№2 მნიშვნელოვანი დეტალები
ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე
ურთიერთობაში გაუგებრობები სავსებით ბუნებრივია. იქნება თუ არა ბედნიერი და წარმატებული ქორწინება, ეს მხოლოდ იმ ორ ადამიანზეა დამოკიდებული, ვინც ოჯახს ქმნის. სწორედ მათი გადასაწყვეტია, ადვილად დანებდნენ თუ იმუშაონ საკუთარ თავზე და იზრუნონ პრობლემების მოგვარებაზე. რა თქმა უნდა, უფრო მარტივია, ადვილად დანებდე და ურთიერთობა დაასრულო. ბევრად რთულია საკუთარ თავზე მუშაობა, რაიმეს შეცვლა უკეთესობისკენ და სიყვარულისთვის ბრძოლა. თუ მტკიცედ გაქვთ გადაწყვეტილი ერთად ყოფნა, დამსახურებულ ბედნიერებასაც აუცილებლად მიიღებთ.
დავიწყოთ კრიტიკით. რეალობა ისაა, რომ ყველას არ შეუძლია კრიტიკის ატანა, განსაკუთრებით, თუ ის პირდაპირია, ასოცირდება თავდასხმასთან და ურთიერთობაში შესაძლოა, დიდი პრობლემის მიზეზი გახდეს. როცა შენს მეუღლეს აკრიტიკებ, ამით ცდილობ, თქვა, რომ ის რაღაცას არასწორად აკეთებს. სიტყვების – „შენ ყოველთვის“ ან „შენ არასდროს“ – გამოყენება შეცდომაა და დადებითი შედეგი არ მოაქვს, რადგან თქვენს პარტნიორში თავდაცვის ინსტინქტი იღვიძებს. გამოსავალი კონკრეტულ მაგალითზე მითითებაა და არა პიროვნულ თავისებურებებზე თავდასხმა.
ალბათ, ბევრს ჰქონია მომენტი, როცა პარტნიორს არ მოუსმენია ჩვენთვის, მით უმეტეს, არ მოუსურვებია პრობლემის გადაჭრა, თითქოს ეს მას სულაც არ ეხებოდა. სხვათა შორის, კაცების 80 პროცენტი სწორედ ასე იქცევა. თუმცა, ეს მხოლოდ პოზაა – თითქოს მათ არაფერი აღელვებდეთ, მაგრამ ეს ასე სულაც არ არის. მნიშვნელოვანია, კარგად განსაზღვროთ, როდისაა თქვენი მეუღლე ემოციურად გაუწონასწორებელი და ამ დროს არ დააძალოთ საუბარი. პრობლემის განსახილველად სწორი დრო და სიტუაცია უნდა შეარჩიოთ, როცა ორივე უფრო მშვიდად იქნებით.
ქალების 70 პროცენტი აღიარებს, რომ მოსწონთ, როცა მუდმივ პარტნიორთან ერთად სხვა თაყვანისმცემლებიც ჰყავთ. შესაძლოა, ეს სავსებით ნორმალური იყოს, მაგრამ თქვენი გრძნობები მუდმივად უნდა აკონტროლოთ. ყოველთვის გააცნობიერეთ, რას აკეთებთ. როცა რაიმეში ეჭვი გეპარებათ, არ ჩაიკეტოთ საკუთარ თავში. ურთიერთობაში ნდობა ყველაზე მნიშვნელოვანია.
უპატივცემულობა, რომელიც შესაძლოა, სარკაზმში, მიმიკებში, იუმორში გამომჟღავნდეს, ბოლოს ყველანაირ ურთიერთობას ანადგურებს.
უნდა ისწავლოთ, რომ რაც უფრო პოზიტიური ხართ, მით ნაკლებად გამოხატავთ უპატივცემულობას. დიახ, მძიმეა საკუთარ თავზე მუშაობა, მაგრამ თქვენმა პარტნიორმა სიყვარული უნდა დაინახოს და არა აგრესია.
