№1 რატომ ესროდნენ ონისე ონიანს ბავშვებს და როგორ მოიყვანა მან ბუზის დახმარებით ცოლი
ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე
ონისე ონიანი წლების განმავლობაში ქვეყნის მთავარი თოვლის ბაბუა იყო და ახალი წელი მის გარეშე, შეიძლება ითქვას, წარმოუდგენელია. მსახიობს საკუთარ განწყობებსა და საახალწლო ტრადიციებზე ვესაუბრეთ.
ონისე ონიანი: პატარა რომ ხარ, არ იცი, რა არის ტრადიცია, მაგრამ ამას ახალ წელს ყველაზე კარგად გრძნობ. ძალიან დიდი სიხარულით ელი ამ დღესასწაულს. ჩემს ბავშვობაში არ იყო ასეთი მრავალფეროვანი ფოიერვერკები და მახსოვს, გადმოიღებდნენ ორლულიან თოფებს და ატყდებოდა ბათქა-ბუთქი. ბევრი დღესასწაული გვაქვს, მაგრამ ახალი წელი ყველაზე მეტად ასოცირდება ბავშვობასთან. ძალიან მიყვარს ნაძვისხის აწყობის პროცესი. ჩვენ პირველი დეკემბრიდან გვაქვს მორთული. უფრო გვიან თუ მორთავ, დატყვევებულ სათამაშოებს დღის სინათლის ხილვა ცოტა ხანი უწევთ. ამიტომ ადრე ნაძვისხის მორთვის ტრადიცია ჩამოვაყალიბეთ. უამრავი სახლის გამოცვლის შემდეგ, უკვე მეორე წელია, საკუთარ სახლში ვხვდებით ახალ წელს. საკუთარი სახლი ბევრი გვქონდა, მაგრამ ეზოიანი არა და თურმე ძალიან სასიამოვნო ყოფილა. ჩემს ეზოში მინდა ხმამაღლა გავიცინებ, მინდა მაწონს გადავივლებ თავზე (იცინის). ოცდახუთი წლის ნაგროვები სათამაშოები გვაქვს, ყველას თავისი ისტორია აქვს, მაგრამ ჩვენი ნაძვისხე ყოველწელს განსხვავდება წინასგან, სულ ვცდილობთ, გავახალისოთ, ახლები დავამატოთ.
– მეკვლეობა...
– საჩოთირო ამბავია, ვაიდა, ვიღაცამ ჩემი ფეხის გამო ფრჩხილი მოიტეხოს, ხომ გავგიჟდები (იცინის). თუმცა ვისთანაც მეკვლედ მოვხვედრილვარ, მათი ოჯახის საქმე სულ კარგად წასულა – ვიღაცის შვილი მოეწყო, ვიღაცის გათხოვდა, ვიღაც დანიშნეს, ვიღაც ფინანსურად გაიმართა წელში და მერეც მეძახიან. ამ ბოლო ხანებში მეზარება, მინდა, რომ ჩემს სახლში ვიყო და დავისვენო. ძირითადად, ჩემს ოჯახში ვარ მეკვლე ჩემს ძაღლთან ერთად.
– კერძები რომ კარგად გამოგდით, ვიცი, ახალი წლის სუფრას როცა ეხება საქმე?
– არც მაგაზე ვიხევ უკან. მე და დედაჩემი შეხმატკბილებულად ვაკეთებთ რაღაცებს. არაჩვეულებრივი გოზინაყი გამომდის. საცივიც გამიკეთებია და გოჭის შეწვაც შემიძლია.
– საახალწლო სუფრისთვის ზოგი ბოლო თეთრამდე იხარჯება კი არა და ვალსაც იღებს, რაც ბევრისთვის მიუღებელია. თქვენ რას ფიქრობთ?
– ისეთი დღესასწაულია, შენც გინდა, ბედნიერად გაატარო, მიუხედავად იმისა, გაქვს თუ არა ამის საშუალება. ყველაფერი ჭამაში არაა, მაგრამ, გინდა, ხვავითა და ბარაქით შეხვდე ახალ წელა. მაგრამ იმდენს ვაკეთებთ, მერე ვფიქრობთ, რა საჭირო იყო ამდენიო. ზუსტად წელს ვიფიქრეთ ჩვენს ოჯახში ამაზე, რა საჭიროა ამდენი რამ? გააკეთე მოკრძალებულად, ინდაურის თუ არა, სოფლის დედლის საცივი იყოს, ხილი, ნამცხვარი და ერთი ბოთლი სასმელი. დანარჩენი მერე გამოიყენე, მთელი წელი წინაა. თუმცა ისიც გასაგებია, მორთულ-მოკაზმული და ხვავიანი სუფრა რომ უნდათ. ბევრი ფიქრობს, თუ კარგად შეხვდება ახალ წელს, მთელი წელი ასეთი ექნება. თუმცა, მაინც სჯობს კეთილი ადამიანობით, სიხარულითა და სიყვარულით შევხვდეთ და არა განსაკუთრებული სუფრით.
– საუკეთესო ახალი წელი...
