№52 რატომ აკუწა იოსებ ლაღიაშვილმა სასულიერო სემინარიის რექტორი
ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე
იოსებ ლაღიაშვილი – თბილისის სასულიერო სემინარიის სტუდენტი, მისი სახელი მას შემდეგ გახმაურდა, რაც ამავე სემინარიის რექტორი, პავლე ჩუდეცკი მოკლა. იოსებ ლაღიაშვილი დაიბადა სამეგრელოში. მამა გორელი, კერძოდ კი ხურვალეთელი მღვდელი იყო, დედა – მარტვილის რაიონის სოფელ ბანძის მღვდლის ქალიშვილი. დედ-მამა იოსებს ადრე დაეღუპა, მისი აღზრდა კი ბებიამ და ბიძებმა ითავეს. დაამთავრა გორის სასულიერო სემინარია, შემდეგ კი თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩაირიცხა. ის სემინარიის პანსიონში ცხოვრობდა და სტიპენდიას იღებდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც სასწავლებლის ზედამხედველმა ხელნაწერი ჟურნალი – „ყვავილი“, აღმოუჩინა, იოსებ ლაღიაშვილი სემინარიიდან გარიცხეს და სტიპენდიაც მოეხსნა. ლაღიაშვილმა სემინარიაში აღდგენის თხოვნით მიმართა რექტორსაც და ეგზარქოსსაც, მაგრამ ამაოდ. 1886 წლის 24 მაისს, მას შემდეგ, რაც მორიგ თხოვნაზე უარით უპასუხეს, მან ხანჯლით მოკლა სემინარიის რექტორი პავლე ჩუდეცკი. ამ შემთხვევამ საქართველოში მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებს დაუდო სათავე. თავადაც დაჭრილი და გულწასული 20 წლის ლაღიაშვილი დაიჭირეს. გამოითქვა მოსაზრება, რომ ის კავშირში იყო ეროვნულ ჯგუფთან, რომელსაც უნდა დაეცვა „სარწმუნოება და სამშობლო“. ამას უნდა გამოეწვია მხურვალე მხარდაჭერა ქართული საზოგადოების მხრიდან. ლაღიაშვილის სასამართლო პროცესი აქტიურად განიხილებოდა ქართულ პრესაში. მისი დაცვა გავლენიანმა თავადმა კონსტანტინე მუხრანბატონმა ითავა. მან ლაღიაშვილს განთქმული ადვოკატი ტურკევიჩი დაუქირავა. სემინარიის ყოფილი სტუდენტი გაასამართლეს, მაგრამ არასრულწლოვნობის გამო დახვრეტა ვერ მიუსაჯეს (მაშინ სრულწლოვნად 21 წლის პირი ითვლებოდა) და ის 20 წლით სახალინზე, კატორღაში გაუშვეს.
ირაკლი მახარაძე (მკვლევარი, კინორეჟისორი): 1886 წლის მაისში თბილისის სასულიერო სემინარიის მოსწავლემ, იოსებ ლაღიაშვილმა ხანჯლით მოკლა რექტორი ჩუდეცკი. ეს იყო „უდიდესი და უპირველესი ტერორისტული აქტი“, როგორც მას მოიხსენიებენ წიგნში ,,რექტორ ჩუდეცკის მკვლელი იოსებ ლაღიაშვილი” (ავტორი – ა. ხუნდაძე, 1932). იოსები სემინარიიდან „მგლის ბილეთით“ გარიცხეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ ლაღიაშვილს აღარ შეეძლო სწავლის გაგრძელება არც ერთ სასწავლებელში და არც რომელიმე კერძო თუ სახელმწიფო დაწესებულებაში სამსახური. ის რამდენიმეჯერ მივიდა რექტორთან და სთხოვა ყოფაქცევის ნიშანი ხუთზე გადაესწორებინა, მაგრამ რექტორი ყოველთვის უარით ისტუმრებდა. ასევე, არ აძლევდნენ სასწავლებლის დამთავრების