კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№1 როდის იქცევა ნატო ებანოიძე „სამარცხვინოდ“ და ვინ დაულაგა მას შეცდომები დღეების მიხედვით

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ბოლო პერიოდში მსახიობი ნატო ებანოიძე ძველებურად აქტიურად აღარ ჩანდა ეკრანზე და როგორც ამბობს, პაუზა ჰქონდა თეატრშიც, რაც სასიამოვნო ნამდვილად არ იყო. თუმცა, სულ ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ სერიალში გამოჩნდა.
  ნატო ებანოიძე: „მისამართის გარეშეს“ პროდიუსერი – ირაკლი კაკაბაძე ძალიან კარგად მიცნობს და მოდი, ვიტყვი, რომ  ყოველგვარი ქასთინგის გარეშე, პირდაპირ დამირეკეს და მითხრეს, თუ გცალიათო?! ძალიან გამიხარდა, რადგან დიდი მნიშნელობა აქვს; ვისთან მუშაობ. ირაკლის ძალიან დიდ პატივს ვცემ. ვიცი, რომ  საინტერესო და იუმორით  გაჯერებულ სერიალს შესთავაზებს მაყურებელს და ამას ემატება ისიც, რომ ახალგაზრდებთან მიწევს მუშაობა, რაც ძალიან სასიამოვნოა.
– თქვენი პერსონაჟი გგავთ რამით?
– მან ყოველთვის ყველაზე კარგად იცის ყველაფერი. უზომოდ კომპეტენტურია (იცინის). მე ნამდვილად არ ვარ ასეთი. გაგიჟებული და გადამკვდარია ერთადერთ ქალიშვილზე და ამით ნამდვილად ვგავართ. ჩანს, რომ ჩემს პერსონაჟს ძალიან უყვარს თავისი ქმარი, მაგრამ სულ ეჯიჯღინება. უკმაყოფლებასა და სიყვარულს შორისაა გაჭედილი. რაც ცოტა არ მომწონს, მე მასავით არასდროს ვიქცევი.
– როგორი დედაა ნატო რეალურად?
– დედა ნატო მკაცრი იყო, სანამ შვილი გაიზრდებოდა. ყველაფერზე შენიშვნას ვაძლევდი. ვაცნობიერებ, რომ ეს არ არის სწორი. ვეჩხუბებოდი და ვსჯიდი: თუ სადმე უნდა წამეყვანა, არსად აღარ წამოხვალ-მეთქი, მაგრამ ხუთამდე რომ დავითვლიდი, უკან ვბრუნდებოდი და ვეუბნებოდი: კარგი, ჩაიცვი და წამოდი-მეთქი. რა აზრი ჰქონდა მანამდე „ჭერში გასვლას“, „ცოცხზე დაჯდომას და ფრენას“?! ჩემს ჩხუბს ძალა არ ჰქონდა და ეს ჩემმა შვილმა გადასარევად იცოდა.
  თვრამეტი წლის ვიყავი, როცა დედა გავხდი და ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ შვილს, შეძლებისდაგვარად, დამოუკიდებლად ვზრდიდი. იმ ასაკში ისეთივე დედა ვიყავი, როგორიც ახლა შეიძლება ვიყო. ახლა, შვილიშვილთან, ყველაფერი გამოვასწორე. აღარასდროს ვიქნები მკაცრი. ახალგაზრდობის შეცდომებისთვის უკვე მოვიხადე ბოდიში. შვილმა დღეების მიხედვით დამილაგა ჩემი შეცდომები და ბოდიშის მოხდის გარდა, სხვა გამოსავალი აღარ დამრჩა.
– სიყვარული...
– ოჯახი პატარა ასაკში შევქმენი. ეს ჩემი პირველი  სერიოზული სიყვარული იყო. როცა გიყვარს, მიწაზე კი არ დადიხარ, თითქოს, აწეული ხარ ზედაპირიდან. საოცარ, ზებუნებრივ ენერგიას გაძლევს, თვალები აუცილებლად გიბრჭყვიალებს, ყველა და ყველაფრი მოგწონს, იმიტომ, რომ შიგნით რაღაც ხდება. მეათე კლასში ვსწავლობდი, როცა ჩემი მომავალი მეუღლე გავიცანი. უფრო სწორად, თვითონ გამიცნო მეგობრის დაბადების დღეზე. თავიდან არ მიმიქცევია ყურადღება, მაგრამ შემდეგ ძალიან აქტიურად შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში. ხან ვარდებით მხვდებოდა ქუჩაში, ხან მანქანით წაყვანას მთავაზობდა და იმ დროში მანქანა ძალიან დიდი ფუფუნება იყო. მაგრამ არ მივყვებოდი (იცინის). მოკლედ, მე ძალს აქეთ ვიყავი, პრანჭვით და ის – ძალს იქით.  ამასობაში მეც მომეწონა, იმიტომ, რომ ზუსტად იცოდა, რა სჭირდება, თუნდაც, 18 წლის გოგოს მოხიბვლას და მეც  მოვიხიბლე. ოჯახი რომ შევქმენით, ის ოცის იყო, მე – ჩვიდმეტის. მახსოვს, სკოლა დავამთავრე, ინსტიტუტში ჩავაბარე და სექტემბერში პირველივე ლექციის შემდეგ „გავიპარე“. სამწუხაროდ, ჩვენი ოჯახი თერთმეტი წლის შემდეგ დაიშალა, მაგრამ  თავიდან რომ ვიწყებდე ცხოვრებას, ზუსტად იგივენაირად მოვიქცეოდი. როცა უკვე ოჯახი და ბავშვი მყავდა, ბევრ რამეს ვერ ვახერხებდი, მაგრამ არცერთ წამს არ ვნანობ.  
