№52 რა „ეშმაკობები“ უნდა ჩაიდინოთ ახალი წლის ღამეს, რომ მომავალში გაგიმართლოთ
ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე
ამბობენ, რა განწყობითაც შეხვდებით ახალ წელს, სწორედ ისეთი განწყობა დაგებედებათ მთელი წელიო. მაგრამ ბედნიერი ცხოვრებისთვის მხოლოდ ეს არ კმარა. ამიტომ, ფენ-შუის პატარ-პატარა საახალწლო „ეშმაკობებსაც“ უნდა მიმართოთ, რომ თქვენი იღბალი გააძლიეროთ და სიყვარულსა და ფინანსებში წარმატება და კეთილდღეობა დაიბედოთ. ამასთან დაკავშირებით რჩევებს ფენ-შუის სპეციალისტი ეკა კვარაცხელია გაგანდობთ.
ეკა კვარაცხელია: 2020 წელი თეთრი ლითონის ვირთხის წელია, რომელიც გახსნის აღმოსავლური ჰოროსკოპების 12-წლიან ახალ ციკლს. რადგან სტიქია არის ლითონი, ის თეთრი, ვერცხლისფერი, ოქროსფერი ან ნაცრისფერია და პრობლემებსა და უსიამოვნებებს ისხლეტს.
2020-ში ციფრები მეორდება (20-20), ეს ახასიათებს რთულ და დაძაბულ პერიოდს, თუმცა წელს ამის განეიტრალებაში ლითონის ვირთხა გვეხმარება.
მომავალ წელს ზოგიერთი ადამიანის ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება, რაც განვლილი თორმეტი წლის ხელახლა გადაფასებისა და ცხოვრების ახლიდან დაწყების საშუალებას მოგცემთ. თეთრი ვირთხა ბუნებით ლიდერი და ხელმძღვანელია, რომელსაც აქვს უნარი, მის გარშემო ყველა და ყველაფერი დაიმორჩილოს. მაგრამ, თუ ამ წელს გონივრულად და პასუხისმგებლობით გაივლით, მაშინ კატაკლიზმებიც არ შეგეხებათ. 2020-ში მოგიწევთ თავჩაუხრელი შრომა, რათა მოიპოვოთ ამ წლის მანსპიძლის კეთილგანწყობა. ვირთხა არის ჭკვიანი, არაორდინარული, თავის თავში ჩაკეტილი, რომელსაც აქვს ძლიერ განვითარებული ინტუიცია. სტიქია ლითონი კი ამ ნიშანს აძლევს გამბედაობას და მიზანდასახულობას. ის ძალიან ანგარიშიანია, რაც ჩანაფიქრის რეალიზაციაში ეხმარება. თეთრი ფერი კი ინტელექტთან და გონიერებასთან ასოცირდება.
– რომელი კუთხით იქნება განსაკუთრებულად წარმატებული ეს წელი?
– 2020 წელი ფინანსურად წარმატებული იქნება. შეგიძლიათ, ფული ჩადოთ უძრავ ქონებაში, გრძელვადიან პროექტებში, საქველმოქმედო ფონდებში და ყველა დანახარჯი ნამატით დაგიბრუნდებათ. ასევე, დაგიფასდებათ სამსახურებრივი ღვაწლი და წლის მმართველი აუცილებლად დაგეხმარებათ კარიერულ წინსვლაში. მას მოაქვს იღბალი როგორც მსხვილი, ისევე მცირე ბიზნესისთვის. ჩვენგან განსხვავებით, აღმოსავლეთში ვირთხას ოჯახისა და წყვილთა მფარველად მიიჩნევენ. ოჯახში მის გამოჩენას პანიკით კი არა, სიხარულით ხვდებიან, რადგანაც მიაჩნიათ, რომ ის არის მათი კეთილდღეობის მაუწყებელი მინიშნება.
– რა საახალწლო წესები და რიტუალები არსებობს, ფენ-შუის მიხედვით, რომ წლის მმართველისგან კეთილგანწყობა, ბედნიერება, სიყვარული, სიხარული და მატერიალური კეთილდღეობა დავიბედოთ?
