№52 როდის მოუწია დუტა სხირტლაძეს ნანკა კალატოზიშვილის გამო ჩხუბი და რატომ არ სჯეროდა მას თოვლის ბაბუის არასდროს
ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე
ახალი წლის საზეიმო განწყობა ყველას აერთიანებს და რამდენიმე დღით განსაკუთრებულად ამაღლებულ განწყობას უქმნის. თუმცა, ბევრისთვის დასვენების ნაცვლად, ეს პერიოდი შეიძლება, ყველაზე მეტად დატვირთული და საქმიანი იყოს.
დუტა სხირტლაძე: ვინც აქტიური რეჟიმით ვცხოვრობთ, მათთვის ახალი წელი წინა დღით მოდის. მანამდე არასდროს გვცალია. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვარ. ვცდილობთ ხოლმე, ნაძვისხის ასაწყობად კარგი დღე შევარჩიოთ და ამას, ძირითადად, ბარბარობას ვაკეთებთ. კაცმა არ იცის, რატომ, მაგრამ ასე გვაქვს წესად. წელს ახალი ნაძვისხე გვაქვს. 2020 ლამაზად ჟღერს და ამიტომაც, ახალი ნაძვისხით ვხვდებით. რაც მთავარია, საცივი უნდა გაკეთდეს. მე – საცივის გარეშე? აბა, როგორ შეიძლება?! საშინლად მიყვარს.
– გაკეთება იცით?
– მე – არა. ჩემი მეუღლე აკეთებს საოცარ საცივს – ქათქათასა და სანატრელს. კიდევ გოზინაყს მიკეთებს.
– ისე, გეხერხებათ კერძების მომზადება?
– ყველაფრის გაკეთება ვიცი, რასაც საჭმელი ჰქვია. გამოცხობა გინდა თუ რა... მონდომება უნდა, სიზუსტე და ცოტა იმპროიზაცია, რადგან კულინარია მაინც ხელოვნებაა. აი, სახლში გამოკეტილი დიასახლისებისთვის ხომ ყოველდღიური რუტინაა, კაცებისთვის კი – სხვაა. მაგალითად, პაპაჩემი სახლში საჭმელს ყოველთვის თვითონ აკეთებდა, ბებიაჩემს არც გაუკეთებია. ჩემს ოჯახშიც დაახლოებით ასეა.
– სულ დროის ნაკლებობაზე ლაპარაკობთ და კერძების მომზადებას როდის ასწრებთ?
– დილით ადრე გავიღვიძებ, ბაზარში ჩავალ, ამოვიტან ყველაფერს და ვამზადებ, თან, ყველაფერს სწრაფად ვაკეთებ. ვიგონებ რაღაცებს. ხან არ გამომდის, მაგრამ ძირითადად, კარგია. გააჩნია, გულს როგორ დაუდებ. თუმცა, ახალი წლის სუფრისთვის მე არა, ყველაფერს მეუღლე აკეთებს. მე ღვინოს გადმოვასხამ, დავსხდებით და გეახლებით. ზოგადად, ახალი წელი ყველაზე დიდი დღესასწაულია საქართველოშიც და ჩემს ოჯახშიც. თუმცა წელს ორი შვილი არ მეყოლება აქ. ადრე ერთი არ მყავდა ხოლმე, ახლა მეორეც დაემატა და მარტო მე, ლუკა და მარინა ვიქნებით. შეიძლება სახლში არც შევხვდეთ, ვაპირებთ, რომ მცხეთაში მოვაწყოთ დღესასწაული.
ქვეყანაში სამწუხარო რეალობა გვაქვს, უკიდურესად გაჭირვებული ადამიანებიც გვყავს, რომლებსაც ახალ წელს კანფეტიც კი არ აქვთ. თან, ამ ბოლო დროს ცოტა მოიმატა ამ ამბავმა. ამ ფონზე, თითქოს, არ გვეახალწლება, მაგრამ, თან, გვეახალწლება კიდეც. მაგრამ ჩვენი მომავალი თაობისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, საკუთარ თავსაც უნდა გადავახტეთ, რომ ბავშვებს არ ვაგრძნობინოთ ის, რაც ოდესღაც ჩვენც გამოვიარეთ, როცა პატარები ვიყავით. ერთის ნაცვლად ათი კაცის საქმე უნდა ვაკეთოთ, რომ შვილებს, რაღაცნაირად, საინტერესო მომავალი შევუქმნათ. თან, აქვს ამ ქვეყანას ამის პოტენციალი. არ უნდა გვყავდეს ქვეყანაში ასეთი გაჭირვებული ხალხი, გვაქვს ამის რესურსი, თუმცა ცოტა ტვინში დალაგება გვინდა.
ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებ ხოლმე, ესაა ჩემი საყვარელი დალოცვა. დანარჩენი ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. არასდროს არავისი ბრალი არაა არაფერი. „მე იმას ეს გავუკეთე და იმან ასე მიპასუხა“ – ნუ უკეთებ იმიტომ, რომ რაღაც გაგიკეთონ საპასუხოდ, მაგას გამორჩენა ჰქვია. სიკეთეს თუ აკეთებ, აკეთე. რატომღაც მერე სამაგიეროს ელოდებიან და ამის გამო ხშირად კონფლიქტში გადავდივართ. სიკეთის კეთებისგან მიღებული სიამოვნებაა ყველაზე დიდი და არა, ის, რაც იმას მერე, პოსტ ფაქტუმ მოჰყვება. თუ მაინც მოჰყვება, ამას შეიძლება, კიდევ უფრო მეტის კეთების მოტივაცია მოჰყვეს.
– მეკვლის ტრადიცია გაქვთ? გჯერათ ფეხის?
