№2 როგორ მიითვისა ექვთიმე თაყაიშვილმა იმერეთის მეფის, სოლომონ პირველის „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერი
ნინო კანდელაკი ეკა პატარაია
„...დამმარხეთ სულ უბრალოდ, არც გვირგვინები, არც სიტყვა, ხოლო ვინაიდან მე ქრისტიანულ წესზე ვარ აღზრდილი, მინდა ქრისტიანულად დავიმარხო მღვდლის დასწრებით. ნინოს და ჩემი სასაფლაო სამუდამოდ ნაყიდია. ქაღალდი ამ ანდერძთან ინახება. ეხლანდელი ნინოს ძეგლი შეგიძლიათ, ვინმე ჩვენს თანამემამულეს მოახმაროთ, ხოლო ჩვენ გამძლე ქვის ძეგლი დაგვიდგათ წარწერით: Consession a perpetuite და შემდეგ: პროფესორი ექვთიმე თაყაიშვილი (1863-19––) და ნინო თაყაიშვილისა (1873-1931). სახელები ფრანგულადაც უნდა იყოს. თუ მოხერხდეს და ნება დაგრთონ, ცოტა მოზრდილი დაფნის ნერგები ჩარგით ოთხივე კუთხის ძეგლისა...“ – ეს ექვთიმე თაყაიშვილის 1943 წელს ლევილში შედგენილი ანდერძია. მისი დღიურები, უპირველესად, მისმა საქმეებმა დაწერა. ქვეყნის მოამაგე, ერის ღვთისკაცად წოდებული მთელი ცხოვრება უცხოეთში მიმოფანტული საქართველოს საგანძურის, უძველესი ხელნაწერების შეგროვებასა და მის საქართველოში დაბრუნებაზე იღვწოდა. მოდი, ერთად გადავავლოთ თვალი ამ შესანიშნავ ჩანაწერებს.
„ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერი და ექვთიმე თაყაიშვილი
1879 წელს ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ჯგუფი „ვეფხისტყაოსნის“ ახალი გამოცემისთვის სამზადისს შეუდგა და გაზეთ „დროებაში“ გამოაცხადა: ვისაც „ვეფხისტყაოსნის“ ძველი ხელნაწერი გაქვთ, დროებით ათხოვეთ პოემის ტექსტის დამდგენ კომისიასო. კომისიაში შემოსულ ხელნაწერთა შორის იყო იმერეთის მეფის, სოლომონ პირველის დავალებით შესრულებული ხელნაწერიც. მისი იმჟამინდელი პატრონი გახლდათ პელაგია გურიელი-წერეთლისა, რომელსაც ხელნაწერი მემკვიდრეობით რგებია. როცა კომისიამ მუშაობა დაამთავრა, ხსენებული ხელნაწერი პატრონს დაუბრუნა. ქალბატონ პელაგიას გარდაცვალების შემდეგ „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერს ახალი პატრონი გაუჩნდა – გიგო წერეთელი... დროთა განმავლობაში წიგნს ყდა შემოაცვდა და დაიფურცლა. ამიტომ გიგო წერეთლის ვაჟებმა თბილისში წაიღეს ყდის გასაკეთებლად. ძმებმა ხელნაწერი ხავერდის ყდაში ჩაასმევინეს, მაგრამ სახელოსნოდან მობრუნებულებს „ვეფხისტყაოსანი“ ეტლში დარჩათ. წიგნის მპოვნელს უნდოდა ხელნაწერი ექვთიმე თაყაიშვილისათვის მიეყიდა, რადგან იცოდა, რომ იგი უძველეს ხელნაწერებს აგროვებდა, მაგრამ ექვთიმე ქალაქში არ აღმოჩნდა. ამიტომ ხელნაწერი ცნობილ მეწარმეს დავით სარაჯიშვილს მიუტანა. სარაჯიშვილმა ხელნაწერი იყიდა. ერთხელ დავით სარაჯიშვილს ექვთიმე თაყაიშვილი ესტუმრა. მასპინძელმა მეცნიერს ხელნაწერი აჩვენა: აი, საშენო ხელნაწერიო.
