№2 როდის ძვრება სცენის ქვეშ სალომე ბაკურაძე და რის გამო ელოდებოდა ის გაგიჟებული ახალ წელს
ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე
მომღერალ სალომე ბაკურაძისთვის არაერთი წელი დაიწყო კარიერული წარმატებით. ფიქრობს, რომ ეს წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება როგორც კარიერული, ისე პირადული თვალსაზრისით, რადგან თავადაც ამ წლის ბრძანებლის, ვირთხის წელშია დაბადებული.
სალომე ბაკურაძე: ბევრი რაღაცის მჯერა ამ ცხოვრებაში და ზუსტად ვიცი, კარგს რომ გასცემ, ბუმერანგივით კარგი გიბრუნდება უკან. ამას გინდა ბედობა დაარქვით და გინდა – მეკვლეობა. მეც კარგ მეკვლედ ვითვლები და უყვართ ჩემი მისვლა. ოჯახში ისეთი განწყობით შევდივარ, მინდა, ჩემი სტუმრობის შემდეგ, რაღაცნაირად, ყველაფერი კარგად წაუვიდეთ. ამას მთელი გულით ვუსურვებ. ზოგადად, ვფიქრობ, კარგი ფეხი კარგ გულზეა დამოკიდებული. ჩემი სახლის მეკვლეც მე ვარ და მთელი ღამის ნაშრომი შემომაქვს. ვერავინ დამასწრებს ჩემი ოჯახის მეკვლეობას (იცინის).
– კი ამბობ, კარგი ფეხი მაქვს და ოჯახს კარგად ვებედებიო, მაგრამ, თუ არ ვცდები, ორი ახალი წელია, წინასაახალწლო დღეებში საავადმყოფოებში გიწევს ვიზიტი და, ერთი მითხარი, როგორ დავუჯეროთ შენს ფეხებს?
– (იცინის) მართალია, შარშანდელი ახალი წლის წინა დღეებში საავადმყოფოში მოხვედრა, ღმერთის წყალობით, კარგად დასრულდა. ბავშვმა პირში „მარგანცოვკა“ ჩაიყარა და ყველაფრის გარეშე გამოვძვერით. წელს კი დედაჩემს მოუწია ფეხზე ოპერაციის გაკეთება და ესეც, ღმერთის წყალობით, კარგად დასრულდა. სამწუხაროდ, ახალი წელი ზაფხულში არ არის, თორემ არც გაციება გაგვეკარებოდა (იცინის). ვიცინი ხოლმე, წინასაახალწლოდ საავადმყოფოში ჯდომა დამებედა-მეთქი.
– ყველა კონცერტზე, მიღებაზე, წვეულებაზე და ღონისძიებაზე ჩანხარ. როგორ ახერხებ, ოჯახის წევრებსაც მოუარო, თავსაც მიხედო, სცენაზეც იდგე და დრო სწორად გადაანაწილო?
– ძალიან ბევრი კეთილი ადამიანია ჩემ გვერდით, რომელიც ხელს მიწყობს. ლაშიკო – ჩემი მეუღლე, გვერდით მიდგას. ასევე, მასთან ერთად, დედამისიც და დედაჩემიც ჩემს ენერგიულობაზე ზრუნავენ (იცინის). სხვათა შორის, ისე მიყვარს საახალწლო ინჭი-პინჭოები, რომ მეხალისება სახლის მორთვა, ეს პროცესი ახალ წლამდე დიდი ხნით ადრე დავიწყე და ყოველდღე, ახალ-ახალ რაღაცებს ვყიდულობ. საკვებს კი დღესასწაულზე მე არ ვაკეთებ. ვინ მანდობს, როცა ორი კორიფე მზარეული ადამიანი მყავს გვერდით (იცინის). დედაც მეხმარება და ყოველ ახალ წელს ლაშას დედაც გამზადებულ სუფრას გვიგზავნის. ფუშფუშა და ტკბილი რაღაცების მომზადებას მეც ვახერხებ. ძალიან მიყვარს შობის დღესასწაული. ამ დღეს ღვეზელს აუცილებლად სახლში ვაცხობთ და არც გოზინაყს ვყიდულობთ – ბებიის რეცეპტით ვამზადებთ და მეც ვიღებ ამაში მონაწილეობას. ჩემს ბავშვობაში, ამდენი მოსართავი არ იყო და მახსოვს, გამომიგზავნეს ბუხარზე დასაკიდი წინდა. მართლია, აღარ მჯეროდა თოვლის ბაბუის, მაგრამ მოვინდომე, რომ დამეჯერებინა და ამ წინდაში ჩავდე ქაღალდზე დაწერილი ჩემი სურვილები. ვფიქრობდი, ამას ოჯახის წევრები ნახავდნენ და მომიტანდნენ. რომ ვწერდი, ვიცოდი, თოვლის ბაბუას კი არა, კონკრეტულ ადამიანებს ვწერდი მიზანმიმართულ წერილს და რაც იქ ეწერა, ამიხდებოდა (იცინის).
– დღეს თუ ჰკიდებ ბუხარზე საშობაო წინდას და დებ მასში ქაღალდზე დაწერილ მიზანმიმართულ სურვილებს?
