№2 ჭეშმარიტების გზაზე
ზნეობრივი საბუთი
სულის უკვდავებისთვის ყველაზე მაღალი და უკეთესი ზნეობრივი საბუთია, რომელიც ამქვეყნიური ადამიანური ცხოვრების მიმართების განხილვიდანაა აღებული.
გონების დიდი ძალისხმევა და დაკვირვებულობა არ სჭირდება იმის შემჩნევას, რომ ადამიანის ამქვეყნიური ცხოვრება უცვლელი ღვთიური სიმართლის ზნეობრივ კანონთან მრავალ შეუსაბამობას ამჟღავნებს. ბევრი რომ არ გავაგრძელო, საკმარისია ვთქვათ, რომ ამქვეყნად ძალზე ხშირად (უმეტესწილადაც კი) სიკეთე ჯილდოს ვერ იმკის, ბოროტება კი – სასჯელს; ზნეობრივი მიმართებით ღირსეული ბევრი ადამიანი ხშირად დაჩაგრული და ნუგეშს მოკლებულია, ბოროტი და უკეთური კი სრული კეთილდღეობით ტკბება. ყველა სწორად და მიუკერძოებლად მოაზროვნე ხვდება, რომ ასეთი წესრიგი არაბუნებრივია, შესაძლოა, დროებითიც; რომ უნდა დადგეს დრო, როდესაც უპირობო ზნეობრივი სიმართლე სრულიად დამკვიდრდება: ეს კი მხოლოდ სულის უკვდავების შემთხვევაშია შესაძლებელი.
თუ სამყაროს ფიზიკურ განხილვას ადამიანი ღმერთამდე – უბრძენეს შემოქმედამდე და კეთილ გამგებლამდე მიჰყავს, იგივე განხილვა იმასაც გვისაბუთებს, რომ მთელ ფიზიკურ სამყაროს ღმერთი განაგებს; მით უმეტეს, უნდა დავუშვათ, რომ ზნეობრივი სამყაროს შემოქმედმა და გამგებელმა ამქვეყნიური ცხოვრების ზნეობრივი შეუსაბამობა მომავალი ჯეროვანი ზღვევით უნდა გაასწოროს.
ადამიანის მნიშვნელობის შესახებ
თუ ადამიანის სული უკვდავია და თუ მას, თავისი არსის მიხედვით, განუწყვეტელი სრულყოფის უნარი შესწევს, აქედან ადვილად შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა ადამიანის დანიშნულების შესახებ. მისი დანიშნულება, უეჭველად, სწორედ ისაა, რომ თავად განუწყვეტლივ და უსასრულოდ სრულყოფილდებოდეს როგორც გონებრივი, ისე (განსაკუთრებით) ზნეობრივი მიმართულებით. ამ მანუგეშებელ ჭეშმარიტებას, რომელზეც ჩვენს გონებას შეუძლია, მხოლოდ იმკითხაოს, საკმარისად ხსნის და უდავოდ ასაბუთებს ქრისტიანული რწმენა. ის ღვთიურ გამოცხადებას ეყრდნობა და გვასწავლის, რომ ადამიანი მთელი თავისი შემადგენლობით, ანუ სულითა და სხეულით, მისი ამქვეყნიური დამსახურების შესატყვისი მარადიული ცხოვრებისთვისაა შექმნილი. ის შთაგვაგონებს, რომ ამქვეყნიური ცხოვრება მხოლოდ შემზადებაა მომავალი მარადიული ცხოვრებისთვის. ვინც მთელი ცხოვრების განმავლობაში სული სიკეთეს აზიარა, ის მომავალ ცხოვრებაშიც იპოვის უმაღლეს ჯილდოს იმავე სიკეთეში. მაგრამ ვისი სულიც ბოროტებით განიმსჭვალა, მისთვის სასჯელი იმქვეყნად თავად ბოროტება იქნება. მაგრამ ეს მაღალი აზრი, რომელსაც გამოცხადება შთაგვაგონებს, საოცრად შეესატყვისება იმ შედეგებს, რომელსაც ფსიქოლოგი სულის ბუნებასა და თვისებაზე დაკვირვებისა და შესწავლის გზით აღწევს.
წმიდა მღვდელმთავარი
გაბრიელი (ქიქოძე)