– ამას შინ წავიღებ და გულმოდგინედ შევისწავლიო, – განუცხადა ქართულ ხელნაწერებზე თავგადაკლულმა მეცნიერმა. ეს თაყაიშვილის ჩვეული ფანდი იყო, იგი ხელნაწერს ინათხოვრებდა ხოლმე, დიდხანს დაიტოვებდა და პატრონს აიძულებდა, მუზეუმისთვის ან საჩუქრად შეეწირა ან მიეყიდა.
– წაიღე, ოღონდ მალე დამიბრუნე, – უთხრა სარაჯიშვილმა.
ექვთიმე თაყაიშვილმა ახლაც თავისი ფანდი იხმარა – დიდხანს არ დაუბრუნა წიგნი პატრონს. სარაჯიშვილმა რამდენჯერმე მოიკითხა თავისი წიგნი. თაყაიშვილი ეუბნებოდა, კვლევა ჯერ არ დამიმთავრებიაო. ამასობაში, სარაჯიშვილი საზღვარგარეთ წავიდა. სამშობლოში დაბრუნებულმა წიგნი ისევ მოიკითხა.
– ხელნაწერი შენი სახელით შევწირე წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასო, – უპასუხა ექვთიმე თაყაიშვილმა და აჩვენა ხელნაწერთა აღწერების ტომი, სადაც „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერი დავით სარაჯიშვილის სახელით იყო შეტანილი. გავიდა დრო. ერთ დღეს ექვთიმე თაყაიშვილს ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი სასიამოვნო შესახედაობის ორი ახალგაზრდა ესტუმრა.
– რა გნებავთო? – ჰკითხა მათ ექვთიმემ.
– ჩვენ ძმები წერეთლები ვართ. მემკვიდრეობით გვერგო „ვეფხისტყაოსნის“ ძველი ხელნაწერი. ერთხელ თბილისში ჩამოვიტანეთ, ხავერდის ყდაში ჩავსვით, მაგრამ ეტლში დაგვრჩა და დაგვეკარგა. როგორც გვითხრეს, ყოველნაირი ხელნაწერი, თურმე, თქვენთან მოაქვთ და ჩვენი ხელნაწერი ხომ არ მოუტანიათო?
– ეს ხელნაწერი ჩვენს მუზეუმშია, მაგრამ იგი მპოვნელისაგან სხვამ იყიდა, შემოსწირა მუზეუმს და ახლა საზოგადოების საკუთრებააო. წერეთლებს გაუხარდათ, წიგნი არ დაკარგულაო, და თაყაიშვილს სთხოვეს: წიგნი გვათხოვეთ, დედას ვაჩვენებთ და უკანვე დაგიბრუნებთო. ექვთიმე თაყაიშვილმა უარი ვერ უთხრა ძმებს. ხელნაწერი მისცა, მხოლოდ პატიოსანი სიტყვა ჩამოართვა, რომ აუცილებლად დააბრუნებდნენ. გავიდა საკმაო დრო, მაგრამ წერეთლებმა ხელნაწერი არ დააბრუნეს. ექვთიმე შეშფოთდა. ზოგი მისი ნაცნობი ცეცხლზე ნავთს ასხამდა: არ უნდა გაგეტანებინა, ეს რა გიქნიაო. იმხანად საჩხერეში ერთ-ერთ ეზოში უძველესი სამარხი აღმოჩნდა და ექვთიმე თაყაიშვილი მის გასათხრელად გაემგზავრა. იქ შემთხვევით შეხვდა ძმებ წერეთლებს და უსაყვედურა. ძმები ძალიან შეწუხდნენ, ბოდიში მოიხადეს დაგვიანების გამო და უთხრეს: ერთ კვირაში ჩავიტანთ ხელნაწერს თბილისშიო. მართლაც, მათ დაპირება პირნათლად შეასრულეს. ამჟამად „ვეფხისტყაოსნის“ ეს ხელნაწერი ხელნაწერთა ინსტიტუტის ფონდშია დაცული.