– იმისთვის, რომ მოიპოვოთ წლის მმართველის კეთილგანწყობა, რა თქმა უნდა, აუცილებელია სახლი იყოს დასუფთავებული, ლამაზად მორთული, სუფრა – მრავალფეროვანი საკვებითა და სასმელებით წარმოდგენილი და დღესასწაულისთვის შესაფერისი, ლამაზი საჩუქრები კი – ნაძვისხესთან დალაგებული. ახალი წლის ღამეს ჩაცმულობა დახვეწილი უნდა იყოს და მასში თეთრი, ვერცხლისფერი, ნაცრისფერი, ოქროსფერი, ლურჯი და მწვანე ლითონის ფერები დომინირებდეს. მაგრამ, ვინაიდან 2024 წლამდე ცეცხლის ენერგიის უკმარისობაა, კოსმიურად აუცილებელია, ჩაცმულობაში, რაიმე სახით, წითელი ფერი ფიგურირებდეს – თუნდაც, სამკაული ან აქსესუარი. გაითვალისწინეთ, რომ ვირთხას არ უყვარს ვულგარული ვიზუალი, ამიტომ უპირატესობა მიანიჭეთ ჩაცმის კლასიკურ სტილს. თუმცა, ნუ გადააჭარბებთ. ფეხსაცმელი შეგიძლიათ, ნებისმიერი ჩაიცვათ – დაწყებული მაღალყელიანი ჩექმებიდან, დამთავრებული ქუსლიანი კლასიკურით, მთავარია, მათ ჰქონდეთ რაიმე ლითონის აქსესუარი. ლითონის ვირთხას, უყვარს ყველაფერი, რაც ბრწყინავს. მამაკაცებს ვურჩევთ, ჯინსებისა და სპორტული ზედების ნაცვლად, უპირატესობა მიანიჭონ კლასიკურ შარვალს და პერანგს. თუმცა, თუ არჩევანს მაინც სპორტულ სტილზე გააკეთებთ, ისიც უნდა იყოს ელეგანტური. ვარცხნილობა უნდა იყოს სადა, არა პომპეზური, სასურველია, გააფორმოთ ვერცხლისფერი თმის სამაგრებით. მაკიაჟი კი – არა ვულგარული, დახვეწილი და ღია ფერებში. მოერიდეთ ბეწვეულს და გაითვალისწინეთ, რომ ქსოვილზე არ იყოს მტაცებელი ცხოველები, განსაკუთრებით მელა, ასევე, კატა და ძაღლი. გაითვალისწინეთ, რომ ამ წელთან შეხვედრა იქნება მომავალი 12-წლიანი ციკლის ტრამპლინი.
მომავალი წელი რომ წარმატებული იყოს, ფენ-შუის წესები სუფრის გაწყობის დროსაც უნდა გამოიყენოთ. მაგალითად, უმჯობესია, საახალწლო სუფრა იყოს ახალი, თეთრი ფერის, ვერცხლისფერი და წითელი ორნამენტებით. სუფრის გადმოშვებულ კუთხეებში დაამაგრეთ ვერცხლისფერი ორნამენტები და სუფრა გაშალეთ თეთრი ჭურჭლით, რომელსაც შეგიძლიათ წლის ფერები შეუხამოთ, მაგალითად, მაგიდა გააწყვეთ ლითონის სინებითა და შანდლებით, დაანთეთ 4 სანთელი, 3 თეთრი ან ვერცხლისფერი და 1 წითელი. ხელსახოცები უნდა იყოს თეთრი, წითელი, ოქრისფერი ან ვერცხლისფერი. მაგიდაზე უნდა ეწყოს 12 დასახელების საჭმელი, თუნდაც მცირედი რაოდენობით, რადგანაც საკვების გადაყრა ფენ-შუის წესებს ეწინააღმდეგება. მაგიდის ცენტრალურ ადგილას მოათავსეთ ვირთხის ფიგურა, გვერდზე მოუდგით ლითონის სინზე დაწყობილი თხილი, კაკალი, წაბლი ან მიწის თხილი. მეორე თასში ჩაყარეთ ხორბალი და ბრინჯი და