№2 კომპრომატი
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური
– ბატონო მაიორო, ისევ ბანკიდან რეკავენ, – უთხრა სოსო ჭელიძეს ტელეფონისტმა და პოლიციის მაიორს ყურმილი მიაწოდა.
– დიახ, გისმენთ, – უპასუხა ჭელიძემ.
– თქვენი წინადადება განვიხილეთ და თანახმა ვართ. კეთილ ნებას გამოვიჩენთ და ათ მძევალს გავათავისუფლებთ, მაგრამ ერთ საათზე მეტს აღარ მოვიცდით. თუკი ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება, დარჩენილ მძევლებს დავხოცავთ. ბანკის შენობას კი ავაფეთქებთ და ასი მეტრის რადიუსში ყველაფერი დაინგრევა. გასაგებია? – მოესმა ჭელიძეს მამაკაცის ბოხი ხმა.
– გასაგებია. დამშვიდდით. ყველაფერი რიგზე იქნება. ავტობუსი უკვე მზადაა და მალე მოვა. ვერტმფრენს კი ერთ საათში დავაყენებთ ასაფრენ ბილიკზე და დაუბრკოლებლად გაგიშვებთ. მთავარია, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და არავინ დააზიანოთ, – მიუგო ჭელიძემ.
– კარგი. ერთ საათს კიდევ მოვიცდით, მაგრამ წამიც რომ გადააცილოთ, ყველაფერზე პასუხისმგებლობა თქვენ დაგეკისრებათ... – თქვა ბოხხმიანმა და დაამატა, – და კიდევ ერთი, ერთ-ერთი მძევალი ცუდადაა. ამბობს, ეპილეფსია მჭირს, კრუნჩხვები დამეწყებაო და ექიმი დაახვედრეთ.
– გასაგებია. გამოუშვით მძევლები, – თქვა ჭელიძემ. ტელეფონი გათიშა. საათს დახედა და სპეცდანიშნულების რაზმის მეთაურს გადაუჩურჩულა:
– შენი ბიჭები მოამზადე. თხუთმეტ წუთში წამალი იმოქმედებს და თუ გაგვიმართლა და შეგზავნილი გაზიანი სასმელი ყველამ დალია, ხომ კარგი, თუ არა და შეიძლება, სერიოზული პრობლემებიც კი შეგვექმნას. მოკლედ, ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ და გართულების შემთხვევაში ძალიან სწრაფად და ეფექტურად უნდა იმუშაოთ.
სპეცრაზმის მეთაურმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია ჭელიძეს და თავისი მებრძოლებისკენ გაემართა, რომლებიც მოფარებულ ადგილზე, მიკროავტობუსში ისხდნენ. ამ დროს ბანკის კარი გაიღო და იქიდან ათი მძევალი გამოვიდა, – ექვსი ქალი და ოთხი მამაკაცი. ყველაზე წინ ორი ახალგაზრდა კაცი მოდიოდა – შავთმიანი და მელოტი. მელოტი შავთმიანს მხარში ედგა და სიარულში ეხმარებოდა. ჭელიძე მიხვდა, რომ ეპილეფსიით დაავადებული შავთმიანი მამაკაცი იყო და ექიმებს ანიშნა, – დაეხმარეთო. სასწრაფოს ექიმებმა შავთმიანი საკაცეზე დააწვინეს და რეანომობილისკენ წაიყვანეს. უცებ შავთმიანს კრუნჩხვები დაეწყო. სასწრაფოს ექიმმა მას პირველადი დახმარება აღმოუჩინა. შემდეგ ის რეანომობილში ჩააწვინეს და საავადმყოფოში წაიყვანეს. სოსო ჭელიძემ რეანომიბილს თავისი ხელქვეითი, ახალგაზრდა თემურ მელაძე გააყოლა და უთხრა:
– აზრზე რომ მოვა და ექიმები მისი დაკითხვის ნებას მოგცემენ, ყველაფერი დაწვრილებით გამოჰკითხე. პირადი მონაცემები ჩაიწერე და ფოტოს გადაღება არ დაგავიწყდეს.