– არა, დღეს წინდას ვკიდებ ბუხარზე და არც საშობაო სურვილებს ვწერ ქაღლდზე. ჩემი სანტა, ძალიან ახლოსაა და წერა არ მჭირდება, ვახმოვანებ და ესმის (იცინის). ჩემმა სულსწრაფმა სანტამ ნაადრევად მომილოცა, არ დაელოდა და ახალი ტელეფონი მომიტანა. ახლა დავიბენი და ვეღარ ვხვდები, ეს კვარტლის ბოლოს გაკეთებული საჩუქარია თუ საახალწლო (იცინის).
– რაიმე ტრადიცია ხომ არ გაქვს საშობაო-საახალწლოდ?
– დიდი ხანია, ახალ წელს, გალა-კონცერტზე, ქუჩაში ვხვდები და როგორც კი 12 საათი ჩამოჰკრავს, სცენის ქვეშ ვძვრები და სურვილს ვიფიქრებ. ადრე, მახსოვს ამბობდნენ, თუ სადღესასწაულო მაგიდის ქვეშ შეძვრები 12 საათზე და სურვილს ჩაიფიქრებ, აგიხდებაო. მე კი რადგან ახალ წელს არასოდეს ვარ სახლში, ეს რიტუალი მაგიდიდან სცენის ქვეშ გადავიტანე (იცინის).
– მერე, თუ დაკვირვებიხარ და აგიხდა სცენის ქვეშ ჩაფიქრებული სურვილები?
– სხვათა შორის, სურვილებშიც მოკრძალებული და მოზომილი ვარ. თუ ვიცი, მხოლოდ ოცნებების სფეროა, ისეთს არ ჩავიფიქრებ და არც ვიოცნებებ. ზოგადად, ჩემი ჩაფიქრებული ყოველთვის სრულდება და არ ვიცი, ეს რისი ბრალია – სცენის ქვეშ შეძრომის, შრომის თუ იღბლის.
– სულ იცინი, მღერი, სიხარულსა და სითბოს ასხივებ და ადამიანებს ჰგონიათ, ასეთი უდარდელი, მშვიდი და წყნარი ცხოვრება გაქვს. რეალურად ასეა თუ შენიღბვა შეგიძლია?
– როგორი ხასიათითა და პირობებითაც უნდა ცხოვრობდეს ადამიანი, დგება რთული პერიოდები. არც მე ვარ გამონაკლისი. თუმცა, დეპრესია და ცუდი განწყობა მალე მბეზრდება და ვფიქრობ, არის გამოსავალი შენი თავი შეიცოდო და გაექცე პრობლემას. ამიტომ, ჩაკეტვას, გაბუტვას და დეპრესიაში ჩავარდნას მირჩევნია, გამოსავალი მოვძებნო. ასეთ მდგომარეობაში მე არ მომწონს ჩემი თავი და ჩემს ცუდ განწყობას სხვას ვერ მოვახვევ თავზე. ღიმილის მიღმა მიწევს ხოლმე დარდის დამალვა. არ ვიცი, ეს აფერისტობაა თუ შენიღბვა, მაგრამ მირჩევნია, დარდი სხვას არ დავანახვო. ამ პოზაში ყოფნა არ მიყვარს, მაგრამ მიწევს და ვფიქრობ, ზოგადად, შინაგანი მდგომარეობა რომ სახეზე არ გეწეროს, ამის დამალვა ყველას შეუძლია. თავის ხელში აყვანა უნდა იცოდე ადამიანმა. სჯობს, ერთხელ იტირო და მოგეშვას, ვიდრე მთელი კვირა დაბოღმილმა იარო. ისე, სიხარულის ცრემლებზე ვაფრენ და მაგიჟებს ეს გრძნობა, როცა გაურკვეველ მდგომარეობაში ტირი. მინდა, ამ ტიპის ტირილი ყველას ცხოვრებაში იყოს და ნებისმიერს გამოგვეცადოს ხშირად. ჩემს ცხოვრებაში სიხარულის ცრემლი უფრო მეტი იყო და ამისთვის მადლობელი ვარ, როგორც უფლის, ისე ხალხის.
– ზოგადად, როგორი იყო ტახის წელი შენთვის და რას ელი ვირთხისგან?
– გასული წელიწადი დიდი გარდატეხების წელი არ ყოფილა, იყო ჩავარდნებიც და გამონათებებიც, მაგრამ რახან ყველა ჯანმრთელად მყავს, ეს მთავარია. ახლა კი, მთლად ჩემი წელი მოდის და გაგიჟებულ და კარგ წელს ველოდები – დაბადების წლით ვირთხა ვარ და თვით – კირჩხიბი. დამცინიან, თეთრი ვირთხის წელი მოდის და შენ რომ თეთრი არ ხარო? არადა, სულ რუჯი მაქვს და რა იციან, რომ ეს „მასკიროვკაა“ და შინაგანად თეთრი ვარ და თან, ნაღდი ვირთხა (იცინის). ბევრი წარმატებული და მნიშვნელოვანი წელი მქონდა და ზუსტად ვიცი, ერთ-ერთი ასეთი მელის. წელს მინდა, დრო აჩქარდეს წარმატებისკენ, პრობლემები გადავლახო მარტივად (იცინის). ზუსტად 8 წლის წინ, 25 დეკემბერს გავიცანით მე და ლაშამ ერთმანეთი და ზუსტად, 8 წლის მერე, 25 დეკემბერს გამიკეთა საჩუქარი-სიურპრიზი და მაჩუქა მანქანა, რომელიც ძალიან მინდოდა.