№2 კუჭის ტკივილის მიზეზები
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
კუჭის ტკივილის მიზეზად სტრესი ან ნერვული გადაძაბვაც შეიძლება იქცეს. კუჭი ის ორგანოა, რომელიც სწრაფად რეაგირებს ყოველგვარ უსიამოვნებაზე, შიშსა თუ ემოციაზე, ნერვიულობასა თუ გაღიზიანებაზე. ერთი შეხედვით, სტრესსა და კუჭს შორის ასეთი მნიშვნელოვანი კავშირი, თითქოს, არ უნდა არსებობდეს, მაგრამ რეალურად ნერვული დაძაბულობისა და სტრესის დროს კუჭში დიდი რაოდენობით გამოიყოფა მარილმჟავა, იმავდროულად, მცირდება ლორწოს გამოთავისუფლება, ეს კი ხელს უწყობს კუჭის ლორწოვან გარსზე მცირე ზომის ეროზიების (ლორწოვანის დეფექტების) გაჩენას, რაც დისკომფორტსა და ტკივილს იწვევს. ასეთ დროს სასურველია, მიირთვათ მწვანე ჩაის ან გვირილის თბილი, თაფლშერეული ნაყენი, შეასრულოთ რამდენიმე მსუბუქი ვარჯიში, ღრმად ისუნთქოთ, იფიქროთ რაიმე სასიამოვნოზე და დაისვენოთ.
თუ შემთხვევით ვადაგასული, ამჟავებული ან სხვა მავნე პროდუქტი მიირთვით და კუჭი აგტკივდათ, ამასთან ერთად, გულისრევა, ღებინება, უმადობა, ზოგადი სისუსტე, ტემპერატურის მომატება, გაძლიერებული წყურვილი, მთელ მუცლის არეში უსიამოვნო შეგრძნება და სხვა სიმპტომები გაწუხებთ, აუცილებლად დალიეთ კალიუმის პერმანგანატის სუსტი ხსნარი და გამოიწვიეთ ღებინება, რათა კუჭი მავნე შიგთავსისგან დაიცალოს. თუ ნაღვლის წვენიც ამოაღებინეთ ან ტემპერატურამ 37,5-38 გრადუსს გადააჭარბა, აუცილებლად გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.
თუ დიდი რაოდენობით საკვების მიღების შემდეგ (განსაკუთრებით – ძილის წინ) კუჭი აგტკივდათ, არ გაგიკვირდეთ – ის ასეთ დროს განტვირთვას ლამობს, იკუმშება და ტკივილსაც ამიტომ განიცდით. ტკივილის შესამცირებლად ნახევრად წამოწოლილმა საათის ისრის მიმართულებით მსუბუქად დაიზილეთ მუცელი. ნუ დაიძაბებით – ეს უფრო მეტად გააძლიერებს ტკივილს. საერთოდ კი, უმჯობესია, მცირე ულუფებით და ხშირ-ხშირად იკვებოთ, თავი აარიდოთ გადაძღომას, საღამოს კი საკვები დაძინებამდე, მინიმუმ, ოთხი საათით ადრე მიირთვათ.
კუჭის ტკივილის მიზეზი ხშირად ამა თუ იმ მედიკამენტის მიღებაა. პრეპარატების უმრავლესობა აზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს. ზოგიერთი მათგანის ხანგრძლივი მიღება კი ლორწოვანის ანთებასა და მასზე ეროზიების გაჩენას განაპირობებს. ამიტომ დაუშვებელია ამა თუ იმ მედიკამენტით მკურნალობა ექიმთან კონსულტაციის გარეშე, მით უმეტეს, როდესაც კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის პრობლემები გაწუხებთ.
პიტნის წვეთები კარგია კუჭის აშლილობის, ჯუჭ-ნაწლავის სპაზმების, კუჭში უსიამოვნო შეგრძნებისა და გულისრევის დროს.
კუჭის არეში ტკივილის დროს კარგია შაქრის ნატეხზე დაწვეთებული ორი ან ოთხი წვეთი აფთიაქში ნაყიდი „პიტნის წვეთები“.
დასალევი პიტრის ნაყენი კი შემდეგნაირად მზადდება: 2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ პიტნის ფოთოლს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. გაწურეთ, დაატკბეთ და დალიეთ ყლუპ-ყლუპობით მთელი დღის განმავლობაში.
კუჭის ტკივილის მოსახსნელად ეფექტურია კოთხუჯის ფესვი. კოთხუჯის ღვინის მოსამზადებლად აიღეთ 100 გრამი ახალამოღებული ფესვი, კარგად გარეცხეთ, რაც შეიძლება, წვრილად დააქუცმაცეთ და დაასხით ერთი ლიტრი ნატურალური თეთრი ღვინო. მჭიდროდ დაახურეთ თავზე და ოთახის ტემპერატურაზე 14 დღე სიბნელეში გააჩერეთ. ამის შემდეგ გადაწურეთ და ჭამამდე 30 წუთით ადრე ყლუპობით მიირთვით. დღეში დაახლოებით 10-12 ყლუპი უნდა დალიოთ, ასე რომ, საკვების მიღების რეჟიმის მიხედვით ერთ ჯერზე მისაღები ოდენობა თავად განსაზღვრეთ.
კუჭის ტკივილის დროს რეკომენდებულია კამაც. აიღეთ 2 სადილის კოვზი წვრილად დაჭრილი კამა (შეიძლება, ქორფაც და გამხმარიც), კარგად გასრისეთ სადილის კოვზით, დაამატეთ ერთი ჩაის კოვზი შაქარი, დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და შეგრილებისთანავე გადაწურეთ. მიიღეთ ერთი ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.