№2 როგორ თხოვდებიან ნოდიკო ტატიშვილის ფეხის დახმარებით გოგონები
ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი
ნოდიკო ტატიშვილისთვის 2019 წელი საკმაოდ წარმატებული იყო. ის წლის ბოლოს ახალი გამოწვევის წინაშე დადგა – „რუსთავი 2-ის“ გადაცემის – „რას ფიქრობს საქართველოს“, წამყვანი გახდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მან ამ გამოწვევას ძალიან კარგად გაართვა თავი.
ნოდიკო ტატიშვილი: წამყვანობა არ ყოფილა ჩემი სურვილი. რადგან ვფიქრობდი, რომ ჩემს ძირითად პროფესიას – სიმღერასა და მუსიკას დრო მოაკლდებოდა. ადრე ყოფილა ხოლმე მსგავსი შემოთავაზებები, მაგრამ ყოველთვის ვირიდებდი თავიდან. ნოემბრის დასაწყისში დადუ ლომინაძემ დამირეკა, რომელიც „რუსთავი 2-ში“ საერთაშორისო პროექტების ხელმძღვანელია, მომიკითხა და მერე მითხრა, შენთან მინდა შეხვედრაო. შევხვდი მას და დუდა გელოვანს, რომელიც ჩემი გადაცემის პროდიუსერია, მითხრეს: არ გინდა წამყვანობაო? დავინტერესდი, რა გადაცემა იქნებოდა. იმდენად პოზიტიური, სახალხო თამაშია, რომ რაღაც მომენტში ვიფიქრე: რატომაც არა-მეთქი. თან მითხრეს, რომ გვექნებოდა ჩაწერები და რაც მთავარია, ჩემს დროზე იქნებოდა მორგებული. არავის უწევს გადაცემისთვის თბილისში ჩამოსვლა, ჩვენი ჯგუფი ნაწილდება და ისინი მიდიან სხვადასხვა ქალაქში. თან, ყველას აქვს სოლიდური თანხის მოგების შანსი. კითხვებითაც დავინტერესდი და მივხვდი, რომ ხალხისთვის საყვარელი თამაში იქნებოდა. რეიტინგსა და შეფასებებს ვისმენ და მიხარია, რომ ძალიან ბევრმა შეიყვარა.
– გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს სიახლე გასაიდუმლოებული გქონდა. შესაბამისად, ეკრანზე რომ გამოჩნდი, ბევრისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა.
– ჩემებმაც გვიან გაიგეს, მეგობრებმაც. მინდოდა, ყველასთვის სიურპრიზი ყოფილიყო, თან, მეც მიყვარს სიურპრიზები. დედაჩემსა და მამაჩემს ყოველთვის ჰქონდათ სურვილი, რომ წამყვანი ვყოფილიყავი: არ გინდა, წამყვანი იყო, როგორ კარგად წაიყვანდიო. ყველა მშობელს უყვარს შვილი და ჰგონიათ, რომ ის საუკეთესოა. თუმცა, ჩემს მშობლებს ეს არ სჭირთ, დღემდე ფიქრობენ, რომ ყველაზე ჯიუტი ვარ, თან ადრე ძალიან კრიტიკულები იყვნენ, ბოლო წლებში, როგორც ჩანს, სხვა თვალით მიყურებენ. პირველი გადაცემის შემდეგ ძალიან ბედნიერები იყვნენ. მეგობრებსაც ძალიან გაუხარდათ. კამერები და სტუდია არ არის ჩემთვის უცხო, შესაბამისად, გამიადვილდა ჩაწერები, თან, ენაც არ მიგვალავს. საერთო ჯამში, იმანაც გამიადვილა, რომ საუკეთესო გუნდი მყავს და არ ვიძაბები. უბრალოდ, ბევრ ენერგიას მართმევს, იმაზე მეტს, ვიდრე ველოდი. საკმაოდ სწრაფად ვწერთ გადაცემას, მაგრამ იმ დღეს ვამბობდი: ერთი გადაცემის ჩაწერას მირჩევნია, 4-5 სოლო კონცერტი ვიმღერო ორკესტრთან ერთად-მეთქი. სცენა მაინც ჩემიაა, კომფორტის ზონაა და იმდენად ჩემს გულშია, რომ არ ვიძაბები, სხვა შეგრძნებები მაქვს, სხვანაირი „კაიფია“. აქ სულ მოჭიმული ხარ, მაღალ ტონალობაში. რომ ვამთავრებ, აღარ ვვარგივარ ხოლმე. წამყვანი მოჭიმული თუ არ არის, მერე ყველაფერი ფუჭდება.