(ფილოლოგი, კრიტიკოსი, მეცნიერებათა დოქტორი – ზურაბ ჭუმბურიძე)
...საქართველოს კომპარტიის პირველი მდივანი მაშინ კანდიდ ჩარკვიანი იყო – განათლებული, ღრმად ერუდირებული პიროვნება, რომელმაც მეცნიერების ფასი იცოდა. ის ასე იგონებს ექვთიმეს თბილისში დაბრუნების ფაქტს: „ექვთიმე თაყაიშვილი ჩამოვიყვანეთ ომის დამთავრებამდე, 1945 წლის გაზაფხულზე. ეს საკითხი უშუალოდ სტალინისაგან მომდინარეობდა… მე ვიცნობდი ექვთიმეს ნაშრომებს და ვიცოდი, თუ რას წარმოადგენდა ის ქართული მეცნიერებისა და კულტურისათვის. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ყოფილა (წყარო: militarium.org)... ექვთიმე თაყაიშვილი ჩამოვიდა თუ არა, მე მივიღე ზომები, რომ კარგად მოგვეწყო. ჯერ ერთი, გამოვარკვიეთ, თუ ჰყავდა ნათესავები აქ. იყო მისი დისშვილი. ექვთიმემ დააყენა საკითხი, რომ ეცხოვრა მასთან ახლოს. მათ ისეთი ბინა არ ჰქონდათ, რომ ექვთიმე მიეღოთ და ერთად ეცხოვრათ. დავავალე თბილისის საბჭოს და მოახერხეს ისე, რომ გაათავისუფლეს ორი ოთახი ექვთიმეს დის ოჯახის გვერდით ისე, რომ შეეძლოთ ბინების გაერთიანება. ექვთიმეს სიარული უჭირდა, ბავშვობიდან კოჭლობდა, ამიტომ მანქანა მივეცით მძღოლით“.
1945 წლის 26 აპრილს საქართველოს სსრ განათლების სახალხო კომისრის ვიქტორ კუპრაძის ბრძანებით, ექვთიმე თაყაიშვილი 1945 წლის 15 აპრილიდან დაინიშნა თბილისის სტალინის სახელობის უნივერსიტეტის ისტორიის კათედრის პროფესორად, თვეში 2000 მანეთი ხელფასით (არქივი, 11). აქვეა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს ნიკო მუსხელიშვილის პირადი წერილიც, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილს ატყობინებს, რომ ის 1946 წლის 28 დეკემბერს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სხდომის მიერ არჩეულია აკადემიის ნამდვილ წევრად (არქივი, 12). აქედან გამომდინარე – აკადემიკოსის სარგოთი და თანდართული პრივილეგიებით. ეს ყველაფერი დაგვირგვინდა უმაღლესი საატესტაციო კომისიის 1949 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით, რომელმაც ექვთიმე თაყაიშვილს დაცვის გარეშე მიანიჭა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი და პროფესორის წოდება... ყველა ზემომოტანილი დადგენილება, გადაწყვეტილება, ბრაძანება გარკვეულწილად ამყარებდა ექვთიმეს მატერიალურ შესაძლებლობებს და ის სარგებლობდა იმ სიკეთეებით, რასაც ფლობდა ომის შემდგომი პერიოდის საქართველოს ელიტარული ინტელიგენცია – მას ჰქონდა ბინა ქალაქის ცენტრში, ემსახურებოდა ავტომანქანა მძღოლით, ჰქონდა მაღალი სახელფასო ანაზღაურება. გარკვეულწილად შემოქმედებითი შრომისთვის ჩინებული პირობები შეიქმნა. ამანაც უზრუნველყო ექვთიმე თაყაიშვილის მეტად მაღალი შემოქმედებითი შედეგები საქართველოში დაბრუნების შემდეგ. ამას ის ვერ შეძლებდა, თუკი მას ამის პირობებს არ შეუქნიდნენ, რადგან ღრმად მოხუც მეცნიერს უკვე გადაადგილებაც კი