№2 რატომ მოისურვა ჯალალედინმა ტფილისის აღების მცდელობისას ნადირობა
ნინო კანდელაკი გია მამალაძე
ბამბაკის მთებში გამაგრებული, მცირერიცხოვანი ქართული რაზმების განადგურების შემდგომ, როგორი დასკვნის საშუალებასაც გვაძლევს სპარსელი ისტორიკოსის, ჯუვეინის მიერ მოთხრობილი, ჯალალედინი ციხე-ქალაქ ლორეს მიადგა.
ლორეს ციხე საქართველოს ამირსპასალარის სადგომი იყო. საქართველოს გაეთიანებამდე იქ, ქართულ ტერიტორიებზე, ქვემო ქართლსა და ლორეში გაბატონებული სომხური დინასტიის სამეფო ტახტი იდგა. საქართველოს გაერთიანების მერე ლორეს ციხე-ქალაქი ამირსპასალარის რეზიდენციად იქცა. დიდი საქართველოს ამირსპასალარები „სომეხთა მეფის ადგილსა მჯდომებად“ ითვლებოდნენ. ლორეს ციხე მნიშვნელოვანი ფორპოსტი იყო ტფილისის გზაზე. გარნისის ბრძოლაში დამარცხების შემდგომ, ბრძოლის ველიდან გამოქცეულმა ამირსპასალარმა ივანე მხარგრძელმა, მონღოლთა დროინდელი უცნობი ქართველი მემატიანის თქმით, ჯერ ბიჯნისის (ბიჯნისის, სომხეთში, გარნისთან ახლოს) ციხეს შეაფარა თავი, მერე კი სად წავიდა, უცნობია. ჩვენი მემატიანის ცნობით, ივანე მხარგრძელი ბერად ფარულად იყო აღკვეცილი. ჩვენი ჟამთააღმწერელი წერს, რომ გარნისის ბრძოლიდან ორ წელიწადში ივანე გარდაიცვალაო. იქვე აქვს ცნობა, რომ ტფილისზე წამოსვლის წინ ჯალალედინი ივანე მხარგრძელის ძეს, ავაგს შეხვდაო. ჯალალედინი ტფილისზე წამოვიდა გარნისის ბრძოლიდან რამდენიმე თვეში. თუ მართალია ჩვენი ისტორიკოსის ცნობა, ჯალალედინის ტფილისზე წამოსვლის წინ მისი ავაგთან შეხვედრისა და გარნისის ბრძოლიდან ორ წელიწადში ივანეს გარდაცვალების შესახებ, გამოდის, ივანე, ჯალალედინის ტფილისზე წამოსვლის წინ, ალბათ, მოხუცებულობის გამო ვეღარ ასრულებდა ამირსპასალარისა და ათაბაგის მოვალეობას და მას ენაცვლებოდა მისი ძე, ავაგი.
ავაგს და მამამისს, ჩანს, ბევრი ვერაფერი გაუკეთებიათ ჯალალედინის შესაკავებლად, რადგან ამის შესახებ დუმს ჩვენი მემატიანე. დიდი ბრძოლა რომ ყოფილიყო ტფილისის სამხრეთით, ლორეში, ჩვენი ჟამთააღმწერელი, რომელიც სარგებლობდა მისი წინამორბედი მემატიანეების ცნობებით, ალბათ, ამ ბრძოლასაც აღწერდა. ამიტომ, ვფიქრობ, მოშლილი იყო ამირსპასალარის სახელო, ანუ ჩვენი სამხედრო უწყება და ლორეში ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწია ჯალალედინს. ამის თქმის უფლებას მაძლევს ის გარემოებაც, რომ, როდესაც მონღოლები შემოვიდნენ საქართველოში, ავაგს მაშინაც არ განუხორციელებია რეალური სამხედრო სამზადისი.
ამგვარად, ჯალალედინი ლორეს ციხეს მიადგა, როგორც წერს სპარსელი ისტორიკოსი ჯუვეინი (1226-1283): „ლორეს ამანი უბოძა ჯალალ ად-დინმა. იქიდან ალიაბადის ციხისკენ (მტკვრის სამხრეთით, მდინარე დებედას მიდამოებში) გაემართა. მეციხოვნეებმა შეწყალება ითხოვეს და მათთვისაც არ მიუყენებიათ ზიანი“. თუ ჯუვეინი მართალია, ლორესა და ალიაბადის ციხიონმა შეწყალება ითხოვეს ჯალალედინისგან და მანაც შეიწყალა, ანუ, ამირსპასალარი და ათაბაგი ივანე და მისი ძე, ავაგი ლორეში არ იმყოფებოდნენ და წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. თავდაცვის სისტემა მოშლილი იყო.
ჯუვეინის თქმით, ორი თვე ჯალალედინი თავის ჯართან ერთად იმყოფებოდა. ალბათ, გულისხმობს ტფილისთან ახლოს. ჯუვეინი წერს: „მოჰარამისა და საფარის თვეების განმავლობაში სულთანი ლაშქართან იმყოფებოდა, მაგრამ როგორც კი რაბი ალ-ავალის ახალი-მთვარე იხილეს (1226 წლის 2 მარტი), სულთანმა ნადირობა ისურვა და მარტო გაემართა რამდენიმე მხედრის თანხლებით“.
