კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№52 რას ევედრებოდა დამარცხებული და ტყვედ ჩაბარებული დემნა უფლისწული მეფე-ბიძას და რა მოხდა მისი გარდაცვალებით

ნინო კანდელაკი გია მამალაძე

ეძღვნება ლუკა სირაძის ხსოვნას.
  გასომხებული ორბელების წარმომადგენელი, მღვდელმთავარი და მემატიანე, სტეფანოს ორბელიანი წერს: „სომეხთა წელთაღრიცხვის 626 (ესე იგი, 626+551=1177) წელს ატყდა შფოთი და არეულობა ქართველთა სამეფოში“...
ი  ვანე ორბელი და დემნა უფლისწული ლორეს ციხეში იყვნენ გამაგრებული. დახმარება არ მოუვიდათ უცხოეთიდან. მომხრეებმა მიატოვეს და გიორგი მეფის მხარეს გადავიდნენ. ივანე ორბელი დანებებას მაინც არ აპირებდა. სტეფანოსის თქმით, ეს საქმე ივანესთვის ღვთის სამსახური იყო, რადგან, ლეგიტიმური მემკვიდრის აყვანა უნდოდა დიდი საქართველოს ტახტზე.
ძნელი სათქმელია, რამდენ ხანს გაძლებდა ლორეს ციხე და რა მოხდებოდა, თუ ციხეს მეფე გიორგი აიღებდა. ხუთი თვე გაუძლეს მეფის მომხრეთა ჯარის შეტევას აჯანყებულებმა. შეიძლება, სანოვაგეც უთავდებოდათ, დახმარების იმედიც გადაწურული ექნებოდათ, მაგრამ, მაინც არ აპირებდა ივანე ორბელი დანებებას.
  დემნა უფლისწული ღამით თოკით გამოიპარა ციხიდან, მივიდა და ჩაბარდა მეფის ჯარს. მეფეს სასწრაფოდ მიუყვანეს ძმისწული. ფეხებში ჩაუვარდა ახალგაზრდა ბაგრატიონი მოხუც ბაგრატიონს და პატიება სთხოვა. სტეფანოს ორბელიანი წერს: „ევედრებოდა მხოლოდ სიცოცხლისათვისო“. საქართველოს ისტორიაში ეს ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტია... ალბათ, ყველას გვიოცნებია დემნას შეწყალებაზე...
  ძალიან გაიხარა მეფე გიორგიმ, გაუგზავნა ხალხი ივანე ორბელს და შეუთვალა: „ვისთვისაც მეურჩებოდი, მოვიდა ჩემთან, შენ ახლა რისთვისღა ურჩობ, მოდი ჩემთანო“. დამარცხებულმა და მარტო დარჩენილმა ივანე ორბელმა შემოუთვალა თხოვნა: „შემომფიცოს მეფემ, რომ არაფერს დამიშავებს და მივალ, ჩავბარდებიო“.
  სტაფანოს ორბელი წერს: „გიორგი მეფემ შეჰფიცა და აღთქმა დასდო [ივანე ორბელის] წინაშე, რის გამოც გაბედა მან მასთან მისვლა. ხოლო მეფემ დიდად განიხარა, დიდი სიყვარულით შეიწყნარა და განადიდა დიდი პატივით“.  
  აჯანყება ჩააქრო. მტერი დამარცხებული ჰყავდა მეფე გიორგის. დემნა უფლისწული მასთან იყო, მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავდათ, ფაქტობრივ ტყვეობაში. პრობლემა გადაიჭრა. ახლა უცხოეთიდან ორბელთა დასახმარებლად ადარბადაგანის ათაბაგის ჯარის შესაძლო შემოჭრის საშიშროება რჩებოდა. და კიდევ, ზოგიერთი ორბელი ჯერ კიდევ არ იყო მისული გიორგი მეფესთან.
  მეფე გიორგიმ მოითმინა: „სანამ ხელთ არ იგდო მისი (ივანეს) ყველა ძე და ტომნათესავნი. შემდეგ კი გიორგიმ დაარღვია თავისი აღთქმა და შესაძრწუნებელი ფიცი. მან შეიპყრო ივანე და თვალები დასთხარა... ივანეს უმცროსი ძმა, ქავთარი, მისი ძე სუმბატი, ძმისწული ინა მოაკვლევინა. ყოველი ტომ-ნათესავი მათი, ყოველი ყრმა და ქალი მთლიანად ამოხოცა და წარწყმიდა ზოგიერთნი მოშთობით, ზოგნი წყალში ჩაგდებით, სხვები კი კლდეზე გადაგდებით. ასე აღმოფხვრა მათი სახელი ქართველთა სახლიდან და ბრძანა ორბელიანთ ტომის სახსენებლის აღხოცვა ისტორიიდან.
შემდეგ კი დაავალა აღეწერათ ეს აჯანყება არა ისე, როგორც იყო მისი ნამდვილი მიზეზი, არამედ დიდი ცილისწამებით. შემდგომ განაწესა შეჩვენებაც, რათა აღარ მოეხსენებინათ მათი სახელი და მათგან არავინ დაეტოვებინათ ქართველთა ქვეყანაში. ეს ბოროტი ანდერძი მან თავის საგანძურში შეინახა. ეს მოხდა 626 (1177) წელს.“