– კი, მაგრამ მე არასოდეს არ ვარ მეკვლე. მთხოვენ, მაგრამ არავისთან მივდივარ. ერთხელ ვიყავი და არ მომეწონა ეგ ამბავი, მაგრამ არ მოვყვები, რა მოხდა. კარგი – არაფერი. როგორც მეკვლეს, ცუდი ფეხი, მაქვს, მაგრამ ისე – ძალიან კარგი. თუმცა, ეს ადრე იყო, სკოლის პერიოდში – მეშვიდე-მერვე კლასში ვიყავი.
– ოჯახშიც არ გყავთ მეკვლე?
– ჩვენი მეკვლე ლუკაა და ნინი, ახალ წლამდე რადენიმე წუთით ადრე ვაგდებთ ხოლმე სახლიდან და შემოდიან ხოლმე ხონჩით ახალი წლის დადგომასთან ერთად. კიდევ ერთი აუცილებელი პირობა გვაქვს, ერთი ჩემი ძმაკაცი უნდა მოვიდეს პირველი. ისაა მთავარი მეკვლე, აბა, ოჯახის წევრი რა მეკვლეა?!
– თოვლის ბაბუა თქვენ ხართ?
– მე რა შუაში ვარ? თოვლის ბაბუაა თოვლის ბაბუა და მას მოაქვს საჩუქრები (იცინის). სამწუხაროდ, მე არასდროს მჯეროდა თოვლის ბაბუის. თეატრში გავიზარდე და ვხედავდი, რომ ბებიაჩემიც კი იყო ხოლმე თოვლის ბაბუა. ბალღობიდან ვიცი, რომ გრიმი არსებობს, რომელსაც მიიკრავ და ხდები თოვლის ბაბუა. ამიტომ, ჩემთან ეგ ამბავი არ გამოვიდა. თუმცა, ჩემს შვილებს ძალიან დიდი ხანი სჯეროდათ. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებდით, რადგან გვინდოდა, მათი ბავშვობა დიდხანს გაგრძელებულიყო. ამის მომხრე ვარ, რაც უფრო დიდხანს ხარ ბავშვი, მით უფრო ბედნიერი ხარ ცხოვრებაში. ახლა უკვე დიდები არიან, უმცროსი თექვსმეტი წლისაა, შუათანა – 21-ის, უფროსი 27-ის ხდება. რაღა დროს მათი თოვლის ბაბუაა?! 16 წლის ასაკში მე ცოლის მოყვანას ვაპირებდი, ისინი – არა, ჭკვიანები არიან (იცინის).
– სად არიან, რას აკეთებენ?
– უფროსი – მარიამი მუშაობს, პროგრამისტია. პრაქტიკულ სამუშაოებს გადიოდნენ და შესთავაზეს სამსახური. კარგი გოგოა, ისწავლა და თავის პროფესიით მუშაობს. ბინა იქირავა და დამოუკიდებლად ცხოვრობს გერმანიაში. უმცროსი გოგონა ჯერჯერობით სწავლობს, საფრანგეთშია და უნდა კინორეჟისორი გამოვიდეს. იმედია, კარგი რეჟისორი დადგება და გადაგვიღებს კინოში ბებერ მშობლებს და მათ მეგობრებს. აბა, სხვები არ მიღებენ კინოში, გაცვეთილი სახე ხარო და იქნებ, მან მაინც გადამიღოს (იცინის). არა, რეალურად შარშანაც გადამიღეს, ახლაც მეწყება გადაღებები მერაბ კოკოჩაშვილთან. რაც შეეხება უმცროსს, ნელ-ნელა ჭკუაში ჩაჯდა და პასუხისმგებლობები ემატება. პირდაპირ ვიტყვი, გოგოები უფრო ყოჩაღები არიან, უფრო მალე იზრდებიან, კაცები ცოტა გვიან აცნობიერებენ რაღაც-რაღაცებს. ახლა ვიღაცები იტყვიან: რატომ დაყო სქესის მიხედვითო. დავყოფ, იმიტომ, რომ გოგო და ბიჭი შვილები აბსოლუტურად სხვადასხვანაირები არიან. გოგოებთან ისეთი პრობლემები არ გვქონია, როგორიც ბიჭთან. გარდატეხის ასაკიც მამაკაცებთან აშკარად უფრო რთულადაა. უფრო გულჩათხრობილები ხდებიან, განმარტოებისკენ მიილტვიან, მიუხედავად იმისა, რომ თავისუფლება არცერთ შვილს არ აკლია. თუმცა, ახლა ნელ-ნელა სწავლას მოეკიდა, უნდა ანიმატორი გახდეს, ხატავს, ძერწავს. უფროსები რომ წავიდნენ უცხოეთში, ძალიან გამიჭირდა და ახლაც გამიჭირდება, როცა ეს წავა. აბა სად ისწავლის აქ მულტიპლიკაციას?!
– ახალ წელს დავუბრუნდეთ – ალბათ, ქუჩაშიც არაერთხელ შეხვედრიხართ.
– რამდენჯერაც გინდა. გარეთ ერთხელ ჩხუბიც მომივიდა. ახალი წლის ღამეს, შუა თავისუფლების მოედანზე მიგვყავდა კონცერტი. ნანკა კალატოზიშვილს ესროლა ვიღაცამ შუშხუნები, თვალში გაარტყეს და კინაღამ დააბრმავეს. სიმღერა რომ დაიწყო, ჩავხტი და დავქოთე, ვინც დასაქოთი იყო. კიდევ კარგი, გამაშველეს. თუმცა, ვისაც საჭირო იყო მოხვდა, რა წესია, მსახიობს რომ ესვრი სცენაზე შუშხუნებს?!