№1 როგორ დასაჯა კრემლმა ჩეჩნეთი ზვიად გამსახურდიას გამო
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
31 დეკემბერს საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაღუპვის დღეა და, თუმცა დღემდე უცნობია დანამდვილებით, თავი მოიკლა თუ მოკლეს, ფაქტია, რომ მისი ლიკვიდაცია მაინც იგეგმებოდა. ზვიად გამსახურდიას ტრაგიკული ბედი ერგო სიცოცხლეშიც და სიკვდილშიც: მის ცხედარსაც კი მალავდნენ და რამდენჯერმე გადაასაფლავეს სხვადასხვა ადგილას ცხედრის მდევრისთვის კვალის არევის მიზნით. სანამ საქართველოში გადმოასვენებდნენ, სულ ბოლოს, საქართველოს დევნილი პირველი პრეზიდენტი გროზნოში დაკრძალეს და მას ქრისტიანული წესით მიაგეს პატივი. ზაალ კასრელიშვილთან ერთად ვიმსჯელებთ ისეთ ფენომენზე, როგორიც კავკასიაა, სადაც შესაძლებელია, რომ მუსლიმანურ ქვეყანაში ქრისტიანული წესით საზეიმოდ დაკრძალონ სხვა ქვეყნის დევნილი პირველი პირი, რაც ხაზს უსვამს, რომ ამ რეგიონში ფასეულია სულ სხვა ღირებულებები.
– მე ეს ჟესტი გავიგე შემდეგნაირად: საქართველოს ლიდერი უნდა იყოს კავკასიაში აღიარებული პიროვნებაც და ჩვენ გვახსოვს, რომ მეფე ერეკლე, რაკი ერთხელ არ გამოუვიდა ეკატერინეს მისი მკვლელობა ტოტლებენის ხელით, ცოცხალი დატოვა, ვინაიდან ერეკლეს ავტორიტეტი განუზომლად დიდი იყო კავკასიაში და არეულობას მოერიდა. რა მოვლენა იყო კავკასიელებისთვის, ზოგადად და განსაკუთრებით, ქართველებისთვის ის ფაქტი, რომ მათ გროზნოში საჯაროდ ჩაატარებინეს რიტუალი მართლმადიდებელ სასულიერო პირებს?
– სანამ პასუხს გაგცემდეთ კითხვაზე, მანამდე მინდა, გითხრათ, რომ ერეკლეს ვაჟ ალექსანდრეს, როდესაც ის რუსეთის იმპერიას აუჯანყდა, მიემხრო მთელი ჩრდილო კავკასია და მოიხსენიებდნენ, როგორც კავკასიის უფლისწულს. რუსეთის იმპერიამ ჩრდილო კავკასიელ ლიდერებს შესთავაზა საკმარისი ოდენობის ოქრო, რომ ალექსანდრეს დაჭერაში დახმარებოდნენ, რაზეც კატეგორიული უარი მიიღეს. როგორც ჩანს, კავკასიაში, უპირველესად, ღირსებას, ბრძოლის უნარსა და იდეების ერთგულებას აფასებენ და ამის შემდეგაა ყველაფერი დანარჩენი. გამსახურდია კავკასიაში გამოკვეთილი ლიდერი იყო და მისი და ჯოხარ დუდაევის გარდაცვალების შემდეგ რეგიონში ლიდერი არც გამოკვეთილა, პოზიციურადაც არა, ერთი მიმართულების ლიდერი მაინც რომ ყოფილიყო. ზვიად გამსახურდიას დაკრძალვა, რა თქმა უნდა, იყო ღირსეული და პომპეზური და ის დაკრძალეს, როგორც კავკასიის პრეზიდენტი, კავკასიის ოფიციალური, აღიარებული ლიდერი, კავკასიის მტრების წინააღმდეგ მებრძოლი, თან - განათლებული, იდეის ერთგული და მოაზროვნე. მაგრამ დაკრძალვამდე ის გადაარჩინეს. ეს ყველამ იცის და, ვინც არ იცის, მით უარესი მისთვის. ფაქტობრივად, შიდა პატიმრობაში აღმოჩნდნენ გამსახურდია და მისი თანამოაზრეები სომხეთში. ჯოხარ დუდაევის ბრძანებით გადმოაფრინეს ის გროზნოში. როდესაც ჯოხარ დუდაევი მის წამოსაყვანად მიფრინავდა, სომხეთის საჰაერო სივრცეში დაჯდომის უფლება არ მისცეს და მან ძალიან კატეგორიული, მებრძოლ გენერალს რომ ეკადრება, ისეთი პასუხი გასცა, მაშინ დავბომბავ ერევანსო. გადაარჩინეს და შეიფარეს კაცურად. დანამდვილებით