– ის წელი, როცა დავქორწინდი. ცოლი 29 იანვარს შევირთე. მანამდე მარტო ვცხოვრობდი, ახალ წელსაც მარტო შევხვდი და მერე ზურიკო ბერიკაშვილთან უნდა წავსულიყავი. რაღაცები გავაკეთე, რაც მარტოხელა ადამიანს შეეფერებოდა და უცებ საიდანღაც ბუზი შემოფრინდა. მთელი საღამო მას დავდევდი მოსაკლავად და ბოლოს მოვკალი. რას ვერჩოდი, თურმე მშვენიერი მეკვლე ყოფილა – იმ ახალ წელს, 29-ში ცოლი შევირთე (იცინის). ახლა 25 წლისთავი გვისრულდება, ვერცხლის ქორწილი გვაქვს.
– თოვლის ბაბუობა...
– ხუთი წლის განმავლობაში ვიყავი ქვეყნის მთავარი თოვლის ბაბუა მთაწმინდაზე. ეს პერიოდი ყველაზე კარგად მახსენდება. დღეში ორი ათას ხუთასი ბავშვი მოდიოდა და წარმოიდგინეთ, ყველას რომ უნდა უთხრა, „გილოცავთ“ და საჩუქრები გადასცე. ყველამ მაპატიოს, მაგრამ წარმოდგინეთ, როგორი დამღელილი იყო, ორი ათას ხუთასი ბავშვი რომ ლექსს გიყვება. ვეუბნებოდი ხოლმე, აღარ გინდა ლექსი, ისე გაჩუქებ საჩუქარს-მეთქი და არა, ეს ლექსი თქვენთვის მოვამზადეო (იცინის). იმდენი კურიოზი იყო... ერთი საათი მქონდა ხოლმე შესვენებისთვის. დაცვაც მყავდა, რომელიც რიგს არეგულირებდა. ის ოთხი წელი მე და პრეზიდენტი ვიყავით ძალიან პოპულარული ადამიანები (იცინის). მოკლედ, ერთი ქალი იქაურობას ანგრევდა – შემიშვით, ჩქარა მაჩვენეთ თოვლის ბაბუაო. ვერ გააგებინეს, რომ თოვლის ბაბუა ისვენებდა, სასწრაფოდ უნდა ვნახოო და უცებ მივიკარი ისევ წვერ-ულვაში და მივესვენე სავარძელზე. ასეთ მდგომარეობაში რომ დამინახა, ა, თქვენა ხართ დასვენებული თოვლის ბაბუაო, უცებ მოლბა (იცინის). ერთი ქალბატონი შემოვიდა სამ ბავშვთან ერთად და მეუბნება: დაგვლოცეთ, მამაოო. კარიდან ჩემამდე ხუთი მეტრი იყო დაშორება. იქიდან ისროდნენ ამ ბავშვებს, რომ ჩემს კალთაში აღმოჩენილიყვნენ. იქ ბავშვების ხათქა-ხუთქი იყო... ზოგს კარებშივე ვიჭერდი, ზოგი კალთაში მეცემოდა. ზოგჯერ ჟღვინტლიან ბავშვებსაც მესროდნენ, კიდევ კარგი, მარჯვენა მხარეს მქონდა სველი „სალფეთქი“, მარცხნივ – კრემები. ამ ბავშვებს ჩავბანდი, მოვბადი, ცხვირს მოვხოცავდი, აქეთ კრემით დავამუშავებდი, მერე კანფეტს მივცემდი და ვუშვებდი. (იცინის). ერთხელ, 31-ში ღამით კახეთში, „როიალ ბატონში“ მიმყავდა საღამო. სამი საათი მქონდა დასაძინებლად, რომ ათ საათზე წამოვსულიყავი და 12-ზე მთაწმინდაზე ვმჯდარიყავი. მეღვიძება 11 საათზე და შანსი არ მაქვს ერთ საათში ჩამოვიდე. თან, გარეთ რომ გამოვედი, ისეთი ნისლი იყო, ვერაფერს ვხედავდი. ხან ვიფრინე, ხან ფეხით ვიარე, ხან ურმით, ხან ვიღაცას ჩავუბი ჩემი მანქანა და ცხენს მოვახტი. მოკლედ, ყველაფერი გავაკეთე, იმისთვის, რომ 12-ზე მთაწმინდაზე ვჯდარიყავი. ოღონდ აქოშინებული თოვლის ბაბუა ვიყავი (იცინის). არადა, ბავშვები შემოდიან, უნდა გაუღიმო და კარგ განწყობაზე დახვდე, ვის აინტერესებს საიდან მოხვედი?! მეორედ შემოდიოდნენ ბავშვები, მესამედაც და რომ არ მეცნო, ზოგი ქუდს ამოიტრიალებდა, ზოგი თალიბანებივით ახვეული შემოდიოდა და მარტო თვალები უჩანდათ (იცინის). აბა, ჩამოიწიე ბიჭი და დამენახე-მეთქი, ვცნობდი. მათ უნდოდათ, ბევრი ჰქონოდათ, მე კი მინდოდა, ყველას ყოფნოდა და მოკლედ, ასე...