№52 ვინ „წეწავდა“ უცხოეთში მცხოვრებ მდიდარ ქართველებს
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური
მთავარი გმირების სახელები, მოქმედების ადგილი და სხვა სახელწოდებები შეცვლილია. ამიტომ ნებისმიერი მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც გიხდით ბოდიშს.
„სტავკა“
ჯაბა მელქაძე სატელეფონო ზარმა გააღვიძა და საათს რომ შეხედა, დილის 10 საათი იყო. იმ დღეს არც თამაში ჰქონდა, არც ვარჯიში და მომქანცველი შეხვედრის შემდეგ, სადაც ქართველმა ფეხბურთელმა ორი გოლი გაიტანა და თავისი ჰოლანდიელი ფანები გადარია, ისვენებდა. მელქაძემ თვალები მოიფშვნიტა, ყურმილს დასწვდა და ინგლისურად უპასუხა:
– გისმენთ.
– ჯაბა მელქაძე ხართ? – მოესმა ფეხბურთელს ქართული ფრაზა და ქართულზე „გადაეწყო“.
– დიახ. თქვენ ვინ ბრძანდებით?
– მე კოტიკო ვარ, გაგონილი გექნება.
– ვინ კოტიკო? – გულწრფელად გაოცდა ჯაბა.
– კოტე სანაია, – მჭახე ხმით თქვა უცნობმა.
მელქაძე მიხვდა, თუ ვის ელაპარაკებოდა, ტანში ჟრუანტელმა დაუარა და ენის ბორძიკით უთხრა:
– დიახ. მივხვდი. რა გნებავთ?
კოტიკოს არ გამოჰპარვია, რომ ცნობილ ფეხბურთელზე საჭირო ზემოქმედება მოახდინა. გულში ჩაეცინა და უთხრა:
– რა თქვენობით მელაპარაკები, ძმაკაც. კოტიკო დამიძახე, შევთანხმდით?
– შევთანხმდით.
– ჰოდა ძალიან კარგი. ჯაბუშ, შენთან ერთი პატარა საქმე მაქვს, მაგრამ ტელეფონში ვერ გეტყვი. ჩემი კაცი გელოდება სახლთან. ნოდარა ჰქვია და ის გეტყვის. ფანჯრიდან გაიხედე და დაინახავ. თეთრი „მაიკა“ აცვია და ზედ შენი პორტრეტი ახატია. დაუძახე და ამოვა. აბა, დროებით, ძმაო. „აიაქსთან“ თამაშში წარმატებას გისურვებ და სამშობლო არ შეარცხვინო! – თქვა კოტიკომ და ტელეფონი გათიშა.
ათი წუთის შემდეგ ნოდარა უკვე ჯაბა მელქაძის სავარძელში იყო მოკალათებული და ფეხბურთელს კოტიკოს დანაბარებს გადასცემდა. კოტიკო ჯაბას 100 ათას დოლარს სთხოვდა, სანაცვლოდ კი მას და მის ოჯახს მფარველობას ჰპირდებოდა როგორც უცხოეთში, ასევე საქართველოში. მელქაძეს სახე წამოეჭარხლა და ფულის გადახდაზე ნოდარას ცივი უარი სტკიცა. „კოტიკოს კაცს“ კი წარბიც არ შეუხრია და ჯაბას უთხრა, რომ ის მარტო „აიაქსთან“ დაგეგმილ მატჩში კი ვერ ითამაშებდა, საერთოდ დაემშვიდობებოდა ფეხბურთს, რადგან „შემთხვევით“ მუხლში ტყვია მოხვდებოდა. თანაც, დასძინა, რომ 100 ათასი დოლარი მინიმალური „სტავკაა“, რასაც სხვა გამოჩენილი სპორტსმენები თუ სხვა სფეროში მოღვაწე უცხოეთში მყოფები ქართველები იხდიდნენ. ნოდარას თქმით, ეს თანხა გაჭირვებული საქართველოს „ობშჩიაკში“ შედიოდა და უბრალოდ, სირცხვილი იყო ამაზე უარის თქმა... ნოდარა, გარკვეულწილად, სიმართლეს ამბობდა – კოტიკო მართლაც თითქმის ყველა მდიდარ „საზღვარგარეთელ“ ქართველს „აწერავდა“ ფულს და „სტავკა“ მართლაც 100 ათასი დოლარი იყო. თუმცა ფული საქართველოს კი არ ხმარდებოდა, არამედ კოტიკოსა და მიმალვაში მყოფი მისი ცოცხლად გადარჩენილი მეგობრების „ობშჩიაკს“ ავსებდა, რომლებიც ევროპაში ყალბი საბუთებით ცხოვრობდნენ... ჯაბა მელქაძემ ნოდარა მეორე დღისთვის დაიბარა, „ქეშად“ 100 ათასი დოლარი გადასცა და ამით მინიმალური „სტავკა“ გადაიხადა. მას შემდეგ ჯაბაც, ისევე როგორც სხვა „გაწეწილი“ ქართველები, ყოველთვიურ ბეგარას უგზავნიდნენ კოტიკოს. სამართალდამცველებისთვის არცერთ მათგანს არ მიუმართავს. კოტიკო და მისი „ბანდა“ კი უდარდელად ცხოვრობდნენ და არაფერს იკლებდნენ.