– გარდა თეატრისა, ეკრანსა და სიმღერსაც დიდი ადგილი აქვს თქვენს ცხოვრებაში.
– მთელი ცხოვრება ვმღეროდი ჩემთვის, სახლში და ვამბობდი ხოლმე, რა მოხდება ცხოვრებაში ერთხელ, დიდი აუდიტორიის წინაშე რომ ვიმღერო ერთი სიმღერა მაინც-მეთქი? ერთხელაც, მირეკავს ჩემი მეგობარი ეკა ანდრონიკაშვილი და მეუბნება, მუსიკალური პროექტი იწყება, მომღერლები და მსახიობები წყვილებში იმღერებენ და აჰა, აგიხდა ოცნება, მიიღე მონაწილეობაო. ჩემი პირველი პასუხი იყო „არა“. რადგან არ ვიყავი დარწმუნებული, რომ კარგად გამომივიდოდა. შემეშინდა, მით უმეტეს კონკურსის. ძალიან თვითკრიტიკული ვარ. ძნელად ვდგამ ნაბიჯს, მაგრამ თუ ამას გავაკეთებ, ბოლომდე დავიხარჯები და ასე მოხდა ამ პროექტზეც. გადასარევი პარტნიორი მყავდა – თემო რცხილაძე. ორივემ ძალიან დიდი შრომა ჩავდეთ, რაც თითოეულ დეტალში გამოიხატებოდა და ბოლოს გავიმარჯვეთ.
– მერე რაღაც პერიოდი აღარ ჩანდით...
– ეს კარგი არაა, მაგრამ ყველა მსახიობს აქვს პაუზა. ალბათ, ასე იყო საჭირო. ცუდია, რადგან სცენა, ეკრანი, ღონისძიებები და ასე შემდეგ, ჩემთვის მხოლოდ პროფესიის ნაწილი კი არა, შინაგანი მდგომარეობაა. ეს შენი ნაწილია და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. როცა ეს ყველაფერი წყდება, თავს კარგად ნამდვილად ვერ იგრძნობ.
– პირად ცხოვრებაში რა მოხდა?
– მეორედაც შევქმენი ოჯახი, მაგრამ რატომღაც, ისე მოხდა, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ ისიც დაიშალა. თუმცა, მეგობრებად დავრჩით. როცა ადამიანური ურთიერთობა არ გამოდის, ერთმანეთის ჭამასა და ოჯახის შენარჩუნებას, ნამდვილად სჯობს ცალ-ცალკე ყოფნა. დაშლის მიზეზს მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ აუცილებლად უნდა შეინარჩუნო ცივილური ურთიერთობა.
– ხომ ამბობენ, ბებია ვარ და რაღა დროს ჩემი სიყვარული და გათხოვებააო. როგორია თქვენი განწყობა?
– ყოველთვის არის სიყვარულის დრო. უბრალოდ, ის ან მოვა კიდევ – ან არა. ბედნიერი ვარ იმით, რომ ეს გრძნობა ორჯერ მეწვია. თითქოს საკუთარ თავთან ვალი მაქვს მოხდილი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეიძლება, აღარ მოვიდეს. არ ვეძებ, ჩასაფრებული არ ვარ, მაგრამ თუ მოვა, ძალიან სასიამოვნო იქნება, მიწის ზედაპირიდან მაღლა ძალიან მსუბუქად სიარული.
– და ბოლოს – ახალი წელი...
– ვმალავ, რომ ძალიან მეზარება ნაძვისხის აწყობა. სამაგიეროდ, ძალიან მიყვარს საჩუქრების  შეგროვება და ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს  ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის ჩუქება. ბევრს ვფიქრობ, ვის რა მოეწონება და გაუხარდება. ვგიჟდები გოზინაყზე, ორმოცდაათი თეფში რომ მქონდეს, ორმოცდაათივეს შევჭამ. ჩვენთან რამდენიც არ უნდა მოვამზადოთ, პირველ იანვარს უკვე აღარაა. ბოლოს ცუდად ვხდები ხოლმე, მაგრამ რა ვქნა, თავს ვერაფრით ვაჯობე. სტუმრად რომ ვარ, მრცხვენია და იმდენს არ ვჭამ, მაგრამ უკვე ყველამ იცის, როგორ მიყვარს და მაძალებენ (იცინის). შარშან ჩემი დის გადამალული ერთი თეფში გოზინაყი თებერვლის ბოლოს აღმოვაჩინეთ, რაც ძალიან დიდი სიხარული იყო ჩემთვის. მოკლედ, „სამარცხვინოდ“  ვიქცევი, როცა საქმე გოზინაყს ეხება, მაგრამ რა ვქნა, ძალიან მიყვარს. ყველას ვულოცავ ახალ წელს!

скачать dle 11.3