კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№1 რა შიშების გამო არ იხდის ცუცა კაპანაძე დაბადების დღეს

ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე

  რა მნიშვნელობა აქვს ასაკს, როცა განწყობა საზეიმოა და ახალი წელიც და სხვა დღესასწაულებიც ისევ ისე გიხარია, როგორც ბავშვობაში. ზუსტად ასეა ცუცა კაპანაძის ცხოვრებაში, რომელიც წლებია, ახალ წელს სამშობლოდან შორს, ამერიკაში ხვდება.
  ცუცა კაპანაძე: სულ ორი დღით ვიყავი ჩამოსული თბილისში. დიასპორის ჩართულობის საკითხთან დაკავშირებით მიგრანტთა დაცვაში კრიზისული სიტუაციების დროს. ძალიან კარგი და სამუშაო ვიზიტი იყო. მაგრამ, ფაქტობრივად, ვერავის შევხვდი. ოჯახის წევრები და მეგობრები აეროპორტში ვნახე. ძალიან დატვირთული გრაფიკი მქონდა და ამიტომ დარჩენა ვერ შევძელი. რომ მწერდნენ, უი, თბილისში ხარო, მე უკვე ნიუ-იორკში ვიყავი.
– თქვენი დატვირთული გეგმები, ალბათ, ახალ წელს უკავშირდება.
– კი. მაგალითად, დეკემბრის ბოლოს საშობაო სპექტაკლი ქართული კულტურის ცენტრში, შემდეგ საახალწლო და საშობაო. ცოტა ხნის წინ გვქონდა მაკა შენგელიას ნამუშევრების გამოფენა, რომელიც არაჩვეულებრივად ქსოვს. ჩვენ განსაკუთრებით ვემზადებით ხოლმე 25-ისთვის, ესენი ხომ გამორჩეულად აღნიშნავენ შობას. ამბობენ, სადაც ცხოვრობ, იქაური ქუდი უნდა დაიხუროო.
– თქვენთვის რასთან ასოცირდება ახალი წელი?
– მე ბოლომდე ბავშვობაში დავრჩი. დარწმუნებული ვარ, რომ ყოველ ახალ წელს რაღაც ახალი უნდა მოხდეს ჩემს ცხოვრებაში. ზუსტად მეც არ ვიცი, რას ველოდები, მაგრამ ძალიან ბევრს ვოცნებობ და ვიცი, რომ ახალ წელს ყველა ოცნება უნდა ამიხდეს. მჯერა, რომ ჩემთანაც მოვა სანტა კლაუსი.
– თქვენ რას ელოდებით სანტა კლაუსისგან?
– ჩამოვწერ ხოლმე იმ საჩუქრების სიას, რაც მინდა. რა ვქნა, სულ ზღაპარში მგონია თავი. ბავშვობაში დედაჩემი მთელ სახლს მირთავდა. ულამაზესი ნაძვის ხე გვქონდა და მის ქვეშ ყოველთვის ის საჩუქრები მხვდებოდა, რაც მინდოდა: შოკოლადები, კაბა, ფეხსაცმელები. ახლა კაბა და ფეხსაცმელი არა, მაგრამ მე და ჩემი მეგობარი სიმბოლურად ერთმანეთს ვახვედრებთ ხოლმე საჩუქრებს. ახალ წელს ბევრ საჩუქარს ვიღებ, მართლა მჯერა სანტა კლაუსის. განსაკუთრებულად 2001 წელი მახსოვს. მაშინ თბილისში ვიყავი. ორ იანვარს, ბედობას მაქვს დაბადების დღე. ჩემი მეგობრები, გენო სხილაძე და გია ჯაფარიძე მირეკავენ, დაბადების დღეს და ახალ წელს გილოცავთო. ამ დროს კარზე ზარია და მეუბნებიან, გაგვიღე, ჩვენ ვართო. არადა, ვიცი, რომ ნიუ-იორკში არიან. გავიქეცი გიჟივით და ვხედავ, თოვლის ბაბუა და სანტა კლაუსი უამრავი საჩუქრით, ტორტით. მეგონა, სიხარულით გული გამიჩერდებოდა. მეც და ჩემი სტუმრებიც შოკში ჩავვარდით. მერე სკამზე დამაყენეს და ლექსები წამაკითხეს, თითქოს მართლა ბავშვი ვიყავი (იცინის). ახალ წელს ხშირად მიკეთებდნენ სიურპრიზებს. სოლოლაკში, მაჩაბელზე მაქვს პატარა ბინა და იმდენი სტუმარი მომდიოდა, ვერ ვეტეოდით ხოლმე. ამიტომ ინსტიტუტის მეგობრებს ვეუბნებოდი, რომ პირველ იანვარს მქონდა დაბადების დღე, სხვებისთვის – ორ იანვარს (იცინის).
– უფრო ახალ წელს აღნიშნავდით თუ დაბადების დღეს?