– გასაგებია, ბატონო მაიორო, – თქვა მელაძემ და რეანომობილში ჩაჯდა.
ჭელიძემ მეორე ხელქვეითი იხმო და უთხრა:
– გათავისუფლებული მძევლები ჩვენს ავტობუსში ჩასვი და დამელოდე. ათ წუთში მოვალ.
მაიორმა საათს დახედა და ტელეფონისტს ბანკის ნომერი ააკრეფინა, დაელოდა და როდესაც ტელეფონი გაითიშა, სპეცრაზმის უფროსი მოიხმო და უთხრა:
– მგონი, გაგვიმართლა და მათ სძინავთ. მოდი, კიდევ ერთხელ დავრეკავ და მერე შედით. შენ კი წადი, ბიჭები პოზიციაზე დააყენე და ჩემს სიგნალს დაელოდე. თუ ხელს ბანკისკენ გავიშვერ, ესე იგი, სძინავთ, მაგრამ მაინც ფრთხილად იმოქმედეთ, მახე არ ჰქონდეთ დაგებული. ხოლო თუ ხელს დავიქნევ, ესე იგი, ჩვენმა ხრიკმა არ გაჭრა და ელვისებურად იმოქმედეთ.
სპეცრაზმის უფროსი უხმოდ წავიდა და თავის მებრძოლებთან ერთად პოზიციაზე დადგა, თან სოსო ჭელიძეს თვალს არ აშორებდა და მის სიგნალს ელოდა. მაიორმა კი კვლავ ბანკში დარეკა. რომ არავინ უპასუხა და ტელეფონი კვლავ თავისით გაითიშა, ხელი ბანკისკენ გაიშვირა. სპეცდანიშნულების რაზმი ბანკში ფრთხილად, მაგრამ ძალიან სწრაფად შევიდა. ერთი წუთის შემდეგ კი სპეცრაზმის მეთაური ბანკის კართან გამოჩნდა და ჭელიძეს ხელი დაუქნია, – შემოდიო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ბანკში შეჭრილ მძარცველებს მაგრად ეძინათ...
***
ნიღბიანი მძარცველების ჯგუფი თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ბანკში დილის 11 საათზე შეიჭრნენ და იქ მყოფი 50 ადამიანი მძევლად აიყვანეს. შემდეგ მთავარი სეიფის გახსნა უბრძანეს მენეჯერს, რომელმაც მათ განუცხადა, რომ სეიფის კოდი მხოლოდ ბანკის მმართველმა იცოდა და ის ადგილზე არ იყო. ათიოდე წუთში ბანკს პოლიციამ და სპეცდანიშნულების რაზმმა ალყა შემოარტყა. მაიორმა სოსო ჭელიძემ კი მძარცველებს დანებება შესთავაზა. საპასუხოდ, მძარცველებმა ავტობუსი და ვერტმფრენი მოითხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ყველა მძევლის დახოცვითა და ბანკის აფეთქებით იმუქრებოდნენ. ყველაფერ ამას ხანგრძლივი მოლაპარაკების პროცესი მოჰყვა. პოლიცია დროის გაწელვას ცდილობდა, რომ სპეცოპერაცია მოემზადებინათ და მძევლები უსისხლოდ გაეთავისუფლებინათ. მოლაპარაკების პროცესში მძარცველებმა ცივი გაზიანი სასმელი მოითხოვეს და ჭელიძეს იდეა გაუჩნდა, რომ სასმელში დასაძინებელი წამალი გაერიათ. შემთხვევის ადგილზე პოლიციის სამმართველოს უფროსიც იმყოფებოდა, რომელიც ჭელიძის იდეას ეწინააღმდეგებოდა. მას ეშინოდა, რომ პოლიციის ხრიკი გამოაშკარავდებოდა და მძარცველები თავის მუქარას აასრულებდნენ. თუმცა, მაიორმა თავისი გაიტანა და მძარცველებს დაბანგული სასმელი მიაწოდეს. უკმაყოფილო უფროსმა კი მაიორს უთხრა, – უბედურება თუ მოხდა, მთელი პასუხისმგებლობა შენ დაგეკისრება და მე ხელები დამიბანიაო.
