№52 რატომ სთხოვა მარინე ფუტკარაძემ ბავშვთა სახლის დირექტორს მათთან დარჩენა და რას ეუბნებოდა ის საკუთარ თავს გასამხნევებლად
ნინო კანდელაკი ნინო სანებლიძე
მარინე ფუტკარაძე ბათუმელი მკლავჭიდელი გოგონაა, რომელსაც არაერთხელ გაუტანია ქვეყნის სახელი საზღვრებს გარეთ. ის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების რვა მედლის მფლობელია. მარინე ურეხის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლში გაიზარდა. ის რვა წლის იყო, როცა მამამ ბედის ანაბარად დატოვა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა... რთული ცხოვრების მიუხედავად, მან შეძლო ფეხზე მყარად დადგომა და წარმატებულ, შემდგარ ადამიანად ჩამოყალიბება. ამჟამად მარინე შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში 21 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს მკლავჭიდში ავარჯიშებს.
მარინე ფუტკარაძე: ჩემთვის მნიშვნელოვან საქმეს მოვკიდე ხელი და ეს არის სპორტი. ბავშვობაში ძალიან ენერგიული გოგონა ვიყავი და ეს ენერგია როგორ დამეხარჯა, არ ვიცოდი, მერე ვიპოვე ამის გზა, რამაც მრავალი გამარჯვება მომიტანა. მკლავჭიდში სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი, მაშინ 16 წლის ვიყავი. ერთ დღესაც ბავშვთა სახლს ბათუმის მკლავჭიდის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი, ბატონი გოჩა შავაძე ესტუმრა. იქვე ჩაატარეს პატარა შეჯიბრივით და მეც მივიღე მონაწილეობა. ჩემდა გასაოცრად, ყველას გადავუწიე მკლავი. თურმე, ეს დაუმახსოვრებია ბატონ გოჩას და შემდეგ მოსვლაზე დირექტორისთვის უთქვამს: ამ გოგოს კარგი მონაცემები აქვს და გვჭირდებაო. წამიყვანეს და გამაცნეს ჩემი მწვრთნელი – თემურ ლიპარტაშვილი. მეც მინდოდა და მომწონდა სპორტის ეს სახეობა და ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი, რომ წარმატებისთვის მიმეღწია. ვიცოდი, ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვას ვერაფერს შევძლებდი და ამიტომ ავირჩიე ის, რაც ყველაზე კარგად გამომდიოდა.
– რა სირთულეების გადალახვა მოგიწია წარმატებამდე?
– წარმატებამდე რომ მივსულიყავი, ძალიან დიდი და რთული გზა გავიარე. დღეს ბედნიერი ვარ ჩემი შედეგებით. მინდა, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში, დიდი მადლობა გადავუხადო ყურადღებისა და თანადგომისთვის. რომ არა ისინი, ბევრ რამეს ვერ შევძლებდი. ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე მარჯვენა და მარცხენა მკლავით შეჯიბრში რვა მედალი მაქვს მოპოვებული. შარშან აჭარისა და საქართველოს ჩემპიონატში, ერთდროულად, ორი მედლის მფლობელი გავხდი. პირველი მედალი 2011 წელს მოვიპოვე – ანტალიაში ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილი ავიღე. პირველი გამარჯვების დღე ყველაზე ბედნიერი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. სწორედ ამ გამარჯვებამ მომცა სტიმული. მახსოვს, ჩემპიონატში 24 ქვეყნის მკლავჭიდელი იღებდა მონაწილეობას. იმ მომენტში განცდილ ბედნიერებასა და ემოციას ვერაფერს შევადარებ. 2019 წლის 13 მაისს საბერძნეთში, პარაოლიმპიადაზეც გავედი, საიდანაც ასევე, მედლები ჩამოვიტანე. როცა 18 წლის გავხდი, როგორც წესია, ბავშვთა სახლიდან სხვა თანატოლებთან ერთად მეც მიშვებდნენ, თუმცა წასასვლელი არსად მქონდა და დირექტორს ვთხოვე, რომ კიდევ 2–3 წლით დავრჩენილიყავი. მინდოდა, სკოლაც დამემთავრებინა. თან, ისინი იყვნენ ჩემი ოჯახის წევრები.
– რამდენად რთულია მკლავჭიდი გოგონებისთვის და რა სახის ტრავმები გაქვთ ხოლმე?
