№2 ნაბო
ნინო კანდელაკი არდაშელ თაქთირიძე
დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #48-1(992)
***
– მიდი, გააგრძელე გიუშ, ბარემ ბოლომდე მოყევი, უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, რას მოყვები.
– საქართველოში დარჩენას აზრი არ ჰქონდა, „ბეზპრედელი“ იყო, სადღაც მეც გამაბამდნენ და „მიმაბრიდავდნენ“, თან „წამალზე“ „შევჯექი“, ვედრით ვისხამდი. „ნაბოს“ ვაკითხავდი, მუდამ ჰქონდა ჩემთვის „სუფთა“. ვიზა გავაკეთე და გერმანიაში წავედი, კიოლნში. პატარა, კოხტა გერმანული ქალაქია. „სუბოტექსი“ ურეცეპტოდ იყიდება აფთიაქში. იქ ნარკოდამოკიდებულებისგან განსაკურნად, რეაბილიტაციისთვის სვამენ, „ლომკის“ მოსახსნელად, ჩვენსავით ვენაში კი არ უშვებენ. ხალხი – ბრიყვი, მიმნდობი, „ლუბოი“ დროს „აჭმევ“. ომის შემდეგ მანდ ძარცვა არ მომხდარა, ბინის კარს არ კეტავდნენ. ჰოდა, შევკარი აქედან ჩასული ქართველი ბიჭების ბანდა და გადავუარეთ კიოლნს. მერე დიუსელდორფში გადავედით და იქ ვძარცვავდით ბინებს. მერე – ფრანკფურტში. ახლა, ამას რატომ გიყვები. იქ ისე გაადვილებული იყო ძარცვა, რომ ეტყობა, ყურადღება მოვადუნე და ფრანკფურტში „დავიწვი“, კარის სახელურზე ხელის ანაბეჭდები დავტოვე. საზღვარზე ხომ გვიღებენ ანაბეჭდებს, ჰოდა, შეუდარებიათ და მომადგნენ. დამიჭირეს, ციხეზე გადამიყვანეს. იქ ციხეა, სასტუმროში გეგონება თავი: ოთახი, ტელევიზორი, კომპიუტერი, სამჯერადი კვება. სანამ იქ ვიჯექი, 10 კილო მოვიმატე. ერთი კი გავიფიქრე, აქ ჯობია-მეთქი, მაგრამ ციხე მაინც ციხეა, „სვაბოდა“ ტკბილია და დავიწყე გამოსვლაზე „ჩალიჩი“. თან, ვხვდები, რომ „ჩალიჩს“ აზრი არ აქვს. ანაბეჭდების გარდა „პადიეზდის“ კამერამ დამაფიქსირა.
ჩემ გარეშე ბიჭებს გაუჭირდათ „მუშაობა“. ჩემ გამოშვებაზე დაიწყეს „ჩალიჩი“. ვიღაც ებრაელი ადვოკატი აიყვანეს, ამბობდნენ, სასწაულებს ახდენსო. იმას 100.000 ევრო წინასწარ მოუთხოვია, მეორე 100.000 – საქმის გამოსვლის შემდეგ. წასულა ეს ებრაელი და სამი დღით თავის აგარაკზე ჩაკეტილა, კავშირზე არ გამოდიოდა. ბიჭებს ეგონათ, „გადაგვაგდოო“, მაგრამ სამი დღის მერე მისულა. იმ სამ დღეში ჩემზე ცნობები მოუგროვებია, საქართველოდან გამოუთხოვია. მე შემომითვალა,
– ტყუპისცალი ძმა რომ გყავდა და რუსეთში რომ დაიკარგა, იმაზე ილაპარაკე, რომ ცოცხალია და გაგიჭირა საქმე, ყველგან დაგყვება და საქმეს გიფუჭებსო! სიმართლე გითხრა, აღარც მახსოვდა ჩემი ძმა – ვახო, 20 წლის დაკარგული იყო. თვითონ, ამ ადვოკატს, ვიღაც ცნობილი მეცნიერისთვის ფული მიუცია და ტელევიზიით ულაპარაკებია, რომ ტყუპებს, შესაძლებელია, რომ ერთნაირი თითის ანაბეჭდი ჰქონდეთ. ბიჭებისთვის დაუვალებია, რომ ვინმე კოლექციონერის ბინაში შესულიყვნენ და რამე ნივთი ჩემი თითის ანაბეჭდებით დაეტოვებინათ. ბიჭებიც შევიდნენ ვიღაც ნახატების კოლექციონერის სახლში, რაღაც ნახატი წამოიღეს, ადგილზე კი ჩემი „ზაჟიგალკა“ დააგდეს.
