კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№1 ინტელექტუალური მძარცველი

ლოურენს ბლოკი   

  მძარცველი საქმიანი სახით იქექებოდა საწოლის ტუმბოში, როდესაც არჩერ რიზონდი ოთახში შეიპარა. ფეხაკრებით მოდიოდა, კაცი იფიქრებდა, თავადაც სხვისი ქონების დასაუფლებლად მოსულაო. უჯრის შესწავლით გართულ მძარცველს მისი შესვლა არ შეუმჩნევია, მაგრამ ცოტა ხანში  იგრძნო, რომ ოთახში ვიღაც იყო. როდესაც შემობრუნდა და არჩერ რიზონდი დაინახა, კინაღამ გული წაუვიდა და მხოლოდ მოულოდნელობისგან არა.  მთავარი  დისკომფორტი მისკენ მიშვერილმა რევოლვერმა შეუქმნა.  
– ჯანდაბა, – დაიწყო მან. შემდეგ კი უცნაური რაღაც  წარმოთქვა, – რა უბედურებაა, მთელი კვირა დათარსული ვარ. სამშაბათს მანქანას დავარტყი. მერე აკვარიუმი გამივარდა ხელიდან, რომელშიც ისეთი იშვიათი ჯიშის აფრიკული თევზები მყავდა, მათთვის ჯერ ლათინური სახელებიც რომ არ მოუფიქრებიათ. გუშინ სადილობისას ლოყაზე ვიკბინე. ახლა კი, აი... რა სიტუაციაში აღმოვჩნდი.  გონივრული იქნებოდა, მთელი კვირა ლოგინში გამეტარებინა. შემდეგში ასეც მოვიქცევი, თუკი აქედან გავაღწევ.
– ნამდვილად,  თუ გააღწევთ... – დაუზუსტა რიზონდმა და დაამატა, – რა თქმა უნდა,  ცოცხალი.
მძარცველს ნიკაპი შესამჩნევად აუკანკალდა:
– დარწმუნებული ვარ, არ მესვრით.
– ვითომ რატომ?
– ნუ, თუნდაც იმიტომ, რომ ამ ძვირფას ხალიჩას დასვრით და ცოლი გაგიბრაზდებათ. დამიჯერეთ, სროლა სისულელეა.  
– ცოლი სახლში არაა, ერთ საათში დაბრუნდება.
– მერე რა? გასაგებია, რასაც იტყვის. ის კი არა, დარწმუნებული ვარ, პოლიციასაც თუ  არ გამოიძახებთ, საქმეს საკუთარი ძალებით მოვაგვარებთ. ცოტა ფული მაქვს და როგორც კეთილი გულის ადამიანი, მე სიამოვნებით შევიტან ამ თანხას თქვენს საყვარელ საქველმოქმედო ფონდში. რა საჭიროა ჩვენნაირი ჯენტლმენების კერძო საქმეში პოლიციის ჩარევა?
– თქვენი ფული რაში მჭირდება? ვერ ხედავთ, რომ საკუთარიც საკმარისზე მეტი მაქვს? უკანა ჯიბეში რა გიდევთ?
– ეს? ეს მხოლოდ ძალაყინია.
– მომეცით! – უბრძანა რიზონდმა, – აჰა, განა ეს იარაღი არ არის? პოლიციაში  ვიტყვი, რომ ამ ძალაყინით დამესხით თავს და იძულებული გავხდი, თავდაცვის მიზნით მესროლა.
– ჩემი მოკვლა რაში გჭირდებათ? – ცოტაოდენი დუმილის შემდეგ ჰკითხა მძრაცველმა.
– რა ვიცი, – გაიცინა რიზონდმა, – იქნებ, მე ჯერ არავინ მომიკლავს და მაინტერესებს, ეს როგორი შეგრძნებაა? ან, პირიქით, სიამოვნებით ვკლავდი, როდესაც ომში ვიყავი და მინდა, ეს კაიფი კიდევ ერთხელ დავიჭირო? ცოტაა მიზეზი? საქმე ისაა, რომ როგორც გვამი, შესაძლოა, გამომადგეთ, ხოლო ცოცხალი არაფრად მარგიხართ. მე საქმის კაცი ვარ და თუ მოიფიქრებთ, როგორ შეძლებთ, ცოცხალმა უფრო მეტი სარგებელი მომიტანოთ, ვიდრე მკვდარმა...
– მოდი, თქვენთვის რამეს მოვიპარავ! – წამოიძახა მძარცველმა, – ძვირფას ნახატს, თქვენი კონკურენტების საიდუმლო დოკუმენტებს,  დამავალეთ რამე.
– არაფერი გამოვა, – წარმოთქვა რიზონდმა, – ჯერ ერთი, ყველაფერი მაქვს, რაც მინდა. მეორეც, ყოვლისშემძლე არ ხართ. მაგალითად, შეძლებთ, ჩემთვის, ვთქვათ, ქალის გულის დაპყრობას? არა მგონია. თან, საიდან უნდა ვიცოდე, რომ თქვენი ნდობა შეიძლება. აქედან რომ გახვალთ, თქვენზე ყოველგვარ გავლენას დავკარგავ. დაფიქრდით, რა ხეირია თქვენგან? მარტო გვამად თუ გამოდგებით. ძარცვისა და ქურდობის გარდა სხვა რამის კეთება იცით?
