№1 როგორ იშიფრება შეუცნობლის ღამის გზავნილი „სიზმრების ენით“
ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი
სიზმარს მისტიკური მნიშვნელობა უხსოვარი დროიდან მიანიჭა ადამიანმა – ღამის ზმანებებში დაფარული სიმბოლოები ამოიცნო და მოსალოდნელი საფრთხის ნიშნად მიიჩნია. შემდეგში მაგებმა ამ სიმბოლოთა შეგროვება და ჩაწერა გადაწყვიტეს, რამაც, საბოლოო ჯამში, გვარიანი ნუსხა შეადგინა. სიზმართა ამ „წიგნით“ სარგებლობდნენ ადრე და დღესაც საკმაოდ ბევრი აქტიური მიმდევარი ჰყავს. ყველას აინტერესებს, რას ნიშნავს სიზმრად ნანახი და მის ახსნას ცნობილ სიმბოლოთა საშუალებით ცდილობს. ჩვეულებრივი ყოფითი საგნებისა თუ მოვლენებისგან რომელი რისი სიმბოლოა სიზმარში ან რა მაგიური ძალა აქვს მათგან ყველაზე გავრცელებულ ნიშნებს, აგვიხსნის ეზოთერიკოსი, ქალბატონი მარგო ლ.
– ყოველდღიურ ყოფაში იშვიათად თუ ვაქცევთ ყურადღებას იმ სიმბოლოებს, მთელი ცხოვრება თან რომ გვდევს. არადა მათი საშუალებით, საჭირო მომენტში ბევრი ღრმად დაფარულისა და ძალიან მნიშვნელოვანი რამის შეტყობა შეგვეძლო. თუმცა, სულ სხვა დამოკიდებულებაა სიზმრისადმი – თითქმის ყველა აღიარებს მის სიმბოლურ ბუნებას და ცდილობს, გაშიფროს შეუცნობლის ეს გზავნილი. ამისთვის კი არსებობს „სიზმრების ენა“. მართალია, ის ნებისმიერი ადამიანისთვის პირადი „ენაა“ და ძილში ნანახი სიმბოლოებით მინიშნებული მუქარა, რა თქმა უნდა, გარადაუვალ ჭეშმარიტებად არ ჩაითვლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გავრცელებულ სიმბოლოთა ცოდნა, არაფერში გამოგვადგება. უფრო პირიქითაა, თუ ამ სიმბოლო-ნიშანთა ცოდნას სწორად გამოიყენებთ, ის აუცილებლად მოგიტანთ სარგებელს.
– რომელია სიზმრის ენის ყველაზე გავრცელებული სიმბოლოები?
– დავიწყოთ სიმაღლიდან და გაიხსენეთ: აბა, რამდენჯერ დაგსიზმრებიათ მთა? დგახართ მთის წვერზე და იცით, ეს რას ნიშნავს? – გულნატკენი ხართ, მაგრამ წყენაზე მაღლა უნდა დადგეთ: დაკვირვებით შეაფასოთ სიტუაცია და დასკვნები მერე გამოიტანოთ. თუმცა, მთაზე ყოფნა იმ შემთხვევაშიც შეიძლება დაგესიზმროთ, თუ რაიმე საქმეში დაოსტატების ან საზოგადოებრივი მდგომარეობის უმაღლესი მწვერვალების დაპყობას ცდილობთ.
– ხშირად მესიზმრება სახლი, სადაც ბავშვობა გავატარე. ძალიან მაინტერესებს, რას ნიშნავს?
– სიზმარში სახლი – ეს საკუთარი „მეა“ და დიდი მნიშვნელობა აქვს, უშუალოდ მის რა ნაწილს ნახავთ. მაგალითად: სამზარეულო – თქვენი იდეებია; სასტუმრო ოთახი – ყველაფერი, რაც სულიერებას ეხება; საძინებელი – თქვენს ინტიმურ, ფარულ სურვილებს ასახავს. არეული, დაულაგებელი სახლი ნიშნავს, რომ თქვენი არაორგანიზებულობის გამო ცუდ დღეში ჩავარდით, ცხოვრობთ ქაოსში და ეს გტანჯავთ; ანდა თავს მიტოვებულად და უსარგებლოდ მიიჩნევთ. თუ უცხო ოთახი დაგესიზმრათ, როგორიც თქვენს სახლში არ არის, ეს ნიშნავს, ისეთი სიახლე აღმოაჩინეთ, რამაც ცხოვრების ახალი ფურცელი გადაგაშლევინათ. ძველ სახლში მიბრუნება – წარსულში გაბრუნებთ იმისთვის, რომ იქ რაღაცები ხელახლა გადააფასოთ; ბავშვობის დროინდელი სახლი კი მიგანიშნებთ, რომ გასაღები იმისა, რაც დღეს თქვეს ცხოვრებაში ხდება, ბავშვობაში უნდა ეძებოთ.
– რაც უკავშირდება ამინდს, ბუნებას, ცხოველებს, რისი სიმბოლოა თითოეული მათგანი?
