№52 ლიკუნა მეტრეველი: მიხარია, რომ მისი დაბადების წამიდან გვერდით ვარ, ჩემი მესამე შვილია-მეთქი, ვამბობ
ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი
ცოტა ხნის წინ მოდელი და იურისტი, ლიკუნა მეტრეველი „მთავარი არხის“ „შენი დილის“ თანაწამყვანი გახდა. ის შეეცდება, მაყურებელს დილის გადაცემიდან არაერთი საინტერესო და საჭირო ინფორმაცია მიაწოდოს. ლიკუნას წამყვანობას მისი მეუღლე ვასო ფხაკაძეც დადებითად შეხვდა და ცოლს გარკვეულ საჭირო რჩევებსაც აძლევს.
ლიკუნა მეტრეველი: ყოველთვის მინდოდა წამყვანობა. სახლში, ჩემთვის ვაჟღერებდი ხოლმე: რა კარგია წამყვანობა, რა კარგია რაიმე სიუჟეტის მომზადება-მეთქი. ჩემ გარშემო ყველა მიბიძგებდა ხოლმე: გისწავლია, ბაკალავრი, მაგისტრატურა დაგიმთავრებია და შენი პროფესიით იმუშავეო. მას შემდეგ, რაც ჩემი პროფილით დავიწყე მუშაობა, მოვხვდი არაჩვეულებრივ გუნდთან, ძალიან შემიყვარდა ჩემი პროფესია და სხვა სამსახურზე აღარც მიფიქრია.
– თავიდან „რუსთავი 2-ზე“ იურისტად მუშაობდი. შენ და ვასომ „მთავარ არხზე“ გადასვლის გადაწყვეტილება ერთად მიიღეთ?
– თავიდან „რუსთავი 2-ში“ ვმუშაობდი იურისტად და ახლა იგივე გუნდთან ერთად ვმუშაობ იურისტად „მთავარ არხზე“. ოჯახური გადაწყვეტილება არ ყოფილა. ეს გადაწყვეტილება ზაფხულში მივიღე, როდესაც ჩვენი საინფორმაციოს უფროსი ნოდარ მელაძე, ასევე, გიორგი გაბუნია, ეკა კვესიტაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, მოკლედ, მთელი გუნდი, ვინც საინფორმაციო სამსახურში მუშაობდა, პოლიტიკურ თემებს აშუქებდა, გამოუშვეს არხიდან. მე იმ დროს თელავში ვიყავი, დავურეკე ვასოს და ვუთხარი, რომ მოვდიოდი „რუსთავი 2-იდან“. ვასო არ იყო მარტო, მას დიდი გუნდი ჰყავდა. ითათბირეს, აწონ-დაწონეს და შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება. საბოლოოდ, ვასომაც იგივე გადაწყვეტილება მიიღო.
– საბოლოოდ ერთ გუნდში აღმოჩნდით.
– კითხვის ნიშანიც არ მქონია. აზრებს ვცვლიდით, მაგრამ მე ჩემი გუნდის წევრების აზრს ვცემდი პატივს და ვასო – თავისი გუნდის წევრების. მოკლედ, თამთას და დიტოს, „რუსთავი 2-ის“ ყოფილ მთავარ იურისტებს და ამჟამად „მთავარი არხის“ დირექტორებსა და ასევე მთავარ იურისტებს, მივწერე: მე მოვდივარ-მეთქი. ამის შემდეგ დაიწყო „მთავარი არხი“ და ვფიქრობ, რომ ეს როგორც ჩემთვის, ასევე ქვეყნისთვის ახალი შენაძენია. მიხარია, რომ მისი დაბადების წამიდან გვერდით ვარ. ჩემი მესამე შვილია – ასეთი აღქმა მაქვს. მგონია, ჩემი შვილია, ერთად გავზარდეთ და ყველამ ჩვენი წვლილი შევიტანეთ, მას ისე აღვიქვამთ, როგორც პიროვნებას.
– დილის გადაცემის თანაწამყვანი გახდი, საკმაოდ საპასუხისმგებლო თემებით.
– სანამ იურისტად დავიწყებდი მუშაობას, წამყვანობა მომწონდა, ალბათ, ჩემი ჰობიდან – მოდელობიდან გამომდინარე. მაგრამ გავყევი ჩემს პროფესიას და ვფიქრობ, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მივიღე. სრულიად შემთხვევით, „შენი დილის“ მთავარმა პროდიუსერებმა, სალომემ და თაშკამ – მათ მინდა, კიდევ გადავუხადო დიდი მადლობა ნდობისთვის – შემომთავაზეს თანაწამყვანობა. ვარ ყოველ ხუთშაბათს. ძალიან მარტივად დავთანხმდი, არც დავფიქრებულვარ, რადგან ადამიანს შანსი ცხოვრებაში ერთხელ ეძლევა და არ უნდა გაუშვას ხელიდან. დავთანხმდი, მაგრამ მივხვდი, რამხელა სირთულესთან მქონდა საქმე. უნდა მესაუბრა სამართალთან დაკავშირებით, ოღონდ არა კანონების წაკითხვით, არამედ ცოტა ყვითელი თემებითაც. რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ მოვლენებსაც ვეხებით – რის უფლებას გვაძლევს კანონი და პარალელებსაც ვავლებთ სხვა ქვეყნებთანაც, რადგან გადაცემა არის შემეცნებითი, ინფორმაციული.