შიგ ჩააწყვეთ იმდენი ერთლარიანი მონეტა, რამდენი ოჯახის წევრიც ხართ. გასული წლის სიმბოლო, ტახი უნდა მოათავსოთ მისგან 30 სანტიმეტრში, დასავლეთით. გაითვალისწინეთ, ვირთხას არ უყვარს პიტნა და ამიტომ, წელს მოერიდეთ პიტნიან კერძებს. თუ თქვენ თვითონ შეგიძლიათ, გამოაცხოთ თაგვის ფორმის ორცხობილები, ეს გაახარებს წლის მასპინძელს. სუფრაზე აუცილებელია იდოს ყველის ასორტი, პატარა კუბიკებად დაჭრილი. მაგიდაზე, ვირთხასთან ახლოს მანდარინის ან ნაძვის ტოტები უნდა დადგათ და მასზე ვერცხლისფერი და თეთრი ლენტით შეაბათ ფენ-შუის არანაკლებ 8 მონეტა. ყოველი ოჯახის წევრის თეფშის ქვეშ, უნდა დადოთ ერთი ცალი ლითონის ლარიანი. შემდეგ კი ეს მონეტა გადაიტანეთ საფულეში და მთელი წლის განმავლობაში ატარეთ, როგორც პირადი თილისმა. 12 საათზე, როგორც კი ზარი ჩამოჰკრავს, ხელში დაიჭირეთ ერთლარიანი მონეტა, ჩაიფიქრეთ სურვილი. ოღონდაც მანამდე, სანამ რიტუალს დაიწყებთ, მონეტა კარგად გარეცხეთ და სურვილის ჩაფიქრების მერე ჩააგდეთ შამპანურის ბოკალში, სასმელი დალიეთ, მონეტა კი ამოიღეთ და თქვენს ძვირფასეულობასთან ერთად დადეთ, როგორც წლის ბარაქის სიმბოლო. დღესასწაულის შედგომ კი, მაგიდაზე არ დატოვოთ ბასრი ნივთები ან შუშის ჭურჭელი. გაითვალისწინეთ, რომ ზეიმის შემდეგ სუფრა აალაგეთ, დატოვეთ მხოლოდ ვითხისა და ტახის ფიგურები, თეფში ყველით და ბურღულეულით, ასევე, სინი თხილეულით.
– ამბობენ, არსებობს რიტუალი ნაძვისხის მორთვასთან დაკავშირებით, რომელიც ადამიანის დაოჯახებას უწყობს ხელს. ამაზე რას გვეტყვით?
– წელს ნაძვისხე უნდა იყოს თეთრი ან ვერცხლისფერი. უნდა მოირთოს თეთრი, ვერცხლისფერი ან ოქროსფერი ბურთებით, იკრძალება ცხოველების გამოსახულების სათამაშოები. უნდა გამოიყენოთ ვერცხლისფერი და თეთრი წვიმა. დასაოჯახებელმა ადამიანებმა უნდა ჩაიფიქრონ სურვილი და ნაძვის ხეზე დაკიდონ, საკუთარი ხელით გაკეთებული, თეთრი ქაღალდისგან გამოჭრილი გული, რომელსაც მოათავსებენ წითელ ქისაში. თუ გყავთ სასურველი ობიექტი, შეგიძლიათ დაწეროთ მისი და თქვენი სახელი. თუ არ გყავთ, უბრალოდ, დააწერეთ, რომ თქვენ ხართ შეყვარებული. ნაძვის ხის თავზე აუცილებელია დამაგრდეს, ეგრეთ წოდებული, „მაკუშკა“ და აუცილებელია ნაძვის ხე მოირთოს ციმციმებით. ყურადღება გაამახვილეთ საჩუქრის შერჩევისას – ვირთხას უყვარს ყველაფერი, რისი გამოყენებაც შეიძლება, ანუ პრაქტიკული, თუნდაც, საყოფაცხოვრებო ნივთები. ვერცხლის საყურეები და ბეჭედი ან კულონი კი სასურველია, მონეტის ფორმის იყოს.
– გავიგე, წელს მეკვლემ კაკალი უნდა მოიტანოსო, ამ მხრივ, რა უნდა გავითვალისწინოთ?