ვიცი, რომ ჯოხარი არ იყო ზვიადის საქართველოში ჩამოსვლის მომხრე. ბატონი ჯოხარი თვლიდა, რომ ეს იყო სატყუარა და ზვიადს ცოტა ხანს უნდა მოეცადა გროზნოში. ისიც სათქმელია, რომ გამსახურდიას საქართველოში ჩამოსვლის დროს 4 000-მდე მეომარი დახვდა და ის რამდენიმე ადამიანის გარემოცვაში გარდაიცვალა. შემდგომ ის გადაასვენეს გროზნოში. ყველას კარგად გვახსოვს, დაკრძალვის შემდგომ მიწასთან გაასწორა რუსეთის ავიაციამ ჩეჩნეთი და გროზნო. ქიმიური იარაღიც კი გამოიყენა, მაგრამ არც ერთ ჩეჩენს თავში აზრად არ მოსვლია, რომ ზვიად გამსახურდიას დაკრძალვის ადგილი გაეთქვა. და აი, ამ ნანგრევებში, ათას უბედურებაგამოვლილ ქალაქში შეინახეს და მხოლოდ ოჯახს გადასცეს მისი ნეშტი. ეს ყოველივე იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს ისტორიაში მეოცე საუკუნეში იყო გამოკვეთილი კავკასიელი ლიდერი და ის იყო ქართველი. თუ კავკასიის ისტორიას გადავხედავთ, ფაქტობრივად, ყველა ის ლიდერი, რომლის გარშემოც კავკასია გაერთიანდა, იყო ქართველი. პიროვნულად ლიდერები ჩრდილო კავკასიელებსაც ჰყავთ, მაგრამ ერთადერთი იყო შამილი, ვის გარშემოც გაერთიანდნენ ჩრდილო კავკასიელები, ყველა დანარჩენი ქართველი იყო. იმავე ერეკლე მეფის სამხედრო წარმატებებმა 180 გრადუსით შემოაბრუნა ჩრდილო კავკასიელები საქართველოსა და ერეკლესკენ.
– აქ ძალას აღიარებენ უპირველესად.
– არა მარტო ძალას, იდეის ერთგულებას, ინტელექტს და ბრძოლის უნარს. როდესაც ისეთი მეომარი ხარ, რომ სწორ გათვლებს აკეთებ ბრძოლის დროს, მინიმალური მსხვერპლით მაქსიმალურ მიზანს აღწევ, რა თქმა უნდა, დაგაფასებენ. თუ ბრძოლაში იმაზე მეტ ადამიანს დაკარგავ, ვიდრე მიზნისთვისაა საჭირო, არავინ დაგაფასებს. ყველაფერი ერთადაა: ინტელექტი, ვაჟკაცობა და მთავარი მაინც, ვიმეორებ, იდეის ერთგულებაა. კავკასიელი გემეგობრება, გცნობს და გაღიარებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შენ თავგანწირული კაცი ხარ, თუ შენ თავგანწირვის უნარი გაქვს, თუ შეგიძლია, ყველაზე ძვირფასი – სიცოცხლე – დათმო სხვის გამო, ქვეყნისა და იდეის გამო. ხაზინის ქურდს არავინ აღიარებს და არც ყბედ პოლიტიკოსს. მას არავინ დაუდგება გვერდში. ასე რომ, ჩვენ მომსწრენი ვართ კავკასიის ლიდერის არსებობას და დარწმუნებული ვარ, მერაბ კოსტავა რომ ცოცხალი დარჩენილიყო, ისიც ასეთივე ლიდერი იქნებოდა. უნიკალური მოვლენის მომსწრენი ვიყავით. რაც შეეხება ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებას, მანამდე მერაბ კოსტავას გარდაცვალებას, უფრო ადრე პარტიული ფუნქციონერებისა და შემდეგ პოლიტიკოსების გარდაცვალებას, მინიმუმ, 20-25 წლის განმავლობაში არ გაიხსნება ეს საქმეები და გაიხსნება იმ შემთხვევაშიც, თუ დარჩება ამის გაგების მსურველი.
– ხშირად მიფიქრია ამ თემაზე, ელცინი გამსახურდიას ეუბნებოდა, უარი ეთქვა დუდაევისა და ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის მხარდაჭერაზე. როგორ ფიქრობთ, რომ მიჰყოლოდა ელცინის ნებას, პროცესები სხვაგვარად ხომ არ განვითარდებოდა ჩვენთვის? ღირდა, ვხედავთ, რა ვითარებაა ჩეჩნეთში, ამის გამო, მომხდარიყო ის, რაც შემდეგ მოხდა საქართველოში?