ჭელიძე რომ სპეცრაზმის მეთაურთან ერთად ბანკში შევიდა, სპეცრაზმის უფროსმა მხრები აიჩეჩა და მაიორს უთხრა:
– მე მგონი, ეს მძინარე „მასკიანები“ აფერისტები არიან და არა მძარცველები.
– რატომ აფერისტები? – გაიკვირვა მაიორმა.
– მათ არც ნამდვილი იარაღები აქვთ და არც ასაფეთქებლები. ბომბები მულაჟია, პისტოლეტ-ავტომატები კი – სათამაშოები.
როდესაც მაიორი დარწმუნდა სპეცრაზმის უფროსის სიტყვების სისწორეში, ჩაფიქრდა. შემდეგ ხელქვეითი იხმო და ჰკითხა:
– თემურ მელაძე არ დაბრუნებულა?
– ჯერ არა, ბატონო კაპიტანო, – მიუგო ხელქვეითმა.
– მძევლები სად არიან?
– ავტობუსში გელოდებიან, ბატონო სოსო.
– რამდენი არიან.
– ორმოცდაცხრა ადამიანია.
– კარგი. მე ავტობუსში ავალ. შენ კი ბანკის ყველა ვიდეოკამერის ჩანაწერი ამოიღე, დილის ათი საათიდან მოყოლებული.
ხელქვეითი წავიდა. ჭელიძე კი ავტობუსში ავიდა და იქ მყოფებს უთხრა:
– ბოდიშს გიხდით, ბატონებო, მაგრამ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, პოლიციის სამმართველოში უნდა წამობრძანდეთ დაკითხვაზე.
ყოფილმა მძევლებმა უკმაყოფილება გამოთქვეს, თუმცა აშკარა პროტესტი არავის გამოუხატავს. ჭელიძემ კიდევ ერთხელ მოუბოდიშა ყოფილ მძევლებს. შემდეგ სპეცრაზმის უფროსს უთხრა, – მძინარე მძარცველები სამმართველოში წამოიყვანეო. ბოლოს ისევ ავტობუსში ავიდა და ყოფილ მძევლებთან ერთად პოლიციის სამმართველოში გაემგზავრა.
***
ყოფილი მძევლების დაკითხვა შუაღამეს დასრულდა და ისინი სახლებში გაუშვეს. ყველა ერთნაირ ჩვენებას იძლეოდა და გამოძიებას დიდი ვერაფერი შესძინეს. გამოღვიძებულმა მძარცველებმა კი თავიდან თქვეს, – ვიხუმრეთ, უმუშევრები ვართ და საზოგადოების ყურადღების მიპყრობა გვინდოდაო. ამის დასტურად კი სათამაშო იარაღები და ბომბების მულაჟები მოჰყავდათ. ბოლოს კი ხუთივემ განაცხადა, – დუმილის უფლებას ვიყენებთო და პირში წყალი ჩაიგუბეს. ამიტომ ისინი წინასწარი დაკავების საკნებში ცალ-ცალკე მოათავსეს. საავადმყოფოდან დაბრუნებულმა თემურ მელაძემ კი მაიორს უთხრა:
– ბატონო სოსო, ეპილეფსიით დაავადებული მამაკაცი 32 წლის ილია კორძაძეა. ახლა ის პალატაშია გადაყვანილი და ექიმები აცხადებენ, – დილისთვის მომჯობინდება და შეგიძლიათ, დაჰკითხოთო.
– რა აზრი აქვს მის დაკითხვას, – მხრები აიჩეჩა ჭელიძემ და დაამატა, – ისიც იმავეს იტყვის, რასაც დანარჩენი ორმოცდაცხრა ამბობს: შემოვარდნენ, იატაკზე დაგვყარეს და მთავარი სეიფის გახსნას ითხოვდნენო. უფრო მნიშვნელოვანი მძარცველების ალაპარაკებაა, მაგრამ დუმილის უფლებას იყენებენ.
