№52 ნაბო
ნინო კანდელაკი არდაშელ თაქთირიძე
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #48-51(990)
კიდევ, შალიკო კაკალაშვილი იჯდა ჩემთან – კასპელი ბიჭი – აფერისტობაზე იხდიდა სასჯელს. განუკითხაობა რომ იყო და მიწა კაპიკებად იყიდებოდა, ამას ქვემო ხანდაკის სასოფლო-სამეურნეო მიწები და საძოვრები ჩაუგდია ხელში და თავის ფირმაზე გაუფორმებია. მერე, იპოვიდა ფულიან კაცს, „დააბოლებდა“ და ფირმის 45 პროცენტს აყიდინებდა. დირექტორად თვითონ რჩებოდა. სანამ ის ფულიანი კაცი მიწის გაძვირებასა და მერე გაყიდვას ელოდებოდა, შალიკო კაკალაშვილი ამ ფირმას თავისივე მეორე ფირმასთან ვალს გაუჩენდა. მეორე ფირმა პირველს უჩივლებდა, ქონებას, ესე იგი, მიწას, იაფად გააყიდინებდა და ვალს იბრუნებდა. საქმე ის იყო, რომ ის მყიდველი ფირმაც მისი იყო. ფულიან მოწილეს ფირმის წილი კი ჰქონდა, მაგრამ ფირმა აღარ ფლობდა მიწას. შალიკო კაკალაშვილი სხვა ფულიან კაცს „დააბოლებდა“ და ახლიდან ყიდდა იმ ფირმის წილს, რომელიც მიწას ფლობდა. რამდენჯერმე რომ დაუტრიალებია ეს ოპერაცია, „გაბაზრებია“, „დანომრილი“ კაცი შემოუგზავნეს და „გაჭედეს“.
მეოთხე, არჩილა იყო გვენცაძე, თბილისელი კაცი, ჩემი უბნელი. 42 წლის იყო, მაგრამ მისი „სროკები“ რომ შეგეკრიბა 45 წელი გამოსდიოდა. ძირითადად ჩხუბზე ან ხულიგნობაზე იჭერდნენ, მაგრამ მძიმე მუხლები არ ჰქონდა წაყენებული და ამნისტიით ათავისუფლებდნენ. ამჯერად ქალის გაუპატიურებაზე იჯდა. თურმე, საღამოს სომხური სკოლის მასწავლებელი გორკის ქუჩით სახლში მიდიოდა. ამას სადარბაზოში შეუთრევია და გახდა მოუთხოვია. იმასაც გაუხდია.
– კარგი, შავგვრემანი სომხის გოგო მოდიოდა, რა, „პადიეზდში“ შევათრიე, დანა ყელზე მივაბჯინე და გაიხადე-მეთქი, ვუთხარი, რა. არა, ჩათლახი არ იყო, შიშით შევაჩათლახე, რა, – იგონებდა არჩილა. მეათე კლასის მოსწავლეებს შეუსწრიათ სადარბაზოში და რას ხედავენ, მათი მასწავლებელი ჰყავს არჩილას გადაკუზული. დაუჭერიათ შენი არჩილა და მილიციის განყოფილებაში მიუყვანიათ.
– არჩილ, რად გინდოდა, საციხედ ღირდაო? – რომ ვკითხეთ,
– რას ამბობ, ასე მეგონა, თბილისის „დინამო“ ერევნის „არარატს“ უგებდა, რა, – გვიპასუხა არჩილამ. ქალის გაუპატიურების მუხლით ციხეში რაც ეკუთვნოდა კი იცით, მაგრამ კაი ტიპი იყო, თანაც, ჩემი უბნელი და არ დავაჩაგვრინე.
კიდევ ორი კაცი იჯდა ჩემთან, ერთი – ჩხუბზე და მეორე – ავარიაზე, მაგრამ ეგენი უღიმღამო ტიპები იყვნენ და მაგათზე მოყოლით არ დაგღლით.