– ისევ გადავხედოთ ფაქტებს: ჯოხარ დუდაევსა და ზვიად გამსახურდიას ერთმანეთთან კონტაქტი არ ჰქონიათ და არც პარტნიორები იყვნენ, როდესაც საქართველოში „კა გე ბემ“ ქვემო ქართლში ვითარების არევა სცადა, ზვიად გამსახურდია და ჯოხარ დუდაევი ტანდემში არ საქმიანობდნენ თავისუფლებისკენ მიმავალ გზაზე, როდესაც ქვემო ქართლის შემდეგ „კა გე ბემ“ ცხინვალში არია საქმე: და ხომ გახსოვთ, რის გამო მოხდა 9 აპრილი?! როდესაც სოხუმშიც სცადა „კა გე ბემ“ სიტუაციის არევა და გამოუვიდა კიდეც და ამას მოჰყვა 1989 წლის 4 აპრილს შიმშილობა, რაც შემდეგ დამოუკიდებლობის მოთხოვნაში გადაიზარდა და 9 აპრილს დაგვარბიეს. ასე რომ, ძალიან ეჭვი გვეპარება, რომ კრემლი მათმა ურთიერთობამ გააღიზიანა. ჩვენ ვფიქრობთ, კრემლი გააღიზიანა იმან, რომ მის კოლონიებში რეალური ლიდერები გაჩნდნენ, რომლებმაც მსოფლიოს ყურადღება მიიპყრეს. მაშინ გლობალური პოლიტიკური პროცესები, სწორედ, საბჭოთა კავშირის დაშლისკენ მიდიოდა; კრემლი გააღიზიანა იმან, რომ ხალხი რეალურად აჰყვა ახალ ლიდერებს, ყოვლად უანგაროდ და გააღიზიანა იმანაც, რომ ეს ლიდერები არ იყვნენ სადღეგრძელოების დონის ფსევდო-პოლიტიკოსები, დღეს რომ გვყავს, ისეთები – ყველა თავის თავზე რომ ფიქრობს, როგორმე ხელისუფლებაში მოხვდეს, კომფორტი შეიქმნას და პრივილეგიები მიიღოს. ზვიადმა და მერაბმა იდეის დონეზე მოახერხეს ხალხის დარაზმვა, ეს არის გამოკვეთილი პოლიტიკური ლიდერების ხვედრი და ამის გარდა, კონკრეტული მიზნები ჰქონდათ, რაც ზოგადად ჩრდილოკავკასიელების ინტერესიც იყო. მაგალითად, ჯოხარ დუდაევი და ზვიად გამსახურდია გეგმავდნენ გროზნო-ფოთის ნავთობსადენის გაყვანას, ავტომაგისტრალითა და რკინიგზით საქართველოსა და ჩეჩნეთ-ინგუშეთის დაკავშირებას.
– რითაც დასრულდებოდა ჩრდილო კავკასიის იზოლაცია და მათ ექნებოდათ გასასვლელი შავ ზღვაზე, ესე იგი, ევროპაზე.
– აი, მაგას ვამბობ სწორედ. ფანჯარა იხსნებოდა ჩრდილო კავკასიელებისთვის. ჩრდილო კავკასია ხდებოდა ცივილიზებული დასავლეთის ნაწილი საქართველოს გავლით, ანუ კავკასიურ იდენტობას, რწმენას, ტრადიციებსა და ადათს ინარჩუნებდნენ, მაგრამ, ცხოვრების წესით, ცივილიზებული დასავლეთის ნაწილი ხდებოდნენ საქართველოსთან ერთად. თუ ამ მდგომარეობას შევადარებთ წარსულს, თამამად შეიძლება, ითქვას, რომ დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის დროსაც, სწორედ აც რომ, ასე იყო: ჩრდილო კავკასიელები იყვნენ სამხედრო ვალდებულები, ჩვენთან ერთად ომობდნენ ჩვენი საერთო მტრების წინააღმდეგ, იმიტომ რომ საქართველოს მტერი მაშინ ჩრდილო კავკასიის მტრადაც ითვლებოდა და სანაცვლოდ მათ საბაჟო გადასახადის გარეშე ჰქონდათ საქართველოს ტერიტორიაზე ვაჭრობის უფლება. კრემლი შეაშინა ამ კავშირის პერსპექტივამ. პერსპექტივა რომ არ დაენახათ და ეს ურთიერთობა ჩაეთვალათ პოლიტიკურ-სავაჭრო ღლაბუცად, ასე არ გაცოფდებოდნენ. თან, ჩეჩნეთის დაპყრობა თუ უნდოდათ, იცოდნენ, რომ, უპირველესად, საქართველოსთვის უნდა მიეყენებინათ ზიანი. ზვიადის გარდაცვალების მერე ჯოხარ დუდაევმა ძალიან კარგად იცოდა, რომ მისი ჯერი დადგა, ისევე, როგორც მერაბის სიკვდილის შემდეგ ზვიად გამსახურდიამ იცოდა, რომ სამიზნე ის იყო. სწორედ ამიტომაც მიიღო სასწრაფოდ ყველა ის კანონი, რამაც ჩვენი ქვეყნის მომავალი და მისი დამოუკიდებლობა უზრუნველყო საერთაშორისო საზოგადოებისთვის, იურიდიული თვალსაზრისით.