სასამართლოზე გამოვიდა ადვოკატი, ილაპარაკა და რა ილაპარაკა. რომ მე ანგელოზი ვიყავი და ჩემი ძმა მიფუჭებდა საქმეს. ამის გამო საქართველოდან გერმანიაში გადმოვიხვეწე, მაგრამ აქაც მომაგნო. სასამართლოს პოლიციიდან ცნობა წარუდგინა, რომელიც იუწყებოდა, რომ ჩემი ციხეში ყოფნის პერიოდში გაიძარცვა ცნობილი კოლექციონერის ბინა, სადაც ჩემი თითის ანაბეჭდები აღმოაჩინეს. სასამართლო პროცესი დააგვირგვინა მოწმედ მოყვანილმა პროფესორმა, რომელმაც გაიმეორა ტელევიზიით ნათქვამი, ტყუპების ანაბეჭდების შესაძლო დამთხვევის შესახებ. ბოდიში მომიხადეს და სასამართლოს დარბაზიდან გამათავისუფლეს.
საქართველოში რომ ჩამოვედი, მართალია „ბეზპრედელი“ აღარ იყო, მაგრამ ქურდებს დასდევდნენ. ქურდული სამყაროს წევრობა დანაშაულად ითვლებოდა. 100%-იან გადამგდებს, ნაბოზარს, „დააკაჩავებდი“, გიჩივლებდა და „სროკი“ ზედ გქონდა. „ნაბოს“ მივაკითხე, ნარკოტიკი აღარ ჰქონდა, რაღაც სოკოს ნაყენს სვამდა და იმით იგვრიდა ჰალუცინაციებს. მოკლედ, ისევ გერმანიაში ვაპირებდი წასვლას, მაგრამ კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო, ხომ გაგიგია, ექიმო. კოჩეტკოვზე ბებიაჩემი ცხოვრობდა, იტალიურ ეზოში, ერთსართულიან სახლში. თავისი ფანჯრების წინ პატარა ბაღი გაიკეთა, ყვავილებს უვლიდა. ჰოდა, წასვლის წინ ბებიაჩემს მივაკითხე სანახავად. ეზოში შევედი, ვიღაც მარგლავს ბებიაჩემის ბაღს. გამიკვირდა, მივუახლოვდი და რას ვხედავ, სტიოპა. რომ დამინახა, ბაღის „სეტკას“ გადაევლო და გაიქცა. დავაძრე დანა და გამოვეკიდე. იმ შობელძაღლს, ბიბიაჩემის მეზობლად არ უქირავებია ბინა?! შევარდა სახლში და პურის დანის ქნევა დაიწყო. ეზოში, ონკანთან ტაშტი ეგდო, თავზე გადავიფარე და შუშაბანდში გადავუხტი. ორჯერ მომიქნია დანა, მაგრამ იღლიის ქვეშ რომ მიიღო ჩემი ამოქნეული „ყამა“, დანა ხელიდან გააგდო და მუხლებზე ჩაჯდა. ქურდი კაცი სიტყვას რომ იტყვის, უნდა შეასრულოს. თვალებში ჩავხედე, იქიდან ისევ სიკვდილი მიყურებდა. ყელი გამოვჭერი, მივაგდე და იქიდან „პლეტი“ მივეცი. საზღვარზე ამიყვანეს. მშვიდად გადავდიოდი. არ მეგონა, საქართველოში ასე მალე თუ რეაგირებდნენ დანაშაულზე.
ბოლოს წინასწარი დაკავების საკანში ვნახე „ნაბო“. ორივეს მკვლელობის მუხლით გვასამართლებდნენ, სასამართლოს ველოდებოდით. მე შეგნებული მქონდა ჩემი დანაშაული, ის „ახვარი“ „დავბრიდე“. „ნაბო“ კი, ვერ ხვდებოდა, რაზე დაიჭირეს, თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა.
