№52 როგორ ჩამოუყალიბა მამამ მარიამ გოგიბერიძეს მუსიკალური გემოვნება და რატომ ჰგონია მას თავი სიზმარში
ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე
„საქართველოს ვარსკვლავის“ მონაწილე, მარიამ გოგიბერიძე 18 წლისაა. გამორჩეული ტემბრის მქონე გოგონას ხშირად ანებივრებენ კომპლიმენტებით, როგორც ჟიურის წევრები, ასევე გულშემატკივრები. მარიამი თვლის, რომ რადგან საზოგადოება მას დადებითად აფასებს, ესე იგი, საკუთარი მისია შეასრულა – სათქმელი სცენიდან ხალხის გულებამდე მიიტანა. მარიამი პროექტსა და საკუთარ ცხოვრებაზე გვესაუბრა.
მარიამ გოგიბერიძე: თბილისში ვცხოვრობ, 173-ე სკოლაში ვსწავლობდი. წელს ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამართლის ფაკულტეტზე – პირველ კურსზე ვარ. როგორც მშობლები მეუბნებიან, დაახლოებით, სამი წლიდან ვმღერი. თავიდან ჩემს სიმღერას სერიოზულად არ აღვიქვამდით. 8 წლიდან კი მუსიკამ სულ სხვა ადგილი დაიკავა ჩემს ცხოვრებაში, განსაკუთრებული ემოციით დავიწყე სიმღერა და ჩემმა მშობლებმა პირდაპირ მუსიკალურში მიმიყვანეს. ოთხი წელი ფორტეპიანოზე დავდიოდი, რომელიც არ მიყვარდა, მაგრამ სავალდებულო იყო. ერთი სული მქონდა, როდის გავიდოდა ეს ოთხი წელი, გიტარა რომ ამერჩია. 8-9 წლის ვიქნებოდი, როდესაც მუსიკალურ პროექტში „ანაბანაში“ მივიღე მონაწილეობა და პირველ ადგილზე გავედი. 2015 წლის „X ფაქტორში“ ვცადე ბედი, ათეულში მოვხვდი, მაგრამ ოთხეულში ვეღარ გადავედი. ამის შემდეგ მინდოდა, პატარა შესვენება გამეკეთებინა. 1-2 წელი კიდევ არ ვაპირებდი პროექტში მონაწილეობას, მაგრამ ვეღარ მოვითმინე და „საქართველოს ვარსკვლავის“ ქასთინგზე მივედი.
– როგორც ვიცი, ჩუმად გახვედი ქასთინგზე, რატომ?
– დედამ იცოდა, რომ იწყებოდა ქასთინგი და გასვლა მინდოდა, მაგრამ მეუბნებოდა, ჯერ არ გავსულიყავი და თავი შემეკავებინა. თან, ისიც იცოდა, რომ 1-2 წელი აღარ ვაპირებდი პროექტებში მონაწილეობას. ამიტომ არავისთვის მითქვამს. თუ შესარჩევ ტურში გადავიდოდი, ყველასთვის სიურპრიზი იქნებოდა. ისეთი ადამიანი ვარ, არც მიყვარს წინასწარ რამის აფიშირება, ყოველთვის ჩემთვის, ჩუმად ვაკეთებ ხოლმე ყველაფერს. რომ ამირჩიეს ვიფიქრე, სანამ ტელევიზორში არ გავიდოდა გადაცემა, მანამდე არავისთვის მეთქვა, მაგრამ ვეღარ მოვითმინე. რამდენიმე ადამიანი ამის გამო მოვიმდურე კიდეც (იცინის).
– რა მოლოდინი გქონდა?
– თან მქონდა იმედი, თან არა, მაგრამ მაინც გავრისკე. ჩემს თავს ვუთხარი: მარიამ, რაც იქნება, იქნება. ვერ წარმოვიდგენდი, თუ ათეულში მოვხვდებოდი. ძალიან ვინერვიულე, როცა გავიგე, რომ გადავედი – შოკში ვიყავი. ჩემი სახელი და გვარი, რომ გამოაცხადეს, მაინც ვერ ვიჯერებდი. კონკურსანტები ერთმანეთს ვეკითხებოდით: გჯერა? მთელი საღამო ასე გაოგნებულები ვიყავით (იცინის).