– ორივეს, მაგრამ ჩემი მშობლები უფრო ძველით ახალ წელს აღნიშნავდნენ და შობას. საჩხერიდან ვარ და ყოველთვის მივდიოდი ხოლმე იმერეთში. სხვათა შორის, ძალიან კარგი ფეხი მაქვს და მე და ჩემი ძმა მთელი სოფლის მეკვლე ვიყავით, უამრავ საჩუქარს მაძლევდნენ და საოცრად მიხაროდა. დედა სპეციალურად აცხობდა ხოლმე გრძელ და თხელ, თითისზომა პურებს ჩვენთან მოსული მეკვლისთვის, ჩურჩხელებით, ტკბილეულით, თაფლით ვხვდებოდით. სანამ მეკვლე არ მოვიდოდა, სახლში არავის ვუშვებდით. სხვათა შორის, ვირთხის წელში ვარ დაბადებული, ჩემი წელი მოდის. მოგეხსენებათ, ვირთხას ძალიან უყვარს ოქროები და რომ არ დაგიმალოთ, მეც ძალიან მიყვარს ოქროებიც და ბრილიანტებიც (იცინის). რვა მთელი კაკალი ვერცხლის ან ოქროსფრად უნდა შეღებო და სუფრაზე დადოო, გავიგე და ვაპირებ ამით და ოქროთი შევამკო მაგიდა, რომ ვირთხა მობრძანდეს. ოღონდ არ წაიღოს, ხომ იცით, უყვარს ყველაფრის წაღება (იცინის).
– თაყვანისმცემლებთან დაკავშირებული ისტორიები არ გახსენდებათ, რომელიც დაბადების დღეს ან ახალ წელს უკავშირდება?
– რვა წლის განმავლობაში, ყველა დაბადების დღეს უცნობი ადამიანი, მეზობლის ბავშვების ხელით, ზუსტად ჩემი სიმაღლის წითელ ვარდებს მიგზავნიდა. ამას სულ ვამბობ, გამოჩნდეს ეს ადამიანი. მე არ დავოჯახებულვარ და იქნებ, ისიც დასაოჯახებელია (იცინის). არადა, ალბათ, საინტერესო ადამიანია. ისე, გაუმართლა, რომელი მაღალი მე ვარ, რომ ჩემსიმაღლე ვარდების შოვნა გასჭირვებოდა (იცინის). თუმცა თაყვანისმცემლები ყოველთვის მაღალი მყავდა და მოწონებითაც, ასეთები მომწონდა. ყოველთვის ვამბობდი: მაღალი, ცისფერთვალება, მხარბეჭიანი უნდა იყოს-მეთქი. შესაძლებელია, ის არ იყო ასეთი და არ გამოჩნდა (იცინის). ერთ დაბადების დღეს, ღამის ორი საათია. ხუთი თუ ექვსი კაცი ყვირის, ცუცა, ცუცაო და თან მიმღერიან, თურმე. მაგრამ მე მძინავს ამ დროს და მეზობელი მაღვიძებს, მთელმა ქუჩამ გაიღვიძა შენ გამო და ჩამოდი, თორემ ყველა შენთან ამოვალთო. ჩავედი, ამათ დამავლეს უცებ ხელი და შემომსვეს მანქანის სახურავზე. საბარგული გახსნეს, ამოიღეს ერთი ყუთი შამპანიურები და შოკოლადები და მადღეგრძელებენ. სასმელს საერთოდ ვერ ვსვამ, მაგრამ მაინც დამალევინეს ჩემი სადღეგრძელო. კარგად „დამარტყა“ თავში. ამასობაში თავზე დაგვათენდა. უკვე მეც ისე „კარგად“ ვიყავი და ბოლოს რომ მემშვიდობებოდნენ, რა კარგად იყავი, ახლა ყველანი ჩემთან მოდიხართ-მეთქი, ვიძახდი (იცინის).
– როგორ იქცეოდით თაყვანისმცემლებთან მაშინ და ახლა თუ შეიცვალა რამე?