უჭირდა. როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი აკადემიკოსი ნიკო კეცხოველი იგონებს, ექვთიმეს პირადად უთხოვია მისთვის ახალგაზრდა თანაშემწის შერჩევა და დანიშვნა, რომ თავისი მდიდარი აკადემიური მემკვიდრეობა წესრიგში მოეყვანა, დასაბეჭდად გაემზადებინა. ნიკო კეცხოველი იგონებს: „ამ ამბავმა ფრიად შემაფიქრიანა, თანამშრომლის მონახვა ბევრისა შეიძლებოდა, მაგრამ საქმე ისაა, რომ მრავალი პირობის გათვალისწინება იყო საჭირო. სახელდობრ: თანამშრომელი უნდა ყოფილიყო ღრმად განათლებული, იგი ჩახედული უნდა ყოფილიყო არა მარტო არქეოლოგიისა და ისტორიის საკითხებში, არამედ მთელ ჩვენს ცხოვრებაში, უნდა ყოფილიყო დინჯი, თავშეკავებული, რომ 90 წლის მოხუცის სურვილები დაეკმაყოფილებინა, მისი ნათქვამი წინასწარ გადაერჩია, ცხავში გაეტარებინა და ხალასი დაეტოვებინა. არც თავი დაეზოგა და არც დრო“. ასეთ თანამშრომლად შეირჩა მომავალში ცნობილი არქეოლოგი გიორგი ლომთათიძე, რომელმაც, მართლაც ღირსეულად შეასრულა მამულიშვილური მოვალეობა. ის ერთგულად თანამშრომლობდა ექვთიმესთან და არა მარტო სამეცნიერო საქმეებით იყო დაკავებული, არამედ ომის შემდგომი ყოფის პრობლემებსაც უგვარებდა – სწორედ მას ავალებდა ექვთიმე თავისი მატერიალური პრობლემების, გათბობისა თუ კვების გადაუდებელი საკითხების მოწესრიგებას. მაგრამ მთავარი ის არის, რომ ბატონმა გიორგი ლომთათიძემ მეცნიერის სკრუპულოზურობით შემოინახა ექვთიმესთან სამეცნიერო მუშაობის თითქმის ყოველდღიური მატიანე, რომელიც მოგვიანებით ცალკე წიგნად გამოაქვეყნა. ამ წიგნში არის უზარმაზარი მასალა ექვთიმე თაყაიშვილის, როგორც მეცნიერისა და მოაზროვნის „სამზარეულოს“ გასაცნობად, არის მასალა მისი ყოველდღიური ცხოვრების შესახებ – საინტერესო მოგონებები მის ოჯახში გამართულ წვეულებებზე, საინტერესო შეხვედრებსა და ასე შემდეგ. სანამ კიდევ სიარული შეეძლო და მანქანა ემსახურებოდა, ექვთიმემ დაათვალიერა „სოციალისტური” თბილისი, მოინახულა მისი შემოგარენი. ის აღფრთოვანებით წერდა: „პირდაპირ ზღაპრულად გარდაქმნილი და გამშვენებული დამხვდა თბილისი, რომ ჩამოვედი. მარტო სტალინის სახელობის სანაპირო, მისივე სახელობის პარკი, ყოფილი თავისუფლების მოედანი (ქარვასლა რომ დაუნგრევიათ და გაუფართოებიათ) და კომკავშირის ხეივანი რად ღირს? სანაპიროს ადგილას ხომ აშმორებული სანაგვე-წუმპეები დავტოვე, როცა მივდიოდი! მთაწმინდის თხემიდან გადმოხედვას არაფერი შეედრება! არსად მსოფლიოში ასეთი ლამაზი ქალაქი არ მოიძებნება, პარიზში არაფერი ამის მსგავსი არ არის…“ (თაყაიშვილი, 174)... საქმე ის არის, რომ ექვთიმე საქართველოდან წავიდა 1921 წელს, სრულიად სხვა სამყაროდან, საკმაოდ დიდი დრო დაჰყო საფრანგეთში – დემოკრატიულ ქვეყანაში ტრადიციული დემოკრატიული ღირებულებებით, რომელიც მისთვისაც მსოფლმხედველობის საფუძველი იყო. ის კი დაბრუნდა ტოტალიტარულ საქართველოში, პიროვნების კულტის ზეობის ხანაში.
