კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№2 როგორ გაიტაცეს ქართველებმა 2 მილიონ 900 ათასი მანეთი მოსკოვის „გუმიდან“

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

                                    უპრეცედენტო ძარცვა
 1985 წლის 30 დეკემბერს საბჭოთა კრიმინალისტიკის ისტორიაში უპრეცედენტო დანაშაული მოხდა. გაძარცვეს მსოფლიოში ცნობილი სავაჭრო დაწესებულება – მოსკოვის სახელმწიფო უნივერმაღი, ანუ „გუმი“. ეს უზარმაზარი, მასიური, მრავალსართულიანი შენობა მოსკოვის ცენტრში, წითელ მოედანზე მდებარეობს. დანაშაული კი ამგვარად მოხდა: „გუმის“ სალაროში, რომელიც შენობის ბოლო სართულზე მდებარეობდა, სახელმწიფო ბანკის ოთხი ინკასატორი მივიდა და მთელი დღის ნავაჭრი – 2 მილიონ 900 ათასი მანეთი სრულიად ლეგალურად ჩაალაგეს ინკასატორის ჩანთებში და მშვიდად დატოვეს იქაურობა. ოთხივე ინკასატორს ყველა საბუთი წესრიგში ჰქონდა. თუმცა, დადგენილი წესისამებრ, მთავარმა ბუღალტერმა ბანკში დარეკა და ინკასატორების ვინაობა და მათი კოდები იკითხა, ბანკიდან ყველაფერი დაუდასტურეს. მხოლოდ ამის მერე გახსნეს „გუმის“ უზარმაზარი სეიფი და ინკასატორებს ფული გაატანეს. მათი წასვლიდან ოც წუთში კი „გუმში“ ინკასატორთა სხვა ოთხეული მივიდა და მხოლოდ ამის მერე გამჟღავნდა, რომ წინა ოთხეული მძარცველები იყვნენ. მათ საბუთები  გაყალბებული ჰქონდათ. ტელეფონის ზარს კი, ვითომ ცენტრალურ ბანკში, მძარცველების თანამონაწილემ უპასუხა. ეს კი იმით დადასტურდა, რომ „გუმთან“ მდებარე სატელეფონო ხაზების ჯიხურში კრიმინალისტებმა ელექტროგადამრთველ მოწყობილობას მიაგნეს, ასევე, აღმოაჩინეს ბინა, საიდანაც ყალბი სატელეფონო დასტური განხორციელდა. ნამდვილმა ინკასატორებმა კი გამომძიებლებს განუცხადეს, რომ გზაში ავარია შეემთხვათ – მათ მანქანას „კამაზი“ დაეჯახა, რის მერეც დამნაშავე მიიმალა. აშკარა იყო, რომ ავარია ნამდვილი ინკასატორების შეყოვნების მიზნით იყო მოწყობილი.
პირველი მოკვლევის შედეგები
  თითქმის 3 მილიონი მანეთი 1985 წელს კოლოსალური თანხა იყო. ფეხზე დადგა მილიცია, უშიშროება და მთელი საჯაშუშო ქსელი, რათა როგორმე ხელჩასაჭიდი ეპოვათ და ბოროტმოქმედის კვალს დადგომოდნენ. აშკარა იყო, რომ მოქმედებდა კარგად ორგანიზებულ ბოროტმოქმედთა 7-8-კაციანი ჯგუფი. ავტომანქანა „კამაზი“ მოსკოვის ¹6 ავტოპარკიდან იყო გატაცებული 30 დეკემბრის დილას. ყველაზე საგულისხმო კი ის იყო, რომ ძალოვნებს ოთხი ცრუინკასატორის მხოლოდ მიახლოებითი ფოტორობოტები ჰქონდათ. „გუმის“ სალაროს ოთხივე თანამშრომელი აცხადებდა, რომ ისინი ფულზე იყვნენ კონცენტრირებულები. ცრუინკასატორების თვალიერება არ დაუწყიათ და უფრო ზუსტი აღწერილობა ძალოვნებს ამის გამო ვერ მისცეს. ერთ-ერთმა მოლარემ კი მოსაზრება გამოთქვა, რომ იმ ოთხიდან, მინიმუმ, ერთი მაინც კავკასიური წარმოშობის იყო. მისი ჩვენების ფრაგმენტში ვკითხულობთ: „მიუხედავად იმისა, რომ ოთხივე ინკასატორს საბუთებით რუსული გვარები ჰქონდათ და მხოლოდ ორი ლაპარაკობდა და საკმაოდ გამართულადაც, მათ საუბარში იყო ისეთი ინტონაცია, რაც მაფიქრებინებს, რომ ისინი კავკასიური წარმოშობის უნდა იყვნენო...“ მიახლოებითი აღწერილობა და მოლარის ვარაუდი დიდ ვერაფერ ინფორმაციას იძლეოდა, მაგრამ ძალოვნებს სხვა ხელის ჩასაჭიდი არ გააჩნდათ. საორიენტაციოდ ისინი კავკასიური წარმოშობის მძარცველებს ეძებდნენ, რომლებსაც კარგად ორგანიზებული ბანდა ჰქონდათ.
საგულისხმო ინფორმაცია
