№2 რატომ არის სახელი ჩვენთვის „ცხოვრების ბილეთი“ და რატომ უნდა დაფიქრდეთ გათხოვებისას ქმრის გვარზე გადასვლასთან დაკავშირებით
ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი
სახელი, გვართან ერთად, როგორც პიროვნების იდენტიფიცირების კოდი, ალბათ, ორიგინალურობა არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ უმნიშვნელოვანესი ენერგეტიკული ფაქტორია ადამიანისთვის და ერთგვარად, საკრალურ როლსაც ასრულებს მის ცხოვრებაში. თუ რას ნიშნავს ახალშობილისთვის სახელის შერჩევა, როდის და რა მიზეზით იცვლის შემდეგ ზოგი ადამიანი მის პირვანდელ ვერსიას და რა შეიძლება, მოჰყვეს ამ ცვლილებას ცუდისკენ არ კარგისკენ, ამ საკმაოდ აქტუალურ თემაზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ქალბატონი ქეთევანი.
– სახელი ადამიანის სავიზიტო ბარათია: მისი საშუალებით გვცნობენ, გვაფასებენ და გამოგვიწერეს კიდეც „ცხოვრების ბილეთს“. მაშ, როგორ უნდა გავიგოთ, შეგვესაბამება თუ არა საკუთარი სახელი? ეს უმნიშვნელოვანესია, რადგან სახელი განსაზღვრავს კავშირს ცხოვრებასთან, რომელიც: ან მყარი და სასარგებლოა, ან არამყარი და უსარგებლო. მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ გრძნობთ, რომ სახელი არ გიხდებათ, ყოველთვის სხვა უფრო მოგწონდათ ან სულაც, ახლახან აღმოაჩინეთ, რომ ვეღარ ეგუებით, დროა, მის გამოცვლაზე იფიქროთ. ოღონდ იცოდეთ, სახელის შეცვლა მის შესაბამის ვიბრაციასაც შეცვლის, თუმცა წინა სახელის ვიბრაცია ბოლომდე არასდროს წაიშლება – ისევე, როგორც ვერანაირი ბეჭდიანი საბუთის ხელახალი გაცემა ვერ შეცვლის თავად პიროვნებას. მიუხედავად ამისა, სახელის შეცვლა თქვენს ცხოვრებაში აჩენს ახალ ხალხს, საგნებს და მნიშვნელოვნად შეგიცვლით პიროვნულ მდგომარეობასაც – ცუდისკენ ან კარგისკენ.
– როგორ განსაზღვარავს სახელი ადამიანის ბედს?
– დაბადებიდან ჩვილი რაღაც დროის განმავლობაში სახელის გარეშეა. ძველად მიაჩნდათ, რომ ამ დროს ახალშობილი მხოლოდ საკუთარ თავს ეკუთვნოდა და მისი ბედი გაურკვეველი იყო. მაგრამ, როგორც კი მშობლები შეარჩევდნენ, თუ რა დაერქმიათ, „ზეციურ კანცელარიაში“ მისი ბედი წყდებოდა და ამ მიმართულებით პირველი ჩანაწერიც ჩნდებოდა. მართალია, ერთნაირი სახელის მქონე ადამიანი ბევრია და შესაბამისად, ბედის ვარიაციაც უთვალავია. მაგალითად, სანდრო შეიძლება გახდეს ალექსანდრე მაკედონელიც და უბრალო სანდრიკელაც მეზობელი ეზოდან. თუმცა, არც ისაა საიდუმლო, რომ სახელები არის: ბედნიერიც და უბედურიც, გამორჩეულიც და სტანდარტულიც, იღბილიანიც და არც ისე...
– ცვლის კი სახელის შეცვლა ადამინის ბედს და თუ ასეა, რა მხრივ?
– რა თქმა უნდა. ტყუილად კი არ არსებობდა საიდუმლო თუ მაგიურ წრეებში ტრადიცია, როცა ახალი ცხოვრების დასაწყებად, სახელსაც აუცილებლად უცვლიდნენ ადამიანს. ზოგიერთ ტომებში ორსახელიანობაც იყო – ერთს არქმევდნენ გარე სამყაროსთან საურთიერთობოდ, მეორე კი – საშინაო, დაფარული და საიდუმლო გახლდათ, რომელიც იცავდა და აძლიერებდა როგორც ბავშვს, ასევე მთელ საგვარეულოს. გარე სამყაროს ის ეკონტაქტებოდა ჩვეულებრივი სახელით, ხოლო მეორე, რომლითაც მხოლოდ ჩაკეტილ წრეში სარგებლობდა, პიროვნულად ახალ თვისებებს სძენდა პატრონს... ასეა დღესაც, ძალიან ხშირად ახალი სახელი თანდათანობით ცვლის ადამიანის ბედს, თუმცა შეცვლილი სახელით პასპორტის აღებისთანავე უჩნდება შეგრძნება, რომ ხელახლა დაიბადა.
– რა მიზეზით იცვლის ადამიანი სახელს, ანუ ვინაობას?