– წამყვანი რომ შენ ხარ, როგორია ხალხის რეაქცია?
– სანამ ჩაწერას დავიწყებ, მანამდე ვესაუბრები ხოლმე მონაწილეებს და ჩემი დანახვა ძალიან უხარიათ. მეც ბედნიერი ვარ ხოლმე და ისინიც. ბევრი ემიგრანტი გვწერს, მონაწილეობა უნდათ. ძალიან ბევრი წერილი მოგვდის.
– ალბათ, შენთვისაც სერიოზული გამოწვევაა?
– კი. თან, მაქსიმალისტი ვარ, საკუთარი თავის მიმართ ძალიან მომთხოვნი. ვიცოდი, რომ თავს გავართმევდი. არ შემიძლია უხარისხოდ რამის კეთება და ვიცოდი, ისეთი გუნდი მედგა გვერდში, ვისთანაც არაპროფესიონალური ეპიზოდები არ მექნებოდა. რამდენიც უნდა მქონდეს ჰონორარი, თუ ადგილი არ მომწონს, არ ვმღერი, ჰონორარის გამო ვერსად ვიმუშავებ.
– მოგწონს საკუთარი თავი გადაცემის წამყვანის ამპლუაში?
– საკუთარი თავი არასდროს მომწონს. რომ ვიმღერებ, ტაში, ენერგეტიკა მავსებს და იმ დროს სხვაგან ვარ, მერე რომ ვუსმენ ხოლმე, ვფიქრობ: თავიდან რომ ვმღეროდე, ამას სხვანაირად ვიზამდი-მეთქი – კრიტიკა და თვითგვემა მეწყება ხოლმე. როგორც წამყვანს, ჩემს თავს უცხო თვალით ვუყურებ, რომ
შეცდომები დავაფიქსირო და გამოვასწორო.
შეცდომები დავაფიქსირო და გამოვასწორო.
– უკვე ჩაცმაზე გიწევს ზრუნვა.
– ჩემი ჩამცმელი არის ნუცა – ოქროს გოგოა და ერთადერთი, რაზეც ვჩხუბობთ, ზუსტად ეს არის. მე სხვა რამ მომწონს, მას – სხვა. შემდეგ ამაში პროდიუსერები ერევიან, რომლებიც ხან ჩემს მხარეზე არიან, ხან – მის და მოკლედ ერთი ამბავია ხოლმე.
– წელი დამთავრდა და ახალი დაიწყო. როგორი იყო გასული წელი შენთვის?
– ეს არ იყო ის წელი, რომელიც კარგად დამამახსოვრდება. მიუხედავად კარიერაში წინსვლისა, ბევრი ცუდი რაღაც მოხდა. ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი დავკარგე, ახალგაზრდა – უსაყვარლეს cი ოჯახიდან. ერთი სული მქონდა, ეს წელი როდის დასრულდებოდა, რადგან მგონია, რომ ახალი წელი უკეთესი იქნება. მუსიკის იქით ბევრი ისეთი ფაქტი იყო, რამაც ძალიან იმოქმედა ჩემზე. ბევრი რაღაც გადავაფასე. საყვარელი ადამიანის ამქვეყნიდან წასვლამ ჩემში ბევრი რამ შეცვალა. ერთადერთი, რაც ღირებულია, ეს არის სიყვარული, პატივისცემა, ერთგულება და გვერდში დგომა. მივხვდი, რა შეიძლება, გავაკეთოთ ადამიანებმა ერთმანეთისთვის. ყველა ადამიანი ბედნიერებისთვის იბადება და ამისთვის მას პატივისცემა სჭირდება. შემდეგ, უკეთ რომ გაიცნობ, ეს ყველაფერი სიყვარულში, ერთგულებაში გადადის. ყველაზე მეტად იმაზე ვმწარდები, რომ პოლიტიკის გამო ადამიანები ერთმანეთს ებრძვიან და