№2 როგორ ხედავს ნუგზარ ერგემლიძე მთელი ცხოვრება ბედისწერის ნიშნებს და როდის აღიარეს პირველად მისი ნახატები
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
დღეს მას ყველა, როგორც მუსიკოსს, ისე იცნობს და ცოტამ თუ იცის, რომ არაჩვეულებრივად ხატავს. მისი გზა წარმატებისკენ კი ბედისწერის ნიშნებითაა სავსე, რომელსაც ყოველთვის მიჰყვებოდა და შედეგმაც არ დააყოვნა.
ნუგზარ ერგემლიძე: რაც თავი მახსოვს, ვხატავ. ერთხელ დავხატე გემი თავის კაპიტნით, რა თქმა უნდა, არაპროპორციული ნახატი იყო. პატარა გემი და დიდი კაპიტანი, დიდი ჩიბუხით. მაშინ ხუთი წლის ვიყავი. ძალიან მოეწონა მამას, მაგრამ არ დამიჯერა, რომ ჩემი დახატული იყო. ახლა მე დავიძინებ და აბა, კიდევ დახატეო. მეც დავხატე და რომ ნახა, მითხრა, ეს კიდევ უფრო კარგიაო. აქედან დაიწყეს ყურადღების მოქცევა ამ მხრივ. ბაბუა მხატვარი იყო და მამას ძალიან უნდოდა, მეც მქონოდა ხატვის ნიჭი. დაიწყო აკვარელების ყიდვა, სახლში მხატვრების მოყვანა. თორმეტი წლისამ ბათუმის სამხატვრო სკოლაში ჩავაბარე. მერვეში რომ ვიყავი, მაშინ დავამთავრე და ამ მიმართულებით სწავლა აღარ გამიგრძელებია. სამხატვროში ძალიან კარგი პედაგოგი გვყავდა – ანტონ ფილიპოვი. გვეგონა, რაღაც თანხას გამოგვართმევდა. მაშინ მამა უკვე აღარ მყავდა, მარტო დედის ხელფასზე ვიყავით დამოკიდებული. ბატონი ანტონი დაგვეხმარა და მთელ ჯგუფს, ვინც მასთან დავდიოდით, ფულს არ გვართმევდა. ღმერთმა აცხონოს მისი სული. შემდეგ თბილისში ჩამოვედი, პირველ წელიწადს ძირითად სიაში ვერ მოვხვდი და მოსამზადებელ კურსებზე მოვეწყვე. იქ ჭედურ ხელოვნებას ჩემი ნათესავი, ნოდარ ერგემლიძე მასწავლიდა. ახლა ჭედურს აღარავინ აკეთებს, მაგრამ მაშინ კარგად გამომდიოდა. შემდეგ დეკორატიულ-გამოყენებით ფაკულტეტზე მოვეწყვე, დიზაინს ვსწავლობდი. თან, ვმუშაობდი აკვარელში, გრაფიკაში, ფერადი ფანქრები მიყვარდა. სტუდენტობისას უკვე გამოფენებში ვიღებდი მონაწილეობას.
– ერთია, რომ მამას მოეწონა. მაგრამ სხვებმა როდის მოიწონეს თქვენი ნახატები?
– სკოლაში ყველაფერს მე მახატვინებდნენ. მგონი, ნომერ პირველი მხატვარი ვიყავი, გამოფენაც კი მომიწყვეს. სიმღერები დავასურათე „მეფაიტონე“ და „მე ღმერთს შევავედრე შენი სიყვარული“. ზუსტად იმ დროს სიმღერების წერა დავიწყე და ორივე დარგით ბათუმიდან პირდაპირ სამხატვრო აკადემიაში „გადმოვპორტირდი“. აკადემიაში ჯგუფი გვყავდა, მე ბასგიტარაზე ვუკრავდი. იმ პერიოდში უფრო მუსიკაზე გადავერთე. აქ უფრო მიმართლებდა. ჩემი ლექსები ბათუმში ძალიან მოსწონდა სოსო ბარდანაშვილს, რომელიც მაშინ თბილისში, კონსერვატორიაში საკომპოზიციოს ამთავრებდა. რამდენიმე სიმღერა რომ მოისმინა, დაინტერესდა, ეს ვინ დაწერაო? რომ გაიგო, მე დავწერე, ლექსი დამაწერინა თავისი სიმღერისთვის. ამ დროს რობერტ ბარძიმაშივილმა მოინდომა „75-თან“ ერთად დაედგა პირველი ქართული როკ-ოპერა. მიმართა რობერტ სტურუას, რომელმაც კომპოზიტორად გია ყანჩელი ურჩია. გიამ უთხრა, რომ როკ-მუსიკა არ იყო მაინცდამაინც მისი საქმე და სოსო ბარდანაშვილი ურჩია. სოსომ პოეტად ჩემი თავი წარუდგინა. ზაფხული იყო, თბილისიდან ჯგუფი აჭარაში ვიყავით საგასტროლოდ ჩასული. იქ შემთხვევით რობერტ ბარძიმაშვილს შევხვდი, ხელში გიტარა მეჭირა და მკითხა „ოროველადან“ ხომ არ ხარო – იმ დროს ის პოპულარული ჯგუფი იყო. იმავე საღამოს სოსო ბარდანაშვილის ძმასთან, ჩემს მეგობართან, მერაბთან, მივედი. კართან რობერტის „ფორდ მუსტანგი“ იდგა. მითხრეს, მთელი დღეა შენ გელიანო. მაშინ მობილური არ იყო, რომ დაერეკათ. ბედის საკითხები ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრია. მარტო მონდომება არ წყვეტს ჩვენს მომავალს. მივედი და პირდაპირ „შემიყვანეს საქმეში“ (იცინის). ეს არის ის პოეტი, მე რომ გეუბნებოდიო, უთხრა სოსომ რობერტ ბარძიმაშვილს. რობერტმა, მე ვიცნობ ამ ბიჭს, რამდენიმე საათის წინ შევხვდიო (იცინის). შეგიძლია, როკ-ოპერისთვის ლექსები დაწეროო? რა ვიცოდი, შემეძლო თუ არა?! ალბათ, კი, ვსინჯოთ-მეთქი და კარგიო. სოსომ ჩამაწერინა მარცვლები, წავედი ერთი-ორჯერ ზღვაზე, მაგრამ ვერაფერიც ვერ დავწერე. თან, მაშინ მაინცდამაინც არ მჯეროდა ამ საუბრის. ვფიქრობდი, რომ სხვას იპოვიდნენ. ზაფხულია, ოცი წლის ვარ და ძალიან მიხარია გავლა-გამოვლა მეგობრებში, გოგოებში... ეს ყველაფერი მთლად სერიოზულად ვერ აღვიქვი. რაც იყო, სატრაბახოდ უკვე კარგი იყო – მერაბმა თავისებურად მოსდო ყველას და ჩემს წრეში უკვე გამოჩენილი ვიყავი (იცინის). ამ თემაზე რომ მეკითხებოდნენ, სრული სერიოზულობით ვპასუხობდი, რომ ვმუშაობდი.