სტალინის წინადადებით დაიწყო მოძრაობა საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების საქართველოში დასაბრუნებლად. პარიზის საბჭოთა საელჩოს მეორე მდივანს ილია თავაძეს ეს ამოცანა დაევალა და დაახლოებით, 30 ემიგრანტი, მათ შორის ცნობილი სოციალისტ-ფედერალისტი სამსონ ფირცხალავაც, სამშობლოში დაბრუნდა. პირველ ხანებში მათ ცხოვრების გარკვეული პირობები შეექმნათ, მაგრამ საქართველოს ხელმძღვანელობის შეცვლის შემდეგ, როცა რუხაძემ დაიწყო „წმენდა“ და შემოწმებების კორიანეტელი, ისინი რეპრესიის მსხვერპლნი აღმოჩნდნენ. შეიძლება, ამ „ანტიემიგრაციულ“ ფსიქოზს დავუკავშიროთ ის უსამართლო დამოკიდებულება, რაც მხცოვანმა მეცნიერმა განიცადა. შეიძლება, ისიც ვივარაუდოთ, რომ 50-იანი წლებისათვის საბჭოთა სპეცსამსახურებისათვის დოკუმენტურად დადასტურდებოდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელების აქტიური თანამშრომლობა ფაშისტური გერმანიის ლიდერებთან, რაც, რა თქმა უნდა, მკვეთრად უარყოფითად იქნებოდა შეფასებული და ექვთიმე, როგორც ამ პარტიის ყოფილი წევრი, გარკვეული დარტყმის ქვეშ აღმოჩნდებოდა. შეიძლება, ამის გამო მოხდა ის, რომ ექვთიმე თაყაიშვილის კადრების აღრიცხვის პირადი ფურცლიდან გაქრა პარტიულ კუთვნილებაზე რაიმე მინიშნება.
კანდიდ ჩარკვიანი ასე აღწერს ექვთიმესა და რუხაძის ურთიერთობას: „ჯერ ეს ერთი, მოუთხოვია, რომ ის მისულიყო შინაგან საქმეთა სამინისტროში. ეს მისთვის დიდ სიძნელეს წარმოადგენდა, მაგრამ იმდენად ურცხვი იყო რუხაძე, რომ უთქვამს, მოვიდეს ჩემთანო… დაიწყო გამოძახება, შევიწროება, მიუჩინა ვიღაც ინფორმატორები”. ასეთი დამოკიდებულება, უდავოდ, გულს მოუკლავდა მხცოვან მეცნიერს და რთულ ვითარებაში ჩააგდებდა. მიუხედავად კანდიდ ჩარკვიანის მტკიცებისა, საქართველოს „კგბ-ის“ არქივში (დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი) ექვთიმე თაყაიშვილზე სპეციალურად შექმნილი საქმე არ აღმოჩნდა. სავარაუდოა, რომ მის საქმეს ოფიციალურად მსვლელობა არ მიეცა და მხცოვანი მეცნიერი მხოლოდ საუბრისთვის დაიბარეს. თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ის მაინც განაგრძობდა სამეცნიერო საქმიანობას, კონტაქტებს მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელობასთან. „სტალინის უმაგალითო გამარჯვებამ 1945 წელს მომცა საშუალება, დავბრუნებულიყავი საქართველოში და ეს განძეული ხელუხლებლივ უკან ჩამომეტანა. ჩვენი ღვაწლი დიდად შეაფასა საბჭოთა მთავრობამ და მომანიჭა უაღრესი პატივისცემა“. როგორც ჩანს, ექვთიმე „ღვთისკაცმა“ შეუნდო მის მიმართ განხორციელებული დევნა და სიმკაცრე საბჭოთა ხელისუფლებას. ამ ავტობიოგრაფიის დაწერიდან რამდენიმე დღეში ექვთიმე თაყაიშვილი გარდაიცვალა.