– ჭადრაკს ვთამაშობ, – სახე გაუნათდა მძარცველს, –  როცა არ ვიპარავ, ჭადრაკის კლუბში დავდივარ. უფრო ხშირად ვიგებ, ვიდრე ვაგებ.
– აჰა, გამოდის, მაინც შეიძლება, რაღაცაში გამომადგეთ. ახლა ვფიქრობდი, როგორ მოვკლა დრო ცოლის მოსვლამდე-მეთქი. ამ ერთ საათს ჭადრაკის თამაშში გავიყვან. ღირსეულ მოწინააღმდეგეს ხშირად ვერ გადააწყდები.
– და... სიცოცხლეს შემინარჩუნებთ, რომ ჭადრაკი მეთამაშოთ?
– აბსოლუტურად სწორია.
– მოიცადეთ, რამე ხომ არ გაქვთ ჩაფიქრებული? ხომ არ მომკლავთ, თუკი წავაგებ ან, პირიქით, მოგიგებთ?
– რა თქმა უნდა, არა. ჭადრაკი ხელოვნებაა, ის აზარტზე მაღლა დგას.
– ჭადრაკის თამაში, რომ არ მცოდნოდა მომკლავდით?
– ეს სკითხი ასე გაღელვებთ?
– არ უნდა მაღელვებდეს?
ისინი სათამაშოდ დასხდნენ. მძარცველს თეთრი ფიგურები შეხვდა და მან სამეფო პაიკით იარა. საკმაოდ მახვილგონივრულად გამოიყენა უპირატესობა. მეთექვსმეტე სვლაზე რიზონდმა აიძულა ცხენის სანაცვლოდ ლაზიერი დაეთმო. მალე მძარცველმა წაგება აღიარა. მეორე პარტიაში იგი შავებით თამაშობდა და სიცილიური დაცვის რიზონდისთვის უცნობი ვარიაცია აირჩია. თამაში ჯერ თანაბარი უპირატესობებით მიდიოდა. ბოლოს რიზონდმა წააგო.
– მშვენიერი პარტიაა, –  მორცხვად აღიარა მძარცველმა.
– თქვენ კარგი მოჭადრაკე ხართ, – შეაქო, თავის მხრივ, დამხვდურმა.
– მადლობა.
მათ ფიგურების დალაგება დაიწყეს, მაგრამ ამ დროს სახლში რიზონდის ცოლი, მელისა შემოვიდა. მამაკაცები წამოდგნენ. მისის რიზონდი ღიმილით მიუახლოვდათ.
– ჭადრაკის ახალი პარტნიორი იშოვე? მიხარია.
რიზონდმა ხელი უკანა ჯიბეში ჩაიყო და ძალაყინი ამოიღო. ახლა ის უფრო მძიმე მოეჩვენა, ვიდრე თავიდან.
– მელისა, – თქვა მან, – შენი ყველა ნაკლისა და ცოდვის  ჩამოთვლაში დროს არ დავკარგავ. ეჭვიც არ მეპარება, კარგად იცი, რატომ იმსახურებ იმას, რასაც იმსახურებ.
ქალმა თვალები დააჭყიტა. მან ქმრის ნათქვამიდან ვერცერთი სიტყვა ვერ გაიგო. მაგრამ კითხვაც ვერ მოასწრო. რიზონდმა ძალაყინი მოიქნია და მთელი ძალით ჩასცხო თავში. ხოლო როდესაც ქალი მუხლებზე დაეცა, სამი სწრაფი დარტყმა კიდევ მიაყენა და სწრაფად მობრუნდა.
– თქვენ ის მოკალით... ღმერთო, მოკალით... – ჩაიბურტყუნა მძარცველმა.
– არაფერიც, – უპასუხა რიზონდმა და ჯიბიდან ისევ ამოიღო თავისი რევოლვერი.
– როგორ,  ნახეთ, განა ის მკვდარი არ არის?
– იმედი მაქვს, რომ მკვდარია და ღმერთს ვევედრები, რომ ასე იყოს. თუმცა იგი მე არ მომიკლავს, ეს თქვენ გააკეთეთ.
– რა სიგიჟეა. მე რა შუაში ვარ. ვერაფერს ვხვდები...
– სამაგიეროდ, პოლიცია მიხვდება, – ამ სიტყვებთან ერთად რიზონდმა სასხლეტს თითი გამოჰკრა და მძარცველი მხარში დაჭრა. მეორე გასროლა უფრო წარმატებული გამოდგა, ტყვიამ პირდაპირ გულში გაიარა. მძარცველს ფეხები მოეკვეთა და ნელ-ნელა იატაკზე გაიშხლართა.
რიზონდმა ჭადრაკის ფიგურები აკრიფა, დაფა გაწმინდა და სცენა მომდევნო მოქმედებისთვის მოამზადა. ძალიან მოუნდა, რაიმე მხიარული მელოდია წაესტვინა, მაგრამ ამ სურვილს სძლია. საკუთარი თავით ძალიან კმაყოფილი იყო. ჭკვიანი ადამიანი ყველაფერს სათავისოდ გამოიყენებს. თუ ბედი მას მჟავე ლიმონს უგზავნის, იგი ყოველთვის შეძლებს მისგან ტკბილი ლიმონათი დაამზადოს. მთავარი ხომ მაინც სურვილია.
თარგმნა
ნინო წულუკიძემ

скачать dle 11.3