ჟამთააღმწერლის მონათხრობით ჩვენ ვიცით, რომ „ვითარ ცნა მეფემან (რუსუდანმა) მოსლვა სულტნისა, აიყარა და წარვიდა ქუთათისს, ხოლო ტფილისს მცველად დაუტევა ლაშქარი და თავად ორნი ძმანი ბოცოს ძენი, მემნა და ბოცო. მოიწია სულტანი სომხითად და მოაოხრა ყოველი სომხითი; დაეცნეს მკვიდრნი მისნი პირითა მახვილისათა. და მოიწივნეს ტფილისად“.
ქალაქის დამცველნი ბედს იყვნენ მინდობილნი. ჯალალედინის ჯარი მრავალრიცხოვანი იყო. ქართველთა ჯარი – გაცილებით მცირერიცხოვანი. უცხოთა ჯარის დაქირავება და ვასალური სახელმწიფოების ჯარის გამოძახებაც, როგორც ჩანს, კარგად ორგანიზებული არ იყო. რას აკეთებდა მხარგრძელების უწყება, გაურკვეველია. ტფილისთან გამართულ ბრძოლებში ისტორიკოსი არ იხსენიებს ავაგს.
სპარსი ისტორიკოსი ჯუვეინი მოგვითხრობს (თუ მართალია), რომ ქართველებს მხოლოდ რაიმე მოულოდნელი ხელისშემწყობი ვითარების იმედიღა ჰქონდათ. რაც მომხდარა კიდეც. კერძოდ, ქართველთა ჯარის, უფრო სწორად, ჯარის ხელმძღვანელობის სისუსტით გულმოცემულ ჯალალედინს გადაუწყვეტია ნადირობა: „ქართველებმა რომ ეს შეიტყვეს, ხუთასი კაცი, ნაცადი ვაჟკაცები, გაგზავნეს, იქნებ სულთანი მოულოდნელად დავიჭიროთ ეშმაკობის ქამანდით და ისლამის ცეცხლი ჩავაქროთო“.
როგორც ჩანს, ჩვენს წინაპრებს სპეცოპერაციის ჩატარება დაუგეგმავთ და რომ შეუტყვიათ ჯალალედინის სანადიროდ წასვლა, 500 მეომარი გამოჰკიდებია.
ჯუვეინი გაზღაპრებულად ჰყვება: „სულთანმა რომ შორიდან დაინახა ისინი, მიხვდა, დიდი წარღვნა მოდისო. მაგრამ იმ იმედით, რომ ბედის ქართა მხრიდან, ძლევამოსილი და დიდებული ღვთის შეწევნით, ნიავი დაბერავს და უბედურების მტვერს შეაყრის თვალებში ამ უმსგავსოებსო, ბრძოლაში ჩაება. იგი პირადად ესხმოდა თავს ისე, რომ ერთი კაცი ხუთასს ერეკებოდა და ყოველ ჯერზე რამდენიმე მათგანს ანარცხებდა ძირს. სულთნის ლაშქარმა რომ ეს ამბავი შეიტყო, ერთი რაზმი მოვიდა მის დასახმარებლად. იმ საძაგლებს ყოველ წამს მოსდიოდათ ხალხი, სანამ ათი ათას კაცზე მეტი არ შეიყარა. ორხანმა (ჯალალედინის დედის ქმარი, მოკლეს იმავ წელს ასასინებმა) თბილისის მახლობლად შეაფარა თავი და იქაურ ლაშქარს აკავებდა; ამასობაში სულთანი თავისიანების ერთი რაზმით თაქბირის ძახილით თავს დაესხა იმ უგვანოებს და ხმლისა და შუბის მარჯვნივ თუ მარცხნივ ძგერებით ბევრი მათგანი მიწას დაანარცხეს“.
თუ ჯუვეინის ცნობა მართალია, ჯალელედინის მიერ სანადიროდ წასვლის შესახებ, ეს ნიშნავს, რომ სრულიად დარწმუნებული იყო, სამშობლოდან გამოქცეული სულტანი, რომ ქართველები დამარცხებული ჰყავდა და გართობაზე გადავიდა. და კიდევ, შეიძლება ეს ქართველთა ჯარის ნაწილის გამოსატყუებლად მოაწყო ვერაგმა დამპყრობელმა.
ჯუვეინი განაგრძობს: „ქართველებმა რომ მისი გურზის ცემა იხილეს, გაიქცნენ. რაკი ქალაქის მისასვლელები მეომრებით სავსე დახვდათ, სადავე მდინარისკენ (მტკვრისკენ) შეაბრუნეს და ის მდაბალი ადამიანები შიშისა და ძრწოლვისაგან იარაღითა და ცხენებიანად წყალში ცვიოდნენ და ჯოჯოხეთის ცეცხლში მიემგზავრებოდნენ“. თუ ეს ცნობა მართალია, გამოდის, რომ ჯალალედინს გამოკიდებული ქართველი მეომრები ალყაში მოხვდნენ და დიდი ზარალი განიცადეს. ჯალალედინს ამ შემთხვევაშიც გაუმართლა.
ტფილისში, ტფილელ მაჰმადიანთა მიერ ღალატი მზადდებოდა.