ჭელიძემ და მელაძემ მძარცველების იდენტიფიკაციას მიჰყვეს ხელი. მონაცემთა ბაზაში მათი დოსიეები შეამოწმეს, მაგრამ სახეირო ვერაფერი აღმოაჩინეს. ხუთივე „ხუმარა“ ახალგაზრდა მართლაც უმუშევრები იყვნენ. უცოლოები და ნასამართლეობის არმქონენი. ერთი სიტყვით, სუფთა დოსიეები ჰქონდათ და გამოცდილ მაიორს ეს უფრო აეჭვებდა. მას ვერ გაეგო, რამ უბიძგა მათ ამხელა რისკზე წასულიყვნენ. ხოლო ის ვერსია, რომ საზოგადოების ყურადღების მიქცევას ცდილობდნენ, სოსო ჭელიძეს არ სჯეროდა და ცდილობდა, გამოეცნო, რას ემსახურებოდა „ხუმარების“ ქმედება. უკვე თენდებოდა, როდესაც ჭელიძის კაბინეტში მისი ერთ-ერთი ხელქვეითი მივიდა და მაიორს უთხრა:
– ბატონო მაიორო, ბანკის მმართველთან ერთად ყველა კუთხე-კუნჭული დავათვალიერეთ და მმართველი აცხადებს, – მხოლოდ ერთი პერსონალური სეიფია გატეხილიო. თან, უკვირს, რომ მძარცველებს ბანკის სალაროების გახსნა არც კი მოუთხოვიათო. არა და, იქ, საერთო ჯამში, 75 ათასი დოლარი, 101 ათასი ლარი და 112 ათასი სხვადასხვა ქვეყნის ვალუტა ყოფილა.
– პერსონალური სეიფიდან რა არის წაღებული, მმართველს, რა თქმა უნდა, არ ეცოდინება, – ჩაილაპარაკა ჭელიძემ.
– დიახ. არ იცის. ეს კონფიდენციალურია, – დაეთანხმა ხელქვეითი მაიორს.
– ხომ არ გაგირკვევია, ვის ეკუთვნის გატეხილი პერსონალური სეიფი? – იკითხა ჭელიძემ.
– 41 წლის პეტრე თაქთაქიშვილს, – თქვა ხელქვეითმა და ჭელიძეს ამონაბეჭდი დაუდო წინ, რომელზეც კლიენტ თაქთაქიშვილის პერსონალური მონაცემები ეწერა.
– ყოჩაღ. კარგად გიმუშავია, – შეაქო მაიორმა ხელქვეითი, თან ამონაბეჭდს ჩაჰკირკიტებდა, შემდეგ საათს დახედა და ჩაილაპარაკა:
– შვიდი დაიწყო. ერთ საათში დავურეკავ და დაველაპარაკები. ახლა, ალბათ, სძინავს. როგორც ამონაბეჭდში წერია, თაქთაქიშვილი ბოლოს ამ ერთი თვის წინ ყოფილა ბანკში. ვერაფერს ვხვდები, რატომ გატეხეს და რა წაიღეს თაქთაქიშვილის სეიფიდან და სალაროების გახსნა რატომ არ მოსთხოვეს მოლარეებს. უცნაურია, ძალიან უცნაური.
– ბატონო კაპიტანო, პეტრე თაქთაქიშვილის დოსიე ხომ არ გვენახა? სანამ დაურეკავთ და დაელეპარაკებით, გაიგებთ მაინც, ვინაა და რას წარმოადგენს, – უთხრა ჭელიძეს მელაძემ.
