№1 წარმატებული ადვოკატის – კახაბერ ჩუბინიძის მრავალწლიანი გამოცდილება და გახმაურებული საქმეები
ნინო კანდელაკი ინა სიმონია
ცნობილი და წარმატებული ადვოკატი კახაბერ ჩუბინიძე სისხლის სამართლის მიმართულებით მუშაობს და მის პორტფოლიოში არაერთი გახმაურებული საქმეა. განათლებამ და მრავალწლიანმა პრაქტიკულმა გამოცდილებამ ძლიერ და მოთხოვნად პროფ ესიონალად ჩამოაყალიბა. ვის არ დაიცავს არასდროს, რამდენად ობიექტურია პროფესიული მოვალეობის შესრულებისას და რა გზა გაიარა წარმატებამდე, ამაზე თავად ბატონი კახაბერ ჩუბინიძე გვესაუბრა.
კახაბერ ჩუბინიძე: 1989 წელს ჩავაბარე უნივერსიტეტში, ერთ-ერთი ძლიერი კურსი ვიყავით. ჩემს ჯგუფელებს შორის იყვნენ: ზაზა ხატიაშილი, ზურაბ ადეიშვილი და ზვიად კორძაძე. 1994-2005 წლებში პროკურატურაში ვმუშაობდი, გამომძიებელი გახლდით. მერე უფროსი გამომძიებელი გავხდი და საბოლოოდ, იმ პერიოდში შექმნილი მდგომარეობის გამო, პროკურატურა დავტოვე. შემდეგ კარიერული წინსვლის მიზნით გარემოს დაცვის სამინისტროში, გარემოს დაცვის ინსპექციის სპეციალურ დავალებათა სამსახურში დავიწყე მუშაობა. მერე გენერალურ ინსპექციაში გადავედი, სადაც 2011 წლამდე დავრჩი. 2012 წელს ბიზნესში წავედი და წელიწად-ნახევრით მოვწყდი საკუთარ პროფესიას.
– პირველი პროცესი გახსოვთ?
– პირველი პროცესი ძალიან კომიკური იყო: პიროვნება ნარკოტიკების ფაქტზე იყო დაკავებული და ადვოკატის როლში პირველად მის პროცესში ჩავერთე. პირველივე პროცესზე გამოვიდა გამამართლებელი განაჩენი, ამ საქმეს არსებითი განხილვაც კი არ დასჭირდა, რაც ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის.
– რამდენად ობიექტური ხართ თქვენი საქმიანობის დროს?
– სამწუხაროდ, ვფიქრობ, ზოგჯერ სუბიექტური ვარ. როდესაც საქმეს ვკიდებ ხელს, მაქსიმალურად ვცდილობ, კლიენტის ინტერესი დავიცვა. ერთი მხრივ, ეს ცუდია, ამ დროს კარგავ ობიექტურობის შეგრძნებას და მისთვის მისაღები ხედვა გიჩნდება.
– რომელ გახმაურებულ საქმეს გაიხსენებთ?
– ბევრი გახმაურებული საქმე მქონია, მათ შორის ვიცავდი კუჭავას ინტერესებს, რეზონანსული საქმე იყო და მის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით გამოირჩეოდა.
– სასამართლო განაჩენის შემდეგ კითხვები ხშირად გაწუხებთ?
– სამწუხაროდ, მოსამართლეს ხშირად გამოაქვს ისეთი განაჩენი, რაც ჩემში ბევრ ეჭვსა და გაურკვევლობას იწვევს. მაგალითად, მქონდა ასეთი შემთხვევა, როდესაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ქურდობაში ედებოდა ბრალი. პროკურატურა ედავებოდა, რომ ქურდობა მარტომ ჩაიდინა, თუმცა, მოსამართლეს განაჩენში უწერია, რომ დანაშაული ჩადენილია ჯგუფურად. მოსამართლეს დარჩა შთაბეჭდილება, რომ პროცესზე დაკითხული მოწმეები დანაშაულის თანამონაწილეები იყვნენ. ჩნდება კითხვა, თუ მოსამართლეს აქვს მსგავსი მოსაზრება, რატომ ასამართლებს მხოლოდ ამ ერთ პიროვნებას და რატომ არ ითხოვს პასუხს ჯგუფური დანაშაულისთვის და რატომ არ ადგენს, ვინ რა როლი შეასრულა დანაშაულის ჩადენისას?! სამწუხაროდ, პრაქტიკაში ხშირად მხვდება მსგავსი შემთხვევები, როცა სასამართლოს გადაწყვეტილება ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას მიტოვებს.
– ეთანხმებით თუ არა გავრცელებულ მოსაზრებას, რომ კარგი ადვოკატის მომსახურება ძვირია?
– დღეს ხშირად მიწევს მუშაობა საზოგადოებისთვის ცნობილ ადვოკატებთან, რომელთა დილეტანტობის შემხედვარეს, პირდაპირ მრცხვენია. ხშირად სახელი და ფასი არ განსაზღვრავს ადამიანის პროფესიონალიზმს. თუმცა, საბედნიეროდ, ჩემ გარშემო არიან ისეთი პროფესიონალი ადვოკატებიც, რომელთა კვალიფიციური მომსახურება სულაც არ არის ძვირი.
– ვის არ დაიცავდით?
– ალბათ, ვერ დავიცავდი ბავშვზე მოძალადეს. ჩემს სინდისთან მშვიდად ვარ და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ კლიენტს მე ვირჩევ. ზოგადად, ბავშვებთან მუშაობა სფეციფიკურია. მაგალითად, ძალიან რთულია, სამი წლის ბავშვისგან მიიღო ობიექტური ინფორმაცია.
– წარმოგვიდგინეთ ოჯახი.
– მყავს მეუღლე და ორი შვილი. ქალიშილი 18 წლისაა, სტუდენტია, ილიას უნივერსიტეტში ეუფლება საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობას. ბიჭი 15 წლისაა და 47-ე საჯარო სკოლის მოსწავლეა.
– ადვოკატობას ხომ არ აპირებს?
– არა და არც მინდა. სამწუხაროდ, დღეს ეს პროფესია თითზე ჩამოსათვლელ შემთხვევებშია დაფასებული. ამასთან, ჩვენს ქვეყანაში ადვოკატის პროფესია ერთ-ერთი დაუცველია და სახელმწიფოს მხრიდან სათანადოდ არ არის დაფასებული.