– გოგოსთვის ძალიან რთული პროფესიაა – ძნელად შესათვისებელი. თუმცა ჩემთვის წარმატებული გამოდგა, რამაც ბევრი რამ მასწავლა ცხოვრების შესახებ. რა თქმა უნდა, ტრავმები არის, მაგრამ ამისთვის მომზადებული უნდა იყო. მეც მქონია შემთხვევა, როცა რაღაც მტკენია, მაგრამ ამ ტკივილს გავმკლავებივარ და საკუთარი თავისთვის მითქვამს: მარი, შენ ძლიერი ხარ და შეძლებ ამ ტკივილის დამარცხებას!
– მარინე, ბავშვთა სახლში გაიზარდე, სადაც შენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. რა გახსოვს შენი ოჯახის შესახებ?
– მახსოვს წართმეული ბავშვობის წლები. ვიდრე ბავშვთა სახლში მიმიყვანდნენ, იყო სიღარიბე... რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ბავშვთა სახლში ვიპოვე ის სითბო და სიყვარული, რაც ბევრ მსგავს დაწესებულებაში არ გააჩნიათ. რვა წლის ვიყავი, როცა მამამ დამტოვა და წავიდა... სხვებისგან განსხვავებული ბავშვი ვიყავი. სმენის პრობლემა მქონდა, ისევე, როგორც ჩემს ორ დას. შესაბამისად, ვერც ვმეტყველებდი. რაღაც პერიოდის შემდეგ, ცალ ყურში შუილის შეგრძნება გამიჩნდა, რაც ჩემს აღმზრდელებს არ გამოჰპარვიათ. ერთ-ერთმა მათგანმა – გიული თავბერიძემ ექიმთან მიმიყვანა. როცა აპარტს ყურზე ვირგებდი, საშინელი ხმაური გავიგონე და ძალიან შემეშინდა. ჩემთვის უცხო იყო იმ ყველაფრის გაგონება, რაც იქამდე ცალ ყურში ყრუდ მესმოდა. მივხვდი, რომ ლაპარაკის სწავლის შანსი მომეცა და ძალიან ბედნიერი ვიყავი. არ ვიცი, მადლობა როგორ გადავუხადო ქალბატონ გიულის და ექიმს, რომელმაც სრულიად უსასყიდლოდ გადმომცა ყურის აპარატი, რომელსაც დღემდე ვატარებ. მადლობელი ვარ, ასევე, ჩემი ერთ-ერთი აღმზრდელის – ნატალია გლადიშევასი. ეს არის ადამიანი, რომელმაც უამრავი რამ მასწავლა: ქსოვა, სწორი მეტყველება და ასე შემდეგ. გულწრფელად ბედნიერი ვარ, რომ მოვხვდი ისეთ დიდ და თბილ ოჯახში, როგორიც ურეხის მზრუნველობამოკლებული ბავშვთა სახლია.
– როგორ განაგრძე ცხოვრება ბავშვთა სახლის დატოვების შემდეგ? ოჯახის პოვნა არ გიცდია?
– ისე, როგორც ჩვეულებრივმა ჩამოყალიბებულმა ადამიანმა. ბავშვთა სახლის შემდეგ ბატონმა თემურ ლიპარტაშვილმა თავის სახლში შვილივით მიმიღო. რა თქმა უნდა, მქონდა ოჯახის პოვნის მცდელობა, მაგრამ ამაოდ. მამა ბუნდოვნად მახსოვს, ბავშვთა სახლში რომ დამტოვა, იმ დღის შემდეგ არც გამოჩენილა. დედა, როგორც მითხრეს, გარდაიცვალა. ვიცი, რომ მყავს ორი და.
– ბევრი თაყვანისმცემელი გყავს, რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?
– კი, მყავს თაყვანისმცემლები, მაგრამ უფრო სპორტული სამყაროდან გამომდინარე. პირადში მნიშვნელოვანი არაფერი ხდება, შეყვარებული არ მყავს და არც არასდროს მყოლია. იყო შემთხვევა, როცა მომწონებია ბიჭი, მაგრამ პირველი ნაბიჯი არასოდეს გადამიდგამს, ყურადღება ჯერ ბიჭისგან უნდა წამოვიდეს. ჩემთან ბიჭები, ძირითადად, მკლავის გადასაწევად მოდიან (იცინის). ისე გამოვიდა, რომ მთელი ცხოვრება ვარჯიშს და სპორტს მივუძღვენი და მეგობრებთან ერთადაც ძალიან იშვიათად ვარ. რაც უნდა გასაკვირი იყოს, არც ზღვაზე დავდივარ. მეუბნებიან, რომ პირად ცხოვრებას უნდა მივხედო, მაგრამ რატომღაც არ მაინტერესებს. მიყვარს ვარჯიში, რომელიც მეხმარება, ვიყო თავდაჯერებული.