემა, მაშინაც კი, როდესაც ეს რჩევები არც არავის სჭირდება და, მით უფრო, არაფრის მაქნისია (თუ დამაზარალებელი არა). მათ შორის, არც მსოფლიო ლიდერების კრიტიკაა უცხო ხილი, კერძოდ, ის, თუ როგორ უნდა მართოს ტრამპმა აშშ და რა მიზნები უნდა დაისახოს რუსი ხალხის გასაბედნიერებლად პუტინმა, როგორ უნდა დახარჯოს თავისი ფული ივანიშვილმა და უნდა გაამდიდროს თუ არა ირანმა ურანი. რაც მთავარი, ანუ ყველაზე უცნაურია, ამ ტიპის რჩევებს უშურველად გასცემენ ადამიანები, რომლებსაც, მაგალითად, საკუთარი პრობლემები ვერ გადაუჭრიათ და თავისი მარიფათით, სულ რაღაც, ასი ლარიც ვერ გამოუდნიათ არაფრისგან. სულ ბოლო ასეთი სჯა-ბაასის თემა ის გახლდათ – უნდა მოეკლათ თუ არა აშშ-ის შესაბამის სტრუქტურებს ირანელი გენერალი ყასიმ სოლეიმანი. ცხადზე უცხადესია, რომ ჩვენ თვალწინ „მე, ბებია, ილიკო და ილარიონის“ ერთ-ერთი სცენა თამაშდება, როდესაც პერსონაჟები იაპონია-გერმანიის დიალოგს განიხილავენ (პათოსით: იაპონია ეუბნება გერმანიას...). რაზე მეტყველებს დიადი თემების შეჭიდება, როდესაც თავად საკუთარი სადარბაზოს ლიფტის კაბინის დასუფთავების საკითხი ვერ მოგიგვარებია? – ამ თემას ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძესთან ერთად განვიხილავთ.
– ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ შესაბამისი გამოცდილება, ცოდნა, უნარები, ინტელექტი, მსჯელობენ მსოფლიო მასშტაბის მოვლენებზე. სადარბაზოს დამლაგებლისთვის ფული ვერ შეუკრებიათ, მაგრამ იციან, როგორ უნდა მოიქცეს ტრამპი. რა ფენომენია ეს?
– სასაცილო ამბები გამახსენდა თქვენი კითხვის ჩამოყალიბების პროცესში, თბილისის „დინამო“ რომ „დინამოობდა“ და ქართული ფეხბურთი რომ ფეხბურთი იყო, ეგრეთ წოდებულ, კიროვის პარკში თითოეული მატჩის შემდეგ იკრიბებოდა გულშემატკივარი და არჩევდნენ, რა როგორ მოხდა, თან, რეკომენდაციებსაც გასცემდნენ, როგორ უნდა მოიქცეს ახალკაცი. იმდენად შორს წავიდა ამბავი, რომ ახალკაცმა მათ ერთხელ პოლიცია დააყენა თავზე, ხელს მიშლიან მუშაობაში, რაღაც იდეებს ავრცელებენ და შემდეგ ამ იდეებთან ჭიდაობა მჭირდებაო. ასე რომ, ფეხბურთისა არ იყოს, არის სფეროები, რომლებშიც ადამიანებს ადვილად უჩნდებათ აზრი, მე რომ ვიყო, როგორ მოვიქცეოდიო. მაგალითად, მე რომ ვიყო მეფე, მე რომ ვიყო გუნდის მწვრთნელი, მე რომ ვიყო მილიონერი და ასე შემდეგ. მე რომ ვიყო ფიზიკოსი ან მატემატიკოსი, როგორ თეორიას შევქმნიდიო, ეს იდეა არავის უჩნდება.
– არის კიდეც ასეთი გამონათქვამი, ყველამ იცის გამრავლების ტაბულა, მაგრამ არავის ჰგონია, რომ მათემატიკოსია, აი, პოლიტიკოსობა კი ყველას შეუძლიაო.