ერთ წელიწადში ზონაზე გადამიყვანეს. ყველაფერს ეჩვევა კაცი. სამი წლის მერე ზონა შენი სახლი ხდება. ცნობილი კალათბურთელი მიშა ქორქია ხომ გახსოვთ? ჩვენთან იჯდა 5 წელი ჰქონდა მისჯილი. კალათბურთს თავი რომ დაანება, კომბინატის დირექტორად დანიშნეს, ექვსი წელი იმუშავა, მაგრამ მერე დანაკლისი აღმოუჩინეს და დაიჭირეს. ვაჟკაცი იყო, თავის თავზე აიღო დანაშაული. შაბათობით მაგის ძმაკაცები მოაკითხავდნენ, ზოგი „ძელეცი“ და ზოგიც კალათბურთელი, „პერედაჩები“ ამოჰქონდათ: ღვინო, ბლომად „თოხლი“. მოკლედ, მთელ ზონას „გვაგულავებდა“. თვითონ რომ დათვრებოდა, „ნადზორს“ უწყებდა დედის გინებას. ხმას ვინ გასცემდა, ყველაფერი ჰქონდა მოგებული: ოლიმპიადა, ევროპა, მსოფლიო. ციხის უფროსობა ეხვეწებოდა,
– სამსახურიდან მოგვხსნიან, ოღონდ გაჩუმდი და რაც გინდა, გვთხოვეო! წელიწადსა და შვიდ თვეში გაათავისუფლეს. ამერიკელებს დაუწერიათ, „საბჭოთა კავშირში ოლიმპიურ ჩემპიონებს იჭერენო“. ამათაც შერცხვათ და გამოუშვეს. მაგარი გაცილება მოვუწყვეთ. ამბობდა,
– მიუნხენის ოლიმპიადის ის ბოლო სამი წამი არ დამავიწყდება და ეს გაცილებაო.
პეტრე გელბახიანი იჯდა ჩვენთან, სამედიცინო ინსტიტუტის რექტორი. წესიერი კაცი იყო, წყნარი, გულკეთილი, სულ წიგნებში იყო თავჩარგული. ცალკე ბარაკში ცხოვრობდა. ვინმე ავად თუ გახდებოდა, პეტრე ძიასთან გარბოდა. ციხის ექიმს არ ვენდობოდით, არაფერი იცოდა, შეიძლება, ისეთი წამალი მოეცა, რომ მომკვდარიყავი.
მოკლედ, ვართ „გულაობაში“. ვჭამთ და ვსვამთ მიშა ქორქიას პერედაჩებს. დილით, პახმელიაზე ძია პეტრეს ვაკითხავთ, ისიც გვმკურნალობს. სხვა მხრივაც ყველაფერი დალაგებული მაქვს, დღე-დღეზე ქურდად უნდა წამომაყენონ. ჰო, დამავიწყდა მეთქვა, ზონაზე რომ გადამიყვანეს, მამუკა ამირეჯიბი ისევ იქ დამხვდა. კიდევ ორი ქურდი იხდიდა სასჯელს – „ჭუტალა“ და „სერიკა“. იმათ მოაწყვეს „სხადნიაკი“ და ქურდად წამომაყენეს. მთელი ცხოვრება ამაზე ვოცნებობდი, მეგონა, ამის შემდეგ რაღაც შეიცვლებოდა ჩემში, მაგრამ კანონიერ ქურდობას ვალდებულებებისა და „რამკის“ მეტი არაფერი მოუტანია.
***
– მობრძანდით ბატონო გოგი, დაბრძანდით. აბა, დავიწყოთ.
– ერთ ამბავს მოგიყვებით. მაშინ თელავის რაიონის პოლიციაში ვმუშაობდი უფროს ოპერად. სიძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი წავიყვანე პოლიციის განყოფილებაში. მანქანიდან დავრეკე,
– მეხუთე საკანი მომიმზადეთ-მეთქი! მეხუთე საკნის მომზადება ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის მოწყობილი სპექტაკლის გათამაშება იყო. ამ მეთოდს მაშინ ვიყენებდით, როცა ეჭვმიტანილი ძნელი გამოსატეხი იყო. საკანში ქათმის სისხლს მივასხ-მოვასხამდით, ერთ-ერთი თანამშრომელი ტანზე გაიხდიდა და საკანში წვებოდა, ვითომ პატიმარი შემოგვაკვდა. მოკლედ, მივიყვანე ეჭვმიტანილი მეხუთე საკანში, შევაღე კარი და რას ვხედავ, შიშველი კაცი გდია სისხლში მოსვრილი. სხეულზე ჩალურჯებები ეტყობა.
– ხომ გითხარით, მეხუთე საკანი გამინთავისუფლეთ-მეთქი, – შევუბღვირე პოლიციელს.
– ბატონო ლეიტენანტო, დაკითხვის დროს შემოგვაკვდაო! – ისე კარგად იყო გათამაშებული, რომ არ მცოდნოდა, დავიჯერებდი.
