№1 როგორ დააარსა ლავრენტი ბერიამ ქართული გამომცემლობა „საბლიტგამი“
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

ბერიას მანიაკობის რა მოგახსენოთ, მაგრამ თუკი ბერია მანიაკი იყო, მას წიგნების მანიაკი შეიძლება, ვუწოდოთ და სტალინზე მეტი თუ არა (სტალინს 20 ათასი წიგნი ჰქონდა წაკითხული), მასზე არც თუ ისე ნაკლები წიგნი ექნებოდა წაკითხული.
ბერიას ზემოხსენებული „მანიაკობის“ დასტურია ის, რომ 1938 წელს ლავრენტი ბერიას უშუალო პატრონაჟით გაიხსნა ცნობილი ქართული გამომცემლობა „საბლიტგამი“ (საბავშვო ლიტერატურის გამომცემლობა). უკვე ბერიას სიკვდილის შემდეგ ამ გამომცემლობას „ნაკადული“ უწოდეს. „საბლიტგამი“ ოფიციალურად საბავშვო გამომცემლობა იყო და იქ მხოლოდ საბავშვო თემატიკის საბჭოთა (ძირითადად, რუსულენოვანი) წიგნები უნდა გამოეცათ. სერიოზული თემატიკა და მსოფლიო კლასიკა მოსკოვთან უნდა შეთანხმებულიყო, რაც წიგნების ტირაჟებსა და თემატიკაზე უარყოფით გავლენას ახდენდა. ბერიას ეშმაკობის წყალობით კი საქართველოში საგამომცემლო საქმე ყვაოდა და ისეთი მსოფლიო შედევრები გამოიცემოდა, რომლის დაბეჭდვაზე თვით მოსკოვშიც კი ვერ იოცნებებდნენ. ბერიას ამ ეშმაკობის წყალობით, ფართოდ ტირაჟირდებოდა საქართველოს ისტორიისადმი მიძღვნილი როგორც დოკუმენტური, ასევე მხატვრული პუბლიკაციები. აიწია ქართველების მთარგმნელობითმა დონემ და ბერიას ხელდასხმით, ქართულად ორიგინალიდან (და არა რუსულიდან) მაღალ დონეზე ითარგმნებოდა მსოფლიო შედევრები, რათა მათ ქართველი მკითხველი გაცნობოდა. მრავალათასიანი ტირაჟით იბეჭდებოდა ქართველი კლასიკოსებიც, ასევე, ეგრეთ წოდებული, შერისხული ქართველებიც და მარტო კონსტანტინე გამსახურდია და მიხეილ ჯავახიშვილი კმარა ამის დასტურად. სწორედ ბერიას დიდი ხელშეწყობით მუშაობდა გენიალური აკაკი შანიძე ქართულ გრამატიკაზე, სხვა ცნობილ ტექსტებზე და შემდგომ ისინი დიდი ტირაჟით გამოიცა...
ლავრენტი ბერიას ვაჟი, სერგო ბერია ყვებოდა: „მამას თბილისში მოღვაწეობისას ჩვენს სახლში ხშირად იკრიბებოდნენ ცნობილი და ნაკლებად ცნობილი, მაგრამ ნიჭიერი ხელოვანები, მეცნიერები. იმართებოდა დისკუსიები სხვადასხვა თემაზე და მამა ტოლს არ უდებდა მათ. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ იქ სუფევდა დემოკრატიული ატმოსფერო და მამა იმ მომენტში საქართველოს პარტიული მმართველი კი არა, დისკუსიის რიგითი, მაგრამ ძალიან კომპეტენტური მონაწილე იყო. მამას ძალიან უყვარდა ლიტერატურა, პოეზია და ბევრი სამამულო და საზღვარგარეთული შედევრი იცოდა ზეპირად, თანაც შესანიშნავი დეკლამატორი იყო. ერთხელ ჩვენთან სტუმრად მყოფ გალაკტიონს მისი „მესაფლავე“ ისეთი გრძნობით და ღრმა წვდომით წაუკითხა, რომ დიდ პოეტს თვალები აუცრემლდა. მამას გადაეხვია და უთხრა – ჩემს ლექსს შენ სულ სხვა სული შთაბერეო. მამა სიხარულით მეცხრე ცაზე იყო, როდესაც „საბლიტგამი“ გაიხსნა და საქართველოში სხვადასხვა თემატიკის წიგნების გამოცემა დიდი ტირაჟით დაიწყეს...“
ნიშანდობლივი ფაქტია ისიც, რომ 1953 წლის მაისის მიწურულს, ბერიას თაოსნობით, გამოსაცემად მზად იყო 33-ტომიანი ქართულენოვანი ენციკლოპედია და ათასი სასიგნალო ეგზემპლარიც კი იყო დაბეჭდილი მაღალპოლიგრაფიულ დონეზე. თუმცა, როგორც კი ნიკიტამ „უვიცი“ ბერია მოიშორა, ქართული ენციკლოპედია გაანადგურეს, როგორც „მაკულატურა“ და მისგან ნაგლეჯიც არ დატოვეს“.