– მარიამ, ყველა აღნიშნავს, რომ განსაკუთრებული ხმის ტემბრი გაქვს.
– პატარ-პატარა კონცერტებზეც რომ გამოვდიოდი, ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ განსხვავებული ხმა მქონდა. მერე ვიწერდი ხოლმე ჩემს ხმას, ვუსმენდი და საშინლად ვერ ვიტანდი (იცინის). ვამბობდი, რა მოსაწონი ეს არის-მეთქი. მერე „დავგუგლე“ ხმასთან დაკავშირებით და ასეთი რაღაც ამომიგდო: თუ თქვენი ხმა არ მოგწონთ, მაგრამ გეუბნებიან, რომ ის განსხვავებულია, ესე იგი, მართლა ასეა და დაუჯერეთ ხალხსო (იცინის).
– თქვენს ოჯახში კიდევ მღერის ვინმე?
– კი, მამა მღეროდა „გეპეის კაპელაში“ და მუსიკალური ნიჭი მისგან გამომყვა. მამა ახლა პოლონეთშია და იქიდან მეკონტაქტება, ჩემი ძალიან დიდი გულშემატკივარია. ყოველთვის მაძლევს რჩევებს – სად, როგორ უნდა ვიმღერო. მეუბნება: მჯერა, ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ გინდა. იმდენი ხალხია შენს იმედზე და ისე გგულშემატკივრობენ, ვიცი, რომ, არავის გაუცრუებ იმედებსო. იშვიათად, მაგრამ ერთადაც ვმღეროდით ხოლმე. მუსიკალური გემოვნება ჩემმა მასწავლებელმა და მამამ ჩამომიყალიბა. მასმენინებდნენ ჯაზს და ხარისხიან მუსიკას. მამას სპეციალურად მოჰქონდა ხოლმე დისკები, მე რომ მომესმინა. პატარაობაში ბევრი რამ არ მესმოდა, არც ჯაზი მომწონდა და მაინტერესებდა. მერე, როცა უკვე გავიზარდე, პირიქით, ძალიან მსიამოვნებდა. ბავშვობდიან „ევროვიზიის“ დიდი ფანი ვარ, ბავშვების და დიდების გამოსვლები სულ ზეპირად ვიცოდი ხოლმე. რატომღაც „ევროვიზია“ ყოველთვის ძალიან შორს, მიუღწევადი მეგონა. ახლა, რომ ვიზარებ, სულ რამდენიმე ნაბიჯი მაშორებს, სიზმარში მგონია თავი.
– კიდევ რა ხდება შენს ცხოვრებაში?
– სტუდენტი ვარ, იურიდიულზე ვსწავლობ და სხვადასხვა გატაცების დრო არ მრჩება. ჩემს ცხოვრებაში ძირითადად, ასეა: უნივერისტეტი, პროექტი, პროექტი, უნივერსიტეტი. თავისუფალ დროსაც ვმღერი, თან, გიტარაზე ვუკრავ და ესეც მართობს. იმავდროულად, მე-8 თაობა „მზიურელი“ ვარ და იქაც რეპეტიციები მაქვს ხოლმე.
– ალბათ, ბოლო პერიოდში ბევრი თაყვანისმცემელი გამოგიჩნდა, რას გწერენ ხოლმე?
– სხვათა შორის, არ მეგონა, თუ ასეთი გამოხმაურება მოჰყვებოდა ჩემს გამოსვლებს. კომენტარებსაც ვადევნებ თვალს და დადებითი შეფასებებია, რაც დიდი სტიმულია ჩემთვის. მწერენ, რომ მოსწონთ ჩემი სიმღერა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემი მისია შევასრულე და ჩემი სათქმელი ხალხის გულამდე მივიტანე.
– შეყვარებული გყავს?
– ჩემს პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი არაფერი ხდება, შეყვარებული არ მყავს. სიმართლე გითხრათ, იმდენად ვარ აქეთ-იქით გადარბენაზე, ჯერ არ მცალია მსგავსი საკითხებისთვის. თუ მომავალში იქნება რამე, კი ბატონო, დავუთმობ დროს. ამ ეტაპზე არაფერია.