– ალაზანში გადააგდეთ და ეს დაჰკითხეთ-მეთქი! ეჭვმიტანილი უცებ ძირს დაეცა, გალურჯდა, ფეხები გააკანკალა და სული განუტევა. ინფარქტი ჰქონია გადატანილი და ამხელა ემოციურ დატვირთვას ვერ გაუძლო. ბიჭებს ვუთხარი,
– გვამი მოიცილეთ ისე, რომ ჩვენზე ეჭვი არ აიღონ-მეთქი! – ისედაც ერთი მკვლელობა და ერთი ქურდობა გაუხსნელი გვქონდა. ბიჭებმაც ადგნენ, მანქანის საბარგულში ჩადეს, ღამით გურჯაანში ჩაიტანეს, პარკში სკამზე დააწვინეს და წამოვიდნენ. დილით მოქალაქემ პატრულში დარეკა,
– თელავის პარკში ადამიანის გვამი ვნახეო! მივედით პარკში და ის „ჩვენი“ გვამი არ ასვენია სკამზე?! იმ უკუღმართებს, გურჯაანის პოლიციას, აქაოდა გამოსაძიებელი საქმე ჩვენ არ „შეგვეწეროსო“, ღამით გვამი ამოუტანიათ და თელავის პარკში, სკამზე დაუსვენებიათ. რა უნდა გვექნა? გვამი უკვე დაფიქსირებული იყო. მაშინ მომივიდა კარგი აზრი. რამდენიმე დღით ადრე ერთი ბიზნესმენის სახლი გაქურდეს. როგორც გითხარით, ეს საქმეც გამოუძიებელი დაგვრჩა. იმ ბიზნესმენს კარგი სანაცნობო წრე ჰყავდა, დამნაშავეს თუ ვერ ვიპოვნიდით, სამსახურიდან მოხსნით გვემუქრებოდა. ორ ოპერს დავავალე,
– იმ ოჯახიდან რამე ნივთი წამოიღეთ-მეთქი! მივიდნენ, ბიზნესმენის ცოლი დახვდათ სახლში. ერთმა ვითომ დაჰკითხა, მეორემ კაბინეტში „დათვალიერება ჩაატარა“, საწერი მაგიდიდან ბიზნესმენის სახელზე დამზადებული ვიმპელი მოიპარა და მომიტანა. ის ვიმპელი გავატანე, მიიტანეს და მკვდარს თავქვეშ ამოუდეს. გვამს ექსპერტიზა ჩავუტარეთ. დადგინდა, რომ ეჭვმიტანილმა და მისმა სიძემ გაქურდეს ბიზნესმენის სახლი. თუმცა, ნაქურდალი ვერ გაიყვეს და ჩხუბში ცოლისძმამ სიძე მოკლა, ნაქურდალი სადღაც გადამალა, მაგრამ მიმალვას რომ ცდილობდა, გულმა უმტყუნა და გარდაიცვალა. ამ საქმის ასე კარგად გახსნაში საგამოძიებო ჯგუფის უფროსად დამაწინაურეს და კაპიტნის ჩინი მომანიჭეს.
მოგვიანებით სამჯერ ნასამართლევი რეციდივისტი გამოჩნდა, რომელმაც მკვლელობაც და ქურდობაც აღიარა, მაგრამ მაშინ უკვე მოსამართლე ვიყავი და რას დამაკლებდნენ?
***
– გამარჯობა, მამაო, სად დაიკარგეთ, რომ აღარ გამოჩნდით?
– გრიპი შემეყარა, ექიმო, ახლაც მახველებს.
– მოდი, დავიწყოთ სეანსი. სად გავჩერდით?
– ძალიან მადარდებდა უმრევლობა. მღვდელს მრევლის რაოდენობით აფასებენ. უმრევლოდ ვერ გავიქაჩებოდი. ვიფიქრე, ვიფიქრე და მოვიფიქრე. ვიცოდი, რომ „ნაბო“ ფსიქიატრიული საავადმყოფოს მთავარ ექიმად იყო გაქაჩული. არ გამიფრთხილებია, პირდაპირ კაბინეტში დავადექი. დაიბნა, აიწურა, არ ესიამოვნა ჩემი დანახვა, მაგრამ თავს მოერია, წამოხტა და გადამეხვია. გადავეხვიე, თან უკანალზე ხელი მოვუთათუნე. ვაგრძნობინე, რომ არაფერი დამვიწყებია და ვერაფერზე უარს ვერ მეტყოდა, თორემ „გავუბაზრებდი“.
– „ნაბო“, უნდა მიშველო, ძლიერი დასაძინებელი საშუალება უნდა მომცე-მეთქი! შევატყვე, გაუხარდა, ალბათ, ფიქრობდა, დიდ ფულს მოვთხოვდი. ნარკოტიკი გამომატანა და თავის მძღოლს დაავალა ჩემი აბასთუმანში აყვანა.