– მართალია, მკურნალობის დროს პაციენტი შემომაკვდა, მაგრამ ასეთები ხშირად ხდება, ზიგმუნდ ფროიდსაც მოუვიდა ასეთი რამ, ნევროლოგიაში რომ მუშაობდაო.
– ზიგმუნდ ფროიდი როგორ დავიმახსოვრე? სახელი და გვარი ლამაზად ჟღერს და დამამახსოვრდა. ჰო, მერე ეგ „ნაბო“ აღარ გაუსამართლებიათ, ადვოკატმა „იჩალიჩა“, შიზოფრენია დაუდგინეს და საგიჟეთში გამოკეტეს.
***
– ბატონო გოგი, ვინ არის „ნაბო“, ამდენს რომ ყვები მასზე?
– „ნაბოს“ ვეძახდით, ზარიძე იყო გვარად. სახელი არ მახსოვს. მასზე რაც ვიცოდი, უკვე მოგიყევით. ისე, ბოლოს სასამართლოზე ვნახე „ნაბო“. მაშინ მე მოსამართლე ვიყავი, ის – ბრალდებული. მკვლელობის მუხლი ჰქონდა წაყენებული. შიზოფრენიის მკურნალობის რაღაც, თავისი მეთოდი ჰქონია შემუშავებული, პაციენტებს ნარკოტიკული თრობის ქვეშ ალაპარაკებდა. ფსიქიატრიაში ნარკოტიკის საშუალებით მკურნალობა რომ აიკრძალა, უფრო ღრმად შეუტოპია – შხამიანი სოკოს ნაყენის მიღებით გამოწვეული ჰალუცინაციური ბოდვის საშუალებით ცდილობდა ავადმყოფების განკურნებას. ერთი ავადმყოფი ალერგიული ყოფილა. ფილტვები შეშუპებია და დამხრჩვალა. არც თვითონ უარყოფდა პაციენტების შხამით მკურნალობას, უებარ საშუალებად მიიჩნევდა და თავის მეთოდს ამართლებდა, ამბობდა, უვნებელი წამალია, საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილიო. მომხდარს უბედურ შემთხვევად თვლიდა და თავს იმით იმართლებდა, რომ კარიერის დასაწყისში მის მასწავლებელს – ზიგმუნდ ფროიდსაც მოსვლია მსგავსი შემთხვევა.
პროკურორმა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა. შრომა-გასწორებით კოლონიაში მოხდით.
ადვოკატმა ფსიქიკური მდგომარეობის ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა. მე დავაკმაყოფილე ადვოკატის მოთხოვნა. ექსპერტიზამ „ნაბო“ შეურაცხადად სცნო. ფსიქიატრის ლიცენზია გაუუქმეს და თავისივე საავადმყოფოს პალატაში გამოკეტეს, მეორე სართულზე.
***
– გამარჯობა მამაო, მშვიდობა შენს გამოჩენას!
– ღმერთმა მშვიდობა მოგცეს!
– აი, იმ სავარძელზე დაბრძანდი, თორემ მაგ სკამს ფეხი მოტეხილი აქვს. აბა, დავიწყოთ, მამაო, „ბიტკოინების“ გამომუშავება გავიგე, იოლი ფულის შოვნის კიდევ რა მეთოდებს იყენებ?