  მოსკოვის მილიცია („მური“) და „კაგებეს“ ცენტრალური აპარატი დღეს და ღამეს ასწორებდნენ მოუხელთებელი მძარცველების ძებნაში, მაგრამ შედეგი ნულის ტოლი იყო. ყველა ჩანერგილ და გადაბირებულ აგენტს მკაცრი მითითება  მიეცა, რომ რაიმე, თუნდაც მცირე ცნობა, მაინც მოეპოვებინათ ამ საქმეზე, მაგრამ არანაირი ინფორმაცია არ ჩანდა. თუმცა, ძარცვიდან მეორმოცე დღეს, ანუ 1986 წლის 7 თებერვალს, „მურის“ უფროსს 28 წლის ვალერი კონკინი დაუკავშირდა და უთხრა, რომ წინა დღით „რვათითას“ ერთი ადამიანი ეწვია და ვინმე „შავტუხას“ ძებნაში დახმარება სთხოვა. „რვათითა“ დიდად ავტორიტეტული კანონიერი ქურდი ანტონ კოშკინი იყო, რომელსაც 29 წელი ციხეში ჰქონდა გატარებული. არასოდეს უთანამშრომლია ძალოვნებთან და „შავ სამყაროში“ უდიდესი გავლენა ჰქონდა. ვალერი კონკინი კი ქურდის ტიტულის მაძიებელი იყო და „რვათითას“ ნდობით სარგებლობდა. მილიციამ ის (კონკინი) ქურდების ფულის ფარულ მითვისებაში ამხილა და გადაიბირა. შემდეგ კი „რვათითას“ მეთვალყურედ მიუჩინა. კონკინი ამბობდა, რომ დახმარების მთხოვნელმა კაცმა კოშკინს უთხრა: თუკი „შავტუხას“ მოაძებნინებდა, მაშინ მას მილიონ მანეთს გადაუხდიდა. სწორედ ამ თანხის ხსენებამ მიიქცია „მურის“ უფროსის ყურადღება და „რვათითას“ ბინას ოცდაოთხსაათიანი თვალთვალი დაუწესეს. სავარაუდო იყო, რომ „შავტუხას“ მძებნელი „რვათითას“ კვლავ ესტუმრებოდა. დაგეგმეს, სწორედ მაშინ  დაეჭირათ. დარწმუნებული იყვნენ, რომ გაარკვევდნენ, რაში იყო საქმე...
ცრუ „შავტუხა“
  „მურში“ყველა ის „შავი“ გადაამოწმეს, ვისაც „შავტუხას“ მეტსახელი ჰქონდა, მაგრამ არცერთი არ აღმოჩნდა ძარცვაში გარეული. 11 თებერვალს კი „მურის“ ოპერებმა „რვათითასგან“ გამოსული 31 წლის მერაბ კოპალიანი დააკავეს. დაკითხვისას მან აღიარა, რომ „გუმის“ ძარცვის მონაწილე იყო. კონკრეტულად კი ერთ-ერთი იმ ოთხიდან, ვინც სალაროდან ფული  წაიღო. კოპალიანი ამოიცნეს სალაროს თანამშრომლებმაც, რითაც მისი (კოპალიანის) სიტყვები დადასტურდა. კოპალიანის ჩვენებაში ვკითხულობთ: „გუმის“ ძარცვა ანდრო კამკამიძის დაგეგმილი იყო, რომელმაც „შავტუხად“ გაგვაცნო თავი. ის ჩემმა მამიდაშვილმა, კარლო სიორიძემ გამაცნო. კარლო ძარცვამდე ერთი თვით ადრე მოულოდნელად გარდაიცვალა. ძარცვაში რვა ადამიანი ვმონაწილეობდით.  ძარცვის მერე „შავტუხამ“ ფული გაიტაცა და მიიმალა. ჩვენ მას ჯერ საკუთარი ძალებით ვეძებდით. როცა ვერაფერი გავაწყვეთ, დახმარებისთვის ქურდს მივმართეთ, რადგან „შავტუხა“ „შავია“ და ამ დახმარებაში „რვათითას“ გასამრჯელოდ მილიონ მანეთს შევპირდით...“ კოპალიანის ჩვენების საფუძველზე დააპატიმრეს ძარცვის კიდევ ექვსი მონაწილე და მხოლოდ „შავტუხა“ რჩებოდა მოუხელთებელი. სამაგიეროდ, ძალოვნებს უკვე „შავტუხას“ ზუსტი აღწერილობა ჰქონდათ და დადგინდა, რომ ძარცვის მიმალული ორგანიზატორი სინამდვილეში 33 წლის თბილისელი ელექტროინჟინერი, კახა გეგეჭკორი იყო. უშიშროებამ ის 1986 წლის 2 მაისს ქალაქ ვლადივოსტოკში იმ დროს დააპატიმრა, როდესაც იაპონური გემით ცდილობდა ქვეყნის დატოვებას. ცრუ „შავტუხას“ მთელი ნაძარცვი ფული ჩამოართვეს. დაუმტკიცეს კარლო სიორიძის მკვლელობაც, რომელიც იმიტომ მოწამლა, რომ ძარცვის მერე ფულის გატაცებას აპირებდა და სიორიძეს მისი ნამდვილი ვინაობა არ გაემჟღავნებინა. გეგეჭკორს დახვრეტა მიუსაჯეს, რაც შემდეგ პატიმრობით შეუცვალეს და გააციმბირეს. ის საპყრობილიდან 2000 წელს გათავისუფლდა.


скачать dle 11.3