მოწმობას, რომ რომელიმე სოფლის მასწავლებლი გამხდარიყო. არც საქართველოს ეგზარქოსმა პავლემ შეიწყალა მისი თხოვნა – სადმე მღვდლის ან დიაკვნის ადგილი მიეცათ. უკიდურეს მდგომარეობაში ჩავარდნილი ლაღიაშვილი რევოლუციურად განწყობილმა პირებმაც შეაგულიანეს და ხანჯლებიც უყიდეს. იოსები რექტორს სემინარიაში მიუვარდა და აკუწა. ლაღიაშვილი 20 წლით გადაასახლეს სახალინზე, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ ის კუნძულიდან გაიქცა და ამერიკაში აღმოჩნდა (გაქცევაში მას თანასემინარიელები თედო სახოკია და შიო დედაბრიშვილი (არაგვისპირელი) დაეხმარნენ – ლაღიაშვილს კატორღაში სახარება გაუგზავნეს ყდაში ჩამალული ოთხასი მანეთით). ანტონ ჩეხოვი ნაწარმოებში Îñòðîâ ჟჭõჭëèí ასე აღწერს ლაღიაშვილის გაქცევას: „ცნობილი ლაღიევი, ტფილისის სემინარიის რექტორის მკვლელობისთვის გადასახლებული და კორსაკოვსკში მასწავლებლად ნამყოფი, აღდგომის ღამეს, 1890 წელს, მღვდლის შვილთან, კატორღელ ნიკოლსკისთან და სამ მაწანწალასთან ერთად გაიქცა.. „იქ მან სახელი და გვარი გამოიცვალა და გახდა თომ კოქსი (სხვა მონაცემებით ჯოზეფ ლანტე). „...ამერიკაში გრძელი გვარები არ უყვართ, ამიტომ, როგორც სხვა ემიგრანტებმა, მეც გამოვიცვალე გვარი და სახელი“, – წერდა ერთ წერილში ლაღიაშვილი. თავდაპირველად ლაღიაშვილი ერთ ფერმაში მუშაობდა, ინგლისური შეისწავლა და უნივერსიტეტში ლექციებს ისმენდა. ცოტა ხანში მან მოქალაქეობაც მიიღო. თედო სახოკიას ცნობით, სან-ფრანცისკოში ლაღიაშვილი რუსული გემის ერთ მეზღვაურს, ვინმე ჭავჭავაძეს უნახავს. მისივე თქმით, იოსებ ლაღიაშვილი 1907 ან 1908 წელს გარდაიცვალა. სხვა ვერსიით, ის ბოსტონში ცხოვრობდა, საიდანაც იტყობინებოდა, რომ მას დასაჭერად დასდევდნენ და ამიტომ გადაადგილება ბოსტონის ქუჩებში ღამღამობით უხდებოდა (ვინ ან რისთვის დასდევდა, ეს დღემდე უცნობია). ასევე, ამბობდნენ, რომ ლაღიაშვილი მიწერ-მოწერით უკავშირდებოდა თავის ძმას ბაქოში, რომელსაც სავაჭრო ჰქონდა გახსნილი. მეოცე საუკუნის 20-იანი წლებისთვის ის ჯერ კიდევ ცოცხალი უნდა ყოფილიყო. რექტორ ჩუდეცკის მკვლელობას ტრაგიკული გაგრძელება მოჰყვა. მის დასაფლავებაზე ეგზარქოსმა პავლემ, რომელიც ჩუდეცკის ცოლის ოფიციალური საყვარელი იყო, საჯაროდ დასწყევლა მკვლელი და ქართველი ხალხი. მის სიტყვას გამოეხმაურა საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, 1832 წლის შეთქმულების მონაწილე და თავადაზნაურობის მარშალი დიმიტრი ყიფიანი, რომელმაც ეგზარქოსს წერილი მისწერა, სადაც მას ბოდიშის მოხდასა და ქვეყნიდან წასვლას თხოვდა. ამ წერილმა გადაწყვიტა დიმიტრი ყიფიანის ბედი – ის, როგორც არასაიმედო პირი და დამნაშავე, რუსეთში, კერძოდ კი სტავროპოლში გადაასახლეს. სადაც ცოტა ხანში დაქირავებული მკვლელის ხელით სიცოცხლეს გამოასალმეს.