– ყველაზე მარტივი ტრასაზე დგომაა. მანქანას გააჩერებ და გვერდით დადგები. მღვდლის დანახვაზე მანქანები აჩერებენ, დახმარებას გთავაზობენ. შენ შესჩივლებ, რომ ბენზინი გაგითავდა და საყიდელი ფულიც აღარ გაქვს. როგორც წესი, ფულს გაძლევენ და მიდიან. ზოგი 10 ლარს გიტოვებს, ზოგი 20-ს. ერთ საათში 200 ლარამდე შოულობ, მაგრამ იმ ადგილზე დიდხანს დგომა არ შეიძლება, თორემ ვინც ფული მოგცა, უკან რომ გამოიაროს და დაგინახოს, მიხვდება, რომ მოატყუე. ამისთვის მაგარი რამ მოვიფიქრე: ავტობანზე ვდგები, ცალმხრივზე, ისე, რომ „პროწივზე“ მომავალი ვერ მხედავდეს. ვთქვათ, გამოიარა და მომცა ფული. უკან თუ დაბრუნდება, წავა თავის გზაზე ისე, რომ ვერ დამინახავს, „კრუგებს“ ხომ არ დაარტყამს ჩემ გამოსაჭერად?! ჰო, გაცინო, ამას წინათ ტრასაზე ვდგავარ თბილისის შემოსასვლელში, „კარფურის“ პირდაპირ და ვიღაცამ „ოპელი“ გააჩერა. ვიფიქრე, ერთი 5 ლარს დატოვებს და წავა-მეთქი. ჩემზე „შებერტყილი“ გამოდგა, მოვიდა და მეუბნება:
- მამაო, შენთვის რომ იშოვი, იქნებ მიწილადო, გაჭირვებული ვარო! – არ მომშორდა. სანამ იქ იდგა, ეგონათ, მეხმარებოდა და კაციშვილმა არ გააჩერა მანქანა. მერე ვუთხარი,
– ოღონდ მომშორდი, რამდენი გინდა-მეთქი?!
– 20 ლარიო! ამოვიღე 20 ლარი და მივეცი, თამ მივაწყევლე:
– არამად გექცეს-მეთქი!
– ქურდის ქურდი ცხონდაო! დაჯდა მანქანაში და წავიდა. მაგის შიშით, იმ ადგილზე აღარ ვდგები.
ერთი კიდევ გადამეკიდა:
– გინდა თუ არა, „ბენზოკალონკამდე“ უნდა მიგიყვანოო! დამიდგა აღარ მშორდება. მოკლედ, თავისი გაიტანა, „ბუქსირზე“ ჩამიბა და „ბენზოკალონკაზე“ მიმიყვანა. არადა, „ბაკი“ სავსე მაქვს, ორი ლიტრი ჩაეტია და დანარჩენი უკან „ამოარწყია“. მუხლებზე დავეცი და ხელები მაღლა ავღმართე,
– გმადლობთ, ღმერთო, რომ შეისმინე ჩემი ვედრება და „ბაკი“ გამივსე-მეთქი! ის კაცი და „ზაპრავშჩიკი“ ისეთი თვალებით მიყურებდნენ, მგონი, მართლა დაიჯერეს სასწაული.
უფულობის დროს უებარი საშუალება შეკვეთილი წირვაა. მრევლიდან ერთგულ ადამიანს სთხოვ, რომ შეკვეთილ წირვას ატარებ და ხალხი შეგიგროვოს. რომ შეგროვდებიან, ჩამოუვლის და ფულს აკრეფს. ზოგი 10 ლარს დებს, ზოგი – 20-ს, ზოგიც – მეტს. წირვას სულ ერთი საათი სჭირდება. მინიმუმ, 200 ლარი გროვდება, ნაკლებად არ ჩავატარებ, ისე, ერთ საათში 200 ლარს რომელ სამსახურში იშოვი? ხშირად არის შემთხვევა, როცა პერსონალურ წირვას გიკვეთავენ, მივდივარ ჭირისუფალთან და ვეუბნები:
– 12 შეკვეთილი წირვა და მიცვალებულს სამოთხე გარანტირებული აქვს-მეთქი. ზოგი 24 წირვას გიკვეთავს. ალბათ, ჰგონიათ, მათი მკვდრი გაცოცხლდება და რომ არ ცოცხლდება, ჭკუას სწავლობენ, მაგრამ უკვე გვიანია. ერთ ოჯახში ქალმა მამა დამარხა. მოხუცი იყო, 80-ს გადაცილებული. ვხედავ, მიცვალებულის ცოლი რიგში დგას, დღეს-ხვალ გაჰყვება თავის ქმარს, მაგრამ ვიწუწკე, დღევანდელი კვერცხი ვარჩიე ხვალინდელ ქათამს და 24 შეკვეთილი წირვა ჩავუტარე, თითო 200 ლარად. ცოტა ხანში მართლაც მიჰყვა ცოლი ქმარს. გულში ვთქვი, ალბათ, ჭკუას ისწავლიდნენ და წირვებს აღარ შემიკვეთავენ-მეთქი. შენც არ მომიკვდე, ისევ 24 წირვა შემიკვეთეს. იმ ოჯახს 9 600 ლარი ორ თვეში ისე „ავახიე“, მადლობლები დარჩნენ. აბა, პირდაპირ რომ მეთხოვა, ხომ არ მომცემდნენ?!
