№1 რატომ ზიანდება გულის კუნთი
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

კარდიომიოპათიის ორივე ნაირსახეობას სხვადასხვაგვარი კლინიკური გამოვლინება და პროგნოზი ახასიათებს, მაგრამ აქვთ საერთო ნიშნებიც, კერძოდ:
* მიზეზი უმეტესად უცნობია;
* ორგანიზმში ანთებითი რეაქციის ნიშნები არ არსებობს;
* გულის ზომები იმატებს;
* არსებობს მიდრეკილება თრომბების წარმოქმნისკენ;
* კარდიომიოპათიებით განპირობებული გულის უკმარისობის მკურნალობა ძალიან ძნელია.
ხშირია შემთხვევა, როდესაც კარდიომიოპათიით დაავადებულ პაციენტებს ადრეულ ეტაპებზე არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებათ და მხოლოდ მოგვიანებით ვლინდება.
კარდიომიოპათიის სიმპტომებია:
* ჰაერის უკმარისობა ფიზიკური დატვირთვისა და ზოგჯერ, მოსვენების პირობებშიც;
* ფეხების, კოჭებისა და ტერფების შეშუპება;
* სითხის დაგროვებით გამოწვეული მუცლის შებერილობა;
* ხველა წოლისას;
* დაღლილობა;
* არარეგულარული გულისცემა, რომელიც შესაძლოა, იყოს სწრაფი, დარტყმების სიძლიერე კი – მომატებული, ახლდეს ფრიალი;
* მკერდის ტკივილი;
* თავბრუ, გულის წასვლის შეგრძნება და გულის წასვლა;
კარდიომიოპათიის ფორმის მიუხედავად, თუ სამედიცინო ჩარევა არ მოხდა, სიმპტომები უარესდება. ზოგიერთ პაციენტში ეს სწრაფად ხდება, ზოგში კი – გვიან.
კარდიომიოპათიის მკურნალობა სიმპტომურია. ეს ნიშნავს, რომ შეგვიძლია, ვუმკურნალოთ დაავადების დამახასიათებელ გამოვლინებებს და არა თვით დაავადებას.
ისევე, როგორც ნებისმიერი პათოლოგიის შემთხვევაში, კარდიომიოპათიის დროსაც მკურნალობა არამედიკამენტური ღონისძიებებით იწყება. აუცილებელია:
* სითხის მიღების შეზღუდვა;
* დიურეზის ანუ მიღებული სითხისა და გამოყოფილი შარდის ოდენობის თანაფარდობის კონტროლი (ნორმაში გამოყოფილი შარდის ოდენობა ოდნავ მეტი უნდა იყოს);
* დოზირებული ფიზიკური დატვირთვა. ალკოჰოლის მიღება სასტიკად აკრძალულია!
თუ არ მოხდება დროულად ზომების მიღება, შესაძლოა, განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები: გულის უკმარისობა, არტერიული და ფილტვების თრომბოემბოლიები, გულის გამტარობის დარღვევა, რთული არითმია, გულის მოულოდნელი კვდომის სინდრომი.
ქალებმა აღნიშნული დაავადების დადგენის შემთხვევაში უარი უნდა თქვან ფეხმძიმობაზე, რადგან დიდია ლეტალური შედეგის დადგომის ალბათობა.