დეპორტაცია
კოტიკო და მისი რაზმი მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში მოქმედებდა და ეგრეთ წოდებულ საძმოებს შორის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ბანდა იყო. მათ სინდისზე არაერთი გახმაურებული დანაშაული ირიცხებოდა, რომლის შესახებ ყველამ იცოდა, მაგრამ ვერ (უფრო სწორად კი არ) უმტკიცებდნენ. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა შევარდნაძემ ძალაუფლება განიმტკიცა და შეიარაღებული ბანდფორმირებების ალაგმვას მიჰყო ხელი, კოტიკომ და მტრის ტყვიასა და შევარდნაძის ციხეს გადარჩენილმა რამდენიმე მისმა მეგობარმა „ცალი ფეხით“ გაასწრეს საქართველოდან. თუმცა, საძმოს „ობშჩიაკის“ ფული თან ვერ წაიღეს, რადგან პეტრე კეკელიამ, იგივე „პეტიკო კასირმა“ 2 მილიონი მისთვის მინდობილი „მაყუთი“, ჩაიჯიბა და გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდა... პეტიკოს ძებნის თავი ან სახსრები მაშინ, აბა, ვის ჰქონდა, თანაც ის ობოლი იყო და არც ცოლ-შვილი გააჩნდა და არც ახლო ნათესავი, რომ ფული მათზე შანტაჟით დაებრუნებინათ. ამიტომ „მოზგმა“ კოტიკომ ახალი ბიზნესი მოიფიქრა და თავისი თანამემამულეების „წეწვას“ მიჰყო ხელი. ორი წლის განმავლობაში კი იმაზე მეტი „ობშჩიაკი შეკრეს“, ვიდრე პეტიკომ გაიტაცა. ერთი სიტყვით, კოტიკოს ბიზნესი ყვაოდა და ცუდს არაფერი მოასწავებდა, სანამ ნოდარამ შემთხვევით არ შეიტყო, რომ პეტიკო საფრანგეთში, კერძოდ მარსელში, ცნობილ ნარკომოვაჭრეთა კლანში ბუდობდა და საკმაო გავლენაც ჰქონდა. მიუხედავად ამისა, კოტიკომ და მისმა „ბრატკებმა“ ძველი ძმის დასჯა გადაწყვიტეს. კბილებამდე შეიარაღდნენ. მარსელში ჩავიდნენ და პეტიკოს ჩაუსაფრდნენ... ექვსმა ჩასაფრებულმა ქართველმა იმ დროს გაუხსნა უწყვეტი ცეცხლი „ჯიპიდან“ გადმოსულ პეტიკოს, როდესაც ეს უკანასკნელი მაროკოელ ნარკობოსებს ერთ უკაცრიელ ადგილზე უნდა შეხვედროდა მოსალაპარაკებლად. სროლას საპასუხო სროლა მოჰყვა, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ პეტიკოსა და მაროკოელებს ფრანგული პოლიცია აჯდა კუდზე და ფარულად უთვალთვალებდა. მათ ურთიერთსროლაში გადარჩენილი ბოროტმოქმედები შეიპყრეს და ციხეში გამოამწყვდიეს. ნოდარას ტყვია არ მოხვედრია. გადარჩა პეტიკოც, ის ჯავშანჟილეტმა იხსნა და მხოლოდ ფეხში დაიჭრა. კოტიკოს ოთხი მეგობარი დაეხოცა, თვითონ კი გაქცევა და მიმალვა მოასწრო, თან მთელი „ობშჩიაკიც“ მას დარჩა, რომელიც უპრობლემოდ ჩაიტანა ოკეანისგაღმა და კანადაში დასახლდა.... მარტოდმარტო, მაგრამ დიდი ფულით დარჩენილმა კოტე სანაიამ ჩრდილოეთ ამერიკაში მშვიდ, უზრუნველ ცხოვრებას მიჰყო ხელი, იმიჯიც შეიცვალა და გრძელი თმითა და ბლანჟეთი დადიოდა. თუმცა, ერთ მშვენიერ დღეს ქუჩაში მანქანამ დაარტყა და საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს. იქ კი აღმოჩნდა, რომ მას ყალბი საბუთები ჰქონდა. საქმეში პოლიცია ჩაერია და როდესაც მისი იდენტიფიკაცია მოხდა, აღმოჩნდა, რომ კოტიკოს ოთხი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს პოლიცია ეძებდა. პაციენტს უმკურნალეს და საქართველოში გამოადეპორტეს. გაასამართლეს და ციხეში გამოამწყვდიეს. თუმცა, შევარდნაძის დამხობის შემდეგ კოტიკო ციხიდან გამოუშვეს და მეტიც, ახალ მთავრობაში „მომჯდარი“ ძმაკაცების წყალობით, მსხვილი ბიზნესიც წამოიწყო, რაშიც მას კანადაში გადამალული „ობშჩიაკის“ ფული დაეხმარა...
P.S. დღესდღეობით კოტიკო (კოტე სანაია) ხანგრძლივ პატიმრობას იხდის საქართველოში. პეტიკო (პეტრე კეკელია) საფრანგეთშია გასამართლებული და უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი. ნოდარა (ნოდარ სიორიძე) და კიდევ 7 წელი უნდა იჯდეს ფრანგულ ციხეში.