– მერე როგორი გამოვიდა?
– მაშინ მე და ზურა მანაგაძეს ჯგუფი გვქონდა. დამირეკა, ჩამოდი აპარატურას გვაძლევენო. დავჯექი ბათუმი-თბილისის მატარებელზე და ჩამოვედი. ფილარმონიაში კაციშვილი არ იყო, შუა აგვისტოა. დაცვა გვეკითხება, ვისთან ხართ, რა აპარატურა, რის აპარატურაო?! ამ დროს, მოვიდა „ფორდ მუსტანგი“, გადმოვიდა რობერტ ბარძიმაშვილი, გადამეხვია. როგორაა საქმე, წერ ლექსებსო? – მეკითხება და ტყუილი ვუთხარი, კი-მეთქი (იცინის). ახლა უკვე დამაჯერებელი გახდა ეს საქმე. თბილისში ჩამოსვლა მარტო ამისთვის ღირდა. ამას იმიტომ ვყვები, რომ ვთქვა: სადღაც რომ გეძახიან, უნდა წახვიდე – ბედისწერის საკითხია. წავედი, ვიყიდე ოც კაპიკად რვეული, პასტა და ვბრუნდები ბათუმში. მარტო ვზივარ კუპეში, შუქი ავანთე და დავიწყე წერა. ოცწუთიანი მუსიკისთვის ტექსტი დავწერე. ჩავედი და დავურეკე სოსოს. ძალიან კარგიაო, მითხრა. სწავლა იწყებოდა და თბილისში დავბრუნდი. რობერტ ბარძიმაშვილმა დამირეკა, ვიკრიბებითო. შევიკრიბეთ, რობიკო სტურუამ მოისმინა ეს ყველაფერი და დამამტკიცეს. შემდეგ გზადაგზა წყდებოდა, რა უნდა გაკეთებულიყო, მეც გზადაგზა ვწერდი. ამასობაში ურთიერთობებიც გაფართოვდა, რობერტს სხვადასხვა ადგილას დავყავდი და მაკვირდებოდა. მერე პირველი ქართული პროექტი გააკეთა – ქართული რეტრო და ჩემი სიმღერები რადიოში რომ გავიდა, ძალიან პოპულარული გახდა.
– სიმღერამ რომ ამხელა ადგილი დაიკავა, ხატვაზე უარი თქვით?
– არა, თან ვხატავდი. რობერტსაც ვუხატავდი, სხვათა შორის. ფულისთვის შეკვეთებსაც ვიღებდი. იმ დროს გავაკეთეთ მცხეთის ახალგაზრდული კლუბის დიზაინი. მაშინ იშვიათობა იყო და ყველას ძალიან მოსწონდა. ეს მაგარი ბიზნესი იყო. მერე რაღაცები აირია, ბევრი პრობლემა მოჰყვა და ნელ-ნელა მთლიანად ფერწერაზე გადავედი. სხვათა შორის, ჩემი მეუღლე – ანა იქ გავიცანი, მცხეთის კლუბში.
– მეუღლეს თქვენი ნამუშევარი ხომ არ მოეწონა, შემთხვევით?
– მოეწონა. რომ გავიცანი 1985 წელი იყო და მაშინ ყველა მცნობდა ქუჩაში, ჩემი სიმღერებიც ყველამ იცოდა.
– ნახატები არასდროს გაგიყიდიათ?
– როგორ არა?! როცა მყიდველი არის, ახლაც ვყიდი. ერთხელ ძალიან უფულოდ დავრჩი. მეგობარს ვაჩვენე ჩემი ნახატები, ბიზნესმენია, კარგი კაცია და ხუთას ლარს მოგცემ ამაშიო, მითხრა. დავაყვედრე – მეტი მიღირს, მაგრამ კარგი-მეთქი (იცინის). მხატვრები უფრო ძვირად ყიდიან, მაგრამ მე უარს არ ვამბობ. გამიყიდია 500-ად, 300-ად, 1 000-ად, დოლარის კურსს გააჩნია (იცინის). როცა დოლარს ართმევ, მეტი გამოდის. არასდროს არავის ვევაჭრები, რამდენიც არ გენანება, იმდენი მომეცი. ყოველთვის გაყიდვა არაა ჩემი მიზანი. თუ ადამიანმა სიკეთე გამიკეთა, ვჩუქნი. თუ მეტყვიან, ხომ არ მომყიდიო, მაშინ ვყიდი.