აბასთუმანში რომ ავედი, გამოვაცხადე, რომ ვიცი უშვილობის შელოცვა. და რომ ეს შელოცვა სასწაულებს ახდენს. ერთი გოგო იყო ჩვენ მეზობლად გათხოვილი. გარეგნულად კარგი რამე იყო. 9 წელი იყო გასული, მაგრამ შვილი არ უჩნდებოდა. ქმარი ჰყავდა, რომ შეხედავდი, ეგრევე მიხვდებოდი, ვინ იყო უშვილობის მიზეზი. პირველი ეს გოგო მოვიდა ქმართან ერთად. გოგო დავიტოვე, ქმარი კი, სახლში გავუშვი,
– თვითონ დაბრუნდება და გაგახარებს-მეთქი. ამ გოგოს შარბათში ნარკოტიკი გავურიე და ძილის წინ დავალევინე. მკვდარივით დაეძინა. მეც გავიხადე, მივუწექი და სქესობრივი აქტი ჩავუტარე. დილით სახლში გავუშვი. ერთი თვის განმავლობაში ყოველღამ ვუტარებდი „შელოცვას“, სანამ ციკლი არ შეუწყდა. უკვე ოთხი თვის თავზე ამ გოგოს მუცელივით იზრდებოდა ჩემი მრევლი. საქართველოს რომელი კუთხიდან არ მოდიოდნენ, ბინებს ქირაობდნენ და თვეობით თავიანთ რიგს ელოდნენ. თავიდან თუ უფასოდ „ვმკურნალობდი“ უშვილობას, ბოლოს 1 000 ლარი დავაწესე. 500 ლარს წინასწარ მიხდიდნენ, მეორე 500 ლარს ერთი თვის შემდეგ, თუ ფეხმძიმედ დარჩებოდა. ფული ჩეჩქივით მქონდა, თბილისში ბინა ავიშენე, მანქანა ვიყიდე, მაგრამ გადავიღალე. თან ზოგი ისეთი მახინჯი იყო, დიდი ძალისხმევა მჭირდებოდა, რომ „მემკურნალა“.
ერთი გურჯაანელი ცოლ-ქმარი ჩამოვიდა. შვილი არ გვიჩნდებაო, რიგში ჩადგნენ. ქალი შავი იყო, მურთხი, თან ბანჯგვლიანი. ამ ქალს რიგმა რომ მოუწია, დავალევინე შარბათი და მივუწექი. ძლივს, რის ვაი-ვაგლახით რომ „დავქოქე“ ჩემი ინსტრუმენტი და ავამუშავე, მაშინ არ ჭყიტა თვალები?! ატეხა ერთი ამბავი, გაიქცა, ვერ შევაჩერე. თურმე, ეს ქალი გურჯაანში ცნობილი მეღვინის შვილი ყოფილა, სამ კაცს ზედიზედ ათრობდა. ქეიფში ითამადებდა, რვა ლიტრ ღვინოს დალევდა, მოიკიდებდა ზურგზე მთვრალ ქმარს და სახლში მიჰყავდა. ეგეთს რა ნარკოტიკი დააძინებდა?! მოკლედ, გამაბეს. სინოდის კრებაზე ჩემი ამბავი გაიტანეს, მაგრამ სხვებს ისეთები აქვთ გაკეთებული, ეს იმასთან არაფერია, ამიტომ მაპატიეს. თუმცა, აბასთუმანში დარჩენა აღარ შეიძლებოდა. ჩემი გამოსწორება გორისა და ატენის მიტროპოლიტმა სტეფანემ იკისრა, თავისთან წამიყვანა, აღსარება ჩამომართვა და ქვემო ხვითის პატარა ეკლესია ჩამაბარა.
– მამაო, რომ ყვები, ეკლესიებში სხვები უარესს სჩადიანო, რა, პატიოსანი მღვდლები აღარ არიან?
– კი, არის რამდენიმე ღმერთს შეწირული მღვდელიც და ეპისკოპოსიც, ჩვენ მათ გამოთაყვანებულებს ვეძახით. გვებრძვიან, მაგრამ ვერაფერს გვაკლებენ, რადგან ცოტანი არიან. იცხოვრე რა, დალოცვილო, შეირგე ეს ცხოვრება და ჩვენც შეგვარგე, მეორედ კი არ მოხვალ ამ ქვეყანაზე!
მოდი, მე წავალ, უკვე გვიანია, შენც დასვენება გჭირდება. ღმერთი შეგეწიოს!
