კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№1 რატომ აპირებს წელს ნაძვისხის გადამალვას სოფო ბედია

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  წელს პირველად მომღერალი სოფო ბედია ახალ წელს ოჯახის წევრების გარეშე, საქართველოდან შორს შეხვდება. მანამდე კი, საფიქრალშია, სად გადამალოს ნაძვისხე. როგორც თავად ამბობს, დამდეგს სამმაგად ბედნიერი ხვდება. რის გამო უწევს მას ნაძვისხის გადამალვა, რატომ ვერ იქნება ახალ წელს სამშობლოში და რა ტრადიციას აგრძელებენ მისი შვილები, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
  სოფო ბედია: ახალი წელი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულია. ვცდილობ, ამ დღეს განსაკუთრებულად კარგ განწყობაზე ვიყო, რომ მთელი წელი დავიბედო. შარშან, ამ დროს ორსულად ვიყავი და ამ ემოციების ფონზე ახალი წლის მოლოდინი ვერ შევიგრძენი. თუმცა, ახალი წლის წინა დღეებში, ანდრიას დაბადებით, განგებამ ყველაზე მნიშვნელოვანი საჩუქარი გამიკეთა. ამიტომ, ეს წელი ჩემთვის გამორჩეულად ბედნიერი იყო.  ზოგადად, ახალი წლის დღეებში სულ გადარბენები მაქვს და ვხუმრობ ხოლმე, შარშან ამ საგიჟეთიდან ანდრიამ მიხსნა-მეთქი, მაგრამ ოთხი დღის ნამშობიარევი მაინც გავედი ახალი წლის ზეიმზე და ვიმღერე. სხვათა შორის, წელს ნაძვისხეს ვერ ვდგამ.
– რატომ ვერ დგამ წელს ნაძვისხეს?
– ანდრია ოფიციალური „გიჟმაჟუნაა“ და შეიძლება, თავზე ჩამოიმხოს, რამე დაიზიანოს და ამიტომ, წელს სახლში  ნაძვისხეს ვერ გავაწყობ.  სულ უნაძვისხეობაც არ გამოდის და ვფიქრობ, კედელზე ხომ არ მივახატო-მეთქი (იცინის).
– გასაგებია, ანდრია პატარაა და მის გამო წელს ნაძვის ხეს ვერ მორთავ, მაგრამ ამის გამო უფროსი  ვაჟი, ნიკუშა ხომ ზარალდება?
– ნიკუშა კი ზარალდება, მაგრამ ისეთი გამგები, შეგნებული ბავშვია, ამ ამბავს კაცურად მიუდგება. ანდრიას სულ უკან დასდევს, თავზე რამე არ დაილეწოსო. ახლა ვნახე სოციალურ ქსელში ჭერზე დაკიდებული ნაძვისხე და იქნებ, მეც ასე გავაკეთო ან, სიმბოლურად, პატარა ნაძვისხე ავაწყო და სადმე გადავმალო, რომ ანდრია არ მისწვდეს. სხვა გზა არ მაქვს (იცინის). სანამ პატარაა, მთელ ოჯახს ანდრიას ჭკუაზე სიარული გვიწევს.
– ესე იგი, ანდრიას გამო ამ ახალ წელს თანხაც გეზოგება?
– ასე გამოდის (იცინის). სხვათა შორის, ნაძვისხეს ყოველ წელს არ ვყიდულობ. ოთხი წელია, მაქვს ულამაზესი ნაძვისხე, თავისი სათმაშოებით და მე და ნიკუშა მას ვრთავთ ხოლმე. ეს ტრადიცია კი გვაქვს, მაგრამ პატარას გამო წელს ამ ტრადიციას დავარღვევთ. მახსოვს, ბავშვობაში, როცა მე და ჩემი ძმა ნაძვისხეს ვაწყობდით, ვოცნებობდი, მჯეროდა თოვლის ბაბუის, ვუგზავნიდი სურვილებს და ველოდებოდი. დედას საჭმელების გაკეთებაშიც ვეხმარებოდი. ძალიან მიყვარდა საახალწლო მზადება, განსაკუთრებულად მიხაროდა. ახლა კი ანდრიასა და ნიკუშას გამო სამმაგად მიხარია.
– მეკვლის ფეხის თუ გჯერა და თავად როგორი მეკვლე ხარ, ახალი წლის ღამეს ოჯახებში თუ გეპატიჟებიან?