– ავტომატურად უჩნდება ადამიანს რაღაც აზრები და იმდენ ფილტრში არ გადის ეს აზრები, იცის თუ არ იცის, ერკვევა თუ ვერ ერკვევა. ისევე, როგორც, მაგალითად, ძროხის ხსენებაზე ძროხის პორტრეტი გაგიჩნდება გონებაში და სკამის ხსენებისას – სკამის, ავტომატურად უჩნდება ადამიანს რაღაც იდეები, თუ პრეზიდენტია, როგორ უნდა მოიქცეს კონკრეტულ შემთხვევაში. იმ სფეროში, რომლებშიც ასეთი ავტომატური იდეები არ აქვს – ფიზიკა, მათემატიკა, მედიცინა – და მკაცრი ცოდნაა საჭირო, ამბობს, მოვუსმინოთ კომპეტენტურ ადამიანებსო. სხვა შემთხვევაში, ასეთ რამეს იშვიათად ამბობს. ადამიანის ზოგადი თავისებურებაა აზრის გამოთქმა, მაგალითად, ჩატარებულია ექსპერიმენტები, როდესაც ოთახში შეჰყავდათ სრულიად უცხო ადამიანი რამდენიმე წუთით და შემდეგ ამ ადამიანზე აწერინებდნენ აზრს და არავის დაუწერია, არ ვიცი, როგორია, იმიტომ რომ არ ვიცნობო. ყველამ რაღაც აზრი ჩამოაყალიბა. რატომ? იმიტომ რომ გაუჩნდათ განცდა, რომ, თუ შეჭმუხნული წარბები აქვს, ესე იგი, ბოროტია; თუ თვალის წვრილი გუგები – აგრესიული და ასე შემდეგ. მთელი კანონებია, როდის რა აზრი უჩნდება ადამიანს ავტომატურად. შესაბამისად, ავტომატურად, უჩნდება აზრი, რა უნდა ქნას, ტრამპი რომ იყოს, ბევრფულიანი რომ იყოს, რას გააკეთებს და ასე შემდეგ, მაგრამ თავად როგორ მოიქცევა, იმდენი ფული რომ ჰქონდეს, რამდენიც ივანიშვილს ან იმდენივე ძალაუფლება, როგორიც ტრამპს, ეგ არ ახსენდება. იგივდება იმ პერსონაჟთან და შემდეგ მოსდის იდეები.
– გასაგებია, რომ ადამიანს ავტომატურად უჩნდება ეს იდეები და ვფიქრობ, განსხვავებული იქნება ქცევა, თუ ტრამპის ძალაუფლება ექნება მას იმისგან, თუ მისი აზრით, როგორ უნდა მოიქცეს ტრამპი, ექსპერიმენტები თუ ადასტურებს იმავეს?
– ექსპერიმენტები უფრო მარტივ ფაქტს ადასტურებს, რასაც ჰქვია ლა პიერის ფენომენი. ამერიკის სასტუმროების მეპატრონეებს ჰკითხეს, შეუშვებდნენ თუ არა ფერადკანიანს თავიანთ სასტუმროებში. ოთხმოცდაათმა პროცენტმა უარი თქვა, მაგრამ რეალურად, გაგზავნეს მათ სასტუმროებში ფერადკანიანები და აღრიცხეს, ვინ შეუშვა და ვინ – არა. აღმოჩნდა, რომ ადამიანები ერთს ამბობდნენ და მეორენაირად იქცეოდნენ, როდესაც გადაწყვეტილების მიღება მათზე იყო დამოკიდებული. დღემდე არაა გარკვეული, რა ფაქტორები იწვევს ამას.
– შეიძლება, რომ იდეების საფუძველი იყოს სტერეოტიპები, ანუ საზოგადოებაში დამკვიდრებული აზრები და ავტომატურად ამას იმეორებდეს ადამიანი?
– რა თქმა უნდა. არის სალაპარაკო სტერეოტიპები, რა უნდა თქვა და რა – არა, არის ქცევითი სტერეოტიპები, როგორ უნდა მოიქცე. საზოგადოება მაინც ბუნდოვანი ცნებაა და ამიტომ კიდევ არის კონკრეტულ ჯგუფებში მისაღები და მიუღებელი ქცევებიც. მაგრამ არის სხვა ასპექტიც. სტერეოტიპი მოქმედებს და არ უფიქრდებიან ეს ადამიანები, რომ სულ ცოტა ხნის წინათ ამერიკელებს თავს დაესხნენ ბაღდადში და იმ თავდასხმაზე რეაქცია იყო, რაც მოხდა, მით უფრო, ეჭვი არსებობდა, რომ ამერიკელებზე თავდასხმას ხელმძღვანელობდა ყასიმ სოლეიმანი და ამის საპასუხო რეაქცია იყო მის წინააღმდეგ ოპერაცია.
– ძალიან მიკვირს, როდესაც ერთი შეხედვით გონიერი ადამიანები ამბობენ, რომ ტრამპი მოიქცა არასერიოზულად და ნაჩქარევად, რადგან ასეთი ტიპის ოპერაციები არ მზადდება მყისიერად და ერთ და ორ დღეში. ეს არის წლობით, თუ ათწლეულობით არა, დამუშავებული სამხედრო გეგმები, რომლებიც ერთ დღეს, უბრალოდ, სისრულეში მოჰყავთ. არ მგონია, ასეთი მარტივი ყოფილიყო სოლეომანის ლიკვიდაცია.