– შენ და ვასო უკვე არა მხოლოდ სახლში, არამედ სამსახურშიც ერთად ხართ.
– ითვლება, რომ ერთ სამსახურში ვართ, მაგრამ თან, არ ვართ. ტერიტორიულადაც სხვაგან ვართ და ჩემი დილა იწყება ძალიან ადრე, ვასოსი – 10 საათზე.
ვასო ფხაკაძე: დილით დგება, გარბის და მე მიტოვებს ბავშვებს – მიხედეო.
– ვასო, როგორია შენი შეფასებები?
ლიკუნა: რომ გაიგო, ასე ამბობდა: ე, ცოლი, ჩემი ყოჩაღი ცოლიო.
ვასო: მართლა ასე იყო. კამერებთან ურთიერთობის გარკვეული გამოცდილება ჰქონდა და ეს გამოადგა. ყველა დაძაბული ვართ და ვნერვიულობთ კიდეც. მშვენივრად გაართვა თავი, მომეწონა. როგორც მაყურებელი, ვეუბნები ხოლმე: ცოტა დრო გაქვს და მოკლედ თქვი სათქმელი, მაყურებლისთვის გასაგებ ენაზე-მეთქი. თემა მომწონს, ახალია, განსხვავებული.
– შვილებმა რა თქვენს დედიკოს ეკრანზე დანახვის შემდეგ?
ლიკუნა: ნინა თებერვალში 5 წლის ხდება და როგორც დიდს, ისე ვესაუბრები. ვეუბნებოდი ხოლმე: ნახე, ხუთშაბათს ადრე რომ გავდივარ სახლიდან, აქ ვარ-მეთქი. ისეთ დეტალებს უკვირდება ხოლმე... ჩრდილი რომ მაქვს სახეზე, ეს რა გაქვსო. ნიტა ძალიან პატარაა იმისთვის, რომ რამე ავუხსნა. იცოდა, რომ მამა ხშირად ჩანდა ეკრანზე და ვუთხარი, რომ შეგიძლია, მამასავით, მეც მნახო ხოლმე ეკრანზე-მეთქი.
– შენი და ვასოს ღირებულებები, დამოკიდებულებები ხშირად ემთხვევა ერთმანეთს.
– თავიდანვე ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. ბევრ ცხოვრებისეულ დეტალზე გვქონდა საერთო აზრი, ამიტომაც ავაწყვეთ ურთიერთობა, დავახლოვდით, დავმეგობრდით. განსხვავებული აზრები და შეხედულებებიც გვაქვს. რაღაცებზე ვკამათობთ კიდეც, მაგრამ ეს ჩვეულებრივი, ჯანსაღი მოვლენაა.
– რაზე კამათობთ ხოლმე?
– ზამთარში რატომ გაცვია თხლადო, საჭმელს რატომ არ ჭამო. რა თქმა უნდა, არის წვრილმანი რაღაცები. მანქანაა გასარეცხი. ჩაჯდება და გადმოდის ხოლმე სამი ნაგვის პარკით.
ვასო: ჩავჯდები მანქანაში, ხან რა მიმეწებება, ხან – რა. ბავშვები დააგდებენ რაღაცას – „ვასო, აიღე“. სამრეცხაოში, რომ მიმყავს მანქანა, მეუბნებიან: ამდენ შოკოლადს ნუ ჭამ, შაქარი გაგიჩნდებაო.
– ვასო ანებივრებს თავის სამ გოგონას?
– რაც ბავშვები წამოიზარდნენ, ძალიან ჩაერთო მათთან ურთიერთობაში. სამივეს გვანებივრებს და მოგვიხსენიებს ხოლმე: ჩემი სამი გოგოო. მოფერების დროსაც ასე გვეფერება. დამოკიდებულება ახლა უფრო სხვანაირი აქვს, რადგან ახლა გამოცდილებაც მეტი გვაქვს. ვასო რომ მოდის, ნინა ელოდება ხოლმე და ერთად თამაშობენ. ძალიან უყვარს ვასოსთან თამაში და ზოგადად, მამის დაკავებულობის გამო, მისი დიდი დეფიციტი აქვთ. ვცდილობ ხოლმე, ეს დეფიციტი მე შევუვსო.