კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№2 მამუკა ქობალავა მთელი გულით თქვენი გულისთვის

ნინო კანდელაკი მაკა ჯიქია

  მამუკა ქობალავა: ჩემი სამედიცინო კარიერა რუსთავის საავადმყოფოს ინტენსიური კარდიოლოგიის ბლოკში დაიწყო, შემდეგ იყო გადაუდებელი სასწრაფო დახმარება „არდი“ და კარდილოგიური კლინიკა „გული“, კარდიოლოგიის ინსტიტუტი, ჯოენის კლინიკა, რესპუბლიკური საავადმყოფო, სადაც   კარდიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი გახლდით. ამაჟამად ისრაელ-საქართველოს სამედიცინო კვლევით კლინიკა „ჰელსიკორის“ კარდიოლოგიურ დეპარტამენტს ვხელმძღვანელობ. 2006 წელს დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია და იმავე წელს მომენიჭა დოქტორის წოდება. განათლება საქართველოში მივიღე, სხვადასხვა დროს კი ტრენინგები გავიარე ფლორენციაში, ლონდონში, სისტემატურად ვესწრები ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების მიერ მოწყობილ კონგრესებს.
– გახსოვთ პირველი პაციენტი?
– ეს იყო რუსთავის ქალაქის საავადმყოფოში. 23 წლის ვიყავი და პირველი მორიგეობა  ახალ წელს მომიწია. პაციენტი კარდიოგენური შოკით  შემოვიდა. რაც შეიძლებოდა, გავაკეთე, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. პარალელურად, სასწრაფო დახმარებაზეც ვმუშაობდი. მახსოვს, იქ პირველი პაციენტი მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით იყო, რომელსაც თრომბოლიზისი ჩავუტარეთ. ვიცი, რომ იმ ადამიანმა იმის მერე დიდხანს იცოცხლა.
– რა ფაქტორები უწყობს ხელს გულის დაავადებების ჩამოყალიბებას?
– არის მოდიფიცირებული რისკ-ფაქტორები, რისი შეცვლაც შეგვიძლია და არის არამოდიფიცირებული რისკ-ფაქტორები, რასაც ვერ ვცვლით. არამოდიფიცირებულს განეკუთვნება – სქესი, ასაკი და რასა. მოდიფიცირებული რისკ-ფაქტორებია – თამბაქოს მოხმარება, მჯდომარე ცხოვრების წესი, არტერიული ჰიპერტენზია, ჭარბი წონა და ასე შემდეგ.
– რა სიმპტომატიკა ახასიათებს გულის დაავადებებს?
– ქართველების წარმოდგენა გულის ტკივილზე ხშირად რეალობისგან განსხვავებულია. გულს არ ახასიათებს ჩხვლეტითი, გამჭოლი, ლურსმნისებრი ტკივილები, ამის უკან, როგორც წესი,  კისრის მალების ოსტეოქონდროზი ან ნევრალგიური ტკივილები დგას, სამწუხაროდ, ნაკლებად აქცევენ ყურადღებას სხვა სიმპტომატიკას –  კუჭისთავთან დისკომფორტს, მკერდის ძვალთან მოჭერას, ქვედა ყბის ან ხელების დაჭერას. 2019 წლის გზამკვლევებში ცალსახად ხაზგასმულია, რომ თუ ქალბატონს ეწყება მკვეთრი ქოშინი, ეს სტენოკარდიის ეკვივალენტია. ასეთ შემთხვევაში, ნორმალური კარდიოგრამის ან ექოსკოპიის მიუხედავად, პაციენტს შესაძლოა ჰქონდეს ინფარქტის წინა მდგომარეობა, ამიტომ სწორად მიღებულ ინფორმაციას და ავადმყოფის ისტორიას პრინციპული მნიშვნელობა აქვს.
– როგორ ვიკვებოთ, რა უყვარს გულს?