– დიახ, მეკვლემ უნდა მოიტანოს სინზე დაწყობილი წყვილი რაოდენობის კაკალი, ყველის პატარა ნაჭრები, იმდენი, რამდენი ოჯახის წევრიც ხართ. მეკვლის მიერ მოწოდებული ყველის ნაჭრები, ახალი წლის ღამეს უნდა მიირთვათ. მისი გადაგდება არ შეიძლება. ასევე, უნდა მოიტანოს 2 მანდარინი ან ფორთოხალი, ბარაქის სიმბოლო – კოვზი და რა თქმა უნდა, ტკბილეული. ზოგადად, წელს კოვზი, საუკეთესო ბარაქის მომტანი თილისმაა.
2020 წელს ყველა ზოდიაქოს ნიშანს თავისი თილისმა აქვს, რომელიც თორმეტი თვის განმავლობაში მისი მეგზური იქნება. ვერძების თილისმა მზეა. ის შეიძლება, გამოსახული იყოს როგორც ქვაზე, ასევე ხეზე. კუროების თილისმა გახლავთ – ლითონის ნაკეთობა, ნატურალური ქვებით, კერძოდ, სერდოლიკი სპილენძში. ტყუპების თილისმა არის კალია ან კოლიბრის ფიგურა. ისინი ამ ნიშნის წინსვლის სიმბოლოებია. კირჩხიბებმა ნებისმიერი ზღვის ბინადრის გამოსახულება უნდა იქონიონ, ასევე, წარმატებას მოუტანთ ვერცხლის მთვარის ფიგურა. ლომებისთვის წარმატების მომტანი თილისმა ლითონის ან ქვის მზესუმზირის ყვავილის გამოსახულებაა. ამულეტად კი ლომის ფიგურა გამოადგებათ. ქალწულებისთვის წლის თილისმაა მრგვალი სერდოლიკი, კულონის სახით. სასწრებისთვის – ვერცხლის სასწორის ფიგურა, ასევე, წარმატების მომტანია სპილენძის ჩიტის ფიგურა. მორიელებისთვის წარმატების თილისმა გახლავთ ვერცხლის მახევარმთვარის გამოსახულება. დაცვითი ამულეტი კი ლითონის ბაყაყია. მშვილდოსნების წლის თილისმა ხოჭოს გამოსახულებაა. მათი წარმატების თილისმა, ასევე, შეიძლება იყოს ნალი ან ცხენის უნაგირის გამოსახულება. თხის რქებს წელს დამცავ ამულეტად გამოადგებათ ქვის კუ, ფინანსურ იღბალს კი ფუტკრის გამოსახულება მოუტანს. მერწყულების თილისმა არის მტრედი, ჩიტის ბუმბული და კალია. თევზებისთვის კი წლის თილისმა გახლავთ ქვისგან დამზადებული ზღვის ბინადართა გამოსახულება. რაც შეეხება წლებს, წლების მიხედვით, ზოდიაქოს ნიშნის თილისმები გახლავთ: ვირთხა – ნებისმიერი ოქროს ნაკეთობა, რომელსაც ატარებთ მუდმივად. ხარი – ვერცხლის ბორბლის გამოსახულება. ვეფხვი – ქვის კუ. კურდღელი – ძველებური მონეტა, საფულეში ჩასადებად. დრაკონი – ტილოს პატარა ტომარაში მოთავსებული ხორბალი. გველი – ქვის ან ხის გველის ფიგურა. ცხენი – მინდვრის თაგვის ფიგურა. თხა – თიხის პატარა ზანზალაკი. მაიმუნი – თიხის ვირთხის ფიგურა. მამალი - ახალი ცხვირსახოცი გაკვანძული წვერით ერთ ბოლოში. ძაღლი – ძაღლის კერამიკის გამოსახულება. ტახი – ანტიკვარული საფულე.
– რომელი ძვირფასი ქვებისგან დამზადებული სამკაულები შეგვიძლია ვატაროთ მთელი წელი იღბლის გასაძლიერებლად, ფინანსურ და სასიყვარულო სფეროში წარმატების მისაღწევად?
– ყველა თვეს თილისმად თავისი ძვირფასი ქვა შეესაბამება: იანვარი – ძოწი, თებერვალი – ამეთვისტო, მარტი – აკვამარინი, აპრილი – ალმასი, მაისი – ზურმუხტი, ივნისი – მარგალიტი, ივლისი – ლალი, აგვისტო – ტოპაზი, სექტემბერი – საფირონი, ოქტომბერი – ოპალი, ნოემბერი – ბერილი, დეკემბერი – ფირუზი.