№1 ოსპის საოცარი თვისებები
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
ოსპი ამცირებს ქოლესტეროლის დონეს, განაპირობებს გულის, საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯანმრთელობას, არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში. ეს მცენარე პროტეინების წყაროა, გვმატებს ენერგიას, გვეხმარება წონის დაკლებაში.
ოსპი დედამიწაზე არსებულ ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო პროდუქტადაა მიჩნეული. შეიცავს A, C და B ჯგუფის ვიტამინებს, უჯრედისებს, ბევრ ცილას, ნახშირწყლებს, ფლავონოიდებს, ფოლიუმის მჟავას (რომელიც გვიცავს კიბოსგან), მიკროელემენტებს: კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, თუთიას, რკინას, ფოსფორს. თანამედროვე მედიცინა აქტიურად იყენებს ოსპს. ძალიან სასარგებლოა ოსპის კერძები (წვნიანი, სალათა, ფაფა) გულ-სისხლძარღვთა და დიაბეტით დაავადებულთათვის, რადგან აწესრიგებს სისხლში შაქრის დონეს. კარგია კუჭ-ნაწლავის პრობლემების (კოლიტი, წყლული) დროს. სასურველია, მომავალმა დედებმა რაციონში ოსპი გაითვალისწინონ, რადგან ის ნაყოფის განვითარებას ეხმარება.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ოსპი ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა პროდუქტია, რადგან ის არ აგროვებს ტოქსინებსა და ნიტრატებს. მასში შემავალ ნივთიერებებს – იზოფლავონებს, ძუძუს კიბოს არიდება შეუძლიათ. ოსპი შეიცავს გულისთვის აუცილებელ უჯრედისსაც.
ოსპში შემავალ მცენარეულ ცილას ადვილად ითვისებს ორგანიზმი, ამასთან, გოგირდის შემცველი ამინომჟავები და ტრიფტოფანი ოსპში გაცილებით ნაკლებია, ვიდრე სხვა პარკოსნებში. ოსპი შეიცავს უფრო ნაკლებ ცხიმებს, ვიდრე ბარდა და რკინის კარგი წყაროა. ოსპის ერთი ულუფით დღიურად რეკომენდებულ ფოლიუმის მჟავას 90 პროცენტს მიიღებთ. ოსპი შეიცავს ხსნად უჯრედისს, რომელიც აუმჯობესებს საკვების მონელებას და ამცირებს სწორი ნაწლავის სიმსივნის რისკს. ოსპი ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას, ამაღლებს იმუნიტეტს და ახდენს შარდსასქესო სისტემის მუშაობის ნორმალიზებას.
ოსპის ნახარშის გამოყენება რეკომენდებულია შარდ-კენჭოვანი დაავადებების დროს. ძველად მიიჩნეოდა, რომ ოსპი ნერვულ დაავადებებსაც კურნავს. ძველი რომაელი ექიმები ირწმუნებოდნენ, რომ ოსპის რეგულარული გამოყენება ადამიანს მშვიდსა და მომთმენს ხდის. ოსპში არსებული კალიუმი სასარგებლოა გულისთვის. ოსპის პიურე შველის კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულს, კოლიტებს.
ნახევარ ულუფაში არის 9 გრამი ცილა, 8 გრამი უჯრედისი, არ შეიცავს ცხიმს. ენერგეტიკული ღირებულებაა 115 კილოკალორია. იზოფლავონები დამუშავებისას არ იშლება, ამიტომ თამამად შეგიძლიათ, იყიდოთ კონსერვირებული ან გამომშრალი ოსპი.
თურმე ოსპს ადრე ღარიბების ხორცს უწოდებდნენ, რადგან დიდი რაოდენობით ცილას და B ჯგუფის ვიტამინებს შეიცავს, ამასთანავე ნოყიერია და ორგანიზმიც ადვილად ითვისებს. ასე რომ, თამამად და აქტიურად ჩართეთ ოსპი თქვენს მენიუში, კვირაში ერთხელ მაინც დაგეგმეთ ოსპის დღე და მოამზადეთ ოსპის კერძები. ის ერთნაირად სასარგებლოა როგორც დიდებისთვის, ისე პატარებისთვისაც.