– სიზმრის აზრი ბუნებასთან დაკავშირებით იმაზეა დამოკიდებული, თუ რას ხედავთ: ტყეს, უდაბნოს, მდელოს თუ მთებს? რას განიცდით ამ დროს: სიცხით გათანგულს წყურვილი გკლავთ უდაბნოში თუ მთისკენ მიმავალი და დაღლილობისგან ილაჯგაწყვეტილი სულს ძლივს იბრუნებთ? ეს ნიშნავს, რომ რეალურ ცხოვრებაშიც ნამდვილად დაიღალეთ, ენერგიადაცლილმა შემოქმედებითი პოტენციალი მთლიანად ამოწურეთ და ვერაფრით ახერხებთ, დაუბრუნდეთ წინანდელ მდგომარეობას. რაც შეეხება ამინდს – სიზმარში ის თქვენს გუნება-განწყობას ასახავს. მაგალითად: სევდა და ნაღველი სიზმარში ქარით, ქარიშხლითა და ქარბუქით გეცხადებათ; ნისლი თუ გადაუწყვეტელობაა, კაშკაშა მზის სხივებით გასხივოსნებული დღე – ოპტიმისტურ მომავალს გიქადით. ჭაობი თუ დაგესიზმრათ, გაფრთხილდით, იცოდეთ, სიტუაცია, რომელშიც გაებით, პრობლემებით გბოჭავთ, ფეხქვეშ ნიადაგს გაცლით და ისეთი შეგრძნება გეუფლებათ, თითქოს ჭაობი ნელ-ნელა გითრევთ. ცოტა რამ ცხოველებზეც – ანუ, სიზმარში ადამიანის ინსტინქტური ბუნების სიმბოლოზე. უმთავრესია, რა გრძნობას იწვევს ცალკეული მათგანის დანახვა თქვენში. მაგალითად, გველის მიმართ სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება არსებობს: ზოგს ეშინია, ზოგს უყვარს, ზოგიც პატივს სცემს. თუ სიზმარში გველი შემოგეხვიათ, ეს მუქარა კი არა, გაუცნობიერებელი შიში და სურვილებია, რასაც შეიძლება, სექსუალური ქვეტექსტიც კი ჰქონდეს და ღირს ამაზე დაფიქრება. ფრინველები თავისუფლების სომბოლოა, ხოლო ჩიტი თუ გალიაშია, ეს თქვენს სიმორცხვეზე, შინაგან შებოჭილობასა და იმაზე მიუთითებს, რომ საკუთარი თავის წარმოჩენის უნარი არ გაქვთ.
– ყველაზე ხშირად სიზმარში მიფრენია...
– სიზმარში ყველაზე ხშირად შემოქმედი ბუნების ადამიანები დაფრინავენ. ასეთი სიზმარი აზრების, იდეების, ფანტაზიის ფრთების გაშლაა. ჩამოვარდნა კი ჩანაფიქრის განხორციელებას დაბრკოლებით ემუქრება. იმისთვის, რომ ვარდნა შეწყვიტოთ, მიზეზი რეალურ ცხოვრებაში ან საკუთარ თავში უნდა ეძებოთ.
– ვიცი, რომ ტრანსპორტსა და მგზავრობასაც აქვს სიზმარში თავისი სიმბოლიკა...
– ამისთვის ჯერ პასუხი უნდა გავცეთ კითხვას: რა არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი? – ერთ ადგილას თავმოყრილი ბევრი ხალხი. სიზმარში კი ხალხის მასა სიმბოლოა გაუცნობიერებელი აღტყინებისა. ტრანსპორტის ნახვა ნიშნავს, რომ სავსე ხართ სურვილებით, თუმცა თქვენი როლი, როგორც მგზავრის, პასიური და სხვაზე დამოკიდებულია. ასეთი სიზმარი მოგიწოდებთ მოქმედებისა და მეტი დამოუკიდებლობისკენ. მაგრამ, თუ სიზმარში მსუბუქი ავტომანქანით მიდიხართ, ამ დროს დეტალებს აქვს დიდი მნიშვნელობა: ჩქარა მიდიხართ? შეგიძლიათ გააჩეროთ, როცა მოგინდებათ? თავდაჯერებული ხართ თუ გეშინიათ? თუ მანაქანას თავად მართავთ და ეს სიამოვნებას განიჭებთ, ნიშნავს, რომ თავისუფალი ხართ და თავად მართავთ საკუთარ ცხოვრებას. თუ მგზავრი ხართ, უნდა გაერკვეთ, რა დამოკიდებულება გაქვთ მძღოლთან. თუ მას არ იცნობთ, მაშინ იმის მიხედვით, რას ამჟღავნებთ მისდამი – უნდობლობას თუ კეთილგანწყობას, რეალურ ცხოვრებაში ეს ასახავს თქვენს დამოკიდებულებას ირგვლივ მყოფთა მიმართ.
– საკვებზე რას გვეტყვით, მაგალითად, ხორცი თუ ვნახეთ სიზმარში?
– ეზოთერიკოსთა განმარტებით, ხორცის ნაჭერი სიზმარში არასასიამოვნო მოვლენების ნიშანია, რაც ძირითადად იწვევს: გაღიზიანებას, ნეგატიურ ემოციებს, ავადმყოფობას. მაგალითად, უსისხლო ხორცის ნაჭერი მაგიდაზე მასში ჩარჭობილი დანით, ფულთან დაკავშირებულ სერიოზულ მატერიალურ ზარალს ნიშნავს; თუ ქალი ამუშავებს უმი ხორცის ნაჭრებს, ნიშნავს, რომ ფიზიკურად არ არის კარგად და თავს უნდა გაუფრთხილდეს: რადგან ნერვები არ აქვს წესრიგში, ან შეიძლება, კბილი ასტკივდეს. თუ სიზმარში ქალი უმი ხორცით ვინმეს უმასპინძლდება, იმ ადამიანმა ფიზიკურ ვარჯიშს უნდა მიჰყოს ხელი ან სპეციალური პროცედურები ჩაიტაროს.