კიდევ, ფულის შოვნის კარგი საშუალება მდიდარ ოჯახში შეღწევაა. ამისთვის მრევლს ვიყენებ. მრევლში ბევრია მოსამსახურე, ძიძა, მზარეული, რომლებიც მდიდარ ოჯახებში მუშაობენ. აღსარებაში ყველაფერს მიყვებიან იმ ოჯახების შესახებ. თან მეწუწუნებიან, ვიჩაგრებიო. მე ვეუბნები,
– იმ ოჯახის რომელიმე წევრი ჩემამდე მოიყვანე და ისე ვიზამ, რომ აღარ დაგჩაგრავენ-მეთქი. ისინიც მთელი შემართებით ცდილობენ, რომ ოჯახიდან ვინმე გადმოიბირონ და ჩემამდე მოიყვანონ. ჩემზე სასწაულებს უყვებიან, მაცხოვარს მადარებენ. უფრო ხშირად ოჯახის დიასახლისი მოჰყავთ. ჩვენ, მღვდლები ფსიქოლოგები ვართ. ჩვენამდე მოსული ადამიანი მზადაა ყოველივე შენი ირწმუნოს. შენ კი, იმედი არ უნდა გაუცრუო, ის უნდა უთხრა, რაც მას აწყობს. არავითარ შემთხვევაში პირდაპირ არ უნდა აზიარო, თორემ მის თვალში ფასს დაკარგავ. ჯერ უნდა ამარხულო, მერე რაღაც სასჯელები მოუგონო. ამ პერიოდში ის იხსენებს თავის ცოდვებს და აგროვებს, რომ აღსარების დროს ერთბაშად მოიშოროს და ამ დროს წამოსცდება ისეთი რამ, რასაც თავის თავსაც კი არ უმხელდა. ამის შემდეგ შენ ხდები არა მარტო მისი საიდუმლოს, არამედ მისი ჯიბის მფლობელიც. სთხოვე, რაც გინდა, აუცილებლად შეგისრულებს. ერთს ოჯახის მთელი ფული და ოქროულობა გამოვატანინე. ბოლოს გავწუწკდი და მოვთხოვე:
– შენს ქმარს უთხარი, 30.000 ლარი ბანკის ვალი მაქვს, ეგ ვალი დამიფაროს და ყოველთვე 1 000 ლარს გადავუხდი-მეთქი. ქმრისთვის რომ უთქვამს, ის დაეჭვებულა, ფულები გადაუთვლია და ცოლისთვის ანგარიში მოუთხოვია. იმ სულელსაც მიუცია. იმ ანგარიშში სულ ჩაწიკწიკებული ჰქონია: მამაოს ამდენი მივეცი, მამაოს იმდენი მივეცი. ქმარმა დამირეკა და დედის გინებით ამიკლო. არადა, ვიყავი გინების ღირსი? ერჩივნა, თავისი სულელი ცოლისთვის მიეხედა.
ჰო, კიდევ, იოლი ფულის შოვნა ბიზნესმენობითაც შეიძლება. მე სკოლის სახელმძღვანელოს ბიზნესი დავატრიალე. მრევლიდან შევკრიბე ფილოლოგი, დაწყებითი სკოლის მასწავლებელი და ერთიც „კომპიუტერშიკი“. ავიღეთ იაკობ გოგებაშვილის დედაენა და გავუკეთეთ რედაქტირება, მოვარგეთ დღევანდელ სკოლის მოთხოვნებს. დაკაბადონებული წიგნი სტამბაში მივიტანე და დიდი ტირაჟით დავაბეჭდინე. ფული არ გადავუხადე, სამაგიეროდ, სტამბა ვუკურთხე. იწუწუნეს, მაგრამ მერე შემეშვნენ. ჩამოვიარე სკოლები და დირექტორებს მოვთხოვე, რომ ჩემი წიგნი დამატებით სახელმძღვანელოდ შეეტანათ. ღმერთის სახელით ვთხოვდი და უარი არავის უთქვამს, I და II კლასის სახელმძღვანელო 40.000 ცალი გავყიდე, თითო 5 ლარად. ხარჯი არ მქონია, 200.000 ლარი სუფთა ჩავიდე ჯიბეში. მეორე წელს სხვა სტამბა „დავაბოლე“ და ასე დავდივარ სტამბიდან სტამბაში.