– სამწუხაროდ, არ შემეცვალა დამოკიდებულება. იქიდან მოყოლებული, როცა ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა, არასერიოზულად ვუყურებდი ამ საკითხს, მეგონა, რომ ყოველთვის ასე ვიქნებოდი – მათ გარემოცვაში. ამიტომ, არასერიოზულად მთვლიდნენ. დღესაც ასე ვარ, მაშინვე იუმორში გადამყავს ყველაფერი და იმიტომაც დავრჩი დღემდე ასე (იცინის). ძალიან არასერიოზული არ ვარ, მაგრამ რატომღაც ამ საკითხს სერიოზულად ვერ ვუდგები. რამდენჯერაც სიყვარული აუხსნიათ, სულ მეცინება, მე თვითონაც არ ვიცი, რა მემართება. მერე ბრაზდებიან და რაღაც დროის შემდეგ, ეს ურთიერთობა მეგობრობაში გადადის. ყველა ჩემი „პაკლონიკის“ ქორწილში ვარ ნამყოფი (იცინის). ბოლოს, რომ ვიფიქრე, იქნებ ახლა მაინც დავსერიოზულდე ამ საკითხში-მეთქი, მოვიხედე და ვინც მე მომწონდა, უკვე ყველა დაოჯახებული იყო (იცინის). რას ვიზამთ, ყველაფერი ზემოთ წყდება და ბედსაც ხელის შეწყობა სჭირდება. მაგ საკითხში ძალიან მორცხვი ვარ. ვერაფრით ვერ ვიაქტიურებ. თუმცა რაღა დროს ჩემი აქტიურობაა, სამოცი წლის ვხდები, მაგრამ თავი თინეიჯერი მგონია. ორმოცი წლის რომ გავხდი, მეგობრებმა სიურპრიზი გამიკეთეს და რესტორანში დიდი დაბადების დღე გადამიხადეს. ცრურწმენასავით რომ გვაქვს, რომ ორმოცი წელი არ უნდა აღნიშნო, რადგან მიცვალებულს უხდიან ორმოცს, აქედან გამომდინარე, ამ თარიღის აღნიშვნა არ მინდოდა. შინაგანად სულ აფორიაქებული ვიყავი, ამ დაბადების დღის გადახდის გამო და ძალიან მალე, 12 თებერვალს, მამაჩემი გარდაიცვალა. რატომღაც ეს საკუთარ თავს დავაბრალე და მას შემდეგ დაბადების დღეს აღარ ვიხდი, რაღაც შიშები მაქვს.
– როგორი დიასახლისი ხართ?
– მე საცივი და ხაჭაპური არ ვიცი, დედაჩემის საცივზე გიჟდებოდა ჩემი სამეგობრო. ფხალეულსა და სალათებს ვაკეთებდი ხოლმე თბილისში, მაგრამ რაც ნიუ-იორკში ვარ, სიმართლე რომ გითხრათ, აღარაფერს ვაკეთებ. ჩემი მეგობარი მანანა აკეთებს ძალიან კარგ საცივს, მე მივდივარ ქართულ რესტორანში და იქ ვუკვეთავ გამზადებულ ქართულ საჭმელებს. ერთადერთი, გოზინაყს ვაკეთებთ ხოლმე. ძალიან მიყვარს და სულ ვფიქრობ, რატომ არ შეიძლება, სხვა დროსაც გავაკეთოთ ხოლმე.
– ერთხელ გემზეც ხომ შეხვდით ახალ წელს და დაბადების დღეს?
– ძალიან მიყვარს საკუთარი თავისთვის სიურპრიზების გაკეთება. მეგობრებთან ერთად გემით წავედი ბაჰამის კუნძულებზე. მეთორმეტე სართული, აივანი – ქართული მარიაჟობიდან გამომდინარე, ნაკლებს ხომ არ ავიღებდი (იცინის). ახალ წელს ფანტასტიკურად შევხვდით. მეორე დღეს დაბადების დღე უნდა აღვნიშნო. მეთექვსმეტე სართულზე ვართ რესტორანში და რა აღნიშვნა, დაიწყო გემმა რყევა. მომსახურე პერსონალი მობრძანდება ტორტით და უცებ რომ დაარტყა ტალღამ, სად იყო ტორტი და სად ჩვენ, ვერ გაიგებდი. ჩვენს იატაკზე, ჩემი ტორტი საერთოდ გაფრინდა, საშინელება ტრიალებდა. ზედა სართულებს სახურავი აღარ ჰქონდა, წყალი შემოდის, მეთორმეტე სართულზეც კი წყალში ვიყავით, ტუმბოებით ქაჩავდნენ. გემი აკვანივით ირწევა, ბავშვები კივიან, კაპიტანი გვამშვიდებს... ვაშინგტონში რომ შემოვედით, ისეთი გაყინული იყო კარი, ვერ გააღეს და რომ გამოვსულიყავით, ოთხი საათი ცხელ წყალს ასხამდნენ. ყველა ტელეკომპანია ამას აცხადებდა. ოთხი ათასი კაცი გადავურჩით სიკვდილს. ერთხელ კვიპროსიდან ეგვიპტეში მივდიოდი გემით მე და თეა გვასალია ტელევიზიიდან. ორივეს ზღვის დაავადება დაგვემართა და ისე ცუდად ვიყავით, ფეხზე ვეღარ ვდგებოდით. როგორც ჩანს, მე გემი არ მიხდება (იცინის). რაც შეეხება თვითმფრინავს, ცაში ჩიტივით ვარ. ეტყობა, ღმერთთან რომ ვარ ახლოს, თავს კარგად ვგრძნობ.
– ახალ წელს დავუბრუნდეთ, რას ელოდებით 2020-ისგან?
– რომ გითხრათ, დაოჯახებას ველოდები-მეთქი, არა. თუ ბედია, რომ სამოცი წლის უნდა დავოჯახდე, რატომაც არა – დიდი სიამოვნებით. ველოდები დიდ და რომანტიკულ სიყვარულს. ძალიან მინდა, მალე დავბრუნდე ჩვენს ქვეყანაში და თუ რამე ახალი პროექტი იქნება, დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას.

скачать dle 11.3