ერთმანეთს ამწარებენ. ეს ცუდი დამოკიდებულება მერე ყველაზე გადადის და ჩვენს ქვეყანასაც ეტყობა. რომ მეუბნებიან: შენ რა გიჭირს, დაგულაობო – ეს სიტყვა ყველაზე მეტად მაღიზიანებს, ვინ რა იცის, მე რა მიჭირს. თუ რამე სათქმელი მაქვს, არ ვწერ სოციალურ ქსელში და ზოგჯერ მეგობრებსაც არ ვეუბნები, რომ არ „დავგრუზო“. საბოლოო ჯამში, ყველაფერი რაც ჩემს ქვეყანაში ხდება, პირდაპირ მარტყამს. ჩვენს ქვეყანაში ბედნიერებისთვის კი არა, გადარჩენისთვის იბადებიან. ეს ისე ძალიან მსტრესავს, ისე, რომ ზოგჯერ მიფიქრია: არაფერს აქვს აზრი ამ ქვეყანაში-მეთქი. მაგრამ მერე ვხვდები, რომ ყველამ თუ ასე ვიფიქრეთ, არაფერი ვაკეთეთ, უფრო მალე გავნადგურდებით.
– საკუთარ თავში იკეტები ხოლმე?
– მეგობრებისთვის მიყვარს გაზიარება და ისეთი მეგობრები მყავს, რომ მათი მხრიდან არასდროს ვწუხდები. თან, ჩვენს ქვეყანაში გულწრფელობის, გულით მოსმენის დეიფიციტია და მიხარია, რომ ჩვენ ეს არ გვაქვს. თუმცა ზოგჯერ რაღაცებს ვიტოვებ ჩემში, განვამარტოვდები და სხვებს არ ვახვევ თავზე. საკუთარი თავის ყველაზე მაგარი ექიმები ჩვენ ვართ.
– საახალწლო სამზადისში ერთვები ხოლმე?
– ნოემბრის შუა რიცხვებიდან რომ გავდივარ გარეთ, გვიან შევდივარ. ოჯახის წევრებს თუ არ სძინავთ, მიდის იქ მოფერება-ჩახუტება. მათ ახლა უფრო მეტად სჭირდებათ სიყვარული... და მეც. აღარ ვარ პატარა და ჩემს განვლილ ცხოვრებას რომ ვუკვირდები, უფრო ძვირფასები არიან ჩემთვის – ბევრი რამ გადავლახეთ ერთად, უამრავი ნიუანსი მახსენდება. ზოგს არ შეუძლია სიყვარულის, სითბოს გამოხატვა, მაგრამ მე თუ არ გამოვხატე, შეიძლება, მოვკვდე. რომ ჩაეხუტები, რაღაცნაირად ივსები და მათაც ავსებ. 10-12 წელია, სახლში ფიზიკურად ვერ ვხვდები, სულ ვმუშაობ. საჩუქარებს რაც შეეხება, ამ მხრივ, ოჯახში ბევრი ახალი წელი გვაქვს, რადგან მიყვარს საჩუქრების გაცემა.
– ვიცი, რომ ძალიან კარგი მეკვლე ხარ.
– კარგი ფეხი მაქვს. ჩემი მეგობარი გავათხოვე 38 წლის, ულამაზესი გოგო. ჩემი დაბადების დღეზე შვილი გააჩინა. ჩემს მეგობართან დავდივარ მეკვლედ – ერთ წელს ახალი მანქანა იყიდა, მეორე წელს – ახალი სახლი და შემდეგ წელს ბიზნესი გააკეთა. ერთ მეგობართან ვარ მეკვლედ ყოველ წელს. მემუქრება ხოლმე: თუ არ მოხვალ, მოგივარდები, სადაც ხარო. წინა წელს ძალიან დავაგვიანე, კონცერტებზე ვიყავი. მირეკავს: მალე მოხვალ? გარეთ 10 კაცი დგას, არ ვუშვებ, გაიყინნენო. 2 საათი მელოდნენ, სახლში არ შეუშვა და სანამ მე არ შევედი, გარეთ იდგნენ.