№52 როგორ შევარჩიოთ მაკიაჟის მოსაცილებელი და სახის დასაბანი საშუალებები
ნინო კანდელაკი ანი რევია
სახის დაბანა მხოლოდ წყლის შესხმასა და საპნის წასმას არ გულისმობს, საჭიროა, მოიცილოთ და ჩამოირეცხოთ მასზე არსებული ბაქტერიები, მაკიაჟი, ჭუჭყი, ოფლი და ცხიმი.
ზოგადად, სახე დღეში ორჯერ, დილა-საღამოს უნდა დაიბანოთ ისეთი საშუალებით, რომელიც არ დააზიანებს თქვენი სახის კანს და მთლიანად არ მოაცილებს ბუნებრივ ცხიმს.
სახის დაბანამდე კი მაკიაჟი უნდა მოიცილოთ. ყველაზე რთული მოსაცილებელი თვალის მაკიაჟია. სასურველია, ამისთვის განკუთვნილი სპეციალური პროდუქტი შეარჩიოთ. ყველა კანისთვის შესაფერისი და ოპტიმალური არჩევანია არაზეთოვანი სითხე. ეცადეთ, ძალის გამოყენებითა და ხელის უხეში მოძრაობებით თვალის მიდამო არ გაიღიზიანოთ. ხელის ნაზი მოძრაობით მოიცილეთ თვალის ჩრდილი, ლაინერი, ტუში და კორექტორი. თუ თვალის მაკიაჟის მოსაშორებელი სითხე არ გაქვთ, შეგიძლიათ, ბამბა ზეითუნის ან ნუშის ზეთში დაასველოთ და ასე მოიცილოთ წყლით ძნელად მოსაშორებელი ტუში, რომელიც დაბანის დროს ითხაპნება და ძნელად შორდება.
ხოლო, იმისთვის, რომ სწორად შეარჩიოთ სახის დასაბანი საშუალებები, არც კანი გააღიზიანოთ, იზრუნოთ მის უსაფრთხო სისუფთავესა და სიჯანსაღეზე, სჯობს, გაითვალისწინოთ ქვემოთ მოყვანილი რეკომენდაციები:
საპონი ღრმად წმენდს სახის კანს, ოღონდ სპეციალური, სახის დასაბანი საპონი უნდა შეარჩიოთ და არავითარ შემთხვევაში, ჩვეულებრივი ან, მით უმეტეს, ანტიბაქტერიული, რომელიც სხეულისთვის არის განკუთვნილი. ის სახის კანს გამოგიშრობთ და დაგიტოვებთ სიმშრალისა და დაჭიმულობის შეგრძნებას. გლიცერინის შემცველი საპონი კი სახის კანს დაგირბილებთ და საუკეთესოა ცხიმიანი ტიპის კანისთვის.
ჟელეს დასაბანი საშუალებები – ასეთი საშუალებები დაბანის დროს ქაფდება და მისი სტრუქტურიდან გამომდინარე, კარგად უმკლავდება ზედმეტი ცხიმის გამოყოფას და ებრძვის გამონაყარს. ის საუკეთესო არჩევანია, ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის.
კრემოვანი დასაბანი საშუალებები მსუბუქია, შეიცავს წყალს, კარგად ასუფთავებს სახის კანს და არ არის უხეში. ასეთი პროდუქტების შემადგენლობაში შედის ზეთები და რეკომენდებულია ნორმალური და მშრალი ტიპის კანისთვის.
ზეთოვანი დასაბანი საშუალებები კარგია მშრალი კანისთვის.
მალამოს შემცველი დასაბანი საშუალებები – ისეთი პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ მალამოს, იმით არის გამორჩეული, რომ ერთდროულად ხდება სახის კანის გასუფთავება და დატენიანება. ასეთი პროდუქტი ყველა კანის ტიპისთვის შესაფერისია, გარდა ცხიმიანი კანისა.
პილინგის ეფექტის შემცველი დასაბანი საშუალებები გამოიყენება მკვდარი კანის მოცილების მიზნით. ამ პროცედურის შედეგად, სახის კანი უფრო გლუვი და ნაზი ხდება. პილინგის სახის დასაბანი პროდუქტები იყოფა ორ ჯგუფად: პირველი ტიპის შეიცავს ჰიდროქსიმჟავას ანუ გლიკოლის ან სალიცილის მჟავას. მათი გამოყენება შეიძლება კვირაში რამდენჯერმე და არ არის უხეში სახის კანისთვის და მეორე ტიპის – შეიცავს ბურთებს, რომლითაც სახე უნდა დაიბანოთ კვირაში ორჯერ, ჩაანაცვლოთ ჩვეულებრივი დასაბანი საშუალება.
სწორად შერჩეული პროდუქტი დაგეხმარებათ სანის კანის გასუფთავებასა და მისთვის ჯანსაღი იერის შენარჩუნებაში, ასე რომ, აარჩიეთ თქვენთვის საუკეთესო დასაბანი საშუალება.