– გულს უყვარს ხილი, ბოსტნეული, ნიგოზი, შავი შოკოლადი,  ზღვის პროდუქტები. რაც უფრო ცხიმიანია თევზი, მით უკეთესი. ზღვის პროდუქტებს შორის ერთადერთი, რაც არ არის სასარგებლო, ეს ხიზილალაა. მარხვა ძალიან კარგია გულის განტვირთვისთვის. გულს უყვარს ალკოჰოლი მცირე რაოდენობით, ზომიერად. თეთრი ღვინო 200-250 მილილიტრი, ქალბატონებში – ოდნავ ნაკლები, შავი ღვინო – 150-200-მდე, ქალებში – ოდნავ ნაკლები. ნატურალური, სუფთა არაყი – 100 მილილიტრამდე, ლუდი – 400 მილილიტრი. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხარისხიანი უნდა იყოს. არ უყვარს სწრაფი კვება – ჰოთდოგები, სოსისები და ასე შემდეგ. უყვარს ვარჯიში, სპორტი, სუფთა ჰაერი. დოზირებული ფიზიკური აქტივობა თვით გულით მძიმე დაავადებული პაციენტისთვისაც აუცილებელია.
– რამდენად დიდ როლს თამაშობს გენეტიკური ფაქტორი გულის დაავადებების ჩამოყალიბებაში?
– გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიებში გენეტიკა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განმსაზღვრელია. როდესაც პაციენტი შემოდის, ჩემი პირველი კითხვაა, რა ასაკში და რა მიზეზით გარდაეცვალა მშობლები. მაღალ რისკ-ფაქტორად ითვლება, თუ პაციენტის პირველი რიგის ნათესავს მამაკაცებში 55 წლამდე ჰქონდა კარდიოვასკულარული ინციდენტი, ქალბატონებში – 65 წლამდე, ასაკთან ერთად ეს თანაბრდება და შესაძლოა, პირიქითაც იყოს.
– გაგვაცანით ოჯახი.
– მყავს დედა და მამა. მეუღლე – პროფესიით კარდიოლოგია, თანამშრომლები ვართ. მე შეთავსებით ვმუშაობ კლინიკა „კურაციოში“, სადაც ის უწყვეტ სამედიცინო განათლების პროცესს წარმართავს. გვყავს ერთი გოგონა – 9 წლის.
– ექიმობას ხომ არ აპირებს?
– ჯერ არ ვიცით. სკოლაში დაწერა თემა, სადაც ამბობს, რომ კვიცი ყოველთვის გვარზე არ ხტის და შეიძლება, მშობლები ექიმები იყვნენ, მაგრამ  შვილმა სხვა პროფესია აირჩიოსო. მისი გადასაწყვეტია, ჩვენ, რა თქმა უნდა, არ დავაძალებთ, მით უმეტეს, ამ ქვეყანაში ექიმობა დაუფასებელი  პროფესიაა.
– ბატონო მამუკა, თქვენი აზრით, რა თვისებებით უნდა გამოირჩეოდეს კარგი ექიმი?
– ექიმი უნდა იყოს გულისხმიერი, პროფესიონალი და არასოდეს დაიჯეროს, რომ თავის ცოდნაში სრულყოფილებას მიუახლოვდა – აი, სწორედ ამ დროს იწყება დასასრულის დასაწყისი. პაციენტს სჭირდება ექიმის როგორც პროფესიონალური ცოდნა, ასევე მისი გულისხმიერება. მარტოოდენ ტკბილი ენით ავადმყოფი ვერ მორჩება (იგულისხმება სერიოზული, მძიმე კარდიოლოგიური პაციენტი). სითბოსა და გულისხმიერების გარეშე შესაძლოა, მაღალმა პროფესიონალიზმმაც კი ვერ გამოიღოს სათანადო  შედეგი. ხანდახან, პაციენტი რომ შემოდის, დაძაბულია და ექიმს უნდა შეეძლოს, ეს მწვავე სტრესული მდგომარეობა, თუნდაც, მცირედი იუმორით მოუხსნას და შემდეგ გადავიდეს პროფესიულ მართვაზე.
– რას უსურვებთ ახალ წელს ჩვენს მკითხველს?
– ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს 2020 წელი სრულიად საქართველოს მოსახლეობისთვის!

скачать dle 11.3