  ... „ძირფესვიანად აღმოიფხვრა და დაეცა ორბელიანთა სახლი გიორგის მეფობის 21-ე წელს“.
ყველაზე საინტერესო ჩვენთვის, ქართველებისთვის და გულსატკენი დემნა უფლისწულის ბედია. როგორც ვთქვით, დემნა ფეხებში ჩაუვარდა მეფე-ბიძას და „ევედრებოდა მხოლოდ სიცოცხლისთვისო“, როგორც გვიამბობს ორბელიანი.
ამ სამ სიტყვაში ქართული ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი ტრაგედია ჩანს...
  შეეშალა დემნას, შეეშალა... არ უნდა აჯანყებულიყო. უნდა დალოდებოდა თავის დროს. გარდაიცვლებოდა მეფე გიორგი და ტახტის ერთადერთი რეალური პრეტენდენტი ის იქნებოდა. მაგრამ, ალბათ, თვლიდა, რომ ტახტი მას ეკუთვნოდა. ალბათ, სისხლი უჩქეფდა ახალგაზრდა დავითიან-ბაგრატიონს, სახელმწიფოს მეთაურობა უნდოდა. ალბათ, რამდენი ქვეყნის შემოერთების სურვილი ჰქონდა, რამდენი ტერიტორიის. ალბათ, ოცნებობდა, მისი სახელი საქართველოს ისტორიაში ისევე შესულიყო, როგორც მისი დიდი პაპის, დავით აღმაშენებლის სახელი შევიდა. შეცდა ახალგაზრდა ბაგრატიონი, შეცდა. მაგრამ, ალბათ, რამდენი უჩიჩინეს ორბელებმა და დიდებულებმა. ზოგმა საკუთარი მიზნისთვის, ზოგი კი შესაძლოა, შიშობდა, გიორგიმ ტახტზე ქალი არ აიყვანოს და ვინმე უცხოელი სიძე არ მოგვიყვანოს მეფედო.
იჩქარა დემნამ და საბედისწერო შეცდომა დაუშვა.
... მაგრამ, სიცოცხლე სწყუროდა ახალგაზრდა ბაგრატიონს, ერთადერთ ახალგაზრდა მამაკაცს ბაგრატიონთა სამეფო ოჯახში, ბაგრატიონთა გვარის ერთადერთ გამგრძელებელს, რომელსაც ჯერ შვილიც კი არ ჰყავდა.
თუ ახალგაზრდას შვილი არ ჰყავდა, ცდილობდნენ, ომშიც კი არ წაეყვანათ. თუ სამეფო გვარის წარმომადგენელი რამეს დააშავებდა, ცდილობდნენ, არ მოეკლათ. ასეთი დამოკიდებულება ჰქონდათ მაშინდელ მსოფლიოში.
  გიორგი მეფე ძალიან გაბრაზებული იყო, და ალბათ, ახალი აჯანყებისა ეშინოდა. სტეფანოსი წერს: მეფემ „შეიპყრო დემნა, ივანეს სიძე, მასაც დასთხარა თვალები და დაასაჭურისა, რათა არა ჰყოლოდა მემკვიდრე“.
გულისმომკვლელი ტრაგედია დატრიალდა ჩვენს სამეფოში.
  იმ ხანებში მცხეთის საპატრიარქო ტახტი დატოვა და იერუსალიმს გაემგზავრა დიდი ქართველი საეკლესიო მოღვაწე, წმიდა ნიკოლოზ პირველი გულაბერისძე. მე მის გადადგომას ვუკავშირებ დემნა უფლისწულის დასჯას. ალბათ, როგორ ეხვეწებოდა კათალიკოსი გიორგი მესამეს, არ დაესაჯა ძმისწული, ერთადერთი ნამდვილი მემკვიდრე სამეფო ტახტისა.
  დემნას თვალები იმიტომ დასთხარეს, რომ ასეთი გახლდათ აჯანყებული უფლისწულების სასჯელი. მთავარი ის იყო, რომ ბრმა ტახტზე ვერ ავიდოდა, გამორიცხული იყო ასეთი რამ. დაკოდვაში კი ჩანს გიორგი მეფის სურვილი, როგორც სამართლიანად აღნიშნავს სტეფანოს ორბელიანი, მემკვიდრე არ ჰყოლოდა დემნას. გიორგი მეფეს გადაეწყვიტა, თავისი ასული აეყვანა ტახტზე, თუ დემნას ვაჟი შეეძინებოდა, დემნას ძე ქალზე გაცილებით ლეგიტიმური იქნებოდა და სავარაუდოდ, სამეფო ტახტს მოითხოვდა. გიორგი მეფემ თავის ქალიშვილს კონკურენტი მოაცილა.
სიცოცხლე, თითქოს, შეუნარჩუნა ბიძამ ძმისწულს, არ მოკლა, მხოლოდ დააბრმავა და დაკოდა...
  მაგრამ, რაღა იყო ასეთი სიცოცხლე... დემნამ ვერ გაუძლო სასჯელს და გარდაიცვალა სამეფო ტახტის მემკვიდრე...
მაგრამ, ეს არ იყო მხოლოდ დამნაშავის დასჯა და შვილისთვის კონკურენტის მოცილება.
  დემნა უფლისწულის გარდაცვალებით შეწყდა დავით აღმაშენებლის მამრობითი მემკვიდრეების შტო.

скачать dle 11.3