№52 როგორ დალოცა ჯაბა იოსელიანმა კოტე თოლორდავა
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

– ჯაბა ვარ, ძმაკაც. პატივი გვეცი და ბიჭებს ოცკაციანი სუფრა გაუშალე. პატივისცემა კი ჩემზე იყოს. ნუ გეშინია, უიარაღოდ მოვლენ და ცუდი არაფერი მოხდებაო.
აბა, ჯაბას ვინ ეტყოდა უარს და ასე ვიქეიფეთ რამდენიმეჯერ. მართალია, სარისკო საქმე იყო, მაგრამ მუქთა ქეიფიც ძალიან გაგვიტკბა და ბედიც გვწყალობდა.
1994 წლის 13 მაისია. იმ დღეს 15 წლის გავხდი. ფული არ გვაქვს და ობოლამ შემოგვთავაზა – „მეტეხის“ რესტორანში აღვნიშნოთო. ჩვენც დავეთანხმეთ და საღამოს 6 საათზე ვითომ „მხედრიონის“ თხუთმეტკაციანი კომპანია მეფურ სუფრას მივუსხედით და „შევუბერეთ“. შუა ქეიფში ვართ და უეცრად რესტორანში მართლა ჯაბა „გაიჩითა“ თავის ორ „ახრანიკთან“ ერთად... ხომ წარმოგიდგენიათ, რა დაგვემართებოდა? ობოლას ღვინით სავსე ჭიქა გაუშეშდა ჰაერში. ამას ისიც დაერთო, რომ რესტორნის დირექტორმა ჯაბას ჩვენი მაგიდისკენ მიუთითა და ალბათ, უთხრა, აი, თქვენი ბიჭები იმ სუფრაზე ქეიფობენო. ჯაბამ შეგვათვალიერა, კოპები შეკრა და ჩაფიქრდა. შემდეგ გაეღიმა, „ახრანიკები“ ადგილზე დატოვა, მოგვიახლოვდა და გვკითხა, – რას ქეიფობთ „მხედრიონელებოო“? ყველას ენები მუცელში ჩაგვივარდა. პირველი ობოლა გამოერკვა და ჯაბას მისივე ხმით უთხრა: ჩვენი პატარა ძმის დაბადების დღეა და დალოცეთო. ჯაბამ ღვინით სავსე ჭიქა ასწია. დაბადების დღე მომილოცა. შემდეგ რესტორნის დირექტორი იხმო და უთხრა: ამ ბიჭებს ჩიტის რძეც არ მოაკლოო და წავიდა“.