რაც ქურდები, ზოგი დაიჭირეს და ზოგიც უცხოეთში გადაიხვეწა, დაჩაგრული ადამიანები სამართალს რომ ვერ პოულობენ, საშველად ჩემთან მოდიან. მეც მივყვები საქმის გასარჩევად. როგორც წესი, მოვარიგებ და გასამრჯელოსაც ვიღებ. თუ გაჯიუტდებიან, ეგეც არ მეშლება, ისე დავწყევლი, იმისი გვარი ვერ გაიხარებს. მღვდლის წყევლის ძალიან ეშინიათ. თუ წყევლამაც არ გაჭრა, მის ოჯახს სატანის ბუდედ გამოვაცხადებ და დასარბევად მრევლს მივუსევ. ამდენი ფანატიკოსი რომ მიუცვივდება სატანის ბუდის ასაოხრებლად, მერე გაჯიუტდეს თუ ბიჭია.
„წამალში“ დევს კიდევ დიდი ფული. აქამდე „ნაბოს“ მივაკითხავდი ხოლმე, „წამლის“ პარტიას ვართმევდი, ნაწილს ჩემთვის გადავდებდი, ნაწილს ეკლესიებს ჩამოვუვლიდი და ნარკომან მამაოებში ვასაღებდი. „წამლის“ ჩვეულებრივ „ბარიგებთან“ შედარებით დიდი უპირატესობა მქონდა, ვერა „მშმონავდნენ“. ისე, მეც მაგრად „შევჯექი“ „დარმავოი“ „წამალზე“. თუმცა ამ ბოლოს, „ნაბოსთან“ რომ მივედი, „წამალი“ აღარ ჰქონდა, რაღაც შხამიანი სოკოს ნახარშით იგვრიდა ჰალუცინაციებს.
– ვა, როგორ დაღამებულა, უკვე 12 საათია, მე წავალ, ხვალ კვირაა, დილის წირვა მაქვს.
***
აი, დასრულდა ჩემი სამეცნიერო შრომა. შევძელი ყველაფერი ეთქვათ ჩემს პაციენტებს. მცირედიც კი არ დაეტოვებინათ გულში. წესით, უნდა გათავისუფლდნენ ცოდვებისგან, სრულყოფილების განცდა შეიგრძნონ. მეც მათთან ერთად ვხარობ. თითქოს აღსარება ჩამებარებინოს, ზიარება მიმეღოს, საამებლად სულისა და ხორცისა...
ლამარა მოფრატუნებს ჩემი კაბინეტისკენ, კარს აღებს, სინათლე თვალს მჭრის, თვალებზე ხელს ვიფარებ. არ მიყვარს სინათლე, ფარვანებით ივსება ოთახი. ლამარა მეუბნება, გეჩვენება, ამ ზამთარში პეპლებს რა უნდა, თანაც, ფანჯრებიც დაკეტილიაო! მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ შემოდიან, ჩემი თვალით ვხედავ მოფარფატე პეპლებს. ლამარა ხელისგულზე დადებულ აბს და ჭიქა წყალს მაწვდის, თან გამომცდელად მიყურებს, დავლევ თუ მოვისვრი წამალს. მორჩილად ვიღებ ხელისგულიდან აბს, პირში ვიდებ და ენისქვეშ ვათავსებ. წყალს ვაყოლებ, მაგრამ წამალს არ ვყლაპავ. ლამარა ჭიქას მართმევს, ძილი ნებისას მისურვებს და კარისკენ მიფრატუნებს. ეგეც შენ, ხომ მოგატყუე?! აბი პირიდან გამოვიღე, ძირს დავაგდე, ფეხი მივკარი და კარადის ქვეშ შევაგდე. საზიზღარი წამალია, რამდენჯერაც დავლიე, იმდენჯერ, იმ საღამოს ჩემი პაციენტები აღარ მოვიდნენ. მკურნალობა რომ დავიწყე, მაშინ, ხომ მთელი ოთხი თვით დაიკარგნენ.
დასასრული