– რა თქმა უნდა, მომზადებული იყო ეს ოპერაცია და მთელი სისტემა მუშაობდა, იმიტომ რომ ადვილი არ იქნებოდა იმის გარკვევა, რომელ მანქანაში იჯდებოდა სოლეიმანი. ერთი და ორი დღის წინათ მოფიქრებული ნაბიჯი არ იყო და, სავარაუდოდ, არც ერთი და ორდღიანი ემოციებით გულის მოფხანაა ამ ნაბიჯის ფუნქცია. ტრამპი რასაც ჰპირდება ხოლმე სხვებს, უხეშად თუ არაუხეშად, იმას აკეთებს. ჩინეთის ამბიციები შეაჩერა ეკონომიკური სანქციებით, იქ ტერორისტებთან დაკავშირებით აქვს ამოცანა გადასაწყვეტი და გადადგა ეს ნაბიჯი. ამას მოჰყება ფართომასშტაბიანი ომი?! ალბათ – არა, იმიტომ რომ არც ერთი მხარე არაა დაინტერესებული ფართომასშტაბიანი ომით. თუ მოჰყვება ტერორისტული ომი, ამაზე შეპირებულია, თუ დაარტყამ ამერიკას, დავარტყამ შენს 52 ობიექტსო. უკვე ნახეს ირანელებმა, რომ ტრამპი პირობას ასრულებს, ამიტომ მის მუქარას ასე ადვილად ვერ გადაახტებიან. აი, ამის მიღწევა სჭირდებოდა ტრამპს, რომ მის სიტყვას ჰქონოდა წონა.
– ირანი ორ-სამ დღეს იმუქრებოდა, რაც ნიშნავს, რომ საპასუხო სამხედრო მოქმედებების გეგმა არ ჰქონდა.
– არც გეგმა აქვს და, როგორც ჩანს, არც სურვილი ფართომასშტაბიანი ომის.
– არ ექნება, იმიტომ რომ მისი ქვეყანა დაინგრევა უპირველესად. ირანი უფრო დინჯად იქცევა, ვიდრე ჩვენებური „ექსპერტები“, რომელთა ნაწილი უკიდურესად ცეტობს, თითქოს პენტაგონის საიდუმლო ოპერაციებზე მიუწვდებათ ხელი.
– ირანელებს კიდევ ერთი პრობლემა აქვთ: ძალიან დიდი ავტორიტეტი ჰქონდა სოლეიმანს ხალხში, იმიტომ რომ აქტიურად მოქმედებდა და ავტორიტეტი მოიპოვა სუნიტებთან ბრძოლაში. რელიგიური ფაქტორი კი, მოგეხსენებათ, რა წონისაა. ამდენად, ირანის დღევანდელმა ხელისუფლებამ არც მწვადი უნდა დაწვას და არც შამფური. ანუ ხალხის გულიც მოიგოს და თან, რამე უბედურებაში არ გაყოს თავი. ბევრი მიუთითებს იმაზე, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეცვალა სასჯელის სტილი. ქვეყნის დასჯიდან გადავიდა პიროვნებების დასჯაზე და სოლეიმანის მკვლელობაც ამის მაგალითია.
– წერტილოვან დარტყმებზე გადავიდა.
– და ეს წერტილოვანი დარტყმები მიმართულია კონკრეტული ადამიანებისადმი. ის რომ, როდესაც ტრამპი ამბობს, 52 ობიექტიო, ექსპერტები ფიქრობენ, ამ 52-ის ქვეშ იგულისხმება კონკრეტული გვარები. ამდენად, ირანის ელიტისთვის ეს პერსონალური მუქარაცაა და არა მხოლოდ ქვეყნის დანგრევა.
– არავის უნდა სიკვდილი, ძალაუფლებაც და სიმდიდრეც სჭირდებათ ცხოვრებით ტკბობისთვის, ამიტომ, ვფიქრობ, პერსონალური მუქარა უფრო ეფექტიანია. და, პრინციპში, მმართველებს ურჩევნიათ, დაინგრეს ქვეყანა და მათ შეინარჩუნონ იმ ქვეყნით მიღებული სიამეები, ვიდრე პირიქით.
– ყოველ შემთხვევაში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაინახა, რომ ეროვნული მუქარა, როდესაც მთელ ხალხს ემუქრები, ელიტას არ აღელვებს, ამიტომ გადავიდა პერსონალურ მუქარებზე.