პეტრე თაქთაქიშვილის დოსიე რომ მოიძიეს, აღმოჩნდა, რომ ის პროფესიით პროგრამისტი იყო. უშვილო და ცოლთან გაშორებული. ნასამართლობის არმქონე. ერთი სიტყვით, ჩვეულებრივი ბიოგრაფიის მქონე ადამიანი, როგორც საქართველოს სხვა ათასობით მოქალაქე. დოსიეს შესწავლას რომ მორჩა, ჭელიძემ საათს დახედა. შემდეგ მობილური ტელეფონი მოიმარჯვა და თაქთაქიშვილის ნომერზე დარეკა, თუმცა ის გამორთული აღმოჩნდა.
– კარგი. მოგვიანებით დავურეკავ, ალბათ, სძინავს, – თქვა მაიორმა. შემდეგ იმ ხელქვეითს დაურეკა, ვისაც ბანკის ვიდეოჩანაწერების ამოღება დაავალა და უთხრა:
– ბანკში, პერსონალური სეიფების ოთახში რომ ვიდეოკამერებია, თუ არის, რა თქმა უნდა, იმის ვიდეოკამერები მოძებნე.
– იმ ოთახში ვიდეოკამერები არაა, ბატონო მაიორო, – უთხრა ჭელიძეს იმ ხელქვეითმა, ვინც თაქთაქიშვილის მონაცემების ანაბეჭდები მოიტანა და დააყოლა, – მმართველთან ერთად ბანკს რომ ვათვალიერებდი, ვკითხე და მითხრა, – აქ ვიდეოკამერები არ გვიყენიაო.
– გაიგონე, სეიფების პერსონალური სეიფების ოთახში ვიდეოკამერები არ ყოფილა და ტყუილად არ ეძებო, – ჩასძახა გამშიფრავს ტელეფონში, – შენ ერთი ის გამიშიფრე, ვინ შევიდა იმ ოთახში და ვინ გამოვიდა. მიხვდები, თვითონ და რომ იპოვი, გადიდებული კადრებიც შემომიტანე და ფოტოებიც ამობეჭდე.
მაიორმა ყურმილი დაკიდა და გაიზმორა. შემდეგ ხელქვეითებს მაგარი ყავა დაუსხა და მიაწოდა, თან სიგარეტები გააბოლეს. ყავის სმას რომ მორჩნენ, ჭელიძე თაქთაქიშვილთან დარეკვას აპირებდა, მაგრამ მელაძის მობილურმა დარეკა.
– გისმენთ, – უპასუხა მელაძემ და ტალეფონი რომ გათიშა, მაიორს უთხრა:
– საავადმყოფოდან დამირეკა ექიმმა და მითხრა, რომ ილია კორძაძე საავადმყოფოდან გაუჩინარდა.
– ვინ, ეპილეპტიკი? – იკითხა ჭელიძემ.
– დიახ, ბატონო მაიორო, – დაუდასტურა ჭელიძეს ხელქვეითმა.
ამ დროს მაიორის კაბინეტში ვიდეოკადრებთან მომუშავე ხელქვეითი შევიდა. მაიორს „ფლეშკა“ მისცა, ამობეჭდილი ფოტოები დაუდო წინ და უთხრა:
– „ფლეშკაზე“ პერსონალური სეიფების ოთახში შემსვლელი მამაკაცების კადრებია ჩაწერილი. ამ ფოტოებზე კი – ამ მამაკაცის გადიდებული პორტრეტი.
იქვე თემურ მელაძე იდგა და პირველმა დაინახა მამაკაცის გადიდებული ფოტოები. ხელი დასტაცა მათ და დააკვირდა. შემდეგ მობილურ ტელეფონში ფოტოები მოძებნა, ერთ-ერთი გაადიდა და ორივე ფოტოს დააკვირდა. ბოლოს თავი გააქნია და ჩაიცინა. ჭელიძეს ფოტოსურათი და მობილური ტელეფონი მიაწოდა და უთხრა:
– ორივე ფოტოზე ილია კორძაძეა. ერთი ჩემი გადაღებული, მეორე კი – ბანკის ვიდეოკამერით დაფიქსირებული.
გაგრძელება შემდეგ ნომერში