***
ესენი ვინ ყოფილან, ნამდვილი ორდა არსებები, ფროიდს რომ ჰყავს მოყვანილი თავის ნაშრომში „ტოტემი და ტაბუ“. ჯერ რომ არც ადამიანები არიან, მაგრამ აღარც მაიმუნები. ეს ორდა არსებები ჯოგებად ცხოვრობენ და ჰყავთ უფროსი მამრი. ჯოგიდან მხოლოდ მას შეუძლია ურთიერთობა საწინააღმდეგო სქესთან. შვილები აუჯანყდებიან მამას და კლავენ. შემდეგ ერთმანეთთან თანხმდებიან ნადავლისა და სექსუალური კავშირების გადანაწილებაზე. იკრძალება ინცესტი და მამისადმი აგრესია. ესაა პირველი საზოგადოებრივი წესრიგის დამყარება. შვილებმა წესრიგი დაამყარეს ჯოგში, მაგრამ ძალიან ნანობენ მამის მკვლელობას. სწორედ ამ ცოდვის მოსანანიებლად სჭირდებათ მათ რელიგია.
ჩემი პაციენტების ქმედებაში ვერც საზოგადოებრივი წესრიგის ნიშნებს ვხედავ და ვერც რელიგიის. ეს რაღაც სხვაა, რაც ზიგმუნდ ფროიდს აღწერილი არ აქვს. დიახ, მგონი, მივაგენი ჩემი კვლევის შედეგს, მაგრამ არ ვიჩქარებ, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
***
– მოდი გიუშ, გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი. ბოლოს ციხეზე ყვებოდი.
– ციხიდან რომ გამოვედი, ქვეყანა არეული დამხვდა. ქურდებს ქურდობა აღარ გვჭირდებოდა. საქმეების გარჩევაში გვიხდიდნენ ფულს. სამართალი არ მოქმედებდა. თუ ვინმეს გადააგდებდნენ და ფული იყო ამოსაღები, ჩემთან მოდიოდნენ. მე გადამგდებს დავიბარებდი და ფულს მოვთხოვდი. ის, თავის მხრივ ქურდს მოიყვანდა. მიდიოდა „რაზბორკა“. ამოღებული თანხის ნაწილი ჩემი იყო. ყოფილა შემთხვევა, ნახევარი შემოუთავაზებიათ, ოღონდ „მაყუთი“ მთლიანად არ დაკარგვოდათ. მაშინ კაი ფული დავაგროვე. წადი რა, დალოცვილო, უცხოეთში, თან საზღვრები გახსნილია, გადაიდე ფეხი ფეხზე და იცხოვრე არხეინად, მაგრამ ხომ იცი ადამიანის სიხარბე, მეტის შოვნა მოვინდომე.
მაშინ, თბილისში ლევან სარალიძე ბიზნესმენობდა, ჩემი უბნელი, დიდი ფულის პატრონი. „ვენა პალასი“ რომ არის, სასტუმრო, მაგის აშენებულია, ავსტრიელებს ააშენებინა. „პადელნიკი“ ჰყავდა მაგ ლევანს, ვინმე ლადო მეგრელაძე. თავს გაუვიდათ, მაფიოზობა მოინდომეს, უბნელ ბიჭებს მოუყარეს თავი, დიდ ფულს შეპირდნენ. ბიჭებსაც, მეტი რა საქმე ჰქონდათ, მაინც ბირჟას „ამაგრებდნენ“, სათითაოდ ეახლნენ. აგზავნიდნენ ბიჭებს საქმეზე ეგ ლევან სარალიძე და ლადო, ხან რომელი კონკურენტის მოშორებას ავალებდნენ და ხან რომლის. ბიჭებსაც თავს გაუვიდათ, „აბიჟნიკობა“ დაიწყეს, თბილისს აწიოკებდნენ. სასტუმრო „ვენა პალასში“ ჰქონდათ სამეთაურო პუნქტი, იქიდან იღებდნენ დავალებებს. „ვენის საძმო“ ისეთი დაუნდობლობით გამოირჩეოდა, რომ მაგათ სისასტიკით განთქმული „ვერის საძმოს“ თავკაციც კი უფრთხოდა. საძმოს თავკაცები ლევან სარალიძის ძმისშვილები – მიშა, მამუკა და ლადო მეგრელაძის ბიჭი – ვახო იყვნენ. მათ დაქვემდებარებაში შედიოდნენ მათი უბნელი ძმაკაცები: „აისბერგა“, თორნიკე მაკარიძე, ავთო ბარამიძე და კიდევ ერთი ოციოდე ბიჭი.
გაგრძელება შემდეგ ნომერში