– ბარბარობისა და ბედობის მჯერა, მაგრამ „შეკვეთილი“ მეკვლე არ მყავს. ბავშვობაში, ერთი წუთი რომ დააკლდებოდა ახალი წლის დადგომას მე და ჩემს ძმას, ბორიკოს, გაგვიშვებდნენ მშობლები გარეთ და 12 საათი რომ გახდებოდა, შემოვყრიდით კანფეტებს და ტექსტი გვქონდა, რომელიც უნდა გვეთქვა. ეს ტრადიცია ნიკუშაზე გადმოვიდა და ის არის ხოლმე ჩემი მეკვლე. ახლა ანდრიაც დაემატა და წელს ჩემს ოჯახს მეკვლედ ეს ორი ანგელოზი ეყოლება. ამაზე უკეთეს მეკვლეებს ვერც ვინატრებ. ზოგადად, კარგი ფეხი კი მაქვს, მაგრამ ახალი წლის ღამეს სულ ქუჩასა და რესტორანში მიწევს ყოფნა და ვხუმრობ ხოლმე: ახალ წელს ბავშვობიდან დამებედა გარეთ ყოფნა და  კი ვარ დღესაც ქუჩისა და რესტორნების მეკვლე-მეთქი (იცინის). მაგრამ არ უჩივიან ჩემს ფეხებს. ფაქტია, კარგად მუშაობენ (იცინის). მეკვლის ფეხის რა გითხრათ, მაგრამ მე ცხოვრებაში, ღმერთისგან იღბალი დამებედა. ჩემი მთავარი ბედია, რომ ორი არაჩვეულებრივი შვილი მყავს, მოსიყვარულე ქმარი და ღმერთის წყალობით, ყველა ჯანმრთელად მყავს და სცენაზე ვდგავარ. ვცდილობ, სიყვარული, ბედნიერება და სიხარული გავცე და იგივე მივიღო. თუმცა, ვერ დავიწუწუნებ, ნამდვილად დამიბრუნდა.
– ვიცი, კარგი ხელი გაქვს და მეგრულ კერძებს არაჩვეულებრივად ამზადებ. დღესასწაულებზე როგორ ხდება?
– მიუხედავად იმისა, რომ კარგი ხელი მაქვს, მაინც არ მიწევს საახალწლო სუფრის მომზადება. ამაში ბებია, დედა და დედამთილი მეხმარებიან. ისინი ფუსფუსებენ და მე ვისვენებ (იცინის). ამ ახალ წელს სახლში არ ვიქნები, 31 დეკემბერს ისრაელში მივფრინავ და ახალ წელს პირველად შევხვდები უცხო მიწაზე. ასე რომ, საქართველოს ვტოვებ და ამ ახალ წელს ქართველ ებრაელებს მოვეფერები. თუმცა, 1 იანვარს გვიან ჩამოვფრინდები და ჩემს შვილებს ჩავეხუტები. ასე რომ, ახალ წელს წმიდა მიწაზე შევხვდები და წლის პირველ დღეს – ცაში (იცინის).
– როგორ ეგუება ოჯახი იმას, რომ ახალ წელს მათ გვერდით არ იქნები?
– მიჩვეულები არიან. აქაც რომ ვარ, სულ ქუჩაში ვარ. რასაკვირველია, გული მწყდება, მინდოდა, 12 საათზე ჩემი ოჯახის წევრებთან ვყოფილიყავი, მაგრამ სარფიანი შემოთავაზება იყო და უარი არ ვთქვი, ისევ ჩემი ოჯახისთვის. საჩუქრებს ყოველთვის  ნაძვისხის ქვეშ ვახვედრებ ოჯახის წევრებს და ახლა ვფიქრობ, საჩუქრები კი ვიყიდე, მაგრამ სად დავაწყო? (იცინის) თუ ნაძვისხე ჭერზე დავკიდე, საჩუქრების დაწყობა სხვენში მომიწევს (იცინის). ვიცი, ოჯახის წევრები მეც დამახვედრებენ საჩუქარს. ზოგადად, არ ვარ ისეთი კატეგორია, ბრილიანტის კარატებს ვითვლიდე, ჩემთვის გულით ნაჩუქარიც საკმარისია. არ ვარ მატერიალისტი.
– ზოგადად, ახალი წლის დღეები წონაში მატებასთანაც ასოცირდება. ამ მხრივ, როგორ გაქვს საქმე? გიწევს თავის შეკავება?
–  ისეთი „საგიჟეთი“ დღეები მაქვს ხოლმე ახალი წლის დღეებში, ჭამას ვერც ვასწრებ. კონცერტიდან სახლში გვიან რომ ვბრუნდები, დაღლილს ისე მეძინება, საჭმელი არც მახსოვს. თან, გვიან ჭამას ჩემი ორგანიზმი ვერ გადაიტანს და მშიერს მიწევს დაძინება (იცინის). ზოგადად, წონას სულ ვაკონტროლებ და ახლა იმაზე გამხდარი ვარ, ვიდრე ადრე ვიყავი. ახალი წელის გემრიელობებს ჩემს წონას ვერ გადავაყოლებ (იცინის). თუმცა, ტკბილეულზე არ ვგიჟდები და აღარც ისე ვიმატებ, რომ დაკლება გამიჭირდეს.

скачать dle 11.3