№52 „საქართველოს ბანკისა“ და SOLO-ს ორგანიზებით, ლენი კრავიცი თბილისში გრანდიოზულ კონცერტს გამართავს
ნინო კანდელაკი სოფი ლორია

ეთერ ირემაძე – SOLO-ს ბიზნესმიმართულების ხელმძღვანელი: თავდაპირველად მინდა, აღვნიშნო, რომ SOLO ყოველთვის მხოლოდ საუკეთესო ღონისძიებების ინიციატორია. ის ხშირად აანონსებს რჩეულ სიახლეებს და ამჯერადაც მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ „საქართველოს ბანკისა“ და SOLO-ს ორგანიზებით, მომავალ წელს საქართველოში ჩამოდის ჩვენი დროის ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკოსი ლენი კრავიცი, რომელიც კონცერტს მსოფლიო ტურნეს HERE TO LOVE-ის ფარგლებში გამართავს. სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ მისი ევროპის ტური საქართველოდან დაიწყება. მინდა გითხრათ, რომ მომღერალთან მოლაპარაკება საკმაოდ ხანგრძლივი აღმოჩნდა, თუმცა გვიხარია, რომ შეთანხმებას მივაღწიეთ და საშუალება მოგვეცა, ჩვენი საზოგადოებისთვის ასეთი მაღალი დონის კონცერტი შეგვეთავაზებინა.
ნინი ჩიქოვანი – SOLO Lifestyle-ის ხელმძღვანელი: ძალიან სასიამოვნოა, რომ ამ მაღალი დონის ვარსკვლავს ჩვენი გუნდი უმასპინძლებს და მისი კონცერტით სიამოვნებას მივანიჭებთ ქართველ მსმენელს. მნიშვნელოვანია, რომ ლენი კრავიცი აქტიურად თანამშრომლობს გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციებთან, რომელთა საქმიანობაც მიმართულია რასიზმის, ქსენოფობიისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ. მომღერალმა 10 დეკემბერს ალბომის ჰიტად ქცეული სინგლის სახელწოდებით HERE TO LOVE-ის ახალი ვერსია გამოუშვა, რომელიც 2020 წლიდან გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის მიერ რასიზმის წინააღმდეგ არსებული კამპანიის „საუნდთრექი“ იქნება. ვარსკვლავი არც ისეთი ამბიციურია, როგორიც ეს შეიძლება, გეგონოთ, მას ხელშეკრულებაში განსაკუთრებული მოთხოვნები არ წამოუყენებია და საკმაოდ მოკრძალებული რაიდერი გამოგვიგზავნა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მის კონცერტს მაღალი დონის ტექნიკური მოთხოვნები აქვს. იგი ჩამოდის სამი თვითმფრინავით, ერთით თავად იმგზავრებს, მეორე – ბენდისთვისაა, მესამე დატვირთული იქნება გიტარებითა და სხვადასხვა აპარატურით. რაც შეეხება ჩვენს ქვეყანაში კონცერტის გამართვას, ის მოხარულია და საქართველოს მიმართ დიდი ინტერესი აქვს. იგი დაბადებულია 26 მაისს – ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს და სიმბოლურიცაა, რომ კონცერტიც მაისში გაიმართება. კონცერტი თბილისშია დაგეგმილი, რაც მომხმარებლისთვის კომფორტულია. კვირაა და მეორე დღეს ზაფხული იწყება. ასე რომ, ჩვენს მსმენელს 31 მაისს ძალიან ლამაზი საღამო ელოდება. საინტერესო ფაქტია, რომ მას ძალიან უყვარს მოგზაურობა, აინტერესებს ტრადიციები, კულტურა. ის კოლექციონერიცაა. კონცერტის ჩასატარებლად სხვა ქვეყანაში ჩასულს კი სასტუმროდან გამოსვლა, ქუჩების დათვალიერება, კლუბებში შესვლა სჩვევია და არ გაგიკვირდეთ, რომ მოსეირნე ლენი კრავიცი თბილისის ქუჩებშიც ნახოთ.