ქაოსი ყოველდღიურობაში, ფინანსები, პრობლემური თანამშრომელი – ყველაფერი ეს, ერთად, თქვენი მდგომარეობიდან გამოსვლის მიზეზი ხდება და შესაძლოა იმ ეტაპამდეც კი მიხვიდეთ, რომ უბრალოდ, გაწყვიტოთ ურთიერთობა. ეს ეტაპი არც ისე შორსაა და ნებისმიერ დროს შეიძლება დადგეს. ამიტომ, არ დაგავიწყდეთ, რომ პრობლემები თქვენი ცხოვრების ნაწილია და ყველაფერი დროებითია. ქორწინება მხოლოდ სიხარულისა და ბედნიერების გაზიარება არაა, არამედ პრობლემებისაც. ჩვენ, ბოლოს და ბოლოს, ვაცნობიერებთ იმ ფაქტს, რომ ვერასდროს გადავჭრით სხვა პრობლემებს, თუ არ მოვიპოვებთ სიმშვიდეს თანაცხოვრებისას.
ყველა ამ ეტაპის გადალახვის შემდეგ, თქვენ ერთად მშვენივრად იგრძნობთ თავს – გექნებათ ერთმანეთთან შეთანხმების თქვენეული ფორმა. ამ დროს უკვე გეცოდინებათ, როგორ მოაგვაროთ პრობლემები ერთად და არ გაექცეთ მათ.
დიახ, ქორწინება არც ისე ადვილია, მაგრამ იამაყეთ გადალახული დაბრკოლებებით. რაც მთავარია, ერთად ხომ კარგად ხართ.
რეალური მიზეზი
იქნებ არასდროს დაფიქრებულხართ ამაზე, მაგრამ ღალატი მარტო იმათი ხვედრი არ არის, ვისაც ურთიერთობაში არ გაუმართლებს. დავიწყოთ იმით, რომ იდეალური ურთიერთობა არ არსებობს. შესაძლოა, ადამიანმა ბევრი ილაპარაკოს მის იდეალურ ქორწინებაზე, თავის არაჩვეულებრივ პარტნიორზე, რომელიც უსიტყვოდ უგებს მას, მაგრამ ეს ტყუილია. ის მოსაზრებაც მცდარია, რომ ურთიერთობაში ბედნიერი ადამიანები ღალატზე არ ფიქრობენ. ღალატის რეალური მიზეზები უფრო ღრმაა და სპეციალისტები მათ პუნქტებად ყოფენ.
* ღალატზე ფიქრს იწყებენ, როცა საკუთარი სექსუალურობის დამტკიცება სურთ. ეს არის არასრულფასოვნების კომპლექსის ერთ-ერთი გამოვლინება, რომელიც მოტივად გადაქცეული ხშირად უბიძგებს ადამიანებს ღალატისკენ, მით უფრო, ურთიერთობის დასაწყისში. დიახ, შესაძლოა პარტნიორი შეუდარებლად მიგიჩნევთ, მაგრამ კიდევ გინდათ ვინმესგან ამის მოსმენა;
* არის შემთხვევები, როცა იცით, რომ ყველაფერი კარგად გაქვთ. თითქმის დარწმუნებული ხართ, რომ ის არ გიღალატებთ. მაგრამ ფიქრობთ, რომ ვნება სადღაც გაქრა. გენატრებათ უფრო დიდხანს კოცნიდეთ პარტნიორს, კვლავ ეფლირტავოთ მას. თუ ამას გრძნობთ, ღალატამდე სანამ მიხვალთ, დაელაპარაკეთ. პირდაპირ უთხრათ, რომ მეტი გინდათ. მაშინ, არც გვერდით გახედვა მოგიწევთ;
* თუ ურთიერთობაში ერთმანეთი ამოწურეთ, საქმე ცუდადაა. ეს ღალატის ყველაზე საწყენი და გულწრფელი მოტივია. თქვენ ქორწინება მოგწონდათ, ახლა კი თითქოს ცალ-ცალკე ვითარდებით. ერთმანეთის აღარ გესმით და ცალ-ცალკე პოულობთ სიხარულს. დროა, ერთმანეთს გაეყაროთ. თუმცა, ამის გაკეთება, რა თქმა უნდა, ღალატის გარეშე სჯობს;
* ხანდახან ღალატის მიზეზი ძველი ტრავმა და მარტო დარჩენის შიში ხდება. ანუ, თუ მან ოდესმე გიღალატათ, მსხვერპლის როლის თამაში ერთხელაც აუცილებლად მოგბეზრდებათ და ანგარიშის გათანაბრების სურვილი გაგიჩნდებათ. ამ შემთხვევაში, ფსიქოთერაპიის კურსი დაგეხმარებათ.