– უპირველესად, როცა შინაგანი რეზონანსი არ გაქვს საკუთარ სახელთან. მაგალითად, დგახართ სარკესთან და ვერ გაგიგია, რატომ ხარ თინა, როცა ფიქრობ, რომ მაია უფრო შეგეფერებოდა. შემდეგია სურვილი, როცა გინდა, გაწყვიტო კავშირი საკუთარ წარსულთან, ოჯახთან – ცდილობ, როგორმე თავი დააღწიო სახელს, რომელიც უსიამოვნო მოგონებას აღგიძრავს. მაგალითად, ერთ ჩემს ნაცნობს თავისი სახელი ახსენებდა მამას, რომელმაც დაარქვა დავითი თუ არა, იმ დღიდან აორთქლდა შვილის ცხოვრებიდან. ერთ წელიწადში კი, უკვე სხვა მეუღლესთან შეეძინა ბიჭი და მასაც დავითი დაარქვა. ამის გამო ექცა პირველ დავითს სახელი ტვირთად და მთელი ცხოვრება ტანჯავდა. ასევე, არაკომფორტულია, როცა ბავშვს თუნდაც სახელოვანი ნათესავის პატივსაცემად არქმევენ სახელს და შემდეგ სულ ახსენებენ, რომ მისი საქმე უნდა განაგრძოს. მახსოვს, ჩემს თანაკლასელს ელიზბარი ბიძის, ცნობილი გემის კაპიტნის, პატივსაცემად დაარქვეს, შენც მისი „წყალი გადმოგესხასო“. მას კი წყლის ეშინოდა, რის გამოც მთელი ბავშვობა დასცინოდნენ, ანუ „აბულინგებდნენ“. არც ჩვენში ყველაზე მეტად მიღებულ და გავრცელებულ ფორმას აქვს დიდი გამართლება, როცა ბავშვს ბებია-ბაბუის ან, რაც კიდეც უფრო უარესია – გარდაცვლილი დის ან ძმის სახელს არქმევენ. ამ დროს სიკვდილის აჩრდილი ოჯახის ახალი წევრის ბედზე გადადის და მეორეც, ის ვერასდროს შეცვლის წასულ სეხნიას – მის შემხედვარე დედას ყოველთვის გარდაცვლილი შვილი გაახსენდება და ამოიოხრებს: ის სულ სხვანაირი იყოო...
– ხომ შეიძლება, თავად მოგწონდეს, მაგრამ გარემოებამ გაიძულოს სახელის შეცვლა?
– ასეა, როცა მაგალითად, ადამიანი საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში გადადის. მისი სახელი კი ახალ გარემოში ძნელი ან უხერხული წარმოსათქმელია და ხდება მისი ადაპტირება, რაც პატრონს გარკვეულ თავისუფლებას ანიჭებს. მაგალითად, ჩემი მეგობარი მადონა, იტალიაში, იმის გამო, რომ იტალიურად მადონა ღვთისმშობელს ნიშნავს, გახდა კრისტინა, რასაც შესანიშნავად შეეგუა და რაც მთავარია, ცხოვრებაც რადიკალურად უკეთესობისკენ შეეცვალა. შეიძლება, ასევე, სახელის ფორმა არ მოსწონდეს ადამიანს. მაგალითად, თუ ეკატერინე ჰქვია, მის პირველ ნაწილს – „ეკას“ ტოვებს და დანარჩენს მოკვეცავს, რადგან ასე უფრო კარგად ჟღერს მისთვის... დაბოლოს, როცა ადამიანი ფიქრობს, რომ სახელმა უკვე ამოწურა თავისი მისია და ცხოვრებაში ახალი ეტაპი ახალი სახელით უნდა დაიწყოს, რაც ახალ პოტენციალს გაუხსნის და რამდენიმე საფეხურითაც წინ წასწევს ცხოვრებაში, სახელი უნდა შეიცვალოს. მაგალითად, ჩემმა მეგობარმა, რომელიც 40 წლამდე ანა იყო, ოთხი ათეული წლის გადაბიჯებისთანავე გახდა ანამარია – ამ სახელით გახსნა ინტერნეტ-მაღაზია და დღემდე წარმატებულად მუშაობს. ასე რომ, სახელის შეცვლა სერიოზული ნაბიჯია – ნებისმიერი სახელი მანტრა, პირადი შელოცვა და ბგერათა შეხამებაა, რომელიც წარმოთქმისას განსაზღვრულ ენერგეტიკულ რყევას იწვევს სივრცეში, რასაც შესაბამისი შედეგიც მოჰყვება. ამიტომ, სანამ ქორწინების სახლში ხელს მოაწერთ და გვარის გამოცვლაზე დათანხმდებით, კარგად დაფიქრდით, გაიაზრეთ: მოგწონთ ქმრის გვარის ჟღერადობა? დადებითად რეაგირებთ, როცა ამ გვარით მოგმართავენ? ორგანულია ის თქვენთვის?
– თუ შეცვლის მიუხედავად, ვიღაც მაინც ძველი სახელით მოგვმართვს?..
– ვინც სულ წუწუნებს, მაგალითად: მე მაინც ლამარას დაგიძახებ, რადგან ვერ ვეგუები ლალისო, ჩნდება კითხვა: გჭირდებათ კი ასეთი ადამიანები ახლობელთა წრეში?.. და იცით, რა ხდება? ისინი თავისთავად, ნელ-ნელა ქრებიან თქვენი ცხოვრებიდან. თუმცა, რა თქმა უნდა, სახელის შეცვლა პანაცეა არ არის – მხოლოდ პირველი ნაბიჯია ცვლილებებისკენ. ამიტომ, თუ გრძნობთ, რომ ეს აუცილებელია, იმოქმედეთ, ახალი სახელი ნამდვილად მოგიტანთ ბედნიერებას.