№52 შვილების გამო პირად ცხოვრებაზე უარი ვთქვი
დღეს არავის უკვირს ოჯახის დანგრევა და ცოლ-ქმრის დაცილება, მაგრამ ჩემს შემთხვევაში, ნამდვილად გაოცებულები დარჩნენ. ისეთი სიყვარული, ურთიერთობა და თანაცხოვრება მქონდა ქმართან, ვერავინ წარმოიდგენდა, თუ ოდესმე უარს ვიტყოდით ერთმანეთზე. თუმცა, ამბობენ, არასოდეს თქვა არასოდესო და ასეც მოხდა. ჩვენი დაცილების მიზეზი პატარა გაუგებრიბა, ეჭვიანობა და კამათი გახდა. მან ნაცნობ მამაკაცზე იეჭვიანა, მე კი თავმოყვარე ვარ და არ ვაპატიე. ახლა ვხვდები, რომ ის მამაკაცი ნამდვილად სხვა თვალით მიყურებდა და ჩემს ქმარს ნამდვილად ჰქონდა საქმე საეჭვიანოდ, მაგრამ მე ამას მაშინ ვერ ვაცნობიერებდი. იმდენად მიყვარდა ჩემი მეუღლე, მის გარდა სხვა მამაკაცი დედამიწის ზურგზე არ არსებობდა. მაგრამ, რაც მოხდა, მოხდა და მას ვეღარ დავიბრნუნებ. სამწუხაროდ, ჩვენი გაშორებიდან რამდენიმე წელში, უბედური შემთხვევის გამო, დაიღუპა. ეს ფაქტი რთულად გადავიტანე, რადგან თავს დამნაშავედ ვგრძნობდი. ვფიქრობ, რომ არ მიმეტოვებინა, ალბათ, დღეს გვერდით მეყოლებოდა, ცოცხალი და უვნებელი და ისევ ისეთი მშვიდი და ბედნიერი ოჯახი გვექნებოდა. თუმცა, არავინ იცის, რა გვაწერია შუბლზე და თუ გარდაუვალი იყო მისი იმქვეყნად წასვლა ადრეულ ასაკში, მე ვერ შევცვლიდი. მისგან სამი შვილი დამრჩა. არაჩვეულებრივი ბავშვები არიან – თბილები, მოსიყვარულეები და ნიჭიერები. მათ აღზრდას შევალიე მთელი ჩემი ახალგაზრდობა. სულ გვერდით ვუდგავარ, ყველგან დავყვები. ვცდილობ, ცოდნასთან ერთად, სხვა მისწრაფებებიც ჰქონდეთ. მართალია, ფინანსურად ძვირი ჯდება მათი მუსიკაზე, ცეკვაზე და სპორტზე ტარება, მაგრამ ყველაფერს ვიკლებდი და ვიკლებ დღესაც. მათ გამო პირად ბედნიერებაზეც კი უარი ვთქვი. მოკლედ, გამოჩნდა, ერთი კაცი, რომელიც საკმაოდ სოლიდური, ფინანსურად უზრუნველყოფილი, შემდგარი პიროვნებაა და ჩემით დაინტერესდა. მიუხედავად იმისა, რომ სამი შვილი მყავს, ჩემი ცოლად მოყვანა უნდოდა. თავადაც გაშორებულია ცოლს და მასთან ორი შვილი ჰყავს. თავიდან კატეგორიულად წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ მერე დავფიქრდი და მივხვდი, ამ ცხოვრებას ვეღარ ვუმკლავდები, გვერდით სანდო და ერთგული ადამიანი, ცხოვრების მეგზური მჭირდება და დავიწყე მასთან შეხვედრები. არავისთვის დამიმალავს მისი არსებობა. ჩემს ყოფილ დედამთილსაც კი გავანდე ეს ამბავი და მითხრა: შვილო, ჩემს შვილს აღარაფერი ეშველება, შენც შვილივით მიყვარხარ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთან აღარ ცხოვრობ და თუ ის კაცი შენზე სერიოზულად ფიქრობს და გაგაბედნიერებს, მე არაფერს ვიტყვიო. სხვათა შორის, ყოფილ დედმათილთან, მიუხედავად იმისა, რომ ქმართან გაშორებული ვიყავი, საკმაოდ კარგი ურთიერთობა მქონდა და დღესაც ასე გრძელდება. ყველაფერში მიგებს და გვერდით მიდგას, ყოველთვის ჩემს მხარეს იყო და ამბობდა: ასე რომ მოხდა, ჩემი შვილია დამნაშავეო. რასაკვირველია, ახლა, რაც მისი შვილი გარდაიცვალა, ასე აღარ ამბობს, მაგრამ ვგრძნობ, ჩემ მიმართ კეთილგანწყობილია. მოკლედ, იმ ადამიანთან ისეთი სითბო და სიმყუდროვე ვიგრძენი, ოჯახის შექმნა გადავწყვიტე. თუმცა, ჩემი შვილები წავიდნენ წინააღმდეგი. მართალია არასრულწლოვნები არიან, მაგრამ მათი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია და ამიტომ, პირად ბედნიერებაზე, სწორედ, მათ გამო ვთქვი უარი. ვიცი, რომ გაიზრდებიან და გააცნობიერებენ, რა არის მარტოსულად ყოფნა, უსიყვარულოდ, მით უმეტეს, როცა ასეთი პასუხისმგებლობა მხოლოდ შენზეა და ყველა პრობლემის გადაჭრა სხვების დაუხმარებლად გიწევს, ინანებენ რომ დამიშალეს გათხოვება, მაგრამ მე, პირველ რიგში, დედა ვარ, მათ გამო სამყაროს დავუპირისპირდები და პირად ბედნიერებაში ვერცერთ მათგანს ვერ გავცვლი. ის მამაკაცი დღემდე მიგზავნის საჩუქრებს. მთხოვს, დაველაპარაკო შვილებს, დავარწმუნო ისინი, რომ ყველასთვის უკეთესია, თუ ერთად ვიცხოვრებთ, მაგრამ ვიცი, მათ ამ ასაკში ამას ვერ ავუხსნი და სჯობს, ისევ მარტო, იმ ყოფით, უსიყვარულოდ გავაგრძელო ცხოვრება, როგორც აქამდე.
თამუნა, 37 წლის.